გადაწყვეტილება №22620/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22620/2/2024
16 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ის 19.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22620/2/2024).
დავის საგანი:
საქონლის სეს ესნ კოდის შეცვლა და შედეგად დარიცხული დღგ.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 3.01.2024 წლის №14297117 შეტყობინება;
2. შემოსავლების სამსახურის 28.02.2024 წლის №4357 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 7 488.75 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 7 481.75
იმპორტის გადასახადი - 7
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
3.01.2024 წელს კომპანიის მომართვის საფუძველზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „---ის“ მიერ შევსებულია №--- საქონლის საბაჟო დეკლარაცია და აღნიშნული პირის სახელზე თურქეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი, 12 978 ევროს ღირებულების საქონელი (80 ერთეული ჰიალურონის მჟავისა და სოდიუმის ციტრატის ნაერთი BCT-HA-3, 2 ერთეული პლასტმასის მილი, 13 ერთეული ბროშურა, 2 ერთეული ცენტრიფუგა) დეკლარირებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში. საბაჟო დეკლარაციის პირველ პოზიციაში დეკლარირებული საქონლის (ჰიალურონის მჟავისა და სოდიუმის ციტრატის ნაერთი BCT-HA-3) სასაქონლო კოდად მითითებულ იქნა 3824 99 960 09, რომელიც საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით იბეგრება დღგ-ით. მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მეშვეობით აღნიშნული დეკლარაციის დამუშავებისას, მასში მითითებული მონაცემების იმპორტის გადასახდელზე საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის გამო, დეკლარაციისათვის განისაზღვრა „ყვითელ დერეფანი“ და საქონელი „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისა და საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურების შესახებ“ (დანართი №12) ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქონელი დაექვემდებარა გარანტიის წარდგენით, კუთვნილი იმპორტის გადასახდელის სრულად გადახდით ან იმპორტის გადასახდელის ნაწილზე გარანტიის წარდგენითა და დანარჩენ ნაწილზე თანხის გადახდით გაშვებას. იმავე დღეს, საბაჟო დეკლარაციით დარიცხული იმპორტის გადასახდელის (დღგ - 7 481.75 ლარი და იმპორტის გადასახადი - 7 ლარი) სრულად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, მიღებულ იქნა დეკლარირებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების გადაწყვეტილება (---, 03.01.2024) და საქონელმა და სატრანსპორტო საშუალებამ დატოვა საბაჟო კონტროლის ზონა.
საბაჟო დეპარტამენტის 3.01.2024 წლის №--- შეტყობინება, №--- საბაჟო დეკლარაციაში მითითებული მონაცემის და დარიცხულ დღგ-ის სისწორე 2.02.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 28.02.2024 წლის №4357 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დადგენილია, რომ კომპანიის მიერ ექსპერტიზისთვის წარდგენილი იყო ჰიალურონის მჟავის ფუძეზე დამზადებული ქიმიურ ნივთიერებათა ნარევი კომერციულის დასახელებით - BCT-HA-3. დაფასოებული სინჯარაში, რომელიც გამოიყენება მუხლში სახსარშიდა ინექციების მოსამზადებლად, სახსრების ტკივილის სიმპტომური მკურნალობის გასაუმჯობესებლად. ასევე გამოიყენება ინტრადერმული ინექციების მოსამზადებლად, დეჰიდრატირებული (გამომშრალი) და დანაოჭებული კანის ქსოვილების დასატენიანებლად. შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მე-3 მუხლის „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესების“ და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მისი კლასიფიცირება 3824 99 960 09 სასაქონლო პოზიციაში მართლზომიერია. საგულისხმოა ასევე, რომ კომპანიის მიმართვის საფუძველზე, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 19.12.2023 წლის №011644/2023 ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ანალოგიურ საქონელზე განსაზღვრულია 3824 99 960 09 სასაქონლო კოდი.
3.01.2024 წლის №14297117 შეტყობინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ინფორმაციული ხასიათის მქონე წერილს, რომლითაც დეკლარანტს წერილობით ეცნობება კონკრეტული საბაჟო დეკლარაციით დარიცხული/გადასახდელი იმპორტის გადასახდელის და/ან მომსახურების საფასურის ოდენობა და მისი გადახდის ბოლო ვადა.
