ბრძანება N 25868

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.10.2023
№ დოკუმენტი 25868
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25868

19 ოქტომბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“ (ს/ნ -----)

(მის: --------)

2023 წლის 2 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 21 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №98) განიხილა შპს „-----ს“ (ს/ნ -----) 2023 წლის 2 სექტემბრის №83379/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 ივნისის №022-24 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს ფაქტობრივ ნაშთსა და შემოწმების შედეგად დადგენილ ნაშთს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. გადამხდელი მიიჩნევს, რომ ფულადი ნაშთის დათვლის მეთოდი, რომელიც შემოსავლების სამსახურმა გამოიყენა, არ ასახავს რეალურ ციფრებს. მიუთითებს, რომ გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო შემდეგი გარემოებები:

 კომპანიას ჯართის რეალიზაციიდან თანხები სრულად არ აქვს მიღებული და შემოსავლების ნაწილი ფიქსირდება დებიტორულ მოთხოვნად.

 ლითონის ჯართის რეალიზაციიდან მიღებული თანხის ნაწილი - 250 000 ლარი გაცემულია ავანსის სახით რეზიდენტ იურიდიულ პირზე. მიუთითებს, რომ აღნიშნული ავანსის გაცემა დასტურდება ხელშეკრულებით.

 რეალიზაციიდან მიღებული თანხის ნაწილი (150 000 ლარი) განთავსებულია ბანკის სეიფში. აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტის გადამოწმება და დადასტურება შემოსავლების სამსახურის მხრიდან არ მომხდარა.

გადამხდელი აღნიშნავს, რომ მიუღებელი მოთხოვნის, გაცემული ავანსის და შენახული თანხის ხელფასად კვალიფიკაციის საფუძველი არ არსებობს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 მარტის №5260 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----ს“ (ს/ნ ----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 17 ივნისიდან 2023 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 19 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 28 ივნისის №15002 ბრძანება და 29 ივნისის №002-24 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 215 543 ლარი, მათ შორის, გადასახადი 136 897 ლარი, ჯარიმა 68 449 ლარი, საურავი 10 197 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შპს ------ს საქმიანობის საგანია შავი და ფერადი ლითონის ჯართის შესყიდვა ადგილობრივ ბაზარზე და რეალიზაცია. საქმიანობის ძირითადი ადგილია ქ. -----. საწარმო შეძენა/რეალიზაციას ახორციელებს მხოლოდ დოკუმენტურად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე. შემოსავლის აღრიცხვას ახორციელებს საბანკო შემოსავლების საშუალებით. საწარმოს არ გააჩნია სალარო აპარატი. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საბანკო ანგარიშზე არსებული ფულადი ნაშთი შეადგენს 7 574 ლარს. შემოწმების პროცესში დამუშავებული იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, საბანკო ამონაწერები და დოკუმენტები. საგადასახადო შემოწმების მიერ დამუშავებულ იქნა შეძენის/რეალიზაციის დოკუმენტაცია. გადამხდელთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 14 მარტის ბრძანება N4942-ის საფუძველზე ჩატარებულია სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, ფულადი ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით. შემოწმების მიმდინარეობისას, უფლებამოსილმა პირმა წარმოადგინა ახსნა-განმარტება, სადაც აღნიშნავს რომ ბანკის სეიფში შენახული აქვს თანხა 150 000 ლარის ოდენობით, თუმცა აღნიშნული გარემოება არ დააფიქსირა სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურის დროს, გარდა ამისა, დირექტორი განმარტავს, რომ 21.10.2021 - 31.12.2021 პერიოდებში შპს ,,------თვის“ გადახდილია ავანსის თანხა 250 000 ლარის ოდენობით, თუმცა ჯართის მიწოდება დღემდე არ მომხდარა, თანხის მიმღები საწარმო 2021 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდიდან აღარ ფუნქციონირებს. შემოწმებით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის შესახებ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული რეალიზაციის და ხარჯის ამსახველი დოკუმენტაცია, რომელიც გათვალისწინებული იქნა ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის დროს, შესაბამისად პერიოდის ბოლოს დებიტორულ/კრედიტორული დავალიანებების ნაშთი ჩაითვალა 0-ის ტოლად, ყოველივე ზემოაღნიშნულის შესწავლის შედეგად განისაზღვრა ფულის ნაშთი, რომელიც გადამხდელს სალაროში უნდა უფიქსირდებოდეს. ზემოაღნიშნულის შედეგად, სალაროს ნაშთსა და შემოწმებით დადგენილ ნაშთს შორის სხვაობა (სულ 547 588 ლარი) მიჩნეულ იქნა დამატებით შემოსავლად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა შემოსავლების სამსახურში ჩანიშნული იყო 2023 წლის 21 სექტემბერს 13:20 სთ-ზე გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია საჩივრის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, შემოწმების პროცესში დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, საბანკო ამონაწერები და სხვა დოკუმენტები. ასევე, დამუშავებულ იქნა შეძენის/რეალიზაციის დოკუმენტაცია. დადგინდა, რომ საწარმოს შესყიდული აქვს 9 193 ტონა ჯართი, ღირებულებით 9 257 331 ლარი. ხოლო შესამოწმებელ პერიოდში რეალიზაცია განხორციელებული აქვს მხოლოდ შპს ,,------ზე", სულ რეალიზებულია 9 190 ტონა ჯართი, ღირებულებით 9 842 037 ლარი. გადამხდელის განმარტებით სმფ-ების ნაშთი 3 ტონა დასაწყობებულია ქ. -----ში. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შპს ,,--------ს" გაეგზავნა წერილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე შპს „------თან“ არსებული დავალიანების შესახებ (გადამხდელის ინფორმაციით მას გააჩნდა დავალიანება 149 598,10 ლარი), მაგრამ შპს ,,------ს" მიერ ინფორმაციის მოწოდება სრულყოფილად ვერ განხორციელდა, ვერ იქნა მოწოდებული ინფორმაცია დავალიანების წარმოშობის და ანაზღაურების შესახებ.

