ბრძანება № 29523
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 29523
29 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
სს „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2023 წლის 24 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზ
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 ნოემბრის და 17 ნოემბრის სხდომებზე (ოქმები №114, №120) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №19817/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული სს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 24 იანვრის №78447/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №081-328 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ იჯარის ხელშეკრულებაში მითითებული ქონების გამოსყიდვის ფასის მიხედვით ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 7 აპრილის №8828 და 2022 წლის 17 ივნისის № 15479 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა სს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 3 დეკემბრიდან 2022 წლის 31 მაისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 23 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 28 დეკემბრის №33238 ბრძანება და ამავე თარიღის №081-328 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 71 019 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 11 მაისის №10583 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 8 აგვისტოს №19817/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 მაისის №10583 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 8 აგვისტოს №19817/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ სს „----------“ კაპიტალში სს „----------“ მიერ შეტანილი უძრავი ქონება მომჩივანს ბუღალტრულ ბალანსზე აღრიცხული აქვს თვითღირებულებით და ქონების გადასახადის დეკლარაციაც წარდგენილია შესაბამის თანხაზე. 08.04.2021 წლის იჯარის ხელშეკრულების მიხედვით, აღნიშნული ქონების, მოიჯარის მიერ გამოსყიდვის ფასი შეადგენს 2 500 აშშ დოლარს, დღგ-ის გარეშე, 1 კვ.მ-ზე, რომელიც შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა საბაზრო ფასის განსაზღვრისათვის.
მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულია კომპანიის ქონების შეფასება. შედგენილია სსიპ -------- დასკვნა, რომლითაც ქონების საბაზრო ღირებულება იმაზე ნაკლებია, რასაც იყენებს აუდიტის დეპარტამენტი საგადასახადო შემოწმების დროს. შემოწმების აქტის შედგენის დროს უკვე არსებობდა ეს დასკვნა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო შემოწმებისას გამოყენებულ იქნა იჯარის ხელშეკრულების მიხედვით, მოიჯარის მიერ გამოსყიდვის ფასი (2 500 აშშ დოლარი), ხოლო მომჩივანი მიუთითებს, რომ საგადასახადო ორგანოს მოთხოვნით კომპანიის ქონების შეფასება განხორციელებულია სსიპ --------- ეროვნული ბიუროს მიერ. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
სს ,,----------“ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარით გაცემა. 2021 წელს გადამხდელის კაპიტალში სს ,,------------“ შეტანილი აქვს უძრავი ქონება (ქ. ----------), 30 აპარტამენტი და კომერციული ფართი 1550.30 კვ/მ. აღნიშნული კომერციული ფართი სს ,,---------“ ბუღალტრულ ბალანსზე აღრიცხულია თვითღირებულებით 746 778.48 ლარად, ქონების გადასახადის დეკლარაციაც წარდგენილია შესაბამის თანხაზე.
2021 წლის 8 აპრილის იჯარის ხელშეკრულების მიხედვით, აღნიშნული ქონების, მოიჯარის მიერ გამოსყიდვის ფასი შეადგენს 2 500 ამერიკულ დოლარს, დღგ-ის გარეშე, 1 კვ/მ-ზე, აღნიშნული ფასი შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა საბაზრო ფასის განსაზღვრისათვის. შედეგად, ქონების საბაზრო ფასსა და გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის სხვაობით გაიზარდა 2021 წლის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის შესაბამისად პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხა ქონების გადასახადი.
ამასთან ის ქონებები, რომლებზეც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, მითითებულია ,,აპარტამენტი“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 115-ე ნაწილის ,,ა“’ ქვეპუნქტის შესაბამისად გათავისუფლდა ქონების გადასახადისგან. გადამხდელს აღნიშნულ აპარტამენტებზე გადახდილი ჰქონდა ქონების გადასახადი, რომელიც შემოწმების შედეგად შეუმცირდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
ამავე მუხლის 41 ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:
ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;
ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის თანახმად:
1. წინამდებარე თავით რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის წესი (ამ თავის მიზნებისათვის, შემდგომში - წესი).
2. ეს წესი განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასა ხადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრ ო ფასით.
3. ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც საგადასახადო ორგანოს წარმოეშვა უფლებამოსილება გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით, თუ:
ა) დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას;
ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასების შედეგად გამოანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება აღემატება ამ ქონების საბაზრო ფასს.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში (2021 წელს) გადამხდელის კაპიტალში სს ,,---------“ შეტანილი აქვს უძრავი ქონება (ქ. ----------), 30 აპარტამენტი და კომერციული ფართი 1550.30 კვ/მ. აღნიშნული კომერციული ფართი სს ,,----------“ ბუღალტრულ ბალანსზე აღრიცხულია თვითღირებულებით 746 778.48 ლარად, ქონების გადასახადის დეკლარაციაც წარდგენილია შესაბამის თანხაზე.
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გადამხდელის ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრას სს „-----------“ მიერ ქონების იჯარით გადაცემის თაობაზე 2021 წლის 8 აპრილის იჯარის ხელშეკრულებაში მითითებული ქონების გამოსყიდვის ფასით (2 500 აშშ დოლარი, დღგ-ს გარეშე, 1მ2 -ზე). გადამხდელი აცხადებს, რომ აღნიშნულ გამოსყიდვის თანხას უნდა დაკლებოდა, გამოსყიდვის თარიღამდე, მოიჯარის მიერ გადახდილი იჯარის თანხა და საბოლოოდ, გამოსყიდვის ღირებულება უნდა განსაზღვრულიყო 2 104 აშშ დოლარით. მიაჩნია, რომ შემმწომებლის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 8 აგვისტოს №19817/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მომჩივნის მითითებით, საგადასახადო ორგანოს მოთხოვნით კომპანიის ქონების შეფასება განხორციელებულია სსიპ --------- მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს სს „----------“ (ს/ნ ---------) ქონების შეფასების მიზნით სსიპ ---------- არ მიუმართავს და აღნიშნულზე არსებობს მხოლოდ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2022 წლის 2 სექტემბრის №56099/06/22 დასკვნა, რომლითაც შეფასებულია სს „---------“ კუთვნილი ქონება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2022 წლის 2 სექტემბრის №56099/06/22 დასკვნის მიხედვით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ
1. სს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2022 წლის 2 სექტემბრის №56099/06/22 დასკვნის მიხედვით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ იჯარის ხელშეკრულებაში მითითებული ქონების გამოსყიდვის ფასის მიხედვით ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარით გაცემა. შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში 2021 წელს, გადამხდელის კაპიტალში სხვა "სს -ში" შეტანილი აქვს უძრავი ქონება. აღნიშნული კომერციული ფართი ,,სს“ -ის ბუღალტრულ ბალანსზე აღრიცხულია თვითღირებულებით. ქონების გადასახადის დეკლარაციაც წარდგენილია შესაბამის თანხაზე. აღნიშნული ქონების, მოიჯარის მიერ გამოსყიდვის ფასი შეადგენს 2 500 აშშ დოლარს, დღგ-ის გარეშე, 1 კვ.მ-ზე, რომელიც შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა საბაზრო ფასის განსაზღვრისათვის.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:201(1);
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის თანახმად: