გადაწყვეტილება №22094/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22094/2/2024
26 მარტი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ ------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 29.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22094/2/2024).
დავის საგანი:
1. -------ს მიმართ არსებული მოთხოვნის მიღებულად და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
2. -------ს მიმართ არსებული მოთხოვნის მიღებულად და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №006-660 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 დეკემბრის №33442 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 144 465 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 89 094
ჯარიმა - 44 547
საურავი - 10 824
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მაღალსართულიანი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა და რეალიზაცია.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 5 ივლისის №17446 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 26 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №33242 ბრძანება და №006-660 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 144 465 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 26 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 17 ივლისის №17281 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 11.08.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 10.11.2023 წლის №20547/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 ივლისის №17281 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 2023 წლის 28 დეკემბრის №33442 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) შპს „-------სა“ და ------ს შორის არსებული სასესხო ვალდებულებების დადასტურების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 დეკემბრის №33442 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. -------ს მიმართ არსებული მოთხოვნის მიღებულად და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის საწარმოს უფიქსირდებოდა მოთხოვნა 257 315 ლარის ოდენობით, ფიზიკურ პირ - -------ს მიმართ, რომელიც 2014 წელს იყო კომპანიის დირექტორი. შესამოწმებელ პერიოდში ------ს დაფარული ჰქონდა 49 700 ლარი, ხოლო გადასახდელი რჩებოდა 207 615 ლარი. შემოწმების დროს მოხდა -------თან დაკავშირება, რომლის ახსნა-განმარტების თანახმად გაირკვა, რომ აღნიშნული თანხა სრულად ჰქონდა გადახდილი საწარმოსთვის. ასევე, შემოწმებით დადგინდა, რომ 2018 წლის 6 აგვისტოს კომპანიას დირექტორ - -------ზე გადაფორმებული ჰქონდა ბინა, რომლის მიხედვითაც საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდებოდა 148 765 ლარის მოთხოვნა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივნისის №14371 ბრძანების საფუძველზე განისაზღვრა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობა და დადგინდა, რომ ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენდა 0 ლარს. შემოწმებით, საწარმოს მიმართ -------სა და -------ზე არსებული მოთხოვნები ჩაითვალა მიღებულად და დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლებს სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის საწარმოს უფიქსირდებოდა მოთხოვნა 257 315 ლარის ოდენობით, ფიზიკურ პირ - -------ს მიმართ, რომელიც 2014 წელს იყო შპს „-------"-ის დირექტორი. შესამოწმებელ პერიოდში -------ს დაფარული ჰქონდა 49 700 ლარი, ხოლო გადასახდელი რჩებოდა 207 615 ლარი. შემოწმების პროცესში მოხდა --------თან დაკავშირება, რომლის ახსნა-განმარტების თანახმად გაირკვა, რომ აღნიშნული თანხა სრულად ჰქონდა გადახდილი საწარმოსთვის.
