გადაწყვეტილება №27954/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.09.2026
№ დოკუმენტი 27954/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27954/2/2026

16 სექტემბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ ----- )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.09.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- 14.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 27954/2/2026).

 

დავის საგანი:

იურიდიულ პირზე გაცემული სესხის დირექტორის ხელფასად კვალიფიკაცია და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 16.06.2026 წლის N 006-216 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 23.07.2026 წლის N 16734 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 146 188.29 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 94 042.00 ლარი;

ჯარიმა - 47 021.00 ლარი;

საურავი - 5 125.29 ლარი;.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 09.03.2023 წლიდან 01.03.2026 წლამდე პერიოდის, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის, 2026 წლის 26 მარტის ჩათვლით, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2026 წლის 8 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამა „ორისის“ ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას უფიქსირდება შპს ----- გაცემული სესხი 376 168 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა წარმოადგენს სალაროდან გაცემულ თანხას, ეტაპობრივად, 2023 - 2024 წლებში, თუმცა ბუღალტრული გატარებები შესრულებულია 2026 წლის აპრილში. ამასთან, არ ფიქსირდება შპს ----- მიერ სესხთან დაკავშირებული დაბრუნება, შესაბამისად აღნიშნული სესხი წარმოადგენს მზარდ თანხას. შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, შპს ----- გამოთხოვილი იქნა სესხის ხელშეკრულება, შედარების აქტი და აღნიშნული სესხის მიზნობრიობა, რაც წარდგენილი არ იქნა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მიერ შპს ----- გაცემული სესხი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 16 ივნისის N 13182 ბრძანება და N 006-216 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 23.07.2026 წლის N 16734 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციაზე, რომ შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, შპს ----- გამოთხოვილი იყო შემდეგი ინფორმაცია: სესხის ხელშეკრულება, შედარების აქტი და სესხის მიზნობრიობა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია წარდგენილი არ ყოფილა, ასევე, აუდიტის დეპარტამენტის განმარტებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს შესაბამისი პერიოდების მოგების გადასახადის დეკლარაციებში და ანგარიშგების პორტალზე წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებებში არ უფიქსირდება გაცემული სესხის შესახებ ინფორმაცია.

რაც შეეხება, საჩივარში მოყვანილ არგუმენტს, რომ შპს ----- სესხი გაცემული იქნა საოპერაციო საქმიანობის მდგრადობის ხელშეწყობისა და საბიუჯეტო გადასახადების დაფარვის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შპს ----- მიერ ანგარიშგების პორტალზე წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, კომპანიას უფიქსირდება მხოლოდ დამფუძნებლებისგან (მითითებული როგორც მესაკუთრეები) ნასესხები თანხები, რაც ასევე, ასახულია შესაბამისი პერიოდის მოგების გადასახადის დეკლარაციების შესაბამის გრაფებში. ამასთან, შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ვერ დგინდება შპს ----- მიერ დამატებით სესხის აღების საჭიროება, ვინაიდან ამ კომპანიას არ უფიქსირდება ბიუჯეტის დავალიანება და ბიუჯეტში გადახდები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზე არ წარუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი და მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

შემმოწმებელი აუდიტორების ახსნა - განმარტება და მიდგომა მცდარია და მათი ლოგიკა მოკლებულია გონივრულობას და არგუმენტაციას შემდეგ გარემოებათა გამო:

- არ ეთანხმება სადავო დარიცხვას და აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორების პოზიციას, რადგან აღნიშნული სესხის თანხა გაცემული იქნა შპს ----- საოპერაციო საქმიანობის მდგრადობის ხელშეწყობისა და საბიუჯეტო გადასახადების დაფარვის მიზნით. აღნიშნული ინფორმაცია და სესხის ხელშეკრულება აუდიტორების მოთხოვნისთანავე გადაგზავნილი იქნა საგადასახადო პორტალის RS-ის მეშვეობით;

- გაუგებარია, თუ რატომ იქნა გამოყენებული აუდიტორების მიერ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი და შეცვალეს კვალიფიკაცია სესხის გაცემის.

ფაქტობრივად, ერთმა იურიდიულმა პირმა, ხელშეკრულების საფუძველზე, გასცა სესხი მეორე იურიდიულ პირზე, სასესხო ხელშეკრულებაში არის ჩამოყალიბებული სესხის დაბრუნების ვადა (36 თვე) და საპროცენტო განაკვეთი (წლიური 15%). ასევე, მიმდინარე პერიოდში, შპს ----- აღიარებს სესხის ვალდებულებას და სესხის ოდენობას.

2026 წლის დეკემბერში იწურება სესხის დაბრუნების ვადა და გადასახადის გადამხდელმა უნდა დაიბრუნოს თავის მიერ გაცემული სესხი და მასზე დარიცხული პროცენტი.

