გადაწყვეტილება №24634/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.03.2025
№ დოკუმენტი 24634/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24634/2/2025

05 მარტი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის 20.01.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24634/2/2025).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 27.10.2023 წლის №20259/2/2023 წლის გადაწყვტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2024 წლის №052-20 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 525 071,01 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 242 345

დღგ - 58 864

მოგების გადასახადი - 141 540

საშემოსავლო გადასახადი - 41 941

ჯარიმა - 127 934

საურავი - 154 792,01

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმოს საქმიანობაა შენობების დაშლა/აღება, კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაზიდვის მომსახურების გაწევა (ძირითადად სამშენებლო ნარჩენების გადაზიდვა), მშენებარე ობიექტებისთვის ფუნდამენტის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა (საძირკველის ამოღება).

აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში საწარმოს შესახებ არსებული მონაცემების, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში არსებული ინფორმაციის და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის (საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები, ხელშეკრულებები) ანალიზის შედეგად, გამოვლინდა სხვაობა შესამოწმებელ პერიოდზე დეკლარირებულ და შემოწმებით განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის (სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში მოგებულ ტენდერებზე არ ფიქსირდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სრულად გამოწერა, ხელშეკრულების და მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე ჩარიცხულია მომსახურების თანხები, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით სხვადასხვა იურიდიული პირებისგან მიღებულია გაწეული მომსახურების თანხები, რომლებზეც ანალოგიურად არ ფიქსირდება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში დოკუმენტის გამოწერა). საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციის და საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით, შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის სხვაობაზე საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობა და გამარჯვება. ------- მერიისა და ------- რაიონული მუნიციპალიტეტებისათვის განხორციელებულია უკანონო ნაგებობების დემონტაჟის, ქ. ------ მასშტაბით გრუნტის და ნატანის გასუფთავება-გატანის სამუშაოები, დაზიანებული შენობანაგებობების ნანგრევებისგან ტერიტორიის გაწმენდის, ავარიული ელემენტების აღდგენის სამუშაოები.

გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ არის მოწოდებული ფულადი სახსრების მოძრაობის გაშიფვრა. საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის გათვალისწინებით, შეუძლებელია სამეურნეო ოპერაციებზე კონტროლი. არსებული პირველადი დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების გათვალისწინებით, მოხდა საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლის გაანგარიშება. არსებული ფულადი სახსრების საბოლოო ნაშთის დასადგენად, მიღებულ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად გაწეული ხარჯები (ჩაითვალა, რომ რეალიზებული პროდუქციიდან/გაწეული მომსახურებიდან თანხა სრულად არის ანაზღაურებული და მომწოდებლების მიმართ არსებული დავალიანებაც სრულადაა დაფარული). შემოწმების მიმდინარეობისას არ არის წარმოდგენილი დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების საწყისი/საბოლოო ნაშთები, გათვალისწინებულია საწარმოს მიერ წარმოდგენილი სალაროში არსებული ფულადი სახსრების საწყისი/საბოლოო ნაშთების მონაცემები. განკარგვადი თანხის განკარგვის თაობაზე შესაბამისი განმარტების წარუდგენლობის გამო აღნიშნული თანხა (გაანგარიშებით მიღებული ფულადი სახსრების ნაშთი) ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №052-26 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 23.06.2023 წლის №14470 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 27.10.2023 წლის №20259/2/2023 გადაწყვეტილებით მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დამადასტურებელი მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, განსაზღვრულ ვადაში მომჩივნის მიერ ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს პირველი და მეორე (დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების ნაწილში გამოვლენილი სხვაობის და განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის) სადავო საკითხები, მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 27.10.2023 წლის №20259/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2024 წლის დასკვნის მიხედვით, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგად გასაჩივრებულ საკითხზე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). კერძოდ დღგ-ის ნაწილში შემცირებას დაექვემდებარა გადასახადი 16 086 ლარი და ჯარიმა 2 636 ლარი (გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის შესწავლით დასტურდება, რომ რიგ შემთხვევებში ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გამოწერილია შეცდომით და შესაბამისად აღნიშნულ ანგარიშ-ფაქტურებში ასახული თანხები გაანგარიშებით აღარ ღებულობს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებაში მონაწილეობას).

საზოგადოების მიერ წარდგენილი ინფორმაციის (ხელშეკრულებები, შედარების აქტები და სხვა ინფორმაცია) შესწავლით დასტურდება, რომ რიგ შემთხვევაში ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურები გამოწერილია შეცდომით და შესაბამისად, აღნიშნულ ანგარიშ-ფაქტურებში ასახული თანხები აღარ ღებულობს ერთობლივი შემოსავლის გაანგარიშებაში მონაწილეობას, ასევე დამატებით დასტურდება ხელშეკრულებების საფუძველზე აქტების შეძენა და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დებიტორული დავალიანებების არსებობა, რომლებიც გაანგარიშების პროცესში გათვალისწინებულ იქნა სრულად. გადამხდელის წერილობითი პოზიციის გათვალისწინებით, ასევე განხორციელდა გაანგარიშებით მიღებული ფულადი სახსრების ნაშთის კვალიფიკაციის ცვლილება და განხილულ იქნა როგორც გაცემული დივიდენდი, აღნიშნულმა გარემოებამ გამოიწვია მოგების გადასახადში დამატებითი დარიცხვა გადასახადში 141 540 ლარის, ხოლო ჯარიმის ნაწილში 70 770 ლარის ოდენობით. საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შემცირებას დაექვემდებარა გადასახადი 219 136 ლარი და ჯარიმა 109 569 ლარი.

აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2024 წლის №052-20 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების პროცესში საწარმოს ემსახურებოდა ბუღალტერი, რომელიც სრულად არ იყო ჩართული და სრულყოფილად არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან. კერძოდ მის მიერ შემოწმებისთვის არ ყოფილა წარდგენილი სათანადო დოკუმენტაცია, რის გამოც საწარმოს დაეკისრა დამატებით საგადასახადო ვალდებულებები. კომპანიის დირექტორი შემოწმებაში ჩაერთო შემოწმების დასრულებისას და შესაძლოდ მოკლე ვადაში წარადგინა ახსნა-განმარტებები და დოკუმენტაცია. მოცემულ შემთხვევაში, კომპანია მაქსიმალურად ეცადა მოეკვლია დასაბეგრი ობიექტის დადგენის საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტაცია.

საგადასახადო შემოწმების აქტის გაანგარიშების შესახებ გამოცემულ დასკვნაში არ ჩანს სრულად იქნა თუ არა გათვალისწინებული კომპანიის მიერ წარდგენილი ყველა ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ამასთან, შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში აღნიშნული იყო, რომ რიგ შემთხვევებში გარკვეულ ტენდერებზე მომსახურების გაწევის ფარგლებში გამოწერილ ელ. ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული თანხები ჯამური მონაცემი აღემატებოდა სატენდერო ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თანხების ჯამს. თუმცა, ვინაიდან ანგარიშ-ფაქტურებს ჰქონდათ აქტიურის სტატუსი (არ იყო გაუქმებული) ჩაითვალა, რომ ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული საკომპენსაციო ღირებულების ფარგლებში განხორციელდა მომსახურების გაწევა და თანხაც სრულად იქნა მიღებული. აღნიშნულზე მიუთითებს, რომ მისთვის არ იყო იდენტიფიცირებული მოცემული შემთხვევები, ასევე, როგორც განაცხადა ბუღალტრის მიერ გარკვეულ შემთხვევებში დაშვებული იყო შეცდომები. რეალურად იმაზე მეტს ვერ გაწევდა, რაც იყო განსაზღვრული ხელშეკრულებებით და შემდგომში ასახული მიღება-ჩაბარების აქტებში.