ამასთან, მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, საწარმოს მიერ -------ს მიმართ არსებული მოთხოვნის მიღებულად და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია. ამდენად, წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
--------ს (პ/ნ ------), რომელიც 2014 წელს იყო საწარმოს დირექტორი 257 314,86 ლარიდან, დაფარული აქვს მხოლოდ 49 700 ლარი და დარჩენილი 207 614.86 ლარი კომპანიისთვის არ გადაუხდია. არსებობს --------ს მიერ 49 700 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. -------ს საქართველოს ბანკის მეშვეობით, ორ ტრანშად - 29 225 ლარი და 20 475 ლარი გადახდილი აქვს 49 700 ლარი, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, ხოლო დარჩენილი 207 614.86 ლარის გადახდის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი არ არსებობს, რადგან თანხა გადახდილი არ არის. შესაბამისად, გადაუხდელი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა ეწინააღმდეგება ფაქტობრივ გარემოებას. შემოწმების აქტიდან და საზოგადოების საბუღალტრო პროგრამიდან ნათელია, რომ საწარმოს დეკლარირებული აქვს მთელი ბრუნვა სრულად და ეს ბრუნვა არის სრულიად გამჭვირვალე - შემოსულობები აღირიცხება მხოლოდ და მხოლოდ საბანკო გადარიცხვებით. კერძოდ, 2019 წელს დეკლარირებულია 1 307 879 ლარის დღგ-ის ბრუნვა; 2020 წელს დეკლარირებულია 641 509 ლარის დღგ-ის ბრუნვა; 2021 წელს დეკლარირებულია 341 956 ლარის დღგ-ის ბრუნვა. განსხვავება დეკლარირებულ ბრუნვასა და შემოწმებით დადგენილ ბრუნვას შორის არ გამოვლენილა. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ --------, რომელიც 2014 წელს იყო კომპანიის დირექტორი, დაფარავდა დარჩენილ ვალდებულებას საზოგადოების წინაშე, ეს ტრანზაქცია (თანხა) სრულად იქნებოდა აღრიცხული ბუღალტრულად და გამოჩნდებოდა საბანკო ამონაწერით. პრაქტიკულად, ყველა გადარიცხვა სრულდება ბანკით. თვითონ --------ს საზოგადოების წინაშე არსებული ვალდებულებიდან (257 314,86 ლარი) დაფარული 49 700 ლარი გადმორიცხული აქვს ბანკით, რაზეც საჩივარს ურთავს დამადასტურებელ დოკუმენტებს. -------ს საზოგადოებამ არაერთხელ მოსთხოვა დარჩენილი თანხის გადახდა ზეპირსიტყვიერად, თუმცა უშედეგოდ. გადასახადის გადამხდელმა ორჯერ გაუგზავნა წერილი დარჩენილი 207 614.86 ლარის გადახდის მოთხოვნით, 25.01.2023 წელს და 22.01.2024 წელს. სამწუხაროდ, უშედეგოდ.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების პროცესში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემასა და მერიის არქიტექტურის სამსახურის ელექტრონულ გვერდზე არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის საწარმოს უფიქსირდებოდა მოთხოვნა 257 315 ლარის ოდენობით ------ს მიმართ, რომელიც 2014 წელს იყო კომპანიის დირექტორი. შესამოწმებელ პერიოდში -------ს დაფარული ჰქონდა 49 700 ლარი, ხოლო გადასახდელი რჩებოდა 207 615 ლარი. შემოწმების დროს მოხდა --------თან დაკავშირება, რომლის ახსნა-განმარტების თანახმად გაირკვა, რომ აღნიშნული თანხა სრულად ჰქონდა გადახდილი საწარმოსთვის. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივნისის №14371 ბრძანების საფუძველზე განისაზღვრა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობა და დადგინდა, რომ ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენდა 0 ლარს. შემოწმებით, არსებული მოთხოვნა ჩაითვალა მიღებულად და დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ ------მ წარადგინა ახსნა-განმარტება, რომ არ გააჩნია ფულადი ვალდებულება საწარმოს მიმართ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო -------ს მიმართ არსებული მოთხოვნა დაეკვალიფიცირებინა როგორც გაცემული ხელფასი და დაებეგრა გადახდის წყაროსთან. შესაბამისად, ამ ნაწილში შემოსავლების სამსახური სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. --------ს მიმართ არსებული მოთხოვნის მიღებულად და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარდგენილ განმარტებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ საწარმოს ------ს მიმართ ერიცხება ვალდებულება 227 849 ლარის ოდენობით. აღნიშნული ვალდებულების ოდენობა არის სრულიად გამჭვირვალე და ეფუძნება საწარმოს საბანკო ამონაწერებს/ბუღალტრულ პროგრამას. მომჩივანი ითხოვს ურთიერთვალდებულებების გაქვითვას, რომლის შედეგად საწარმოს დარჩება 79 084 ლარის ოდენობის შეუსრულებელი ვალდებულება -------ს მიმართ.
