გადაწყვეტილება №20073/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20073/2/2023
02 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 26.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20073/2/2023).
დავის საგანი:
1. ფ/პ ------- შპს -------ის წილის შეძენის ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლა და ფიზიკურ პირზე გაცემულ დივიდენდად განხილვა;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №021-145 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 6.06.2023 წლის №12539 ბრძანება
დარიცხული თანხა: 286 852 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 139 807
მოგების გადასახადი - 108 941
საშემოსავლო გადასახადი - 30 866
ჯარიმა - 69 904
საურავი - 77 141
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება, შპს ------- (ს/ნ -------) წილის შეძენიდან გამომდინარე განხორციელებული ოპერაციებიდან წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 28 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №33669 ბრძანება და №021-145 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 6.06.2023 წლის №12539 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შპს ------- წილის შეძენის ოპერაციაზე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, კვალიფიკაციის შეცვლისა და ფიზიკურ პირებზე გაცემულ დივიდენდად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს შპს ------- მიერ ფ/პ ------- შეძენილი შპს ------- 0.5% წილის ნასყიდობის სანაცვლოდ თანხის გადახდის განხორციელების მომენტი და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 6.06.2023 წლის №12539 ბრძანება, მე-2 სადავო საკითხის ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ფ/პ ------- შეძენილი შპს ------- წილის შეძენის ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლა და ფიზიკურ პირზე გაცემულ დივიდენდად განხილვა
ფაქტების აღწერა
შპს ------- დამფუძნებლები, 2019 წლის 22 აგვისტოს მდგომარეობით, არიან ------- - 31.5%, ------- - 21%, შპს ------- - 12% და შპს ------- - 35.5%. შპს ------- 2019 წლის 22 აგვისტოს იყიდა შპს ------- 35.5% წილი შპს -------. შპს ------- დამფუძნებლები არიან ------- - 50%, ------- - 25%, ------- - 25%
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-19 და 130-ე მუხლების, 97 მუხლის პირველი და 981 მუხლის პირველი ნაწილების გათვალისწინებით, მოცემულ პირობებში, ვინაიდან წილის გამსხვისებელი ფიზიკური პირები ირიბად კვლავ სრულად ფლობენ შპს ------- წილს, ანუ რეალურად არ ხდება განსახილველი ქონების (წილის) მესაკუთრის ცვლილება, მოცემული ოპერაცია, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის, მიჩნეულ იქნა საეჭვო სამეურნეო ოპერაციად და დაკვალიფიცირდა, როგორც ფიზიკურ პირებზე გაცემული დივიდენდები. შედეგად აღნიშნული განაცემის თანხა დაიბეგრა მოგების გადასახადით და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველ ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-14 ნაწილზე, მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის მე-12 ნაწილზე, 130-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, გადასახადის გადამხდელის განმარტებაზე, რომ 2019 წლის 22 აგვისტოს შპს ------- შეიძინა შპს ------- 0.5% პროცენტი წილი ------- და წარდგენილ არგუმენტებზე.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს შპს ------- მიერ ფ/პ ------- შეძენილი შპს ------- 0.5% წილის ნასყიდობის სანაცვლოდ თანხის გადახდის განხორციელების მომენტი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი სადავოდ ხდის როგორც ფაქტობრივი გარემოებებს და ამ გარემოებებზე აუდიტორების მიერ გაკეთებულ შეფასებას, ასევე მოყვანილ სამართლებრივ საფუძვლებს შემდეგ გარემოებათა გამო:
შპს ------- დამფუძნებლები, 2019 წლის 21 აგვისტოს მდგომარეობით, იყვნენ: ------- (პ/ნ -------) - 31.5% წილი; ------- (პ/ნ -------) - 21% წილი; შპს ------- (ს.ნ. -------) - 47.5% წილი. ხოლო შპს ------- 100% წილის მფლობელი და დირექტორი იყო ------- (პ/ნ -------). 2019 წლის 21 აგვისტოს შპს ------- მიერ გასხვისდა მის საკუთრებაში არსებული წილი სრულად, საიდანაც 35.5% შეიძინა შპს -------. ამ ოპერაციის შემდგომ, 2019 წლის 22 აგვისტოს შპს ------- ასევე შეიძინა შპს ------- 0.5% წილი ------- (პ/ნ -------). თავის მხრივ, შპს ------- დამფუძნებლები არიან: ------- (პ/ნ -------) - 50% წილი; ------- (პ/ნ -------) - 25% წილი; ------- (პ/ნ -------) - 25% წილი. შემოწმების მიერ ამ ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლად გამოყენებულია შემდეგი არგუმენტი: „მოცემულ პირობებში, ვინაიდან წილის გამსხვისებელი ფიზიკური პირები ირიბად კვლავ სრულად ფლობენ შპს ------- წილს, ანუ რეალურად არ ხდება განსახილველი ქონების (წილის) მესაკუთრის ცვლილება, მოცემული ოპერაცია გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის მიჩნეულ იქნა საეჭვო სამეურნეო ოპერაციად და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად დაკვალიფიცირდა როგორც ფიზიკურ პირებზე გაცემული დივიდენდები“.
