გადაწყვეტილება №26919/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26919/2/2026
31 ივლისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 17.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26919/2/2026).
დავის საგანი:
კომპანიის მიერ 2023 წლიდან გაცემული უძრავი ქონების იჯარის, 2022 წლიდან გაცემულად ჩათვლა და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა დღგ-ში.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 31.12.2025 წლის №AR021890 საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი;
2. აუდიტის დეპარტამენტის 31.12.2025 წლის №29055 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 31.12.2025 წლის №001-325 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 25.02.2026 წლის №4353 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 360 911.32 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 165 967.22
დღგ - 80 982.46
საშემოსავლო გადასახადი - 53 109.99
ქონების გადასახადი - 31 874.77
ჯარიმა - 82 169.8
საურავი - 112 774.3
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ რეალიზებულია რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებები და სპეც. დანიშნულების ტექნიკა.
აუდიტის დეპარტამენტის 28.11.2025 წლის №26214 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის, 1.01.2022 წლიდან 1.01.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 31.12.2025 წლის №AR021890 საგადასახადო შემოწმების შუალედურ აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა შემდეგი:
კომპანიის მიერ 2020 წელს, სხვა პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, კონტრაქტორის მეშვეობით აშენებულია შენობა-ნაგებობები, საერთო ღირებულებით 2 730 000 ლარი, რაც დასტურდება შესაბამისი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით. აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2021 წლიდან შეძენილია კომპანიის მიერ.
1.07.2023 წელს შპს ------- და შპს ------- შორის გაფორმებულია კომერციული საქმიანობის მიზნით უძრავი ქონების, მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების იჯარის ხელშეკრულება. აღნიშნულ ოპერაციებზე ყოველთვიურად გამოიწერებოდა შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ამასთან, დადგინდა, რომ 2025 წლის აპრილიდან აღნიშნული უძრავი ქონება გასხვისებულია შპს -------. მიუხედავად ამისა, იჯარისა და ქონების გასხვისებასთან დაკავშირებულ ოპერაციებზე ანგარიშსწორება არ განხორციელებულა. შემოწმების შედეგად ასევე დადგინდა, რომ შპს -------- და შპს ------- წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს. შპს ------- რეგისტრირებულია და ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს 2021 წლის აპრილიდან, ხოლო ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე ახორციელებს სოფლის მეურნეობის საქმიანობას.
ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით, შპს ------- მიერ გაცემული იჯარა, საგადასახადო მიზნებისთვის გაცემულად ჩაითვალა 2022 წლიდან. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 31.12.2025 წლის №29055 ბრძანება და ამავე თარიღის №001-325 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 25.02.2026 წლის №4353 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- პირველ (ძირითადი საშუალებების რეალიზაციის საფუძველზე განსაზღვრული ვალდებულებები) და მე-2 სადავო (ქონების გადასახადში განსაზღვრული ვალდებულებები) საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 25.02.2026 წლის №4353 ბრძანება, არ დაკმაყოფილების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 1601 მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე და გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით მიუთითებს შპს ------- მიერ შპს ------- შენობანაგებობების ე.წ. „შეღავათიან პერიოდში“ კომპენსაციის გარეშე სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ უძრავი ქონების იჯარით გაცემასთან და ქონების გასხვისებასთან დაკავშირებულ ოპერაციებზე მხარეებს შორის ანგარიშსწორება არ განხორციელებულა. ამასთან, 2021 წლის აპრილიდან შპს ------- ეკონომიკურ საქმიანობას (სოფლის მეურნეობის საქმიანობას) ახორციელებს ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით, შპს ------- მიერ გაცემული იჯარა, საგადასახადო მიზნებისთვის, მართლზომიერად ჩაითვალა, ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით, 2022 წლიდან გაცემულად, რის საფუძველზეც განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ში.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის საქმიანობაა სხვადასხვა სახის სატრანსპორტო საშუალებების (სატვირთო ავტომობილები, სპეც. სამშენებლო ტექნიკა, მსუბუქი ავტომობილები და სხვა) ექსპლუატაცია და მათი გამოყენებით დამკვეთებისთვის შესაბამისი მომსახურების გაწევა.
კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობები არ იყო თავიდანვე გათვალისწინებული კომპანიის ძირითად საოპერაციო საქმიანობის ფარგლებში გამოსაყენებლად, ვინაიდან შენობა - ნაგებობა წარმოდგენდა სპეციფიკური დანიშნულებით, სასოფლოსამეურნეო საქმიანობაში გამოსაყენებელ აქტივებს.
შპს ------- და შპს ------- შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ შპს ------- წარმოადგენდა ახლად დარეგისტრირებულ საწარმოს და შესაბამისად საქმიანობის დაწყების საწყის პერიოდში მისი მხრიდან ადგილი ვერ ექნებოდა ხსენებული შენობა-ნაგებობების სრულად გამოყენებას, მხარეთა შეთანხმების მიხედვით განისაზღვრა საწყისი ე.წ. „საშეღავათო პერიოდი“, 1.07.2022 წლამდე, რომელიც შემდგომში მხარეთა შეთანხმებით დამატებით გახანგრძლივდა 2023 წლამდე. ხსენებული შეთანხმებით, შპს ------- ვალდებულებას იღებდა ე.წ. „საშეღავათო პერიოდის“ გასვლის შემდგომ მინიმუმ 5 წლის ვადით გაეფორმებინა სასყიდლიანი საიჯარო ხელშეკრულება ან ამავე ვადაში შეესყიდა აღნიშნული შენობა-ნაგებობები შპს -------. წინააღმდეგ შემთხვევაში შპს ------- წარმოეშობოდა ე.წ. „საშეღავათო პერიოდის“ კუთვნილი საიჯარო თანხის ანაზღაურების ვალდებულება.
შპს ------- და შპს ------- ნამდვილად წარმოადგენენ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ურთიერთდამოკიდებულ პირებს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ შპს ------- 50%-იანი წილის მფლობელს წარმოადგენს გარეშე მესამე პირი და შესაბამისად ურთიერთდამოკიდებულების არსებობის პირობებშიც კი ვერ მიიღება ერთპიროვნულად გადაწყვეტილება ერთი მხარის მიერ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მხოლოდ ის ფაქტი, რომ მხარეთა შორის არსებობს ურთიერთდამოკიდებულება უპირობოდ არ მიანიშნებს, რომ მათ შორის არსებულმა განსაკუთრებულმა ურთიერთობამ გავლენა მოახდინა გარიგების შინაარსზე. შესაბამისად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული გარიგების არსი შესაბამისობაშია არაურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში დადებული გარიგების პრინციპებთან.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 1601 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე მითითებით, დასაბეგრი პირის მიერ მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა მხოლოდ მაშინ განიხილება ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევად, როდესაც ის ხორციელდება საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით და შესაბამისად მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას.
შპს ------- და შპს ------- შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად, განისაზღვრა საწყისი ე.წ. „საშეღავათო პერიოდი“, თუმცა მეორეს მხრივ ხსენებული შეთანხმებით, შპს ------- ვალდებულებას იღებდა ე.წ. „საშეღავათო პერიოდის“ გასვლის შემდგომ მინიმუმ 5 წლის ვადით გაეფორმებინა სასყიდლიანი საიჯარო ხელშეკრულება ან ამავე ვადაში შეესყიდა აღნიშნული შენობა-ნაგებობები შპს -------. წინააღმდეგ შემთხვევაში შპს ------- წარმოეშობოდა ე.წ. „საშეღავათო პერიოდის“ კუთვნილი საიჯარო თანხის ანაზღაურების ვალდებულება.
