გადაწყვეტილება №19506/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.07.2023
№ დოკუმენტი 19506/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№19506/2/2023

12.07.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------- 25.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19506/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 15.06.2022 წლის №15193 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 11.11.2022 წლის №005-170 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7491 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 355 343,15 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 176 058

დღგ - 60 152

მოგების გადასახადი - 115 906

ჯარიმა - 108 048

საურავი - 71 237,15

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

სადავო დარიცხვა განხორციელდა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2021 წლის შემოწმების აქტით. შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.07.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 30.12.2021 წლის №005-317 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 15.06.2022 წლის №15193 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ოპერაციისთვის კვალიფიკაციის შეცვლის საკითხის მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით შესწავლა გადამხდელის მიერ ავანსად გადახდილი თანხის არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევის შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის, ასევე, ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საკითხის ყოველმხრივი გამოკვლევა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 15.06.2022 წლის №15193 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 4.11.2022 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 11.11.2022 წლის №005-170 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7491 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიაჩნია, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შპს „--------თვის“ უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდილი თანხა ვერ ჩაითვლება დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად - მხარეთა შორის არსებობდა ხელშეკრულება მომსახურების გაწევაზე და ავანსის ანგარიშ-ფაქტურა. სადავო არ არის, რომ ავანსი განიხილება მისაღები საქონლის/მომსახურების ღირებულების წინასწარ გადახდილ თანხად. განსახილველ შემთხვევაში, როგორც შემოწმების აქტშია მითითებული, შპს „-------“ მიერ არ განხორციელებულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება. მაგრამ არ არსებობს არც ერთი გარემოება ანდა დოკუმენტი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მიუთითებდა, რომ კომპანიამ უარი თქვა გადახდილი ავანსის დაბრუნებაზე. ამასთან, გასული არ არის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა. შესაბამისად, კომპანიის მიერ გადახდილი ავანსი ექვემდებარება მისთვის უკან დაბრუნებას და სახეზე არ არის არც სსკ-ის 982 -ე მუხლით და არც 983 -ე მუხლით დადგენილი მოგების გადასახადით დასაბეგრი ოპერაცია. ამდენად, თუ შპს „--------თვის“ გადარიცხული თანხა არ მიიჩნევა ავანსად, ეს თანხა უნდა დაკვალიფიცირდეს დებიტორულ მოთხოვნად შპს „----------“ მიმართ, რაც სადავოდ არ არის გამხდარი შემოწმების აქტითაც (მითითებულია, რომ ბუღალტრული მონაცემებით ავანსი არ არის განაშთული - ანუ დაფიქსირებულია მოთხოვნებში). გადარიცხვა ასევე ვერ ჩაითვლება ხარჯად, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, კომპენსაციის, შემოსავლის მიღება, რამდენადაც გადარიცხული თანხის სანაცვლოდ შპს „--------“ უნდა განეხორციელებინა კონკრეტული სამშენებლო სამუშაოები (მშენებლობის ობიექტი გამოიყენება ეკონომიკურ საქმიანობაში, გაიცემა იჯარით). შემოწმების აქტით, სადავო არ გამხდარა თანხის გადარიცხვის მომენტში (2020 წლის მარტი) გადარიცხული ავანსის თანხის ეკონომიკურ საქმიანობასთან შესაბამისობა, რაზეც მიუთითებს შემდეგი: მოგების გადასახადში დარიცხვა განხორციელდა 2020 წლის სექტემბრის თვეში (და არა გადარიცხვის თვეში). ავანსის არაეკონომიკურ, დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად განხილვის არგუმენტად მოყვანილია ის გარემოებები, რომ შპს „--------“ ვეღარ შეასრულებდა სამუშაოებს, რადგან სამუშაოები უკვე შესრულებული იყო სხვა საწარმოს მიერ, ბენზინგასამართი სადგური იჯარით იყო გაცემული ანუ სამშენებლო სამუშაოები ფაქტობრივად იყო დასრულებული. დღგ-ის ნაწილში განხორციელებული დარიცხვა გამოწვეულია დასაბეგრი ოპერაციის კორექტირების საფუძვლით 2020 წლის სექტემბრის თვეში, კერძოდ, აღდგენილია 2020 წლის მარტში შპს „--------გან“ მიღებული ანგარიშ-ფაქტურით განხორციელებული ჩათვლა. თუ შემოწმებით სადავო გახდებოდა მიღებული ანგარიშ-ფაქტურის ეკონომიკურ საქმიანობასთან შეუსაბამობა (მათ შორის, ავანსის კვალიფიკაციის შეცვლის მოტივით), ჩათვლილი დღგ გაუქმდებოდა თავიდანვე, ავანსის ჩათვლის თვეში (და არა სექტემბრის თვეში), კორექტირების (კერძოდ, დასაბეგრი ოპერაციის გაუქმების) საფუძვლით (საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლი). იმ შემთხვევაშიც კი, თუ საგადასახადო ორგანო ოპერაციას შინაარსობრივად შეაფასებს კომპანიის მიერ ავანსის თანხასთან დაკავშირებით არსებულ მოთხოვნაზე უარის თქმად/ვალის პატიებად, განსახილველი ოპერაცია არ ექვემდებარება მოგების გადასახადით დაბეგვრას. კერძოდ, საგადასახადო სფეროში დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ვალის პატიება, დაბეგვრის მიზნებისათვის, განიხილება ფულის ჩუქებად - ფულადი სახსრების უსასყიდლოდ გადაცემად. საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი და 983 -ე მუხლის პირველი ნაწილი მიუთითებენ, რომ ფულადი სახსრების გადაცემა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, წარმოადგენს საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებას და შესაბამისად, მოგების გადა სახადით დაბეგვრის ობიექტს. 2020 წლის ივლისის ცვლილებებით, საგადასახადო კოდექსის 983 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ პუნქტის შესაბამისად, დაბეგვრას არ ექვემდებარება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა იმ პირისთვის, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით. ვინაიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოპერაცია გაუქმდა 2020 წლის სექტემბერში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიიჩნევა, რომ სახეზეა კომპანიის მხრიდან შპს „--------თვის“ ფულის ჩუქება/ვალის პატიება, ოპერაცია არ განიხილება მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, სადავო აქტებით განხორციელებული შეფასებები დაუსაბუთებელია და დარიცხული გადასახადები ექვემდებარება გაუქმებას. მიუხედავად ამისა, თუ საგადასახადო ორგანო ჩათვლის, რომ ოპერაცია არ ექვემდებარება მოგების გადასახადით დაბეგვრას, თუმცა მიღებული ჩათვლა ექვემდებარებოდა გაუქმებას (ავანსის ოპერაციის კორექტირების გამო).