შემოსავლების სამსახურმა ვერ წარადგინა ვერცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ:

• თანხა გაიცა როგორც ხელფასი;

• არსებობდა შრომითი ურთიერთობა აღნიშნული თანხის ფარგლებში;

• მოხდა ხელფასის დარიცხვა;

• განხორციელდა ხელფასის გაცემა;

• შედგენილი იყო ხელფასის უწყისი ან სხვა პირველადი დოკუმენტი.

პირიქით, თავად შემოწმების აქტში მითითებულია, რომ ბუღალტრულ პროგრამაში თანხა ასახული იყო როგორც სესხი.

საგადასახადო ორგანომ ფორმალურად გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი, თუმცა ვერ დაასაბუთა, თუ რატომ არ შეესაბამებოდა ოპერაციის ფორმა მის შინაარსს.

მხოლოდ ის გარემოება, რომ წარდგენილი არ იქნა სესხის ხელშეკრულება ან შედარების აქტი, ვერ გახდება საფუძველი იმისთვის, რომ სესხი ავტომატურად დაკვალიფიცირდეს ხელფასად.

საგადასახადო ორგანოს ეკისრებოდა მტკიცების ტვირთი, რომ:

• თანხა ფაქტობრივად მიიღო დირექტორმა პირადი სარგებლის სახით;

• ოპერაციას ჰქონდა შრომითი ან ანაზღაურებითი ხასიათი;

• ადგილი ჰქონდა ხელფასის გადახდას.

ასეთი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად საგადასახადო ვალდებულების დადგენისას მტკიცების ტვირთი ეკისრება საგადასახადო ორგანოს, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს მტკიცებულება, რომ თანხა გადაეცა დირექტორს.

საგადასახადო ორგანომ არ გამოიკვლია და არ დაადგინა სესხის თანხის რეალური არსებობა/არარსებობა, ეს ნიშნავს, რომ დასკვნა ეფუძნება ვარაუდს და არა ფაქტს, რაც ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული წარმოების ძირითად პრინციპებს.

საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად საგადასახადო ორგანო ვალდებულია:

• გამოითხოვოს და შეაფასოს ინფორმაცია სრულყოფილად;

• ფაქტობრივი გარემოებები დაადგინოს მტკიცებულებებით;

განსახილველის შემთხვევაში კი შემმოწმებლებმა:

• არ გამოიკვლიეს თანხის რეალური მოძრაობა;

• არ დაადგინეს დირექტორის მიერ თანხის მიღება;

• არ მოიპოვეს საბანკო ან სხვა პირდაპირი მტკიცებულება.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს შეცვალოს ოპერაციის კვალიფიკაცია მხოლოდ მაშინ, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის რეალურ შინაარსს. ანუ, მხოლოდ ვარაუდი ან დოკუმენტის არქონა საკმარისი არ არის - აუცილებელია რეალური ეკონომიკური შინაარსის დადგენა.

საგადასახადო ორგანოს მიერ კი:

• არ დადგენილა, რომ თანხა მიიღო ფიზიკურმა პირმა;

• არ დადგენილა ხელფასის გაცემა;

• არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება;

• მხოლოდ სესხის ხელშეკრულების არქონას დაეყრდნენ.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 53-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სადავო შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებულია ფაქტების დადგენის გარეშე და რომ საქმეში არ ჩანს:

• რატომ ჩაითვალა სესხი ხელფასად;

• რა მტკიცებულებით დადგინდა ფიზიკური პირის მიერ თანხის მიღება;

• რა ფაქტებმა დაადასტურა შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ანაზღაურება. ამდენად, სადავო შემთხვევაში დარღვეულია, როგორც საგადასახადო კოდექსის 70-ე, 73-ე, 102-ე მუხლების, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნები, შესაბამისად, დარიცხული საშემოსავლო გადასახადი არის უსაფუძვლო და არაკანონიერი.

ითხოვს, სადავო ნორმატიული აქტების გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება შპს ----- სესხის გაცემა 376 168 ლარის ოდენობით, რომელიც წარმოადგენს სალაროდან გაცემულ თანხას 2023 - 2024 წლებში, თუმცა ბუღალტრული გატარებები შესრულებულია 2026 წლის აპრილში. ამასთან, არ ფიქსირდება შპს ----- მიერ სესხთან დაკავშირებული თანხების დაბრუნება და აღნიშნული სესხი წარმოადგენდა მზარდ თანხას. შემოწმების მიერ, შპს ----- გაცემული თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

