გადაწყვეტილება №22097/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 27.07.2024
№ დოკუმენტი 22097/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 22097/2/2024

27 ივნისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 24.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- 29.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22097/2/2024).

 

დავის საგანი:

დავების განხილვის საბჭოს 13.07.2023 წლის №19991/1/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №022-55 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 479 113 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 224 999

ჯარიმა - 112 500

საურავი - 141 614

 

ფაქტების აღწერა

კომპანიის საქმიანობაა პრემიალური ხაზის ალკოჰოლური სასმელების იმპორტი და მისი შემდგომი რეალიზაცია, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე რეექსპორტის გზით.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 26.10.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

წარდგენილი ბრუნვითი უწყისის მიხედვით, საწარმოს უფიქსირდებოდა 2019 წლამდე პერიოდში კაპიტალში შეტანილი 900 000 ლარი, რაც დაფიქსირებული აქვს საწესდებო კაპიტალის ანგარიშზე საწყის საკრედიტო ნაშთად, ხოლო 2019-2021 წლების საანგარიშო პერიოდში აღნიშნული კაპიტალი გატანილი აქვს სრულად. შემოწმებით ანალიზი ჩაუტარდა გადამხდელის მიერ წარდგენილ ინფორმაციას, რომლის მიხედვით ვერ დადასტურდა ბრუნვით უწყისში დაფიქსირებული საწესდებო კაპიტალის საწყისი საკრედიტო ნაშთის სისწორე, შესაბამისად, დამატებით იქნა გამოთხოვილი სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის, პარტნიორთა კრების ოქმები, რაც გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა. 2019 წლის დასაწყისში დაფიქსირებული კაპიტალის ოდენობა საწარმოს დაბალანსებული აქვს 2019 წლამდე დაგროვილი ზარალით - 747 837 ლარი, შესაბამისად, გაანალიზებულ იქნა აღნიშნული ზარალის წარმოშობის საფუძველი და დადგინდა, რომ 2017-2018 წლებში საწარმოს რეექსპორტის გზით რეალიზებული აქვს 788 484 ლარის თვითღირებულების სასაქონლო-მატერიალური მარაგები და მიღებული აქვს შემოსავალი 998 936 ლარის ოდენობით. საწარმო დღემდე მომგებიანია, ხოლო საგადასახადო და ფინანსურ მოგებებს შორის ბუღალტერიით წარდგენილი სხვაობის დადასტურება ვერ ხერხდება შესაბამისი დოკუმენტაციით. შესამოწმებელ პერიოდში ხდება კაპიტალის შემცირება/გაზრდა პერიოდულად, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განულებულია. ამასთან, 2019 წლის დასაწყისში კომპანიას არ უფიქსირდება საწყისი ნაშთები (სმფ-ების ნაშთი, ძირითადი საშუალებები და სხვა რაიმე აქტივი), ადგილი არ ჰქონია ადგილობრივ შეძენა-რეალიზაციას, ასევე, არ ფიქსირდება ფიზიკურ პირებზე გაცემული ხელფასი ან/და დივიდენდი. შესაბამისად, ვერ დადასტურდა ბრუნვით უწყისში დაფიქსირებული ზარალის სისწორე. აღნიშნულიდან გამომდინარე, გატანილი თანხები შემოწმებით საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორებზე გაცემულ ხელფასად შესაბამისი პერიოდების მიხედვით. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 15.11.2022 წლის №28703 ბრძანება და №022-24 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11697 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭომ 13.07.2023 წლის №19991/1/2023 გადაწყვეტილებით, განმარტა, რომ დაუსაბუთებელია მომჩივნის არგუმენტი საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის 26.10.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულის შესახებ დაფიქსირებული (მინიშნება) არ არის, ასევე, საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელმა საჩივრის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ აღნიშნული მეთოდი არ ყოფილა გამოყენებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას. ამასთან:

1. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის მიერ ზემოთ დასახელებული არგუმენტის (კაპიტალის შემცირების გადაწყვეტილების მიღების მომენტში და არა თანხის უშუალოდ გაცემის მომენტში საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის თაობაზე), კერძოდ, განაცემების შესწავლა;

