გადაწყვეტილება №26332/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26332/2/2025
13 იანვარი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,26.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის 17.12.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26332/2/2025).
დავის საგანი:
საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 10.04.2024 წლის №041-16 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 5.11.2025 წლის №24463 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 087 479.38 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 536 154
დღგ - 119 083
საშემოსავლო გადასახადი - 417 071
ჯარიმა - 468 212
საურავი - 83 113.38
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის იმპორტი და რეალიზაცია ე.წ. ბაზრობის ტერიტორიაზე.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 20.01.2022 წლიდან 1.02.2024 წლამდე პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 8 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 10 აპრილის №8026 ბრძანება და №041-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.07.2024 წლის №16048 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 10 აპრილის №041-16 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, მომჩივანმა, 2025 წლის 9 ოქტომბერს, წარადგინა საჩივარი (№98299/1/2025) შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 5.11.2025 წლის №24463 ბრძანებით, იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებობის გამო, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივარი დატოვა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, საქმეში არსებული მასალებზე, რომ შპს „------“-ის მიერ 2024 წლის 10 აპრილის №041-16 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით წარდგენილი 2024 წლის 15 მაისის №79694/21 და 31 მაისის №90466/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 ივლისის №16048 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შპს „-----“-ის 2025 წლის 9 ოქტომბრის №98299/1/2025 საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 10 აპრილის №041-16 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, უნდა დარჩეს განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 10 აპრილს №8026 საგადასახადო შემოწმების (კამერალური, სრული) აქტის, 2024 წლის 10 აპრილის საგადასახადო მოთხოვნის №041 - 16 საფუძველზე, ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა სულ 1 087 479.38 ლარი. მათ შორის: დღგ 119 083 ლარი, საშემოსავლო გადასახადი 417 071 ლარი, ჯარიმა 468 212 ლარი, საურავი 83 113.83 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა, 2025 წლის 30 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №90), იმსჯელა კომპანიის 2025 წლის 9 ოქტომბრის №98299/1/2025 საჩივარზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 10 აპრილის №041-16 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
მიუთითებს შემოწმების აქტით დარიცხვის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან, იმპორტირებულ საქონელზე საინვოისო ღირებულების 25%-ის დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად განხილვასთან, დივიდენდის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით, აღნიშნული საკითხებთან მიმართებით შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე არ დაკმაყოფილების თაობაზე და აღნიშნავს შემდეგს:
კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში "----"-დან და "-----"-დან შემოაქვს საქონელი სპორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. პროდუქციაზე ფასნამატი განსაზღვრულია საბითუმო და საცალო პოზიციაზე 5-10%-ის ოდენობით. საქონლის რეალიზაცია ხდება ბითუმად, შესაბამისად, რეალიზებული საქონლის ფასნამატი, საბაზრო პირობებიდან გამომდინარე, დაბალია საცალოდ რეალიზებულ პროდუქციაზე, ასევე ზემოთაღნიშნული ფასნამატი გამოწვეულია არსებული კონკურენციით.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტს, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და რომ საქმიანობიდან გამომდინარე, არ არის გათვალისწინებული შემდეგი გარემოებები:
1. არასწორად არის გამოთვლილი ფასნამატის პროცენტი (არ არის გათვალისწინებული/შედარებითი მეთოდით რეალიზებული პროდუქციის სასაქონლო ზედნადებები, არ არის გათვალისწინებული ქრონომეტრაჟი);
2. იმპორტირებულ საქონელზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციას (ჩეკები, გადახდის ქვითრები და სხვა) წარმოადგენს;
3. გამოიცეს ახალი გადაწყვეტილება, რომელიც შეესაბამება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ქვეპუნქტს და უზრუნველყოფს სამართლიან ადმინისტრაციულ წარმოებას.