ამასთან, გადასახადის გადამხდელმა საქმის ზეპირი განხილვისას განაცხადა, რომ შპს „-------სა“ და ------ს შორის არსებობს სესხის ხელშეკრულება, რომლითაც დასტურდება -------ს ვალდებულება კომპანიის მიმართ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, შპს „-------სა“ და -------ს შორის არსებული სასესხო ვალდებულებების დადასტურების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, საზოგადოებას - -------ს (პ/ნ -----) მიმართ, რომელიც არის საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი, ერიცხება ვალდებულება 227 848,55 ლარის ოდენობით. კომპანიის ვალდებულების ოდენობა -------ს მიმართ არის სრულიად გამჭვირვალე და ეფუძნება საზოგადოების საბანკო ამონაწერებს და ბუღალტრულ პროგრამას. საწარმოს 227 848,55 ლარის ოდენობის ვალდებულება -------ს მიმართ თუ შემცირდება 148 764,78 ლარით (---------ზე გადაცემული ბინის ღირებულება) საზოგადოებას ისევ დარჩება დამფუძნებელი/დირექტორის მიმართ შესასრულებელი ვალდებულება 79 083,77 ლარის ოდენობით. ანუ იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩაითვლება, რომ -------ს გადახდილი აქვს სრულად თანხა, საშემოსავლო გადასახადით უნდა დაიბეგროს 79 083,77 ლარით ნაკლები თანხა. -------ს მიმართ საზოგადოების 227 848,55 ლარის ოდენობის ვალდებულების არსებობის გადამოწმება დავების განხილვის საბჭოს შეუძლია გადასახადის გადამხდელის ჩაურევლად - აუდიტის დეპარტამენტს აქვს საზოგადოების საბუღალტრო პროგრამა და ამონაწერები ბანკიდან. ამ ეტაპზე, წარმოადგენს სრულ საბანკო ამონაწერს საბუღალტრო პროგრამის სისწორის დასადასტურებლად, 1/07/2017 - 1/01/2019 წწ. პერიოდზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი: 1. შემოსავლების სამსახურის 28.12.2023 წლის №33442 ბრძანება ნაწილობრივ; 2. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №006-660 საგადასახადო მოთხოვნა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმებით დადგინდა, რომ 2018 წლის 6 აგვისტოს კომპანიას დირექტორ - -------ზე გადაფორმებული ჰქონდა ბინა, რომლის მიხედვითაც საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდებოდა 148 765 ლარის მოთხოვნა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივნისის №14371 ბრძანების საფუძველზე განისაზღვრა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობა და დადგინდა, რომ ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენდა 0 ლარს. შემოწმებით, საწარმოს მიმართ -------ზე არსებული მოთხოვნა ჩაითვალა მიღებულად და დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა გადასახადის გადამხდელია არგუმენტაცია და მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, შპს „-------სა“ და ------ს შორის არსებული სასესხო ვალდებულებების დადასტურების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ამასთან, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მასალები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. ფ/პ-ს მიმართ არსებული მოთხოვნის მიღებულად და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
2. ფ/პ-ს მიმართ არსებული მოთხოვნის მიღებულად და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის საწარმოს უფიქსირდებოდა მოთხოვნა 257 315 ლარის ოდენობით, ფიზიკურ პირის მიმართ, რომელიც 2014 წელს იყო კომპანიის დირექტორი. შესამოწმებელ პერიოდში ფ/პ-ს დაფარული ჰქონდა 49 700 ლარი, ხოლო გადასახდელი რჩებოდა 207 615 ლარი. შემოწმების დროს მოხდა ფ/პ-თან დაკავშირება, რომლის ახსნა-განმარტების თანახმად გაირკვა, რომ აღნიშნული თანხა სრულად ჰქონდა გადახდილი საწარმოსთვის. ასევე, შემოწმებით დადგინდა, რომ 2018 წლის 6 აგვისტოს კომპანიას დირექტორზე გადაფორმებული ჰქონდა ბინა, რომლის მიხედვითაც საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდებოდა 148 765 ლარის მოთხოვნა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივნისის №14371 ბრძანების საფუძველზე განისაზღვრა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობა და დადგინდა, რომ ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენდა 0 ლარს. შემოწმებით, საწარმოს მიმართ ფ/პ-ებზე არსებული მოთხოვნები ჩაითვალა მიღებულად და დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4)(9"ბ"), 101(1), 154(1"ა").