გადაწყვეტილება №19797/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.07.2023
№ დოკუმენტი 19797/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19797/2/2023

12 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 29.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19797/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 13.10.2022 წლის №086-41 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 3.05.2023 წლის №9646 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 245 490,99 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 157 586

დღგ - 93 765

საშემოსავლო გადასახადი - 63 821

ჯარიმა - 58 396

საურავი - 29 508,99

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.07.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის მიხედვით სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმების შედეგად გადამხდელის მიერ წარმოდგენილ პირველად დოკუმენტებზე (ბანკის ამონაწერები, მიღებული და გამოწერილი ელექტრონული დოკუმენტები, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ ინფორმაცია) დაყრდნობით შესწავლილი იქნა ნაღდი ფულის მოძრაობა. შედეგად გამოვლინდა სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი 235 000 ლარის ოდენობით. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.07.2022 წლის №19996 ბრძანების საფუძველზე 28.07.2022 წელს საწარმოში ჩატარებულია სალაროს ინვენტარიზაცია. საწარმოს 28.07.2022 წლის მდგომარეობით სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია, ასევე საწარმოს დირექტორის განმარტებით საწარმოს ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნდა არც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. საწარმოს სამეურნეო ოპერაციები ბუღალტრულად არ აქვს აღრიცხული, შემოწმების შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის (235 000 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე)) საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს დირექტორს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია. აღნიშნული გარემოებებისა და საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი 235 000 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 13.10.2022 წლის №086-41 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 3.05.2023 წლის №9646 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საწარმოს სამეურნეო ოპერაციები ბუღალტრულად არ ქონდა აღრიცხული და საგადასახადო ორგანომ შემოწმების შედეგად დადგენილი ფულის ნაშთი 235 000 ლარის კომპანიის დირექტორის მიერ საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ვერ წარდგენის გამო შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი 235 000 ლარი საგადასახადო კოდექსის 101-ე და 73-ე მუხლების მიხედვით საგადასახადო ორგანომ ჩაითვალა დირექტორის ------- (პ/ნ -------) მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე და 81-ე მუხლების შესაბამისად.

გადასახადის გადამხდელს საკითხთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია არანაირი წერილობითი პოზიცია, მაგრამ მეორეს მხრივ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ კომპანიას მოცემულ შემთხვევაში შეუძლია წერილობითი მტკიცებულებების სახით წარმოადგეოს შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით მიღებული მომსახურებისათვის გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებზე გაცემული ანაზრაურების შესახებ მტკიცებულებები, რაც სრულიად შეცვლის არსებულ სურათს და დადგენილი ფულადი ნაშთი 235 000 ლარის სახით არსებითად შემცირდება.

გასაგებია ის ფაქტი რომ კომპანიამ ოპერატიულად ვერ მოახერხა მტკიცებულებების წარმოდგენა, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ უნდა გახდეს გადამწყვეტი ფაქტორი და ფუნდამენტური სამართლებრივი პრინციპებიდან გამომდინარე კომპანიას უნდა მიეცეს მტკიცებულებების წარდგენისა და აუდიტორთან გავლის საშუალება, რათა მიიღოს ობიექტური სურათი მოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით და დადგენილი ფულადი ნაშთი იყოს რეალური.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.07.2022 წლის №19996 ბრძანების საფუძველზე 28.07.2022 წელს საწარმოში ჩატარებულია სალაროს ინვენტარიზაცია. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მასალების მიხედვით, საწარმოს 28.07.2022 წლის მდგომარეობით სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია, ასევე საწარმოს დირექტორის განმარტებით საწარმოს ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნდა არც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. საწარმოს სამეურნეო ოპერაციები ბუღალტრულად არ აქვს აღრიცხული, ამასთან შემოწმების შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს დირექტორს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარუდგენია. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და საწარმოს განესაზღვრა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულება.

მომჩივნის თხოვნით საჩივრის განხილვის გადადება მოხდა ორჯერ, ვინაიდან გადასახადის გადამხდელმა ითხოვა დრო დოკუმენტაციის წარმოსადგენად. წარმოდგენილი დოკუმენტაცია კი შეფასდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ: მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ფიზიკურ პირებთან გაფორმებული შედარების აქტები არ არის ნოტარიული დამოწმებული. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი სათანადო, დოკუმენტური მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის, დირექტორის ხელფასად განხილვის საფუძვლით, საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგად გადამხდელის მიერ წარმოდგენილ პირველად დოკუმენტებზე დაყრდნობით შესწავლილი იქნა ნაღდი ფულის მოძრაობა. შედეგად გამოვლინდა სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი. შემოწმების შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს დირექტორს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია.

აღნიშნული გარემოებებისა და საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 13.10.2022 წლის №086-41 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 3.05.2023 წლის №9646 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი სათანადო, დოკუმენტური მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 101; 154;