მომჩივანი კატეგორიულად არ ეთანხმება საგადასახადო ორგანოს არგუმენტაციას და წარმოადგენს შემდეგ პოზიციას ამ ნაწილში:
1. შემმოწმებელთა მიერ, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლად მითითებულია, რომ წილის გასხვისება „გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის მიჩნეულ იქნა საეჭვო სამეურნეო ოპერაციად“. არც საეჭვო სამეურნეო ოპერაციის ტერმინს და არც ამ საფუძვლით ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველს არ იცნობს და არ იძლევა საგადასახადო კოდექსის არც 73-ე და არც რომელიმე სხვა მუხლი. სავარაუდოდ, შემმოწმებელთა მიერ აღნიშნული ტერმინი აღებულია შემოსავლების სამსახურის 28.07.2022 წლის №20231 ბრძანებით დამტკიცებული „სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“ მეთოდური მითითებიდან, რაც ასევე სრულიად უსაფუძვლოა, რადგან: ა) შემოსავლების სამსახური საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების მიზნით გამოსცემს მეთოდურ მითითებებს მხოლოდ საგადასახადო ორგანოების მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე. მეთოდური მითითებით ვერ მოხდება საგადასახადო კოდექსით გაუთვალისწინებელი ვალდებულების დადგენა. ეს ტერმინიც ამ მეთოდურ მითითებაში შემოტანილია იმ მიზნით, რომ საგადასახადო ორგანოს თანამშრომელმა საეჭვოდ მიჩნეული ოპერაცია შეისწავლოს, აღწეროს და გაანალიზოს საფუძვლიანად და ყველა შესაბამისი ქმედების ჩატარების შემდგომ მიიღოს სამართლებრივად გამართული და კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება; ბ) სადავო წილის გასხვისების ოპერაცია განხორციელდა 2019 წლის აგვისტოში, აღნიშნული მეთოდური მითითება კი დამტკიცებული იქნა 2022 წლის ივლისში. მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ოპერაციის განხორციელებიდან 3 წლის შემდგომ მიღებული მეთოდური მითითების გამოყენება ამ ოპერაციის შესაფასებლად, თუნდაც მხოლოდ ამ მიზეზით არის უსამართლო, სხვა მხრივაც რომ გამართული და სათანადოდ დასაბუთებულიც იყოს (რასაც ასევე კატეგორიულად არ ეთანხმება). მითუმეტეს იმ პირობებში, რომ მსგავსი შინაარსის ოპერაციებისათვის ასეთი კვალიფიკაციის მინიჭების პრაქტიკა შემოსავლების სამსახურს არ ქონია არც მეთოდური მითითების დამტკიცებამდე და არც მას შემდგომ, ამ სადავო აქტის შედგენამდე;
2. როგორც აღნიშნა, შემოწმების მიერ ფიზიკური პირის მიერ წილის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაზე გასხვისება მიჩნეული იქნა საეჭვო ოპერაციად და საგადასახადო კოდექსის 73 მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენებით შეეცვალა კვალიფიკაცია. კოდექსის ამ ნორმით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საინტერესოა, ამ ოპერაციის ფორმა რა ნაწილში და რის საფუძველზე არ შეესაბამება მის შინაარსს, რაზეც აქტში არაფერია ნათქვამი. ფიზიკური პირი ------- 2014 წლიდან ფლობდა შპს ------- წილს, რომლის გასხვისება გადაწყვიტა 2019 წელს და ამ წილის ნაწილის მფლობელი გახდა შპს ------- (რომელიც არის ფუნქციონირებადი საწარმო), საქართველოს კანონმდებლობის ყველა მოთხოვნათა დაცვით. ფორმაც და შინაარსიც ცხადი და შესაბამისია ერთმანეთთან. მიაჩნია, რომ აქ ისევ შემოსავლების სამსახურის 28.07.2022 წლის №20231 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების №1 მაგალითში განხილული შემთხვევის დაუსაბუთებელ გამოყენებასთან უნდა ქონდეს საქმე, რომლის საფუძველზეც შემმოწმებელთა აზრით აღნიშნული სამეურნეო ოპერაციის რეალურ მიზანს (შინაარსს) შესაძლოა წარმოადგენდეს ფიზიკურ პირზე დივიდენდის დაუბეგრავად გაცემა. წილის გამსხვისებელი პირის რეალური მიზეზი მართლაც რომ ეს