მომჩივანი არ ეთანხმება დარიცხვას, შემმოწმებლის პოზიციას და აღნიშნავს, რომ სესხის თანხა გაცემული იქნა შპს ----- საოპერაციო საქმიანობის მდგრადობის ხელშეწყობისა და საბიუჯეტო გადასახადების დაფარვის მიზნით. აღნიშნული ინფორმაცია და სესხის ხელშეკრულება აუდიტორების მოთხოვნისთანავე გადაგზავნილი იქნა, გაუგებარია, თუ რატომ იქნა გამოყენებული საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი და შეიცვალა კვალიფიკაცია სესხის გაცემის, ერთმა იურიდიულმა პირმა, ხელშეკრულების საფუძველზე, გასცა სესხი მეორე იურიდიულ პირზე, სასესხო ხელშეკრულებაში ჩამოყალიბებულია სესხის დაბრუნების ვადა (36 თვე) და საპროცენტო განაკვეთი (წლიური 15%). 2026 წლის დეკემბერში იწურება სესხის დაბრუნების ვადა, უნდა დაიბრუნოს გაცემული სესხი და მასზე დარიცხული პროცენტი. მხოლოდ ის გარემოება, რომ წარდგენილი არ იქნა სესხის ხელშეკრულება ან შედარების აქტი, ვერ გახდება სესხის ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძველი.

აუდიტის დეპარტამენტი 11.09.2026 წლის N ----- წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნავს შემდეგს:

წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამა „ორისის“ ანალიზის შედეგად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება შპს ----- გაცემული სესხი 376 168 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა წარმოადგენს სალაროდან გაცემულ თანხას, ეტაპობრივად 2023 - 2024 წლებში, თუმცა ბუღალტრული გატარებები შესრულებულია 2026 წლის აპრილში. ამასთან არ ფიქსირდება შპს ----- მიერ სესხთან დაკავშირებული დაბრუნება, შესაბამისად, აღნიშნული წარმოადგენს მზარდ თანხას. შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, შპს ----- გამოთხოვილი იყო სესხის ხელშეკრულება, შედარების აქტი, სესხის მიზნობრიობა, რაც წარდგენილი არ იქნა. ამასთან, გადასახადის გადამხდელს შესაბამისი პერიოდების მოგების გადასახადის დეკლარაციებში და ანგარიშგების პორტალზე წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებებში არ უფიქსირდება სესხის გაცემა. რაც შეეხება საჩივარში მოყვანილ არგუმენტს შპს ------ გაცემული სესხის მიზნობრიობასთან დაკავშირებით, რომ სესხი გაცემული იყო საოპერაციო საქმიანობის მდგრადობის ხელშეწყობისა და საბიუჯეტო გადასახადების დაფარვის მიზნით, აღნიშნულთან დაკავშირებით, შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა შპს ----- მიერ ანგარიშგების პორტალზე წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებები, რომელთა შესაბამისად, კომპანიას უფიქსირდება მხოლოდ დამფუძნებლებისგან (მითითებული როგორც მესაკუთრეები) ნასესხები თანხები, რაც ასევე, ასახულია შესაბამისი პერიოდის მოგების გადასახადის დეკლარაციების შესაბამის გრაფებში. ამასთან, შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ვერ დგინდება შპს ----- მიერ დამატებით სესხის აღების საჭიროება, ვინაიდან მას არ უფიქსირდება ბიუჯეტის დავალიანება და ბიუჯეტში გადახდები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ----- გაცემული სესხი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით მომჩივნის არგუმენტზე, წარმოდგენილ ინფორმაციაზე დამატებით განმარტა, რომ აღნიშული განპირობებული იქნა იმითაც, რომ შემოწმების ჩატარების შესახებ ბრძანების ჩაბარების შემდგომ არის გატარებები განხორციელებული თანხების სალაროდან გაცემის შესახებ, ორივე კომპანიის ბუღალტერი ერთიდაიგივე პირია და რომ როგორც ინფორმაციაშიც აღნიშნა ვერ დგინდება, როგორც თანხის გაცემის, ასევე შპს ----- მიერ დამატებით სესხის აღების საჭიროება.

შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზე არ წარუდგენია და მომჩივანი არც ამჟამად წარმოადგენს ისეთ დოკუმენტაცია/მტკიცებულებას, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

იურიდიულ პირზე გაცემული სესხის დირექტორის ხელფასად კვალიფიკაცია და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოვლინდა კომპანიიდან სხვა სუბიექტზე გაცემული და დაუბრუნებელი კრედიტი. შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის გამო, აღნიშნული თანხა ხელმძღვანელზე გაცემულ შრომის ანაზღაურებად დაკვალიფიცირდა. კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა. მომჩივანის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილება შემდგომ გასაჩივრდა დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება:

საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154; 275;.