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ 3.01.2024 წლის №---- საქონლის საბაჟო დეკლარაციაში მითითებული მონაცემი (სეს ესნ), დარიცხული იმპორტის გადასახდელი და 3.01.2024 წლის №14297117 შეტყობინება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აღნიშნული საქონელი არის შვეიცარიული წარმოშობის სამედიცინო დანიშნულების (Medical Device), მისი სასაქონლო კოდი არის 90183900, რაც დასტურდება შვეიცარიის შესაბამისი სამსახურის ექსპორტის დეკლარაციით, თურქეთის შესაბამისი სამსახურის რეექსპორტის დეკლარაციით და EUR-1 სერტიფიკატით, ხოლო რატომ მოხდა ახალი სასაქონლო კოდის განსაზღვრა საბაჟო სამსახურის მიერ გაურკვეველია. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს სადავო შეტყობინების და ბრძანების ბათილად ცნობას და მოხდეს საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა. საქონლის კოდად განისაზღვროს 90183900 და მოეხსნას უკანონოდ დარიცხული დღგ 6 360,58 ლარის ოდენობით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 35-ე მუხლის მიხედვით:
1. საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე, რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
2. სეს ესნ არის სასაქონლო კლასიფიკაციის კოდების სისტემა, რომელიც შეესაბამება „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ნომენკლატურას და დეტალიზებულია თერთმეტი ნიშნით, ეროვნული ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით.
3. საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს სეს ესნ-ის შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი.
4. საბაჟო ორგანო აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით:
1. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნულ სასაქონლო ნომენკლატურაში (სეს ესნ) საქონლის კლასიფიკაცია უნდა ხორციელდებოდეს ამ მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.
2. კარების, ჯგუფებისა და ქვეჯგუფების სახელწოდებები მოცემულია მხოლოდ ინფორმაციის ძიების გასაადვილებლად. იურიდიული მიზნებისთვის, საქონლის კლასიფიკაცია განისაზღვრება სასაქონლო პოზიციების ტექსტების მიხედვით და შესაბამისი კარისა და ჯგუფის შენიშვნებით და, თუ ამ ტექსტებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
აღნიშნული ნომენკლატურის მიხედვით: ჯგუფი 90 ინსტრუმენტები და აპარატები ოპტიკური, ფოტოგრაფიული, კინემატოგრაფიული, საზომი, საკონტროლო, პრეციზიული, სამედიცინო ან ქირურგიული; მათი ნაწილები და საკუთნოები 9018 ხელსაწყოები და მოწყობილობები, მედიცინაში, ქირურგიაში, სტომატოლოგიაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი, სცინტიგრაფიული აპარატურის ჩათვლით, ელექტროსამედიცინო აპარატურა დანარჩენი და მხედველობის გამოსაკვლევი ხელსაწყოები: 9018 39 000 00 – – დანარჩენი. ჯგუფი 38 დანარჩენი ქიმიური პროდუქტები 3824 მზა შემკვრელი ნივთიერებები, სამსხმელო ფორმებისა ან ღერძების წარმოებისათვის; ქიმიური პროდუქტები და პრეპარატები, ქიმიური ან მისი მომიჯნავე მრეწველობის დარგების მიერ წარმოებული (ბუნებრივი პროდუქტების ნარევისაგან შედგენილი პრეპარატების ჩათვლით), სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი: 3824 99 – – დანარჩენი: 3824 99 96 – – – – – დანარჩენი: 3824 99 960 09 – – – – – – დანარჩენი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით დღგ-ისგან გათავისუფლებულია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სეს ესნ-ის 2844 კოდით გათვალისწინებული რადიოფარმპრეპარატების, სეს ესნ-ის 8419 20 000 00, 9001 30 000 00, 9001 40 და 9001 50 კოდებით, სეს ესნის 9018–9022 კოდებით (გარდა 9022 29 000 00 კოდისა), 9025 11 200 00 და 9402 90 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის, სეს ესნ-ის 8713 და 8714 20 000 00 კოდებით გათვალისწინებული ეტლებისა და მათი ნაწილების და საკუთნოების, სამედიცინო დანიშნულების რენტგენის ფირების, სამედიცინო დანიშნულების სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების, გლუკომეტრების (რომელთა ტესტსისტემები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერაა რეგისტრირებული) იმპორტი.
