ბრძანება N 12182

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.06.2025
№ დოკუმენტი 12182
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 12182

11 ივნისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

-------ის (პ/ნ ------)

(მის.: -------)

2025 წლის 21 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 6 ივნისის სხდომაზე (ოქმი №47) განიხილა ------ის (პ/ნ ------) №95826/1/2025 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 20 მაისის №EL285420 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ კონტეინერის ტარისა და ტანსაცმლის წონა ჯამში შეადგენდა 5320კგ, (2100 კგ არის კონტეინერის ტარის წონა, რასაც ადასტურებს, მაერსკის საიტზე ოფიციალური ჩანაწერი). ამის საფუძველზე მომწოდებლმა, მიიღო ინფორმაცია, რომ ტანსაცმლის ჯამური წონა იყო 5320-2100=3220 კგ. რის საფუძვლეზეც დამზადდა ინვოისი და “ფექინ ლისტიც“. კონტეინერი მოხვდა “წითელ დერეფანში” და დაინიშნა ექსპერტიზა. მანამდე კი კონტეინერი აიწონა, რითიც დადგინდა, რომ ტანსაცმლის წონა შეადგენდა არა 3220კგ, არამედ 4200კგ. ამის შემდეგ, საბაჟო წარმომადგენელთან ერთად გაიხსნა კონტეინერი და მოხდა ტვირთის ხელახალი აწონვა, რის შედეგად დაფიქსირდა 3605 კგ, ნაცვლად 4200 კგ-სა. აღნიშნული აღმოჩნდა შეღავათი ჯარიმის დაწერის პროცესში, რადგან ამ მომანცემებით ზედმეტობა კილოგრამებში იყო 385 კგ ნაცვლად 980 კგ-სა. წონის გადამეტების გარდა, კონტეინერში აღმოჩნდა ისეთი საქონელიც, რომელიც გათვალისწინებული არ იყო, არც ფექინგში და არც ინვოისში, რაც არის მომწოდებლის/მომჩივნის ბრალეულობა და ამ ნაწილში ჯარიმას ეთანხმება, თუმცა, წონაში სხვაობას, ვერ ადასტურებს, რადგან კონტეინერი აწონილი იყო უფლებამოსილი ორგანოს მიერ იტალიაში, რომელსაც აქვს მტკიცებითი ძალა. შესაბამისად, არ ჰქონდა ალტერნატივა, რომ არ ეხელმძღვანელა ამ წონით. მომჩივანი მიუთითებს, რომ ტანსაცმელიც და მუყაოს ყუთებიც გზაში გახდა ნესტიანი, რაც გახადა მისი დამძიმების საფუძველი.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს ტვირთის წონის გადამეტების ნაწილში, სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 8 მაისს საჩივრის ავტორის მიერ №11117/C49726 საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დადეკლარირდა 21014.57 ლარის საბაჟო ღირებულების მ/მ ტანსაცმელი, საერთო წონა 3 220 კგ. აღნიშნული დეკლარაციისთვის მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ განისაზღვრა „წითელი დერეფანი“

გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება და საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც დეკლარირებულ საქონელთან ერთად, აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი (მ/მ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და თეთრეული – 385 კგ; მ/მ ტექსტილის ჩანთები – 104 ცალი; მ/მ მობილური ტელეფონი – 32 ცალი; ჰიგიენური საფენი – 7 კგ; მ/მ ბეწვა ხერხი ელექტრო – 1 ცალი; მ/მ მინის თეფში – 3 ცალი; მ/მ წვენსაწუნი – 1 ცალი; ლითონის ქვაბების ნაკრები – 1 კომპლექტი; მ/მ მაგიდის საათი – 1 ცალი; სუნამო – 1 ცალი; პლასტმასის ერთჯერადი კოვზი და ჩანგალი – 0.2 კგ; ლითონის სამზარეულო ნაწარმი – 0.5კგ; მ/მ პლასტმასის სამზარეულოს ნაწარმი – 1 კგ; მ/მ სურათი – 1 ცალი), საერთო წონა 492.17 კგ

საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2025 წლის 14 მაისის №004743/2025 დასკვნის მიხედვით, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა 3800.5 ლარი.

ვინაიდან საჩივრის ავტორის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 20 მაისს შედგენილ იქნა №EL285420 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც საჩივრის ავტორის (პ/ნ -----) დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 3800.5 ლარის (საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტი) ოდენობით.

2025 წლის 20 მაისს გაუქმდა №11117/C49726 საბაჟო დეკლარაცია. დეკლარირებული და არდეკლარირებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით კი დარეგისტრირდა №11113/C3687 საბაჟო დეკლარაცია.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

დადგენილია, რომ საჩივრის ავტორის (პ/ნ ----) მიერ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დადეკლარირდა 21014.57 ლარის საბაჟო ღირებულების მ/მ ტანსაცმელი, საერთო წონა 3 220 კგ. აღნიშნული დეკლარაციისთვის მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ განისაზღვრა „წითელი დერეფანი“.

ასევე დადგენილია, რომ დეკლარირებულ საქონელთან ერთად, აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა დასახელების 3800.5 ლარის საბაჟო ღირებულების არადეკლარირებული საქონელი საერთო წონით 492.17 კგ. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ------ის (პ/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ.№16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი ითხოვს ტვირთის წონის გადამეტების ნაწილში, სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საჩივრის ავტორის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 20 მაისს შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც გადამხდელს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 3800.5 ლარის (საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტი) ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 168 (1).