აგრეთვე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ გადამხდელთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 14 მარტის ბრძანება N4942-ით ჩატარებულია სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიხედვით, ფულადი ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით. შემოწმების მიმდინარეობისას, გადამხდელის უფლებამოსილმა პირმა წარმოადგინა ახსნა-განმარტება, სადაც აღნიშნა, რომ ბანკის სეიფში შენახული აქვს თანხა 150 000 ლარის ოდენობით, თუმცა აღნიშნული გარემოება არ დააფიქსირა სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურის დროს. შემოწმების მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შედეგად, გადამხდელმა წარმოადგინა საქართველოს ბანკის მიერ გაცემული ცნობა, სადაც მითითებულია რომ გადამხდელი სარგებლობს ინდივიდუალური სეიფით. თუმცა აღნიშნულ ცნობაში არ არის მითითებული სეიფის გახსნის თარიღი და არსებული თანხა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის დროს.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, საწარმოს დირექტორის განმარტებით, 21.10.2021- 31.12.2021 პერიოდებში შპს ,,------თვის" გადახდილია ავანსის თანხა 250 000 ლარის ოდენობით, თუმცა ჯართის მიწოდება დღემდე არ მომხდარა, ხოლო თანხის მიმღები საწარმო 2021 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდიდან აღარ ფუნქციონირებს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის რეალიზაციის და ხარჯის ამსახველი დოკუმენტაცია, რომელიც გათვალისწინებული იქნა ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის დროს, შესაბამისად პერიოდის ბოლოს დებიტორულ/კრედიტორული დავალიანებების ნაშთი ჩაითვალა 0-ის ტოლად, შესწავლის შედეგად განისაზღვრა ფულის ნაშთი, რომელიც გადამხდელს სალაროში უნდა უფიქსირდებოდეს. შედეგად, სალაროს ნაშთსა და შემოწმებით დადგენილ ნაშთს შორის სხვაობა მიჩნეულ იქნა დამატებით შემოსავლად და ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზეც არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს ფაქტობრივ ნაშთსა და შემოწმების შედეგად დადგენილ ნაშთს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის საქმიანობის საგანია შავი და ფერადი ლითონის ჯართის შესყიდვა ადგილობრივ ბაზარზე და რეალიზაცია. საწარმო შეძენა/რეალიზაციას ახორციელებს მხოლოდ დოკუმენტურად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე. შემოსავლის აღრიცხვას ახორციელებს საბანკო შემოსავლების საშუალებით. საწარმოს არ გააჩნია სალარო აპარატი. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საბანკო ანგარიშზე არსებული ფულადი ნაშთი შეადგენს 7 574 ლარს. გადამხდელთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარებულია სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, ფულადი ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით. შემოწმებით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის შესახებ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული რეალიზაციის და ხარჯის ამსახველი დოკუმენტაცია, რომელიც გათვალისწინებული იქნა ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის დროს, შესაბამისად პერიოდის ბოლოს დებიტორულ/კრედიტორული დავალიანებების ნაშთი ჩაითვალა 0-ის ტოლად, ყოველივე ზემოაღნიშნულის შესწავლის შედეგად განისაზღვრა ფულის ნაშთი, რომელიც გადამხდელს სალაროში უნდა უფიქსირდებოდეს. ზემოაღნიშნულის შედეგად, სალაროს ნაშთსა და შემოწმებით დადგენილ ნაშთს შორის სხვაობა (სულ 547 588 ლარი) მიჩნეულ იქნა დამატებით შემოსავლად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4)(9"ბ"), 101(1), 154(1"ა"), 43(4).