გადაწყვეტილება №19523/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19523/2/2023
25.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------- 26.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19523/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 8.02.2023 წლის №2189 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 16.02.2023 წლის №070-5 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.04.2023 წლის №8032 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 48 043,95 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 30 556
დღგ - 25 749
მოგების გადასახადი - 4 807
ჯარიმა - 9 560,6
საურავი - 7 927,35
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.03.2022 წლამდე პერიოდი.
შემოწმების აქტის მიხედვით, 9.09.2019 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს ვაზის ნერგები - 181 500 ლარის ღირებულების, რომელიც ხელშეკრულებით გასესხებული აქვს შპს „--------“-ზე წლიური 12% სარგებლით. შემოწმებით საგადასახადო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, აღნიშნული გარიგება არ ჩაითვალა ფინანსურ ოპერაციად და სარგებელი განხილულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა აღნიშნულ საკითხს და გამომდინარე აქედან არ ახდენს, შემდგომ პერიოდებში სარგებლის დეკლარირებას დასაბეგრ ბრუნვებში. აღნიშნული საკითხი 2 გასაჩივრებული აქვს დავების განხილვის საბჭოში. მიღებული გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელს დაევალა დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა საკითხის დამატებით შესასწავლად.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მიმდინარე შემოწმებამ იხელმძღვანელა, წინა პერიოდზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმების აქტით და შემდგომ პერიოდებში დარიცხული სარგებლით დაკორექტირდა დასაბეგრი ბრუნვები. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 14.07.2022 წლის №070-12 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 8.02.2023 წლის №2189 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გასესხებული ვაზის ნერგების საფუძველზე მიღებული სარგებლის დღგ-ით დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ხელშეკრულების საგნის გათვალისწინებით, ოპერაციის კვალიფიკაციის ხელახლა შეფასება და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში სარგებლის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვის საფუძველზე დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 8.02.2023 წლის №2189 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 10.02.2023 წლის დასკვნაში ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მითითებულია, რომ გასესხებული ვაზის ნერგების საკითხთან დაკავშირებით ოპერაციის კვალიფიკაციის შეფასებამ ცვლილება არ განიცადა. შედეგად აღნიშნულ ნაწილში აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი.
აუდიტის დეპარტამენტის 10.02.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 16.02.2023 წლის №070-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 12.04.2023 წლის №8032 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების მიერ განხორციელდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებული 21.10.2021 წლის №9887/2/2020 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგების გათვალისწინებით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ამასთან, შემცირებას დაექვემდებარა საქონლის მიწოდების საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები. აგრეთვე, შემოწმების მიერ დამატებით იქნა შესწავლილი/შეფასებული ხელშეკრულების საგნის გათვალისწინებით ოპერაციის კვალიფიკაცია და ოპერაციის კვალიფიკაცია უცვლელი დარჩა. ასევე, დღგ-ის ნაწილში შემოწმებამ დამატებით შეისწავლა საკითხი და მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი არ არსებობს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
დასკვნის მიხედვით არ იქნა გადაანგარიშებული საწარმოს მიერ 2017 წელს შეძენილი ვაზის ნერგები 181 500 ლარის ღირებულების, რომელიც 27.12.2017 წლის ხელშეკრულებით გასესხებული აქვს შპს „--------“-ზე წლიური 12% სარგებლით.
ამ ნაწილში საგადასახადო ორგანომ არ გაითვალისწინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 21.10.2021 წლის №9887/2/2020 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო საკითხის გადახედვა. ამჟამად, საკითხი განხილვის ეტაპზეა საბჭოში. საკითხი გადახედილი უნდა იქნას საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა;
საბჭო ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის გასვლითი საგადასახადო შემოწმების 9.09.2019 წლის აქტში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და საბჭოს 21.10.2021 წლის №9887/2/2020 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 10.02.2023 წლის დასკვნის თაობაზე საჩივრის განხილვისას საბჭოს 6.04.2023 წლის №19006/2/2023 გადაწყვეტილებაში აღნიშნულ შეფასებაზე, რომლის მიხედვით განხორციელებული ოპერაციის კვალიფიკაციის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს ის გარემოება, რომ მომჩივნის მიერ შპს „-----------“-ზე გადაცემულია ვაზის ნერგები, ხოლო მისაღები აქვს იგივე მახასიათებლების, თუმცა სხვა საქონელი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ოპერაცია წარმოადგენს გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციას, რომლის დროსაც მომჩივნის მხრიდან განხორციელებულია სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს აღნიშნული საკითხი და უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება საბჭოს 21.10.2021 წლის №9887/2/2020 და 6.04.2023 წლის №19006/2/2023 გადაწყვეტილებების გათვალისწინებით.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 12.04.2023 წლის №8032 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს ვაზის ნერგების გასესხებით მიღებული სარგებლის დღგ-ით დაბეგვრის საფუძვლით განხორციელებული დარიცხვის კორექტირება საბჭოს 21.10.2021 წლის №9887/2/2020 და 6.04.2023 წლის №19006/2/2023 გადაწყვეტილებების გათვალისწინებით და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 8.02.2023 წლის №2189 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს ვაზის ნერგები - 181 500 ლარის ღირებულების, რომელიც ხელშეკრულებით გასესხებული აქვს საწარმოზე წლიური 12% სარგებლით. შემოწმებით აღნიშნული გარიგება არ ჩაითვალა ფინანსურ ოპერაციად და სარგებელი განხილულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 8.02.2023 წლის №2189 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გასესხებული ვაზის ნერგების საფუძველზე მიღებული სარგებლის დღგ-ით დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ხელშეკრულების საგნის გათვალისწინებით, ოპერაციის კვალიფიკაციის ხელახლა შეფასება და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში სარგებლის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვის საფუძველზე დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 8.02.2023 წლის №2189 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 10.02.2023 წლის დასკვნაში აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი. რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 12.04.2023 წლის №8032 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს აღნიშნული საკითხი და უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება საბჭოს 21.10.2021 წლის №9887/2/2020 და 6.04.2023 წლის №19006/2/2023 გადაწყვეტილებების გათვალისწინებით.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9), 159(1), 161(1).