ყოფილიყო (თუმცა ნამდვილად არაა ეგრე, რადგან წილის გასხვისებას მიზნად ქონდა სხვა რეალური ბიზნეს ინტერესები), ფიზიკური პირის მიერ ხდება საგადასახადო კოდექსით დადგენილი შეღავათით სარგებლობა და ამ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გამოყენება სრულიად არასამართლიანია და ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს. შემმოწმებელთა მიერ აქტში გამოყენებული ლოგიკით, საგადასახადო კოდექსით დადგენილი ნებისმიერ შეღავათით სარგებლობა საეჭვო ოპერაციად უნდა ჩაითვალოს და შეეცვალოს კვალიფიკაცია ისე, რომ ვერ მოხდეს მისით სარგებლობა. საინტერესოა, მათ შემთხვევაში წილის გასხვისება რომ 2 წლიანი ვადის გასვლამდე მომხდარიყო და გამსხვისებელს დაებეგრა რეალიზაციით მიღებული თანხა, მაშინ რა კვალიფიკაცია მიენიჭებოდა ამ ოპერაციას. მაინც დაკვალიფიცირდებოდა დივიდენდად და კიდე დაიბეგრებოდა ერთხელ უკვე დაბეგრილი თანხა და თუ ამ შემთხვევაში არ შეეცვლებოდა კვალიფიკაცია, ე.ი. ერთიდაიგივე ოპერაცია სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად დაკვალიფიცირდებოდა? ანუ, შემოწმების მიზანია, რომ გადამხდელმა კოდექსით დადგენილი შეღავათის გამოყენება ვერ შეძლოს;
3. საინტერესოა, რომელი საწარმოს მიერ განაწილებულ რომელ თანხას ბეგრავს შემოწმება. როგორც შემოწმების აქტიდან ჩანს, დასაბეგრ ბაზად აღებულია წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი თანხა ნასყიდობის ხელშეკრულების დადების პერიოდში და ჩაითვალა, რომ მყიდველი საწარმოს მიერ მოხდა ნასყიდობის თანხის განაწილება მოგების სახით, რაც კიდევ ერთი დიდი აბსურდია, რადგან შემოწმების აქტით (მეთოდური მითითებითაც) ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლის მთავარი მოტივი არის ის, რომ შესაძლოა ფიზიკური პირის მიერ ხდება შპს ------- კუთვნილი დივიდენდის დაუბეგრავად გატანა. შესაბამისად, კიდეც რომ ჩაითვალოს, რომ შემოწმების მიერ ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლა განხორციელდა სწორად და კანონის მოთხოვნათა დაცვით (რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება ზემოთ მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით), გამოდის რომ მოგების განაწილება და დივიდენდის გატანა მოხდა შპს ------- და ამავე საწარმოზე უნდა მომხდარიყო ამ ოპერაციის შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების დაკისრებაც. ამასთან, განაწილებულ მოგებად უნდა ჩათვლილიყო ფაქტიურად გატანილი თანხები გატანის შესაბამის პერიოდებში და არა წილის ნასყიდობის ხელშეკრულების მთლიანი თანხა ხელშეკრულების დადების მომენტში
შემოსავლების სამსახურმა სადავო გადაწყვეტილებით მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი შპს ------- ნაყიდი წილისა და ასევე იმ ნაწილში, რომ განაწილებულ მოგებად უნდა ჩათვლილიყო ფაქტიურად გატანილი თანხები გატანის შესაბამის პერიოდებში და არა წილის ნასყიდობის ხელშეკრულების მთლიანი თანხა ხელშეკრულების დადების მომენტში. დანარჩენ ნაწილში მიღებული გადაწყვეტილებით სრულად იქნა გაზიარებული აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი არგუმენტაცია და უარი ეთქვათ საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც:
ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია;
ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 981−984 მუხლებით გათვალისწინებული ხარჯების გაწევის და სხვა გადახდების/განაცემების განხორციელების მომენტად ითვლება მათი ფაქტობრივად გაწევის/განხორციელების მომენტი.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება დივიდენდი.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.
საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
მომჩივანი სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი არგუმენტების ანალოგიურად აღნიშნავს, რომ 2019 წლის 22 აგვისტოს შპს ------- შეიძინა შპს ------- 0.5% წილი -------, შემოწმებით კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლად მითითებულ გარემოებას არ ეთანხმება, რადგან არც საეჭვო სამეურნეო ოპერაციის ტერმინს და არც ამ საფუძვლით ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველს არ იძლევა საგადასახადო კოდექსის არც 73-ე და არც რომელიმე სხვა მუხლი. შემმოწმებელთა მიერ აღნიშნული ტერმინი აღებულია შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 28 ივლისის №20231 ბრძანებით დამტკიცებული „სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“ მეთოდური მითითებიდან, რაც ასევე სრულიად უსაფუძვლოა, რადგან მეთოდური მითითებით ვერ მოხდება საგადასახადო კოდექსით გაუთვალისწინებელი ვალდებულების დადგენა. სადავო წილის გასხვისების ოპერაცია განხორციელდა 2019 წლის აგვისტოში, აღნიშნული მეთოდური მითითება კი დამტკიცებული იქნა 2022 წლის ივლისში, შესაბამისად, ოპერაციის განხორციელებიდან 3 წლის შემდგომ მიღებული მეთოდური მითითების გამოყენება ამ ოპერაციის შესაფასებლად უსამართლოდ მიაჩნია. ფ/პ ------- 2014 წლიდან ფლობდა შპს ------- წილს, რომლის გასხვისება გადაწყვიტა 2019 წელს და ამ წილის ნაწილის მფლობელი გახდა შპს -------, საქართველოს კანონმდებლობის ყველა მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, ფორმაც და შინაარსიც ცხადი და შესაბამისია ერთმანეთთან. შემოწმების მიერ, დასაბეგრ ბაზად აღებულია წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი თანხა ნასყიდობის ხელშეკრულების დადების პერიოდში და ჩაითვალა, რომ მყიდველი საწარმოს მიერ მოხდა ნასყიდობის თანხის განაწილება მოგების სახით, რასაც არ ეთანხმება, რადგან შემოწმებით ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლის მთავარი მოტივია, რომ შესაძლოა ფიზიკური პირის მიერ ხდება შპს ------- კუთვნილი დივიდენდის დაუბეგრავად გატანა. კიდეც რომ ჩაითვალოს, რომ შემოწმების მიერ ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლა განხორციელდა სწორად და კანონის მოთხოვნათა დაცვით, გამოდის რომ მოგების განაწილება და დივიდენდის გატანა განხორციელდა შპს ------- და ამავე საწარმოზე უნდა მომხდარიყო ამ ოპერაციის შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების დაკისრებაც. ამასთან, განაწილებულ მოგებად უნდა ჩათვლილიყო ფაქტობრივად გატანილი თანხები გატანის შესაბამის პერიოდებში და არა წილის ნასყიდობის ხელშეკრულების მთლიანი თანხა ხელშეკრულების დადების მომენტში.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს არ წარმოუდგენია საჩივარში მითითებული ინფორმაციისაგან განსხვავებული გარემოებები.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა და გაცემულ დივიდენდად განხილვა მართებულია.
ამასთან, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შპს ------- მიერ ფ/პ ------- შეძენილი შპს ------- 0.5% წილის ნასყიდობის სანაცვლოდ თანხის გადახდის განხორციელების მომენტის გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა 69 904 ლარი და საურავი 77 141 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
სადავო საკითხი მომჩივანს შემოსავლების სამსახურში არ გაუსაჩივრებია.
მომჩივნის არგუმენტაცია
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა ითხოვა დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია.
ვინაიდან სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, ხოლო წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული საფუძვლები, საბჭოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია დაკისრებული სანქციებისგან მომჩივნის გათავისუფლება.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომივანი არ ეთანხმება ფიზიკური პირის მიერ წილის შეძენის ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლას და ფიზიკურ პირზე გაცემულ დივიდენდად განხილვას; ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება, წილის შეძენიდან გამომდინარე განხორციელებული ოპერაციებიდან წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 6.06.2023 წლის №12539 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული საფუძვლები და მიზანშეწონილად არ მიაჩნია დაკისრებული სანქციებისგან მომჩივნის გათავისუფლება.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 981(1); 269(7)