ზემოხსენებული გარიგების შინაარსი ნათლად მიუთითებს, რომ შპს ------- მიზანს წარმოადგენდა მომავალში ფასიანი საიჯარო კონტრაქტის ან/და ნასყიდობის შეთანხმების გაფორმება, რაც უზრუნველყოფდა დამატებითი შემოსავლის მიღებას. ამასთან, მხარეთა შეთანხმების მიხედვით გათვალისწინებული იყო შპს ------- მიერ შემოსავლის მიღების გარანტიები იმ შემთხვევაში თუ ადგილი აღარ ექნებოდა შპს ------- მიერ საკომპენსაციო თანხის გადახდის პირობით კონტრაქტის გაგრძელებას. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ მონაკვეთში, კერძოდ, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ ე.წ. „შეღავათიან პერიოდში“ კომპენსაციის გარეშე ჰქონდა ადგილი შპს ------- მიერ შენობა-ნაგებობების სარგებლობაში გადაცემას, მის მიზანს წარმოადგენდა მომავალში დამატებითი შემოსავლის მიღება, რაც დასტურდება 2025 წელს მხარეთა შორის აღნიშნული შენობა-ნაგებობის მიწოდების ოპერაციის განხორციელებით. მიაჩნია, რომ ე.წ. „შეღავათიანი“ პერიოდი არ უნდა იქნეს შეფასებული და განხილული როგორც დამოუკიდებელი ოპერაცია და მისი შეფასება უნდა განხორციელდეს ერთიანი გარიგების ჭრილში, მხარეთა შორის შემდგომში გაფორმებული საიჯარო მომსახურების და შენობა-ნაგებობის მიწოდების ოპერაციებთან ერთად.
ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ შპს ------- მიერ შპს ------- შენობა-ნაგებობების ე.წ. „შეღავათიან პერიოდში“ კომპენსაციის გარეშე სარგებლობის უფლებით გადაცემა განხორციელდა ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, საქმიანობისგან განსხვავებულ მიზანს არ ემსახურებოდა. შესაბამისად აღნიშნული ოპერაცია არ განიხილება ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევად, არ წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაცის და არ ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას.
იმ შემთხვევაში თუ დავუშვებთ, რომ აღნიშნული ოპერაცია ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში დღგ-ით დასაბეგრი თანხის და შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებების თანხის გამოანგარიშება განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ნორმების უხეში დარღვევით. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, როდესაც დასაბეგრი პირის მიერ ადგილი აქვს მომსახურების უსასყიდლოდ გაწევას საკუთარი საქმიანობისგან განსხვავებული მიზნით, დღგ-ით დასაბეგრი თანხა განისაზღვრება მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა დანახარჯის ღირებულებით. განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს შპს ------- მხრიდან საიჯარო მომსახურების გაწევას.
საიჯარო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ დანახარჯებად შესაძლოა განხილულ იქნას მხოლოდ და მხოლოდ აქტივის შექმნაზე გაწეული დანახარჯები. გასათვალისწინებელია, განსახილველ შემთხვევაში აქტივის შექმნაზე გაწეული დანახარჯები შეადგენს 2 730 000 ლარს. თუ გავითვალისწინებთ, რომ შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციის ვადის გათვალისწინებით, ცვეთის ნორმა შეადგენს წლიურ 2%- ს, კომპანიის მიერ საიჯარო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული დანახარჯის მოცულობა შეადგენს წლიურად 54 600 (2 730 000 *2%) ლარს, რაც არსებითად განსხვავდება საგადასახადო შემოწმების ფარგლებში განსაზღვრული თანხისგან, 305 085 ლარისგან.
ზემოთ მითითებული ნორმების უხეში დარღვევით, საგადასახადო ორგანოს მიერ დღგ-ით დასაბეგრი თანხის განსასაზღვრად გამოყენებულია საიჯარო მომსახურების საბაზრო ფასი. საიჯარო მომსახურების საბაზრო ფასად კი თავის მხრივ გამოყენებულია შპს ------- მიერ მომავალ საანგარიშო პერიოდებში დადებული გარიგების ფასი.