2. მომჩივანს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა კაპიტალის ფორმირების და ნაშთის შესახებ მტკიცებულებები, რათა დადგინდეს კაპიტალის რეალურობა;

3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, მომჩივნის არგუმენტების და წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილოებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში ამ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა

საბჭოს 13.07.2023 წლის №19991/1/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ შემცირდა, რაზეც გამოიცა 28.12.2023 წლის №33657 ბრძანება და №022-55 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში არ არის აღნიშნული პირი, რომელსაც ევალებოდა გადაანგარიშების განხორციელება და დავალება ეძლევა შემოსავლების სამსახურს ზოგადად, ასევე გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული რაიმე სახის ვადა, კომპანია იყო მოლოდინის რეჟიმში აუდიტის დეპარტამენტთან მიმართებით, რათა შესაბამის პირს გამოეთხოვა დოკუმენტაცია.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ელოდებოდა სამუშაო შეხვედრას და შემმოწმებლის მიერ დოკუმენტაციის მოთხოვნას, ვინაიდან მისთვის უცნობი იყო შემოსავლების რომელ აუდიტორს დაევალებოდა გადაანგარიშება და კორექტირება, ვისთვის წარედგინა დოკუმენტაცია. არ მისვლია შემოსავლების სამსახურის საიტის პირად გვერდზე და არც მეილზე არავითარი მითითება იმისა, რომ დაწყებულია გადათვლა. 2023 წლის 27 დასკვნიდან გაიგო, რომ ისევ იგივე აუდიტორს აწერია საქმე, რომელსაც გადაანგარიშება მოუხდენია ზეპირად, ისე რომ არც მისი არგუმენტები და მტკიცებულებები არ მიუღია და მოუსმენია.

მას არ აქვს საბუთების წარუდგენლობაზე უარი მისგან არც წერილობითი და არც ზეპირსიტყვიერი. მისთვის გაუგებარია, რატომ უგულებელყოფს შემმოწმებელი ნორმებს, რითაც უნდა ხელმძღვანელობდეს ადმინისტრაციული ორგანო. თვლის, რომ აუდიტორმა არ გაითვალისწინა №19991/2/2023 გადაწყვეტილება და მოჩვენებითი მოვალეობის მოხდის მიზნით, გამოსცა აქტი ისე, რომ არ გამოუკვლევია ახალი არაფერი. მის ვარაუდს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ შეუსაბამობაა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №022-55 საგადასახადო მოთხოვნასა და მასთან ერთად ატვირთულ აუდიტის დეპარტამენტის დასკვნას შორის. მიაჩნია და საქვეყნოდ აღიარებულია, რომ პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. აღნიშნული ქმედებით საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლებამოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას.

ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს.

ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

აუდიტორმა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზად და გაცემის მომენტად გამოიყენა კაპიტალის შემცირების გადაწყვეტილების თარიღი, მიუხედავად იმისა რომ ამ მომენტისთვის თანხა ჯერ კიდევ არ იყო გასული კომპანიიდან. მეტი თვალსაჩინოებისთვის, 2021 წლის ბოლოს დამფუძნებლის მიმართ კომპანიას კაპიტალის შემცირებიდან წარმოშობილი ვალი ჰქონდა 121516,89 ლარი. ეს თანხა აუდიტორმა უკვე დაბეგრა, თუმცა თანხის ფაქტობრივი გატანა კომპანიიდან არ მომხდარა. აუდიტორი განმარტავს, რომ შემოწმებით დაბეგრილი იქნა ბუღალტრულად აღრიცხული (5150) კაპიტალის შემცირების მომენტი, თუმცა გატარების შესწავლით დგინდება, რომ (1460) კაპიტალის შევსების გატარებაზე გადატანის შემდეგ ხდება, როგორც თანხის გატანა ასევე შეტანაც. არცერთ თარიღს, რომელშიც არის განხორციელებული დარიცხვა, არ ეთანხმება, რადგან გადასახადის პრინციპი აცდენილია საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვს მომჩივნის არგუმენტების და წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილოებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