კომპანია უნდა გათავისუფლდეს დარიცხული სანქციებისაგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, რადგან იგი წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს, რომელიც მოქმედებდა საგადასახადო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმების საფუძველზე, ხოლო დარიცხვა ეფუძნება ნორმებისა და ოპერაციების ფაქტობრივ ფართო ინტერპრეტაციას, რაც ვერ იქნებოდა განჭვრეტადი კომპანიის მიერ. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ საგადასახადო ორგანოს მხრიდან კომპანიისათვის ჩათვლის გაუქმება არ წარმოშობს ბიუჯეტის ზიანს, რადგან შემოწმების აქტში მითითებული შეფასებით გაუქმებას/კორექტირებას ექვემდებარება შპს „--------“ მიერ დეკლარირებული დღგ მიღებულ ავანსზე. ზემოხსენებული არგუმენტაცია წარედგინა შემოსავლების სამსახურს, თუმცა დაუსაბუთებლად არ იქნა გაზიარებული.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 15.06.2022 წლის №15193 ბრძანების აღსრულების მიზნით საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული 4.11.2022 წლის დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ ავანსად გადახდილი თანხის არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევის შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის, ასევე, ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საკითხი. შესწავლის შემდეგ არ გამოვლენილა შემოწმების აქტის შედგენისას არსებული გარემოებებისგან განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი.

გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი არსებითი მნიშვნელობის რაიმე არგუმენტი/მტკიცებულებები, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 15.06.2022 წლის №15193 ბრძანება.

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 15.06.2022 წლის №15193 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მომჩივანი ასევე ითხოვს დაკისრებული ჯარიმის შემცირებას, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად. საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 15.06.2022 წლის №15193 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 15.06.2022 წლის №15193 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

სადავო დარიცხვა განხორციელდა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2021 წლის შემოწმების აქტით. შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.07.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 30.12.2021 წლის №005-317 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 15.06.2022 წლის №15193 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ოპერაციისთვის კვალიფიკაციის შეცვლის საკითხის მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით შესწავლა გადამხდელის მიერ ავანსად გადახდილი თანხის არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევის შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის, ასევე, ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საკითხის ყოველმხრივი გამოკვლევა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

შემოსავლების სამსახურის 15.06.2022 წლის №15193 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 4.11.2022 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 11.11.2022 წლის №005-170 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7491 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304"გ".