გამოვლენილი საქონლის რეალიზაციის თანხით გაიზარდა მისაღები შემოსავალი, დღგ-ის ჭრილში შემოწმებით მიღებული დამატებით დასაბეგრი შემოსავალი გადანაწილდა დეკლარირებული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვების პროპორციულად, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი, რომელიც შესაბამის პერიოდში დაიბეგრა.
კომპანიის მიერ შეძენილი საქონელი იმპორტირებულია "------"-დან და "------"-დან. იმპორტირებულ საქონელზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციას (ჩეკები, გადახდის ქვითრები და სხვა) წარმოადგენს, რომლის შესაბამისად, უცხოელ მომწოდებელზე სრულად არის თანხა გადახდილი, დებიტორულ/კრედიტორული დავალიანება არ ირიცხება, შემოწმების შედეგად კომპანიას დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი. ასევე, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. შემოწმების შედეგები ამ ნაწილში ექვემდებარება კორექტირებას.
შემოწმების მიერ აღნიშნული დოკუმენტაციის გათვალისწინება გამოიწვევს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირებას.
კომპანიის დამფუძნებელი, საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას და მის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების პერიოდში, იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. აღნიშნულ პირობებში მას ფაქტობრივად არ ჰქონდა შესაძლებლობა განეხორციელებინა კომპანიის საქმიანობაზე ზედამხედველობა, არ ფლობდა ინფორმაციას საგადასახადო ორგანოს მოთხოვნებისა და კომპანიის მიმდინარე მდგომარეობის შესახებ და არ გააჩნდა ობიექტური საშუალება მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილებები ან მიეცა მითითებები კომპანიის წარმომადგენლებისთვის. აღნიშნული გარემოება არსებითად ზღუდავდა როგორც კომპანიის, ისე თავად დამფუძნებლის შესაძლებლობას, დაეცვათ საკუთარი სამართლებრივი პოზიცია ადმინისტრაციულ დავაში.
კომპანიის დირექტორი „------“-ს თავისუფლება აღეკვეთა, მიესაჯა 2024 წლის 31 აგვისტოს, შესაბამისად ინფორმირებული არ იყო, ითხოვს, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, წარმოდგენილი არგუმენტაციისა და დოკუმენტაციის შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), არაპირდაპირი მეთოდით დარიცხული ფასნამატის პროცენტიდან გამომდინარე.
ამ ეტაპზე, დამფუძნებელი გათავისუფლებულია სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და მას ჰყავს კანონით დადგენილი წესით დანიშნული მინდობილი პირი, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს კომპანიის სახელით შესაბამისი სამართლებრივი და ადმინისტრაციული მოქმედებები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 10 აპრილის №041-16 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და წარდგენილი 2024 წლის 15 მაისის №79694/21 და 31 მაისის №90466/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 ივლისის №16048 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.
ამასთან აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 ივლისის №16048 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 27.06.2025 წლის №25338/2/2025 გადაწყვეტილებით, ვინაიდან, გასული იყო შემოსავლების სამსახურის 5.07.2024 წლის №16048 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და არ იკვეთებოდა სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, 19.06.2025 წელს რეგისტრირებული საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი.
აღსანიშნავია, რომ საჩივრის განხილვა საბჭოზე ჩაინიშნა მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც, 2025 წლის 23 დეკემბერს განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან, რომელსაც ეცნობა საჩივრის განხილვის დრო, მაგრამ საჩივრის განხილვის ეტაპზე, მან უარი განაცხადა საჩივრის განხილვაში მონაწილეობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არსებობს მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 10 აპრილის №041-16 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, წარმოდგენილი არგუმენტაციისა და დოკუმენტაციის შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.არაპირდაპირი მეთოდით დარიცხული ფასნამატის პროცენტიდან გამომდინარე.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის საქმიანობაა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის იმპორტი და რეალიზაცია.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის,კამერალური საგადასახადო შემოწმება. იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებობის გამო, სსკ-ის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივარი დატოვა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 10 აპრილის №041-16 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
301(ზ).