გადაწყვეტილება №24172/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 24172/2/2024
11 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----------22.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24172/2/2024).
დავის საგანი:
1. სალაროს ნაშთის დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად დაკვალიფიცირება;
2. გადახდის წყაროსთან დასაბეგრი შემოსავლის ოდენობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2024 წლის №056-36 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 3.10.2024 წლის №21617 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 214 210 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 123 817
დღგ - 1
მოგების გადასახადი - 32 588
საშემოსავლო გადასახადი - 88 055
ქონების გადასახადი - 3 173
ჯარიმა - 61 776
საურავი - 28 617
პროცედურული გარემოებები
საწარმოს საქმიანობის საგანია მძიმე ტექნიკით (ექსკავატორი, თვითმცლელი) მომსახურების გაწევა.
აუდიტის დეპარტამენტის 25.06.2024 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2024 წლის №056-36 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 3.10.2024 წლის №21617 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. სალაროს ნაშთის დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად დაკვალიფიცირება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საბუღალტრო პროგრამის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება სალაროს ნაშთი 175 437 ლარის ოდენობით. კომპანიაში 8.02.2024 წლის №2522 ბრძანებით ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაციის შედეგად გაირკვა, რომ ნაღდი ფულის ნაშთის შეადგენს 0 ლარს. გადასახადის გადამხდელის განმარტების გათვალისწინებით აღნიშნული თანხა (175 437 ლარი) დაკვალიფიცირდა, დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად და საგადასახადო კოდექსის 97, 981 და 130-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა მოგების გადასახადით, ასევე, დივიდენდი დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას 5%-იანი განაკვეთით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 981 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-8 მუხლის 12-ე ნაწილზე, 130-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
2021 წლის დეკემბერში საწარმოს მიერ შეძენილია თვითმცლელი, ვინ კოდი ----------, აღნიშნულთან დაკავშირებით პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არ აქვს, რადგან შეძენის მომენტში არ მომხდარა დოკუმენტით შესყიდვა. თუმცა, გადახდილია 30 000 ლარი, დანართის სახით წარმოადგენს იდენტური თვითმცლელის საბაზრო ღირებულების მტკიცებულებას. აღნიშნული ტრანსპორტის შეძენაზე გადახდილი თანხით გასათვალისწინებელია და შესამცირებელია ნაღდი ფულის ნაშთი. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საწარმო ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის იყენებს მეორადი ტექნიკას რაც ხშირად საჭიროებს სარემონტო სამუშაოების ჩატარებას. სარემონტო სამუშაოების დანახარჯები სააღრიცხვო მონაცემებში არ არის რეგისტრირებული, თუმცა, მომსახურების გაწევის თანმდევი პროცესია და შეუძლებელია სარემონტო სამუშაოების დანახარჯების გარეშე მსგავსი სერვისის მიწოდება, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც სახეზეა მეორადი ტექნიკით სამუშაოების შესრულება, დანართის სახით წარმოადგენს აქტებს შესამოწმებელ პერიოდში სარემონტო სამუშაოებზე გადახდილი თანხების შესახებ, რომელიც გასათვალისწინებელია ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშების დროს. ასევე, საგადასახადო ორგანოს არ გაუთვალისწინებია საკასო შემოსავლის და საკასო ხარჯის პირობებში გონივრული ნაშთი, რაც გასათვალისწინებელია საგადასახადო ორგანოში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე; საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ კომპანიის ძირითადი საქმიანობაა მეორადი სპეც ტექნიკით მომსახურება. აღნიშნული სპეც ტექნიკა კი ხშირად საჭიროებს სარემონტო სამუშაოებს, რაც ძირითადად გაწეულია ფიზიკური პირების მიერ. შესაბამისად, კომპანიას არ აქვს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. დავის წარმოების ეტაპზე მოძიებულ იქნა ფიზიკური პირები, ვისგანაც მიიღეს სარემონტო მომსახურება და შესაძლებელია აღნიშნულის დადასტურება მათი მხრიდან.
ამასთან, ყველა რეალიზაცია დოკუმენტურია და შესაძლებელია აუდიტის წარმომადგენელთან ერთად გაიშიფროს სალაროს ბუღალტრული ნაშთი.
გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილი აქვს დოკუმენტური მტკიცებულებები, რომლებიც შემოწმების პროცესში წარდგენილი არ ყოფილა. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტური მტკიცებულებები შეფასებული არ აქვს. შესაბამისად, შესაძლებელია საკითხის დამატებით შესწავლა.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტების შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებები, ხოლო შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
2. გადახდის წყაროსთან დასაბეგრი შემოსავლის ოდენობა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და გადასახადის გადამხდელის საბუღალტრო პროგრამის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას არასწორად აქვს დეკლარირებული სახელფასო განაცემები, ასევე კომპანიას გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე გადახდილი აქვს თანხები, რომელიც არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (1.01.2024) უფიქსირდება დებიტორული დავალიანება 67 159 ლარის ოდენობით. შემოწმების პროცესში ვერ დასტურდება აღნიშნული დებიტორული დავალიანების რეალობა, გადამხდელის მიერ ვერ იქნა იდენტიფიცირებული დებიტორის ვინაობა და შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი ურთიერთშედარების აქტი. აღნიშნული დავალიანება დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში უფიქსირდება საწარმოს დამფუძნებლის მიმართ სასესხო ვალდებულება 229 350 ლარი ოდენობით, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში სრულად გატანილია კომპანიიდან. შემოწმების ეტაპზე ვერ დასტურდება აღნიშნული სესხის მიზნობრიობა და გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. გატანილი თანხები დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოწმებით გამოვლენილი თანხები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. კომპანიას ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 61- ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154- ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიას ყველა რეალიზაციაზე გამოწერილი აქვს ანგარიშ-ფაქტურა, კომპანიის მიერ გამოწერილი რეალიზაციის ანგარიშ-ფაქტურების ჯამი საგადასახადო შემოწმებით დადგენილ პერიოდში - შესაბამისობაშია დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვებთან, რაც დასტურდება საგადასახადო შემოწმების აქტით. მნიშვნელოვანია ის გარემოება რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა, რომელიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ხოლო, 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. საგადასახადო შემოწმების აქტში დებიტორული დავალიანება ჩათვლილია ხელფასად რასაც თან არ ახლავს სამართლებრივი შეფასება, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა განხორციელებულია დაუსაბუთებლად, არამართლზომიერად და სრულად ექვემდებარება გაუქმებას.
დამფუძნებლის მიმართ ვალდებულება წარმოშობილია დაფუძნებიდან შესამოწმებელ პერიოდამდე არსებული დროის მონაკვეთში. შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში არსებობს საწარმოს შესახებ აღნიშნული დროის მონაკვეთში არსებული შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაცია, ასევე ბიზნეს პროცესის თანმდევი დანახარჯები, რომელიც არ არის ასახული შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში. შეძენილია ძირითადი საშუალებები. დამფუძნებელს ფიზიკური პირის სახელზე აღებული აქვს სესხი, რომელიც მოხმარდა საწარმოს ინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს შესამოწმებელ პერიოდს ამასთან საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის ხანდაზმულ პერიოდს, მომჩივანი მზადაა გამოიკვლიოს საკითხი. ამასთან, საგადასახადო ორგანომ პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვროს დამფუძნებლის მიმართ გონივრული ვალდებულება და გონივრულ ვალდებულებაზე მეტი თანხა ჩათვალოს როგორც გაცემული სესხი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის არგუმენტზე დებიტორული დავალიანების ნაწილში განმარტა, რომ სრულად გაშიფრავს დებიტორულ დავალიანებას. ამასთან, მომჩივანი აღნიშნავს, რომ საწარმოს დამფუძნებლის მიმართ სასესხო ვალდებულება (229 350 ლარი) შესამოწმებელ პერიოდში სრულად გატანილია კომპანიიდან, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით. თუმცა, შესაძლებელია აღნიშნული სესხის მიზნობრიობის დადასტურება და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნება ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები (ინფორმაცია/დოკუმენტაცია).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტების დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები, ხოლო შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 3.10.2024 წლის №21617 ბრძანება;
3. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;
4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული
დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. სალაროს ნაშთის დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად დაკვალიფიცირება;
2. გადახდის წყაროსთან დასაბეგრი შემოსავლის ოდენობა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საბუღალტრო პროგრამის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება სალაროს ნაშთი. კომპანიაში ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაციის შედეგად გაირკვა, რომ ნაღდი ფულის ნაშთის შეადგენს 0 ლარს. გადასახადის გადამხდელის განმარტების გათვალისწინებით აღნიშნული თანხა (175 437 ლარი) დაკვალიფიცირდა, დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად და დაიბეგრა მოგების გადასახადით, ასევე, დივიდენდი დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას 5%-იანი განაკვეთით.
ასევე, დადგინდა, რომ კომპანიას არასწორად აქვს დეკლარირებული სახელფასო განაცემები, ასევე კომპანიას გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე გადახდილი აქვს თანხები, რომელიც არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება დებიტორული დავალიანება. შემოწმების პროცესში ვერ დასტურდება აღნიშნული დებიტორული დავალიანების რეალობა, გადამხდელის მიერ ვერ იქნა იდენტიფიცირებული დებიტორის ვინაობა და შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი ურთიერთშედარების აქტი. აღნიშნული დავალიანება დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შემოწმებით გამოვლენილი თანხები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. კომპანიას ასევე დაეკისრა საგადასახადო ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტების შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებები, ხოლო შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 96(ა);97(1);8(12);130(1);73(9);101(1);