გადაწყვეტილება №24850/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.04.2025
№ დოკუმენტი 24850/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24850/2/2025

03 აპრილი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 4.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24850/2/2025).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 7.11.2024 წლის №23935/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 14.02.2025 წლის №062-1 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 185 952,46 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 106 144

დღგ - 48 918

საშემოსავლო გადასახადი - 57 226

ჯარიმა - 51 651

საურავი - 28 157,46

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმოს საქმიანობაა სარემონტო/სამშენებლო მასალებით, ხელსაწყო/სამუშაო ინვენტარით, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ინვენტარით და აბაზანის აქსესუარებით ვაჭრობა. გადასახადის გადამხდელი საქონლის შეძენა-რეალიზაციას ახორციელებდა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, ქალაქ ------ არსებული ობიექტის საშუალებით.

აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.05.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ნაშთების შესახებ ინფორმაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის ანალიზით დადგინდა, რომ საწარმოს უფიქსირდებოდა დეკლარირებული ფასნამატი 12%. საწარმოს არ ჰქონდა/არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით დამუშავდა შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები, შეძენები და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის მიწოდებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მასალები. შედეგად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 13 ჯგუფზე, წლების ჭრილში, დადგინდა დოკუმენტური და ინვენტარიზაციის ფასნამატები, რომელიც გავრცელდა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე (2021-2022 წლებზე დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო 2023-2024 წლებზე ინვენტარიზაციის ფასნამატი). კერძოდ, შეძენილი საქონლის ღირებულება გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დაკავშირდა იმავე საქონლის უახლოესი პერიოდის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასთან და თითოეული საქონლის ჯგუფის მიხედვით გაანგარიშდა ფასნამატი. გაანგარიშებული ფასნამატი (წლების მიხედვით საშუალოდ 2021 - 34,5%, 2022 - 29,3%, 2023 - 38%, 2024 - 35,41%) გავრცელდა შემოწმებით დადგენილ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე. შემოწმებით განსაზღვრული ჯგუფური ფასნამატის გათვალისწინებით დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები, დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

საწარმოში ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიხედვითაც სალაროში ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 150 ლარი. არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული განკარგვადი თანხების დაბეგვრის შესახებ მეთოდური მითითების შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლების და ხარჯების, საგადასახადო შემოწმების პროცესში ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაციის გათვალისწინებით, აგრეთვე, პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ან/და სხვა ინფორმაციის გათვალისწინებით მიღებული იქნა განკარგვადი თანხა 406 194 ლარი, რისი სალაროში არსებობაც ვერ დასტურდება.

აღნიშნული თანხა, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. საწარმოს ასევე განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 8.07.2024 წლის №062-1 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 17.09.2024 წლის №20390 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 7.11.2024 წლის №23935/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას გამოყენებული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, მომჩივანს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

საბჭოს 7.11.2024 წლის №23935/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 24.01.2025 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი, გადასახადის გადამხდელის მიერ, ინვენტარიზაციით გამოვლენილი საქონლის მიღებულ სასაქონლო ზედნადებებთან დაკავშირება და თვითღირებულების დადგენა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ ინვენტარიზაციის საშუალო ფასნამატი შეადგენს 22%-ს. შესაბამისად, გაანგარიშების ეტაპზე შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე 2023 და 2024 წლებში გავრცელდა დადგენილი საშუალო ფასნამატი - 22%, ნაცვლად საგადასახადო შემოწმების შედეგად გავრცელებული ფასნამატისა (37%). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოხდა დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება, რის შედეგადაც გადამხდელს შეუმცირდა დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის თანხა.

აუდიტის დეპარტამენტის 24.01.2025 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 14.02.2025 წლის

№062-1 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმებით გამოყენებულ არაპირდაპირ მეთოდს. ასევე, მიაჩნია, რომ არასწორად იქნა გაანგარიშებული ფასნამატი. დოკუმენტური ფასნამატი არის ნაკლები შემოწმებით დადგენილი ინვენტარიზაციის ფასნამატზე და გაუგებარია თუ 2021-2022 წლებზე შემმოწმებელი იღებს დოკუმენტურ ფასნამატს, მაშინ რა დააშავა 2023-2024 წლებმა. აღნიშნულზე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ დოკუმენტური ფასნამატი 2023-2024 წლებში შეესაბამება ინვენტარიზაციით დადგენილ ფასნამატს, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, ამის მარტივი ახსნა იმაში მდგომარეობს (ციფრებს რომ თავი დავანებოთ), რომ ასე რომ ყოფილიყო შემოწმების აქტში არ იქნებოდა პერიოდების მიხედვით გამიჯნული დოკუმენტური და ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი.

შესაბამისად შემმოწმებელი ან სრულად უნდა დაყრდნობოდა დოკუმენტურ ფასებს ან საერთოდ იგნორირება უნდა გაეკეთებინა დოკუმენტური ფასნამატისთვის. შემმოწმებელს არასწორად აქვთ დადგენილი ინვენტარიზაციის ფასნამატი, კერძოდ შემმოწმებელს 2023 წელს აქვს დადგენილი საშუალო 38%, ხოლო 2024 წელს საშუალო 35,4%, მაშინ როცა ინვენტარიზაციით აღწერილი საქონლის საშუალო ფასნამატი შეადგენს 22%-ს. უნდა დაევალოს შემმოწმებელს დოკუმენტური ფასნამატის გამოყენება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოეაბათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საბჭოს 7.11.2024 წლის №23935/2/2024 გადაწყვეტილებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას გამოყენებული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, მომჩივანს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

აუდიტის დეპარტამენტის 24.01.2025 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი. განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ ინვენტარიზაციით გამოვლენილი საქონლის მიღებულ სასაქონლო ზედნადებებთან დაკავშირება და თვითღირებულების დადგენა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ შპს „--------“-ის ინვენტარიზაციის საშუალო ფასნამატი შეადგენს 22%-ს. შესაბამისად, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე 2023 და 2024 წლებში გავრცელდა დადგენილი საშუალო ფასნამატი - 22%, ნაცვლად საგადასახადო შემოწმების შედეგად გავრცელებული ფასნამატისა (37%).

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივნის მიერ დამატებითი მტკიცებულებები წარდგენილი უნდა ყოფილიყო გამოყენებული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, ხოლო საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. აღნიშნულის შედეგად შემცირებას დაექვემდებარა დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 24.01.2025 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 7.11.2024 წლის №23935/2/2024 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 7.11.2024 წლის №23935/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი. განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ ინვენტარიზაციით გამოვლენილი საქონლის მიღებულ სასაქონლო ზედნადებებთან დაკავშირება და თვითღირებულების დადგენა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ მომჩივანის ინვენტარიზაციის საშუალო ფასნამატი შეადგენს 22%-ს. შესაბამისად, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე 2023 და 2024 წლებში გავრცელდა დადგენილი საშუალო ფასნამატი - 22%, ნაცვლად საგადასახადო შემოწმების შედეგად გავრცელებული ფასნამატისა (37%).

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(5);159(1);101(1);154(1);