ბრძანება N 24325

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 19.11.2024
№ დოკუმენტი 24325
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24325

19 ნოემბერი 2024

ბრძანება

შპს „---------“-ის (ს/ნ „---------“)

(ფაქტ. მის.: „---------“)

2024 წლის 31 ოქტომბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 7 და 14 ნოემბერს გამართულ სხდომებზე (ოქმები №119 და №121) განიხილა შპს „---------“-ის (ს/ნ „---------“) №92647/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 ოქტომბრის №064-7 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრას. იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ხარჯის ფაქტობრივად გაწევის ნამდვილობა სადავო არ არის, ითხოვს მის მიერ გაცხადებული ხარჯის 75%-ის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯად დაკვალიფიცირებას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების სახელფასო განაცემად მიჩნევას და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. განმარტავს, რომ მომსახურების გამწევი პირები არიან დამოუკიდებელი მეწარმე სუბიექტები, რომლებიც შემოსავალს იღებენ სხვა პირებისგანაც. ამასთან, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, მომსახურების გამწევი სუბიექტები ძირითადად საკუთარი ტექნიკით ახორციელებენ სხვადასხვა სახის სამუშაოებს და თავიანთ თავზე იღებენ სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებულ რისკებს. აღნიშნულის გათვალისწინებით მომჩივანი ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 6 მარტის №5033 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“-ის (ს/ნ „---------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 28 ივლისიდან 2024 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის პირველ ოქტომბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2024 წლის 2 ოქტომბრის №21573 ბრძანება და ამავე თარიღის №064-7 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 706 061 ლარი, მათ შორის გადასახადი 990 792 ლარი, ჯარიმა 495 309 ლარი და საურავი 219 960 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

1. შპს „---------“-ის (ს/ნ „---------“) პირველადი დოკუმენტებისა და საბანკო ანგარიშების ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ საწარმოს განხორციელებული აქვს ისეთი შეძენები (ღირებულებით - 19 288 ლარი), რომლის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტი არ გააჩნია. შემოწმებით აღნიშნული შეძენები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განხილულ იქნა მოგების გადასახადით დასაბეგრ ბაზად. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შპს „--------“-ის (ს/ნ „---------“) საბანკო ანგარიშებზე თანხების მოძრაობის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ გადარიცხულია თანხები ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც საწარმოს უწევდნენ სხვადასხვა ტიპის მომსახურებას, როგორიცაა: მძიმე ტექნიკით მომსახურება, მოპირკეთების, ობიექტზე ზედამხედველობის სამუშაოები და სხვა. აღნიშნული პირები შესამოწმებელ პერიოდში რეგულარულად იღებენ ანაზღაურებას, ასევე, რამდენიმე მათგანი არის საწარმოს დაქირავებული პირი და შესამოწმებელ პერიოდში იღებს ხელფასს, რომელიც ასახულია შესაბამის განაცემთა ინფორმაციაში. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის მიხედვით, პირები რეგისტრირებული არიან ინდივიდუალურ მეწარმეებად და მიღებული აქვთ მცირე ბიზნესის სტატუსი, ხოლო შესაბამისი დეკლარაციები არ აქვთ ან არასრულად აქვთ წარმოდგენილი და ასევე ასრულებდნენ კომპანიის ძირითადი სამუშაოს ფარგლებში შესასრულებელ სამუშაოებს. საწარმომ წარმოადგინა აღნიშნულ პირებთან შედგენილი მომსახურების ხელშეკრულებები, წარმოდგენილი დოკუმენტაციით მომსახურება სრულდებოდა დამკვეთის რესურსით. ამასთან, საწარმო ქირაობს ბინებს სხვადასხვა რეგიონში და ზემოაღნიშნულ ინდივიდუალურ მეწარმეებსა და თანამშრომლებს უზრუნველყოფს საცხოვრებლით. ასევე, დამქირავებელი განსაზღვრავდა შესასრულებელ სამუშაოს, რიგ შემთხვევაში აღნიშნულ პირებს არ უფიქსირდებათ სპეციალური ტექნიკა ან/და ხარჯის გაწევა. საწარმოსგან აღნიშნული პირების მიერ მიღებული შემოსავალი რიგ შემთხვევაში შეადგენს მათი მთლიანი შემოსავლის 85%-ს ან მეტს. საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული საქმის მასალებით ირკვევა, რომ რიგ შემთხვევებში მცირე მეწარმეებად რეგისტრირებული პირები რამდენიმე წლის განმავლობაში თანამშრომლობდნენ საწარმოსთან, როგორც ხელოსნები და კომპანიის მოთხოვნით რეგისტრირდებოდნენ მცირე მეწარმეებად. ასევე, ირკვევა, რომ სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო მასალებს უზრუნველყოფდა საწარმო. გამოკითხვის ოქმებისა და აღნიშნული პირების ახსნა-განმარტების თანახმად, აღნიშნული მცირე მეწარმეების კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე ირიცხებოდა რამდენიმე ხელოსნის სამუშაოს ასანაზღაურებელი თანხა, რომელიც შემდგომ გამოჰქონდათ პლასტიკური ბარათიდან და ხდებოდა თანხის განაწილება ხელოსნებს შორის. რიგ შემთხვევებში მცირე მეწარმეები აცხადებენ რომ საგადასახადო დეკლარირებას თავად არ ახორციელებდნენ და ამას უზრუნველყოფდა კომპანიის წარმომადგენელი.

