გადაწყვეტილება №24197/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.12.2024
№ დოკუმენტი 24197/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24197/2/2024

12 დეკემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: "---------" (ს/ნ "---------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,14.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "---------"-ის 26.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24197/2/2024).

 

დავის საგანი:

გაანგარიშებული ფასნამატის ოდენობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 13.06.2024 წლის №006-290 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 13.09.2024 წლის №20255 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 44 700,08 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 25 007,25

ჯარიმა - 11 814

საურავი - 7 878,83

 

ფაქტების აღწერა

მომჩივნის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა ხორცის პროდუქტებით.

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 22 აპრილის №9226 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.05.2024 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 6.06.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, საიდანაც სადავო საკითხთან დაკავშირებით ირკვევა შემდეგი:

გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა მხოლოდ ცნობა ბანკში გახსნილი ანგარიშების შესახებ, ასევე, შესაბამისი ანგარიშების ამონაწერები და ახსნა-განმარტება საქმიანობის შესახებ, ამასთან, შემოწმებით შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. შედეგად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, განისაზღვრა რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა იმავე ტერიტორიაზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის აუდირებული ფასნამატი (15% დანაკარგების გათვალისწინებით). დადგენილ მონაცემებსა და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის გამოვლინდა სხვაობა, ასევე, დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში დაფიქსირებული გამოქვითვები. შედეგად, საგადასახადო კოდექსის მე-100 და 105-ე მუხლების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 13.06.2024 წლის №13900 ბრძანება და №006-290 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 13.09.2024 წლის №20255 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 79-ე, მე-80, 81-ე, მე-100, 102-ე, 105-ე, 145-ე, 43-ე. 272-ე, 275-ე მუხლებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები და შეფარდებული სანქცია განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ფასნამატის გაანგარიშება მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის აუდირებული ფასნამატის გამოყენებით არღვევს სამართლიანობის პრინციპს. ამბობს, რომ საქონლის რეალიზაცია არ ხდება იმავე ფორმით რა ფორმითაც იყო შესყიდული, კერძოდ, სარეალიზაციოდ მომზადების პროცესში საქონელი განიცდის დანაკარგს, ხორციელდება სარეალიზაციოდ გამოუსადეგარი ნარჩენების: ძვლების, ტყავის და ჭარბი ცხიმის ფენის მოცილება. აღნიშნავს, რომ პროდუქტი მალფუჭებადია, შესაბამისად, გარკვეული ნაწილი, რომლის რეალიზაციაც ვერ ესწრება, მიღებიდან ორი დღის განმავლობაში ხდება გამოუსადეგარი. აცხადებს, რომ თუ ვერ განხორციელდა საქონლის რეალიზაცია იმავე ან მომდევნო დღეს, ხორცი ფერს იცვლის და მისი გადამუშავება ხდება ფარშის სახით, რაც ასევე იწვევს დანაკარგს. აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, საშუალო ფასნამატი მერყეობს 6%-დან 8%-მდე. აღნიშნავს, რომ არცოდნის გამო არ ხდებოდა დანაკარგის ჩამოწერა კანონმდებლობის შესაბამისად. მიუთითებს, რომ მზად არის შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების თანდასწრებით ჩატარდეს მონიტორინგი დანაკარგებისა და ფასნამატის დასადგენად ან აღნიშნული განხორციელდეს დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ. ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხებისა და შეფარდებული სანქციების შემცირებას.

 

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

დადგენილია, რომ მომჩივანი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, განისაზღვრა რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა იმავე ტერიტორიაზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის აუდირებული ფასნამატი (15% დანაკარგების გათვალისწინებით). დადგენილ მონაცემებსა და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის გამოვლინდა სხვაობა, ასევე, დაკორექტირდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

მომჩივანი განმარტავს, რომ საქონლის რეალიზაცია არ ხდება იმავე ფორმით რა ფორმითაც იყო შესყიდული, კერძოდ, სარეალიზაციოდ მომზადების პროცესში საქონელი განიცდის დანაკარგს, ხორციელდება სარეალიზაციოდ გამოუსადეგარი ნარჩენების: ძვლების, ტყავის და ჭარბი ცხიმის ფენის მოცილება. აღნიშნავს, რომ პროდუქტი მალფუჭებადია, შესაბამისად, გარკვეული ნაწილი, რომლის რეალიზაციაც ვერ ესწრება, მიღებიდან ორი დღის განმავლობაში ხდება გამოუსადეგარი. აცხადებს, რომ თუ ვერ განხორციელდა საქონლის რეალიზაცია იმავე ან მომდევნო დღეს, ხორცი ფერს იცვლის და მისი გადამუშავება ხდება ფარშის სახით, რაც ასევე იწვევს დანაკარგს. თუმცა, შემოწმებით რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელებულია იმავე ტერიტორიაზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის აუდირებული ფასნამატი 15% დანაკარგების გათვალისწინებით. ამდენად, საბჭო მიიჩნევს, რომ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის აუდირებული ფასნამატის გამოყენება და ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრა განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

ამასთან, მომჩივანს არ უფიქსირდება ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სმფ-ს ჩამოწერის შესახებ განცხადების რეგისტრაცია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული ფასნამატით მართლზომიერია, არ არსებობს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხებისა და შეფარდებული სანქციების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა მხოლოდ ცნობა ბანკში გახსნილი ანგარიშების შესახებ, ასევე, შესაბამისი ანგარიშების ამონაწერები და ახსნა-განმარტება საქმიანობის შესახებ, ამასთან, შემოწმებით შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. შედეგად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, განისაზღვრა რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა იმავე ტერიტორიაზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის აუდირებული ფასნამატი.დადგენილ მონაცემებსა და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის გამოვლინდა სხვაობა, ასევე, დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში დაფიქსირებული გამოქვითვები. შედეგად, სსკ-ის მე-100 და 105-ე მუხლების მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული ფასნამატით მართლზომიერია, არ არსებობს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5),136,145.