გადაწყვეტილება №23455/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23455/2/2024
09 აგვისტო 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,2.08.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „ „------“ -ის “ 9.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23455/2/2024).
დავის საგანი:
დავების განხილვის საბჭოს 15.03.2024 წლის №22121/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 18 ივნისის №081-140 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 663 926 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 354 794
დღგ - 133 222
საშემოსავლო გადასახადი - 221 572
ჯარიმა - 175 982
საურავი - 133 150
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობა, სარეკლამო მასალის ბეჭდვითი მომსახურება, ფლაერების, სავიზიტო ბარათების, ბანერების ბეჭდვა, ლაითბოქსების დამზადება/მონტაჟი.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 მარტის №4149 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 24 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
- გადასახადის გადამხდელის შემოსავალი, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, კომპანიის მიერ გაწეულ ხარჯებზე გავრცელდა აუდიტის დეპარტამენტში არსებული მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიის მოგების მარჟა წლების მიხედვით. აღნიშნული მეთოდით დადგენილი შემოსავლები გადამხდელის დეკლარირების პროპორციულად ასახულ იქნა დასაბეგრ ბრუნვებში. მომჩივანს, 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე და 161-ე მუხლების და 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
- შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და საწარმოს მიერ წარდგენილი ინფორმაციის (გადამხდელის ახსნა-განმარტებების, საბანკო ამონაწერის, თანხების მოძრაობის მონაცემების) გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და აგროსილი თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 დეკემბრის №30689 ბრძანება და №081-301 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 667 509 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 29 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 17 იანვრის №570 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 31.01.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 15.03.2024 წლის №22121/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
პირველ დავის საგანთან დაკავშირებით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები (გაანგარიშებები);
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/შეაფასოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, წინა პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დავების განხილვის საბჭოს 15.03.2024 წლის №22121/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 14.06.2024 წლის დასკვნა, 18.06.2024 წლის №14237 ბრძანება და №081-140 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 33 750 ლარით.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს დროულად გადაეგზავნა საზოგადოების მიერ შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკური პირებისგან შესყიდვის აქტებით შეძენილ საქონელსა და მომსახურებაზე მატერიალური ფორმით არსებული დოკუმენტების მონაცემები, რომლებიც არ იყო ასახული შემოსავლების სამსახურის შესაბამის პორტალზე დაცულ მონაცემებში. აღნიშნულთან ერთად, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინეს შესაბამისი ვრცელი განმარტებითი ბარათი, რომელშიც ვრცლად განმარტავდნენ იმ გარემოებების თაობაზე, თუ რა მიზეზთა და გარემოებათა გამო არ ეთანხმებოდნენ და არ იზიარებდნენ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმების პროცესში საზოგადოების შემოსავლების განსასაზღვრად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და საგადასახადო შემოწმების აქტში შემმოწმებელთა მიერ დაფიქსირებულ პოზიციას.
რამდენადაც შემმოწმებლებმა შემოწმების პროცესში პრაქტიკულად გვერდი აუარეს იმ კონკრეტულ მიზეზსა და უაღრესად არსებითი მნიშვნელობის, პრაქტიკულად მომჩივნისთვის დაუძლეველ გარემოებებს, რომელთა გამოც ფაქტობრივად შეუძლებელი იყო კომპანიის მიერ შემოწმებისთვის საზოგადოების ბუღალტრული აღრიცხვის წარდგენა, რაც მათთვის მიწოდებული ინფორმაციით იმთავითვე იყო ცნობილი. კერძოდ, საბუღალტრო აღრიცხვის, აგრეთვე სხვა შესაბამისი მონაცემებისა და ინფორმაციის მიწოდებას პრაქტიკულად ვერ ახერხებდნენ იმ ფაქტობრივ გარემოებათა გამო, რომ დაუდგენელი პირების მიერ ფინანსური სარგებლის მიღებისა და კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის მიზნით, 2023 წლის 21 თებერვალს საზოგადოების კომპიუტერულ მონაცემებზე განხორციელებული კიბერშეტევის შედეგად, მთლიანად წაშლილი იყო საზოგადოების კომპიუტერული მონაცემები და საბუღალტრო პროგრამა. მომხდარ ფაქტზე საზოგადოების გენერალურ მენეჯერის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „------“ -ის პოლიციის დეპარტამენტში წარდგენილი იქნა შესაბამისი განცხადება და კომპანიის სასერვერო კომპიუტერის მყარი დისკი, რომლის შესაბამისადაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-286 პრიმა მუხლით აღძრულ № „------“ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება და დაინიშნა საინფორმაციოტექნოლოგიური ექსპერტიზა. ყოველივე აღნიშნულის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდეს შემოწმებას და მომხდარი ფაქტის მტკიცებულებად წარადგინეს შსს „------“ -ის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით.
დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე საჩივრის განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა არასწორი განმარტება მისცა საბჭოს იმის თაობაზე, რომ თითქოსდა კიბერშეტევის ფაქტი საგამოძიებო ორგანოს მხრიდან არ იყო დადასტურებული და გამოძიების დაწყებაზე შესაბამისი დადგენილება არ არსებობდა. საბჭოს დავალების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილ ახსნა-განმარტებით ბარათთან ერთად დამატებით წარდგენილ იქნა შსს „------“ -ის პოლიციის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ახალი ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ საზოგადოების კომპიუტერულ მონაცემებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტზე 2023 წლის 22 თებერვალს ნამდვილად აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
ზემოთ აღნიშნულთან ერთად, შემოწმების აქტის საფუძვლიანი შესწავლით, მომჩივნის მიერ დამატებით დადგენილი იქნა ისიც, რომ შემოწმების პროცესში შემმოწმებელთა მიერ პრაქტიკულად არ იყო გათვალისწინებული და დაცული „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების გათვალისწინებული რეკომენდაციები და ნორმები.
ერთხელ კიდევ ხაზგასმით განმარტავს, რომ საზოგადოების მიერ შემოწმებისთვის საბუღალტრო მონაცემების და სხვა საჭირო ინფორმაციის მიუწოდებლობა ფაქტობრივად განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ გამოძიების მიერ ამოღებული მასალების პირობებში, საზოგადოებას შემოწმების მიმდინარეობისას პრაქტიკულად არანაირი წვდომა აღარ გააჩნდა. შესაბამისად, პრაქტიკულად არ არსებობდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულთან ერთად, აუდიტის დეპარტამენტს დამატებით განუმარტეს იმის თაობაზე, რომ არამართლზომიერი და არაკანონზომიერი იყო შემოწმების აქტის მიხედვით შემმოწმებელთა მიერ ცალკეული საკითხების მიხედვით დაფიქსირებული ფაქტობრივი გარემოებები, აუდიტორთა შეფასებები და დარიცხვის სამართლებრივი საფუძვლები, რომლებიც დაფიქსირებულია საგადასახადო შემოწმების აქტში ცალკეული საკითხებთან მიმართებაში.
შემმოწმებელთა მიერ პრაქტიკულად არ არის დაცული „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითება.
პრაქტიკულად უცნობია, კონკრეტულად რომელი ,,...სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე“ მოხდა შემმოწმებელთა მიერ კომპანიის მიერ განხორციელებულ ხარჯებზე აუდიტის დეპარტამენტში არსებული მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებულ კომპანიის მოგების მარჟის გამოყენება წლების მიხედვით.
მეთოდური მითითება ხაზგასმით მიუთითებს, რომ უნდა ,,... შეირჩეს და გამოყენებულ იქნას ერთზე მეტი არაპირდაპირი მეთოდი, თუ პირი ახორციელებს, ერთზე მეტ, ერთმანეთისგან განსხვავებულ საქმიანობას.“
კომპანიის მიერ განხორციელებულ ხარჯებზე შემმოწმებლებმა გაავრცელეს მსგავსი კომპანიის მოგების მარჟა ისე, რომ არ გაუთვალისწინებიათ კონკრეტული ბიზნეს ოპერატორის საქმიანობის პროცესში არსებული განსხვავებული პრაქტიკა, ასევე არ გაითვალისწინეს საზოგადოების სამეურნეო ოპერაციების განხორციელებისას სასაქონლო მარაგების დანაკარგები. შემმოწმებლებმა 1 984 100 ლარზე, რომელიც მოიცავს კომპანიის ხარჯებს: საქონლის შეძენა-მომსახურებას სასაქონლო ზედნადებებითა და ანგარიშ-ფაქტურებით, ფიზიკური პირებისგან შეძენილი საქონლისა და მომსახურების ხარჯებს, იმპორტს, ბანკის საკომისიოს, ხელფასის ხარჯებს, მექანიკურად გაამრავლეს თბილისში მომუშავე კომპანიის მოგების მარჟაზე საშუალო 1,57%-ზე (2020 წ. - 1,66%, 2021 წ. – 1,48%, 2022 წ. – 1,59%), რის საფუძველზეც შემოწმებით კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი შემოსავალი მექანიკურად გაზარდეს 740 068 ლარით და აღნიშნულის საფუძველზე შემოწმებით სრულიად არამართლზომიერად და არაკანონზომიერად ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაარიცხეს გადასახადი 133 212 ლარი და შესაბამისი ფინანსური სანქციები.
