ბრძანება N 32198-3

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 28.10.2020
№ დოკუმენტი 32198-3
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 32198

28/10/2020

-------------------

(მის.: ქ. -------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 07 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №74) განიხილა --------- ს №108241/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 22 მაისის №005-84 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე მოგების გადასახადის მიზნებისათვის ერთობლივი შემოსვლისა და გამოსაქვითი ხარჯების გაანგარიშების შედეგების გაუქმებას. მიუთითებს, რომ ვინაიდან ---- წელს გაუუქმდა არასაბანკო სადეპოზიტო - საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია, 2019 წლის 1 იანვრიდან კომპანია მოგების გადასახადით უნდა დაიბეგროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით.

ფაქტების აღწერა:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 21 ივნისის №15624 და 2020 წლის 19 მარტის №8386 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა ---------- ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2017 წლის 01 ოქტომბრიდან 2020 წლის 01 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 18 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2020 წლის 22 მაისის №13608 ბრძანება და 2020 წლის 22 მაისის №005-84 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 54629 ლარი, მათ შორის: გადასახადი 38705 ლარი, ჯარიმა 8141 ლარი, საურავი 7783 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით:

გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საკუთარი კოოპერატივის წევრებზე სესხების გაცემა და მათგან ანაბრების მიღება. შესაბამისად, გადამხდელის ძირითად შემოსავალს წარმოადგენს გაცემულ სესხებზე დარიცხული პროცენტები. პროცენტის სახით მიღებული შემოსავლების გარდა, გადამხდელის შემოსავალს განეკუთვნება ასევე, საკურსო სხვაობით მიღებული შემოსავალი, ანაბრის დარღვევით მიღებული შემოსავალი და საურავის სახით მიღებული შემოსავალი.

გადასახადის გადამხდელის საქმიანობიდან გამომდინარე, ძირითად ხარჯს წარმოადგენს მიღებულ ანაბრებზე დარიცხული პროცენტები და სახელფასო განაცემები.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, გადამხდელის მიერ წამოდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების და ბურალტრული პროგრამის დამუშავება/ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2017 და 2018 წლებში დეკლარირებულ მოგების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში არასწორად არის ასახული საწარმოს მიერ მიღებული შემოსავალები და გაწეული ხარჯები, ხოლო 2019 წელს წარდგენილია მოგების გადასახადის წლიური დეკლარაცია ნულოვანი ფორმით.

შემოწმების შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 და 105-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაუკორექტირდა ზემოაღნიშნული პერიოდების ერთობლივ შემოსავალი და გამოქვითვები.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 94-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, კომერციული ბანკი, საკრედიტო კავშირი, სადაზღვევო ორგანიზაცია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და სესხის გამცემი სუბიექტი მოგების გადასახადით ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით იბეგრებიან 2023 წლის 1 იანვრიდან. ამავე მუხლის 95-ე ნაწილის თანახმად, 2023 წლის 1 იანვრამდე კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, სადაზღვევო ორგანიზაციის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 105-ე ნაწილის თანახმად, საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის, თუ მან შესაბამისი კალენდარული წლის განმავლობაში დაკარგა ამ მუხლის 94-ე ნაწილით გათვალისწინებული პირის სტატუსი (დადგინდა, რომ იგი აღარ არის ამ მუხლის 94-ე ნაწილით გათვალისწინებული პირი).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე და თანდართულ დოკუმენტებზე, სადაც აღნიშნულია, რომ ---- წლის ------- ს გაუუქმდა არასაბანკო სადეპოზიტო-საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია და დაიწყო მისი ლიკვიდაცია. როგორც საგადასახადო შემოწმების აქტიდან ირკვევა, 2019 წლის საანგარიშო პერიოდის ერთობლივი შემოსავალი და გამოქვითვები გადამხდელს დაუკორექტირდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 და 105-ე მუხლების შესაბამისად.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს ---- წლის --- გაუუქმდა არასაბანკო სადეპოზიტო-საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია, 2019 წლიდან გადასახადის გადამხდელი მოგების გადასახადით იბეგრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით. შესაბამისად, 2019 წლის შემოსვლებისა და ხარჯების გაანგარიშების ნაწილში საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას და უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი, მ.შ. ტექნიკური უზუსტობები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს 2019 წლის საანგარიშო პერიოდის მოგების გადასახადის გაანგარიშების შესწორება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ----------- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.სადავო საკითხთან დაკავშირებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი, მ.შ. ტექნიკური უზუსტობები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს 2019 წლის საანგარიშო პერიოდის მოგების გადასახადის გაანგარიშების შესწორება;

3.დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4.აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი ითხოვს 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე მოგების გადასახადის მიზნებისათვის ერთობლივი შემოსვლისა და გამოსაქვითი ხარჯების გაანგარიშების შედეგების გაუქმებას. მიუთითებს, რომ ვინაიდან 2018 წელს გაუუქმდა არასაბანკო სადეპოზიტო-საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია, 2019 წლის 1 იანვრიდან კომპანია მოგების გადასახადით უნდა დაიბეგროს სსკ-ს 97-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საკუთარი კოოპერატივის წევრებზე გაცემულ სესხებზე დარიცხული პროცენტები, ასევე, საკურსო სხვაობით მიღებული შემოსავალი და სხვა. გადამხდელის მიერ 2017-2018 წლებში დეკლარირებულ მოგების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში არასწორად არის ასახული შემოსავალები და ხარჯები, ხოლო 2019 წელს წარდგენილია მოგების გადასახადის წლიური დეკლარაცია ნულოვანი ფორმით.

შემოწმების შედეგად, სსკ-ს მე-100 და 105-ე მუხლების გათვალისწინებით, დაკორექტირდა ზემოაღნიშნული პერიოდების ერთობლივ შემოსავალი და გამოქვითვები.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2019 წლის შემოსვლებისა და ხარჯების გაანგარიშების ნაწილში საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას და უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს სადავო საკითხი, და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს 2019 წლის საანგარიშო პერიოდის მოგების გადასახადის გაანგარიშების შესწორება.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 100; 105; 309(94); 309(105)