ბრძანება N 18785

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.08.2026
№ დოკუმენტი 18785
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18785

19 აგვისტო 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

----- (პ/ნ ----- ) (მის: ----- )

2026 წლის 8 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა ----- (პ/ნ -----) N 103937/1/2026 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 28 ივლისის N EL322756 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მოძრაობდა ----- საქართველოს მიმართულებით ----- სასაზღვრო გამშვები პუნქტით, როდესაც მებაჟემ განუცხადა, რომ აღნიშნულ ავტომობილზე მხოლოდ ერთი 600 ლიტრიანი საწვავის ავზი არის რეგისტრირებული და მეორე საწვავის 300 ლიტრიანი ავზი არის არაქარხნული, გადააქვს 180 ლიტრით მეტი საწვავი რის გამოც დააჯარიმეს 3000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ავტომობილი როგორ მდგომარეობაშიც შემოვიდა ქვეყანაში და განბაჟდა ისევ იმ მდგომარეობაშია. იგივე საწვავის ავზები არის დამონტაჟებული რაზეც არავის არც სიტყვიერი და არც დოკუმენტაციით გაუფრთხილებია, რომ ავტომობილს ქარხნულად უფიქსირდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი 600 ლიტრიანი ბაკი, რომლის გამოყენების უფლებაც ექნებოდა ან, რომ მეორე 300 ლიტრიანი საწვავის ავზი არ არის ქარხნული და რომ არ აქვს გამოყენების უფლება. მიუთითებს, რომ პირველ შემთხვევაზე გაფრთხილება მაინც უნდა შეეფარდოს.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2026 წლის 28 ივლისს საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ კონტროლის ზონაში ----- მხრიდან შემოვიდა დატვირთული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება სახ.N ----- , რომელსაც მართავდა -----. ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ გამწევზე მარჯვენა მხარეს დამონტაჟებული იყო 595 ლიტრიანი და მარცხენა მხარეს 330 ლიტრიანი საწვავის ავზები, რომლებშიც ჯამში ესხა დაახლოებით 795 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავი. ქარხან - დამამზადებელს კი კონკრეტულ მოდელზე მითითებული აქვს მხოლოდ ერთი 595 ლიტრიანი ავზი. შესაბამისად, პიროვნებას აღმოაჩნდა არადეკლარირებული 200 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავი.

ვინაიდან ვაჟა სირბილაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განმეორებით საქონლის შემოტანას საბაჟო კონტროლისგან მალულად (წინა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ----- ), გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ უფლებამოსილი პირის მიერ 2026 წლის 28 ივლისს შედგენილი N EL322756 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით ვაჟა სირბილაძეს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-31 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 2) პირველი მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად:

5. საქართველოს ტერიტორიაზე სახიფათო ტვირთების გადაადგილება საავტომობილო მიმოსვლისათვის გახსნილი საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით შესაძლებელია მხოლოდ სპეციალიზებული, EX/II, EX/III, FL, AT ან MEMU-ს ტიპის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელიც განკუთვნილია და დაშვებულია ასეთი ტვირთის გადასატანად.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებულ საწვავზე, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-8 პუნქტი კი ადგენს, რომ ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების მიზნებისათვის ტერმინი „სტანდარტული ავზი“ ნიშნავს ავზს, რომელიც დამამზადებლის მიერ დამონტაჟებულია მოცემული ტიპის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე და იძლევა შესაძლებლობას საწვავის უწყვეტი მიწოდებისა როგორც გამწევი ძალის შესაქმნელად, ისე ტრანსპორტირებისას საჭიროების შემთხვევაში სამაცივრე ან მსგავსი სისტემის ფუნქციონირებისთვის. ამასთან, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, სატრანსპორტო საშუალების სტანდარტული ავზის დადგენისათვის გამოიყენოს ღია წყაროებზე განთავსებული და საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-9 ნაწილის მიხედვთ, კი საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად მიიჩნევა, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

ამავე მუხლის მე-31 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი განმეორებით, – იწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

ავტოსატრანსპორტო საშუალების საწვავის ავზი უნდა შეესაბამებოდეს იმ სტანდარტებს, რომელიც დამამზადებლის მიერ დამონტაჟებულია მოცემული ტიპის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე და იძლევა საწვავის უწყვეტი მიწოდების შესაძლებლობას გამწევი ძალის შესაქმნელად მისი ფუნქციონირებისთვის. იგი უნდა შეესაბამებოდეს სპეციფიკური ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს (ზოგადი მახასიათებლები), რომლებსაც უცილობლად უნდა აკმაყოფილებდეს.

დადგენილია, რომ მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფ მოცემულ სატრანსპორტო საშუალებას ქარხანადამამზადებლის მიერ დამონტაჟებული აქვს მხოლოდ ერთი 595 ლიტრიანი საწვავის ავზი. ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად კი სატრანსპორტო საშუალებას დამატებით აღმოაჩნდა არასტანდარტული 330 ლიტრიანი საწვავის ავზი. ორივე საწვავის ავზში განთავსებული იყო დაახლოებით 795 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავი. ამდენად, მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფ სატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული ავზი არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელიც დამამზადებლის მიერ სტანდარტულად დამონტაჟებულია მოცემული ტიპის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე და ასეთი ავზი ვერ ჩაითვლება სტანდარტულ ავზად და მასში განთავსებული საწვავი მართებულად იქნა მიჩნეული არადეკლარირებულ საქონლად. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა სატრანსპორტო საშუალებაზე არსებული არასტანდარტული ავზით არადეკლარირებული დიზელის ტიპის საწვავის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს (ჩადენილი განმეორებით), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-31 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

ვაჟა სირბილაძე სატვირთო სატრანსპორტო საშუალებით (მათ შორის ამ კონკრეტული სატვირთო სატრანსპორტო საშუალებით) ხშირად გადაადგილდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე. შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო მოქმედი საბაჟო ფორმალობები, დადგენილი შეზღუდვები და აკრძალვები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ----- (პ/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის N 11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ მომჩივანის საბაჟო შემოწმებისას მის სატვირთო ავტომობილში გამოვლინდა დაუდეკლარირებელი საწვავი. დარღვევა განმეორებით ხასიათს ატარებდა, რის გამოც მძღოლს დაეკისრა კანონით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 168(31); 163;.