3.01.2024 წელს კომპანიის მიმართვის საფუძველზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „---ის“ მიერ შეივსო №--- საქონლის საბაჟო დეკლარაცია და აღნიშნული პირის სახელზე თურქეთის 4 რესპუბლიკიდან შემოტანილი, 12 978 ევროს ღირებულების საქონელი (80 ერთეული ჰიალურონის მჟავისა და სოდიუმის ციტრატის ნაერთი BCT-HA-3, 2 ერთეული პლასტმასის მილი, 13 ერთეული ბროშურა, 2 ერთეული ცენტრიფუგა) დეკლარირებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში. საბაჟო დეკლარაციის პირველ პოზიციაში დეკლარირებული საქონლის (ჰიალურონის მჟავისა და სოდიუმის ციტრატის ნაერთი BCT-HA-3) სასაქონლო კოდად მიეთითა 3824 99 960 09, რომლის საფუძველზეც იმპორტირებული საქონელი დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.
მომჩივნის განმარტებით აღნიშნული საქონელი არის შვეიცარიული წარმოშობის სამედიცინო დანიშნულების (Medical Device), მისი სასაქონლო კოდი არის 90183900, რაც დასტურდება შვეიცარიის შესაბამისი სამსახურის ექსპორტის დეკლარაციით, თურქეთის შესაბამისი სამსახურის რეექსპორტის დეკლარაციით და EUR-1 სერტიფიკატით. კომპანიის მიმართვის საფუძველზე, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 19.12.2023 წლის №011644/2023 ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ანალოგიურ საქონელზე (ქიმიურ ნივთიერებათა ნაერთი BCT-HA-3 გამოიყენება მუხლში სახსარში და ინექციების მოსამზადებლად, სახსრების ტკივილის სიმპტომური მკურნალობის გასაუმჯობესებლად. ასევე, გამოიყენება ინტრადერმული ინექციების მოსამზადებლად, დეჰიდრატირებული და დანაოჭებული კანის ქსოვილების დასატენიანებლად) განისაზღვრა 3824 99 960 09 სასაქონლო კოდი.
3.01.2024 წლის №14297117 შეტყობინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ინფორმაციული ხასიათის მქონე წერილს, რომლითაც დეკლარანტს წერილობით ეცნობება კონკრეტული საბაჟო დეკლარაციით დარიცხული/გადასახდელი იმპორტის გადასახდელის და/ან მომსახურების საფასურის ოდენობა და მისი გადახდის ბოლო ვადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი ვერ წარმოადგენს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელ მტკიცებულებას, ხოლო კოდის განსაზღვრასთან დაკავშირებით დამატებით წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 19.12.2023 წლის №011644/2023 ექსპერტიზის დასკვნა, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
საქონლის სეს ესნ კოდის შეცვლა და შედეგად დარიცხული დღგ.
ფაქტობრივი გარემოებები
საბაჟო დეკლარაციის პირველ პოზიციაში დეკლარირებული საქონლის (ჰიალურონის მჟავისა და სოდიუმის ციტრატის ნაერთი BCT-HA-3) სასაქონლო კოდად მითითებულ იქნა 3824 99 960 09, რომელიც საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით იბეგრება დღგ-ით. მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მეშვეობით აღნიშნული დეკლარაციის დამუშავებისას, მასში მითითებული მონაცემების იმპორტის გადასახდელზე საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის გამო, დეკლარაციისათვის განისაზღვრა „ყვითელ დერეფანი“ და საქონელი დაექვემდებარა გარანტიის წარდგენით, კუთვნილი იმპორტის გადასახდელის სრულად გადახდით ან იმპორტის გადასახდელის ნაწილზე გარანტიის წარდგენითა და დანარჩენ ნაწილზე თანხის გადახდით გაშვებას. იმავე დღეს, საბაჟო დეკლარაციით დარიცხული იმპორტის გადასახდელის (დღგ - 7 481.75 ლარი და იმპორტის გადასახადი - 7 ლარი) სრულად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, მიღებულ იქნა დეკლარირებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების გადაწყვეტილება და საქონელმა და სატრანსპორტო საშუალებამ დატოვა საბაჟო კონტროლის ზონა.
საბაჟო დეპარტამენტის 3.01.2024 წლის შეტყობინება, საბაჟო დეკლარაციაში მითითებული მონაცემის და დარიცხულ დღგ-ის სისწორე 2.02.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 28.02.2024 წლის №4357 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 173.
საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 35.