მოცემულმა თანხებმა მონაწილეობა მიიღო ფულის ნაშთის გაანგარიშებაში, რაც ფაქტობრივად არარეალურია, ვინაიდან იმგვარი თანხები, რაც ფაქტობრივად არ ყოფილა მიღებული კომპანიის მიერ, არ უნდა იღებდეს მონაწილეობას ფულის ნაშთში და დასაბეგრ ბაზაში. მოცემულ საკითხთან მიმართებით არ არის ნათელი შემოწმების მიერ განხორციელდა თუ რა ხსენებული თანხების დასაბეგრი ბაზიდან ამოღება.

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 53-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ არის გამოცემული კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ამდენად ისინი უნდა დაექვემდებაროს გაუქმებას და შესაბამისად გაუქმდეს დარიცხული თანხები.

საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლების შესაძლებლობას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

შემოწმებით გამოვლენილი დარღვევები არ არის განხორციელებული კომპანიის განზრახვით და არ ყოფილა მიზანმიმართული. შესაბამისად, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმით, როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი უნდა გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნაში ასახული სანქციისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლი პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში მოგებულ ტენდერებზე მომჩივნის მიერ არ ფიქსირდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სრულად გამოწერა, ხელშეკრულების და მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე ჩარიცხულია მომსახურების თანხები, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით სხვადასხვა იურიდიული პირებისგან მიღებულია გაწეული მომსახურების თანხები, რომლებზეც ანალოგიურად არ ფიქსირდება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში დოკუმენტის გამოწერა. თბილისის მერიისა და თბილისის რაიონული მუნიციპალიტეტებისათვის გაწეულია ნაგებობების დემონტაჟის, გრუნტის და ნატანის გასუფთავება-გატანის, დაზიანებული შენობა-ნაგებობების ნანგრევებისგან ტერიტორიის გაწმენდის და ავარიული ელემენტების აღდგენის სამუშაოები. გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ არის მოწოდებული ფულადი სახსრების მოძრაობის გაშიფვრა. შემოწმების შედეგად, გაანგარიშებით მიღებულია ფულადი სახსრების ნაშთი.

საბჭოს 27.10.2023 წლის №20259/2/2023 გადაწყვეტილებით მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დამადასტურებელი მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, განსაზღვრულ ვადაში მომჩივნის მიერ ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს პირველი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების ნაწილში გამოვლენილი სხვაობის და განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხები მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2024 წლის დასკვნის მიხედვით, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგად გასაჩივრებულ საკითხზე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის შესწავლით დასტურდება, რომ რიგ შემთხვევებში ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გამოწერილია შეცდომით და შესაბამისად აღნიშნულ ანგარიშ-ფაქტურებში ასახული თანხები გაანგარიშებით აღარ ღებულობს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებაში მონაწილეობას.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.

აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2024 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 27.10.2023 წლის №20259/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

მომჩივანი ითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. საბჭო მიუთითებს, რომ მომჩივნის მოთხოვნა სანქციისგან გათავისუფლებაზე დაფიქსირებულია საბჭოს 27.10.2023 წლის №20259/2/2023 გადაწყვეტილებაშიც, რომლითაც მომჩივნის აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ასევე, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 27.10.2023 წლის №20259/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 27.10.2023 წლის №20259/2/2023 წლის გადაწყვტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში მოგებულ ტენდერებზე მომჩივნის მიერ არ ფიქსირდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სრულად გამოწერა, ხელშეკრულების და მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე ჩარიცხულია მომსახურების თანხები, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით სხვადასხვა იურიდიული პირებისგან მიღებულია გაწეული მომსახურების თანხები, რომლებზეც ანალოგიურად არ ფიქსირდება დოკუმენტის გამოწერა. გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ არის მოწოდებული ფულადი სახსრების მოძრაობის გაშიფვრა. შემოწმების შედეგად, გაანგარიშებით მიღებულია ფულადი სახსრების ნაშთი. აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2024 წლის დასკვნის მიხედვით, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგად გასაჩივრებულ საკითხზე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). რიგ შემთხვევებში ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გამოწერილია შეცდომით და შესაბამისად აღნიშნულ ანგარიშ-ფაქტურებში ასახული თანხები გაანგარიშებით აღარ ღებულობს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებაში მონაწილეობას.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2024 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 27.10.2023 წლის №20259/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;304(21)