ეს მაშინ, როცა საზოგადოება 2020 წლიდან პრაქტიკულად მხოლოდ 1,14%-დან - 1,19%-მდე მოგების მარჟით მუშაობს. ამასთან, ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ კომპანიის მიერ შეძენილი მატერიალური ქონება და საქონელი დაუქვემდებარეს რეალიზაციას მათ მიერ აღებული მარჟით და არ გაითვალისწინეს ის, რომ კომპანია 2022 წლის ბოლოსთვის ფლობდა 294 575 ლარის ღირებულების ძირითად საშუალებებს, 175 000 ლარამდე ღირებულების სასაქონლო მარაგებს. აგრეთვე, არ გაითვალისწინეს 2020-2023 წლებში კომპანიის საწარმოო პროცესებში არსებული ფაქტიური დანაკარგები, რომელიც შეადგენდა 5-7 პროცენტს, თანხით 54 428 ლარს. იმ შემთხვევაში კი, თუ ყოველივე აღნიშნული შემმოწმებელთა მიერ გათვალისწინებული იქნებოდა, კომპანიას პრაქტიკულად დასაბეგრი ექნებოდა 1 460 094 ლარი, რაც მიაჩნია ასევე საფუძველს მოკლებულად და უსამართლოდ.
2022 წლის ბოლოს საზოგადოების მიერ ქ. „------“-ში საახალწლო ღონისძიების მოსაწყობად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების შემდეგ, აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებისთვის საჭირო სახსრების უკმარისობის პირობებში, საზოგადოების დამფუძნებლისგან აღებული იქნა მოკლევადიანი სესხი 90 000 ლარის ოდენობით, რომელიც შეტანილი იქნა თიბისი ბანკში საზოგადოების ანგარიშზე და ის პრაქტიკულად გამოყენებული იქნა ტენდერის შესაბამისად ქ. „------“-ში საახალწლო ღონისძიების მოსაწყობი მასალების შესაძენად და აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებისთვის საჭირო სამუშაოთა შესასრულებლად გაწეული ხარჯების დასაფარად.
საწარმოს მიერ აღნიშნული სესხის დაბრუნება დამფუძნებელზე განხორციელდა 2023 წლის 23 იანვარს - 77 000 ლარის ბანკიდან გამოტანილი თანხით, ხოლო 13 000 ლარი საზოგადოების სალაროში არსებული თანხის ნაშთით (ჯამში 90 000 ლარი), რასაც შემმოწმებელთა მიერ სრულიად არამართლზომიერად და არაკანონზომიერად მიენიჭა საზოგადოების დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის კვალიფიკაცია და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადითა და შესაბამისი ფინანსური სანქციით.
შემმოწმებელთა მიერ ასევე არ არის გათვალისწინებული ის გარემოება, რომ 2023 წლის იანვრის ბოლოსთვის კომპანიის დებიტორული დავალიანება შეადგენდა 136 450 ლარს და აღნიშნული თანხაც, სულ ჯამში 966 518 ლარი აგროსვით 1 208 147,50 ლარი არამართლზომიერად და არაკანონზომიერად განიხილეს საზოგადოების დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასის სახით სარგებლად და უსამართლოდ დაარიცხეს საშემოსავლო გადასახადის ნაწილში 240 665 ლარი და შესაბამისი ფინანსური სანქცია საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გამოყენებით.
ყოველივე ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, შემოწმებით დამატებით დარიცხული თანხებიდან შემცირდა მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების დამფუძნებლისგან აღებული მოკლევადიანი სესხის (90 000 ლარის) დამფუძნებელზე დაბრუნებული თანხის ნაწილში დარიცხული საშემოსავლო გადასახადი (22 500 ლარი) და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა (11 250 ლარი).
მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულება მოხდა არასრულყოფილად და არაკანონზომიერად. კერძოდ, საბჭოს გადაწყვეტილების სამოტივაციო და გადაწყვეტილების ნაწილში დაფიქსირებული მითითებების და დავალებების იგნორირებით.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაში საერთოდ უგულებელყოფილია და გვერდი ავლილია საბჭოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში დაფიქსირებულ რეკომენდაციაზე, რომ „საწარმოს წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიის მოგების მარჟის გამოყენებისას დაცული უნდა იყოს რეგიონის პრინციპი. ამასთან, აღნიშნული გაავრცელეს მთლიან შემოსავლებზე. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ქ. "-------"-ში მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული საწარმოს არ არსებობის გამო, გაავრცელეს ქ. თბილისში მოქმედი კომპანიის მოგების მარჟა. ამასთან, აღნიშნული საწარმო ეწევა მხოლოდ სარეკლამო მომსახურებას და მომჩივნისგან განსხვავებით არ ახორციელებს ღონისძიებების ორგანიზებას სახელმწიფო ტენდერის ფარგლებში. მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული საწარმოს მოგების მარჟა გავრცელდა სრულ შეძენებზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიუთითებს, რომ შედარებისთვის არ არის აღებული ზუსტი ანალოგი, განსხვავებულია როგორც რეგიონი, ასევე შედარებული მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანია ეწევა მხოლოდ სარეკლამო მომსახურებას და არ ახორციელებს ღონისძიებების ორგანიზებას სახელმწიფო ტენდერის ფარგლებში. ამასთან, ვინაიდან კომპანია ძირითადად მომსახურებას უწევს სახელმწიფო ორგანოებს და იურიდიულ პირებს, რა დროსაც კომპანიის შემოსავალი დოკუმენტურად დასტურდება, არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლების გაზრდა არამართლზომიერია, ხოლო, კომპანიის მიერ გაწეული ხარჯი, შესაბამისი გაანგარიშებების გათვალისწინებით, საჭიროებს დამატებით შესწავლას“.
გადაწყვეტილებაში უშუალოდ და პირდაპირ არის მითითებული, რომ „არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლების გაზრდა არამართლზომიერია“. მიუხედავად აღნიშნულისა და აგრეთვე მომჩივნის მიერ აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილი ახსნა-განმარტებითი ბარათით არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლების გაზრდის არაკანონზომიერების დასაბუთებისა, აგრეთვე მათთან არაერთი სატელეფონო კომუნიკაციისა, აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იქნა გაზიარებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში ხაზგასმული ზემოთ აღნიშნული მითითება შემოსავლების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის არამართლზომიერების თაობაზე.
გადაანგარიშებაში ასევე არ არის გათვალისწინებული მომჩივნის არგუმენტები იმის თაობაზე, რომ 2023 წლის იანვრის ბოლოსთვის კომპანიის დებიტორული დავალიანება შეადგენდა 136 450 ლარს და აღნიშნული თანხაც არაპირდაპირი მეთოდებით გაზრდილ 740 068 ლართან ერთად ექვემდებარება დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებიდან ამოღებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
დავების განხილვის საბჭოს 15.03.2024 წლის №22121/2/2024 გადაწყვეტილებით, პირველ დავის საგანთან დაკავშირებით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები (გაანგარიშებები);
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/შეაფასოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, წინა პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ, საბჭოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში, პირველ დავის საგანთან დაკავშირებით, არ განხორციელებულა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (გაანგარიშებების) წარდგენა. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
ამასთან, დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მე-2 სადავო საკითხი დამატებით იქნა შესწავლილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის (ბანკის ამონაწერზე და ახსნა- განმარტებაზე დაყრდნობით დადასტურდა დამფუძნებლისგან მიღებული სესხის უკან დაბრუნება) გათვალიწინებით. შემოწმების აქტით განსაზღვრული განკარგვადი თანხა დაექვემდებარა შემცირებას 90 000 ლარის ოდენობით. შედეგად, შემცირდა საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმა.
გადაანგარიშების შედეგად, მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 33 750 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 22 500 ლარი და ჯარიმა - 11 250 ლარი.
დავების განხილვის საბჭოს 15.03.2024 წლის №22121/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლების გაზრდა არამართლზომიერია. თუმცა, აღნიშნულის გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე არ განხორციელდა კომპანიის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება. შესაბამისად, საბჭოს გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ დავების განხილვის საბჭოს 15.03.2024 წლის №22121/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დავების განხილვის საბჭოს 15.03.2024 წლის №22121/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულება მოხდა არასრულყოფილად და არაკანონზომიერად.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის შემოსავალი, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, კომპანიის მიერ გაწეულ ხარჯებზე გავრცელდა აუდიტის დეპარტამენტში არსებული მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიის მოგების მარჟა წლების მიხედვით. აღნიშნული მეთოდით დადგენილი შემოსავლები გადამხდელის დეკლარირების პროპორციულად ასახულ იქნა დასაბეგრ ბრუნვებში. მომჩივანს, 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე და 161-ე მუხლების და 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
შესამოწმებელ პერიოდში დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და აგროსილი თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ დავების განხილვის საბჭოს 15.03.2024 წლის №22121/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5),275.