ბრძანება N 23037

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 20.09.2023
№ დოკუმენტი 23037
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23037

20 სექტემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს„---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2023 წლის 11 ივლისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 14 სექტემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №95) განიხილა შპს „-----------“ (ს/ნ ------------) №82235/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ივნისის №007-137 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არასწორად არის განსაზღვრული შესამოწმებელ პერიოდში მიღებული ფულადი სახსრები და განმარტავს, რომ ექსპორტის ოპერაციებიდან მიღებული თანხა საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული 5 328 736 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 160 749 ლარს, ხოლო ადგილობრივი რეალიზაციის ნაწილში ეთანხმება შემოწმებას.

ასევე, გადამხდელი მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არასწორად არის განსაზღვრული შესამოწმებელ პერიოდში გაცემული ფულადი სახსრები, მისი დაანგარიშებით ადგილობრივ შესყიდვებზე გადახდილი თანხა შეადგენს 5 104 280 ლარს, ხოლო აუდიტის მიერ კი დადგენილია 20 697 ლარით მეტი (5 124 977 ლარი). მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ გათვალისწინებული არ არის ექსპორტზე გადახდილი თანხები (ტონაზე - 160 ლარი, ჯამური ოდენობით 297 913 ლარი) და ბანკის საკომისიო ხარჯი 7 165 ლარი. შესაბამისად, გადამხდელის დაანგარიშებით საწარმოს მიერ გაწეული ხარჯი შეადგენს 5 409 359 ლარს, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის გაანგარიშებით - 5 124 977 ლარს. მიუთითებს, რომ შპს „----------“ არ ჰქონია დადებითი ბალანსი მიღებულ თანხასა და გახარჯულ თანხებს შორის, პირიქით კომპანიაში განხორციელებულია ინვესტიცია.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 ნოემბრის №28348 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----------“ (ს/ნ -----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 13 მაისიდან 2022 წლის პირველ ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 5 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 9 ივნისის №12909 ბრძანება და 2023 წლის 12 ივნისის №007-137 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 120 792 ლარი, მათ შორის გადასახადი 74 885 ლარი, ჯარიმა 37 443 ლარი და საურავი 8 464 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შპს ,,-----------“ საქმიანობის საგანს წარმოადგენს შავი და ფერადი ლითონების ჯართის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ექსპორტზე გატანა. გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარმოუდგინა საბანკო ამონაწერები. კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, შესაბამისად, არ არის წარმოდგენილი საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაცია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და საბანკო ამონაწერების დამუშავებით დადგინდა ერთობლივი შემოსავალი და გამოსაქვითი ხარჯები. შესამოწმებელ პერიოდში ექსპორტით რეალიზებული საქონლის ღირებულების ანგარიშსწორება ხდებოდა საბანკო გადარიცხვებით. აღნიშნული თანხების გატანა ხდებოდა დირექტორის მიერ. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ექსპორტზე (კერძოდ, -----------) გატანილი აქვს 5 328 736 ლარის საქონელი, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე რეალიზებული აქვს 95 783 ლარის ჯართი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლით ირკვევა, რომ გადამხდელი ადგილობრივად ყიდულობს საქონელს, ჯამში შეძენილი აქვს 5 104 279 ლარის ღირებულების ჯართი. ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დაანგარიშდა ერთიანი შემოსავალი, რომელმაც შეადგინა ჯამში 5 424 519 ლარი, და ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები, რომელმაც შეადგინა 5 124 977 ლარი. შესამოწმებელ პერიოდში მიღებული ფულადი სახსრების სალაროში არსებობის ან/და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის. სხვაობა 299 541 ლარი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით გაცემულად. შესაბამისად, შპს ,,----------- ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა საშემოსავლო გადასახადი 74 885 ლარის ოდენობით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით ჯარიმა 37 443 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის განმარტებაზე, რომლის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ ფულადი სახსრების გაანგარიშებისას გათვალისწინებული არ არის ექსპორტზე გადახდილი თანხები (ტონაზე - 160 ლარი). მომჩივანი მიუთითებს, რომ შპს „-----------“ არ ჰქონია დადებითი ბალანსი მიღებულ თანხასა და გახარჯულ თანხებს შორის.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მართის №96 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცებულია შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის თანდართული საფასურები და მათი განაკვეთები.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართისა და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების გაწევის საფასურის ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშებაში მონაწილეობის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ნაღდი ფულის ნაშთის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და თუ დადასტურდება შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართისა და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტისას გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდის ფაქტი, განახორციელოს ნაღდი ფულის ნაშთის და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“ (ს/ნ -----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშების საკითხი და თუ დადასტურდება შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართისა და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტისას გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდის ფაქტი, განახორციელოს ნაღდი ფულის ნაშთის და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შპს-ს საქმიანობის საგანს წარმოადგენს შავი და ფერადი ლითონების ჯართის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ექსპორტზე გატანა. შესამოწმებელ პერიოდში ექსპორტით რეალიზებული საქონლის ღირებულების ანგარიშსწორება ხდებოდა საბანკო გადარიცხვებით. აღნიშნული თანხების გატანა ხდებოდა დირექტორის მიერ.

შესამოწმებელ პერიოდში მიღებული ფულადი სახსრების სალაროში არსებობის ან/და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის. საწარმოს ექსპორტზე გატანილ, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე რეალიზებულ ჯართს შორის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით გაცემულად. გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(9);101(1);154(1ა);