კიდევ ერთხელ აფიქსირებს, რომ არ ეთანხმება არაპირდაპირ მეთოდს და ითხოვს გაუქმდეს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გამოყენებით გამოწვეულია ყველა დარიცხვა. ასევე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების კვალდაკვალ, კაპიტალის შემცირების მომენტში, შესამცირებელი თანხის გაცემულ ხელფასად კლასიფიკაცია და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

მოითხოვს, მიეცეს საშუალება, რომ დაესწროს დავების განხილვის საბჭოს სხდომას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დავების განხილვის საბჭოს 13.07.2023 წლის №19991/1/2023 გადაწყვეტილებით, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საბჭომ განმარტა, რომ დაუსაბუთებელია მომჩივნის არგუმენტი საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის 26.10.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულის შესახებ დაფიქსირებული (მინიშნება) არ არის, ასევე, საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელმა საჩივრის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ აღნიშნული მეთოდი არ ყოფილა გამოყენებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას.

 

ამასთან:

1. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის მიერ ზემოთ დასახელებული არგუმენტის (კაპიტალის შემცირების გადაწყვეტილების მიღების მომენტში და არა თანხის უშუალოდ გაცემის მომენტში საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის თაობაზე), კერძოდ, განაცემების შესწავლა;

2. მომჩივანს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარედგინა კაპიტალის ფორმირების და ნაშთის შესახებ მტკიცებულებები, რათა დადგინდეს კაპიტალის რეალურობა;

3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, მომჩივნის არგუმენტების და წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილოებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში ამ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დავების განხილვის საბჭოს 13.07.2023 წლის №19991/1/2023 გადაწყვეტილების საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 27.12.2023 წელს გამოცემული დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშებისას არ იქნა წარდგენილი შემოწმების პროცესში წარდგენილი ინფორმაციისაგან განსხვავებული მტკიცებულებები. აღნიშნავს, რომ შემოწმებით დაბეგრილი იქნა ბუღალტრულად აღრიცხული (5150) კაპიტალის შემცირების მომენტი, თუმცა გატარებების შესწავლით დადგინდა, რომ (1460) კაპიტალის შევსების გატარებებზე გადატანის შემდეგ ხდება, როგორც თანხის გატანა ასევე, შეტანაც. ჯამურად გატანილია 1 716 165 ლარი და შეტანილია (მათ შორის კაპიტალის მუხლიდანაც) 1 775 950 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, არგუმენტებისა და წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო არ განხორციელდა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა განაცხადა, რომ საბჭოს 13.07.2023 წლის №19991/1/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად არ მიეცა აუდიტის დეპარტამენტისათვის დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა, ასევე, არ მომხდარა სადავო საკითხის მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და ისე, გამოსცა აუდიტის დეპარტამენტმა 27.12.2023 წლის დასკვნა, რომ არავინ დაკავშირებია, შესაბამისად მიაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულება არ მომხდარა.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ საბჭოს 13.07.2023 წლის №19991/1/2023 გადაწყვეტილების აღსრულება არ მომხდარა მომჩივნის მონაწილეობით.

მხარეთა არგუმენტების გაცნობის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საბჭოს 13.07.2023 წლის №19991/1/2023 გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული სრულყოფილად ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, რისთვისაც, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს 13.07.2023 წლის №19991/1/2023 გადაწყვეტილების აღსრულება, მომჩივნის მონაწილეობით.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად უზრუნველყოს, საბჭოს 13.07.2023 წლის №19991/1/2023 გადაწყვეტილების აღსრულება, მომჩივნის მონაწილეობით;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დავების განხილვის საბჭოს 13.07.2023 წლის №19991/1/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიის საქმიანობაა პრემიალური ხაზის ალკოჰოლური სასმელების იმპორტი და მისი შემდგომი რეალიზაცია, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე რეექსპორტის გზით.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საბჭოს 13.07.2023 წლის №19991/1/2023 გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული სრულყოფილად ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, რისთვისაც, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს 13.07.2023 წლის №19991/1/2023 გადაწყვეტილების აღსრულება, მომჩივნის მონაწილეობით.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;

73(9,5);101(1);154(1);