განხორციელებული სამუშოების შეფასებისათვის შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით, აგრეთვე, გამოყენებული იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 6 მაისის №12359 ბრძანებით დამტკიცებული კითხვარი „სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობის დაქირავებით მუშაობად ან მომსახურების გაწევად კლასიფიცირების შესახებ“, რომლის თანახმად ფიზიკური პირების მიერ შესრულებული სამუშაოები აკმაყოფილებს დაქირავებით მუშაობის კრიტერიუმებს. შესაბამისად, ვინაიდან ფიზიკური პირები რეგულარულად ასრულებენ საწარმოს მიერ დაკისრებულ სამუშაოებს და იყენებენ კომპანიის მიერ შეძენილ საწვავს, ტექნიკას და სხვადასხვა საშუალებებს და ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ფიზიკური პირების მიერ, საწარმოსგან მიღებული შემოსავალი შეადგენს მათ მიერ მიღებული მთლიანი შემოსავლის 85%-ს ან მეტს, შემოწმებამ შპს „----------“-ის (ს/ნ „---------“) გაწეული ხარჯები (გადახდილი თანხა) დააკვალიფიცირა როგორც გაცემული ხელფასი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება:

ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად;

ბ) ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შპს „---------“-ის (ს/ნ „---------“) პირველადი დოკუმენტებისა და საბანკო ანგარიშების ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ საწარმოს განხორციელებული ჰქონდა შეძენები, რაზეც არ გააჩნდა ხარჯის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტი.

იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს გაწეული აქვს იმგვარი ხარჯი, რომლის დოკუმენტურად დადასტურებაც ვერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემული ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის;

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში მითითებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვით, მომსახურების გამწევი პირები არიან დამოუკიდებელი მეწარმე სუბიექტები, რომლებიც შემოსავალს იღებენ სხვა პირებისგანაც. ამასთან, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, მომსახურების გამწევი სუბიექტები ძირითადად საკუთარი ტექნიკით ახორციელებენ სხვადასხვა სახის სამუშაოებს და თავიანთ თავზე იღებენ სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებულ რისკებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე იმ ფიზიკური პირების მიერ მომსახურების გაწევის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებზეც არ არსებობს გამოკითხის ოქმები და ახსნა-განმარტებები, კერძოდ: აღნიშნულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები, ინფორმაცია მომსახურების შინაარსის, სამუშაოს სახეობის და მოცულობის შესახებ. ასევე, სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია მომსახურების გაწევის ფაქტთან დაკავშირებით. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება მომსახურების გაწევა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების მიერ, აღნიშნული პირებისთვის შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------“-ის (ს/ნ „---------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე იმ ფიზიკური პირების მიერ მომსახურების გაწევის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებზეც არ არსებობს გამოკითხის ოქმები და ახსნა-განმარტებები, კერძოდ: აღნიშნულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები, ინფორმაცია მომსახურების შინაარსის, სამუშაოს სახეობის და მოცულობის შესახებ. ასევე, სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია მომსახურების გაწევის ფაქტთან დაკავშირებით;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება მომსახურების გაწევა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების მიერ, აღნიშნული პირებისთვის შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადამხდელი არ ეთანხმება დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრას.

2. გადამხდელი არ ეთანხმება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების სახელფასო განაცემად მიჩნევას და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.მომჩივანი ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. შემოწმებით,საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განხილულ იქნა მოგების გადასახადით დასაბეგრ ბაზად. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა.

2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე იმ ფიზიკური პირების მიერ მომსახურების გაწევის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებზეც არ არსებობს გამოკითხის ოქმები და ახსნა-განმარტებები, კერძოდ: აღნიშნულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები, ინფორმაცია მომსახურების შინაარსის, სამუშაოს სახეობის და მოცულობის შესახებ. ასევე, სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია მომსახურების გაწევის ფაქტთან დაკავშირებით. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება მომსახურების გაწევა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების მიერ, აღნიშნული პირებისთვის შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9),982,101,154.