ყოველივე ზემოხსენებული გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელებული დარიცხვა მოკლებულია ყოველგვარ კანონიერ და სამართლებრივ საფუძველს, განხორციელებულია საკანონმდებლო ნორმების უხეში დარღვევით და დარიცხული თანხები სრულად ექვემდებარება გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ შპს ------- და შპს ------- შორის არსებული შეთანხმებით განისაზღვრა საწყისი ე.წ. „საშეღავათო პერიოდი“, თუმცა მეორეს მხრივ ხსენებული შეთანხმებით, შპს ------- ვალდებულებას იღებდა ე.წ. „საშეღავათო პერიოდის“ გასვლის შემდგომ მინიმუმ 5 წლის ვადით გაეფორმებინა სასყიდლიანი საიჯარო ხელშეკრულება ან ამავე ვადაში შეესყიდა აღნიშნული შენობანაგებობები შპს -------. წინააღმდეგ შემთხვევაში შპს ------- წარმოეშობოდა ე.წ. „საშეღავათო პერიოდის“ კუთვნილი საიჯარო თანხის ანაზღაურების ვალდებულება. ამდენად, მიაჩნიათ, რომ ე.წ. „შეღავათიანი“ პერიოდი არ უნდა იქნეს შეფასებული და განხილული როგორც დამოუკიდებელი ოპერაცია და მისი შეფასება უნდა განხორციელდეს ერთიანი გარიგების ჭრილში, მხარეთა შორის შემდგომში გაფორმებული საიჯარო მომსახურების და შენობა-ნაგებობის მიწოდების ოპერაციებთან ერთად. შპს ------- მიერ შპს ------- შენობა-ნაგებობების ე.წ. „შეღავათიან პერიოდში“ კომპენსაციის გარეშე სარგებლობის უფლებით გადაცემა განხორციელდა ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, საქმიანობისგან განსხვავებულ მიზანს არ ემსახურებოდა. შესაბამისად აღნიშნული ოპერაცია არ განიხილება ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევად, არ წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაცის და არ ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას. იმ შემთხვევაში თუ დავუშვებთ, რომ აღნიშნული ოპერაცია ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას, საგადასახადო ორგანოს მიერ დღგ-ით დასაბეგრი თანხის განსასაზღვრად გამოყენებულია საიჯარო მომსახურების საბაზრო ფასი. საიჯარო მომსახურების საბაზრო ფასად კი თავის მხრივ გამოყენებულია შპს ------- მიერ მომავალ საანგარიშო პერიოდებში დადებული გარიგების ფასი.
მომჩივნის არგუმენტზე, მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ უძრავი ქონების იჯარით გაცემასთან და ქონების გასხვისებასთან დაკავშირებულ ოპერაციებზე მხარეებს შორის ანგარიშსწორება არ განხორციელებულა. ამასთან, ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე, შპს -------, 2021 წლის აპრილიდან, ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას (სოფლის მეურნეობის საქმიანობას). 2023 წლიდან მხარეებს შორის ფორმდება იჯარის ხელშეკრულება, სადაც მითითებულია იჯარის ყოველთვიური ღირებულება, რომელიც დასაბეგრ თანხად გამოყენებულია, შემოწმების შედეგად ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით, საგადასახადო მიზნებისთვის 2022 წლიდან გაცემულად ჩათვლილი იჯარის ღირებულების შეფასებისთვის.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭო, სადავო საკითზე, იზიარებს, შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად შპს ------- მიერ გაცემული იჯარა, საგადასახადო მიზნებისთვის, მართლზომიერად ჩაითვალა, ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით, 2022 წლიდან გაცემულად. შესაბამისად მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
კომპანიის მიერ 2023 წლიდან გაცემული უძრავი ქონების იჯარის, 2022 წლიდან გაცემულად ჩათვლა და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა დღგ-ში.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის მიერ 2020 წელს, სხვა პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, კონტრაქტორის მეშვეობით აშენებულია შენობა-ნაგებობები, რაც დასტურდება შესაბამისი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით. აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2021 წლიდან შეძენილია კომპანიის მიერ.
1.07.2023 წელს გაფორმებულია კომერციული საქმიანობის მიზნით უძრავი ქონების, მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების იჯარის ხელშეკრულება. აღნიშნულ ოპერაციებზე ყოველთვიურად გამოიწერებოდა შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ამასთან, დადგინდა, რომ 2025 წლის აპრილიდან აღნიშნული უძრავი ქონება გასხვისებულია ურთიერთდამოკიდებულ პირზე. მიუხედავად ამისა, იჯარისა და ქონების გასხვისებასთან დაკავშირებულ ოპერაციებზე ანგარიშსწორება არ განხორციელებულა.
ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით, მომჩივანის მიერ გაცემული იჯარა, საგადასახადო მიზნებისთვის გაცემულად ჩაითვალა 2022 წლიდან. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო, სადავო საკითზე, იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივანის მიერ გაცემული იჯარა, საგადასახადო მიზნებისთვის, მართლზომიერად ჩაითვალა, ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით, 2022 წლიდან გაცემულად. შესაბამისად მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 159; 160; 1601; 163; 164