ბრძანება N 21967
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21967
17 ოქტომბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----“ (ს/ნ -----) (მის.: ----- )
2025 წლის 24 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 10 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი N 86) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) N 150293/21-11 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულ საურავს.
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ მის მიზანს არასდროს წარმოადგენდა საგადასახადო ვალდებულებებისგან თავის არიდება, ამიტომ, როგორც კეთილსინდისიერმა გადამხდელმა, საჭიროდ ჩათვალა, შეესწავლა კომპანიის საქმიანობა საგადასახადო რისკების სრულად გამოვლენისა და აღმოფხვრის მიზნით, რისთვისაც მოიწვია დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია.
აუდიტორული კომპანიის მიერ ჩატარებული შემოწმების საფუძველზე, დააზუსტეს დეკლარაციები და აღიარეს კუთვნილი საგადასახადო დავალიანება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ოდენობით აღიარებული საგადასახადო დავალიანების წარმოქმნა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.
გადამხდელი იღებს ვალდებულებას, რომ 2025 წლის ბოლომდე დაფარავს 400 000 ლარს (მათ შორის, გადასახადს 375 650.74 ლარს) და ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს დაკისრებული საურავისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვითა და მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დგინდება, რომ შპს „-----“ (ს/ნ ----- ) მიერ 2025 წლის 23 ივნისს წარმოდგენილია გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დაზუსტებული დეკლარაციები: 2022 წლის იანვარი-მარტი, მაისი-დეკემბერი; 2023 წლის იანვარი - ივლისი, სექტემბერი, ნოემბერი; 2024 წლის თებერვალი - ივნისი.
2025 წლის 23 ივნისს ასევე წარმოდგენილია გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების 2024 წლის დეკემბრის პირველადი დეკლარაცია ბიუჯეტში გადასახდელი თანხით 8 903.34 ლარი.
ზემოაღნიშნული დეკლარაციების საფუძველზე ბიუჯეტში გადასახდელი თანხა წინა დეკლარაციებთან შედარებით გაზრდილია ჯამურად 197 226.55 ლარით. ასევე, შემცირებულია 2024 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდზე დარიცხული სავარაუდო 10 000 ლარი.
დეკლარაციების დაზუსტებამდე, 2025 წლის 22 ივნისის მდგომარეობით, შპს „-----“ (ს/ნ -----) ერიცხება საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 179 025.56 ლარი, ჯარიმა 49 588.71 ლარი, საურავი 62 375.42 ლარი და დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული ჯარიმა 100 ლარი.
დეკლარაციების დაზუსტებამ ერთი დღის შედარების აქტის მიხედვით, 2025 წლის 23 ივნისიდან - 2025 წლის 24 ივნისამდე, გამოიწვია ძირითადი დავალიანების დარიცხვა 187 226.55 ლარის ოდენობით, ასევე დარიცხულია საურავი 89 036.10 ლარის ოდენობით, რისი გათვალისწინებით, დეკლარაციების დაზუსტებების შედეგად, 2025 წლის 23 ივნისის მდგომარეობით, გადამხდელს ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 366 273.79 ლარი, ჯარიმა 49 588.71 ლარი, საურავი 151 389.82 ლარი და დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული - ჯარიმა 100 ლარი.
2025 წლის 24 ივნისი - 2025 წლის 25 სექტემბრის პერიოდში დარიცხულია სულ: გადასახადი 294 705.93 ლარი, ჯარიმა 1 725.45 ლარი, ასევე დარიცხულია საურავი 15 064.12 ლარი. გადახდილია 285 328.98 ლარი, რისი გათვალისწინებით, 2025 წლის 25 სექტემბრის მდგომარეობით, გადამხდელს ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 375 650.74 ლარი, ჯარიმა 51 314.16 ლარი, საურავი 166 453.95 ლარი და დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული - ჯარიმა 400 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2025 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით შპს „-----“ (ს/ნ -----) ერიცხება საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 375 650.74 ლარი, ჯარიმა 51 714.16 ლარი, საურავი 169 271.33 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულებად ითვლება პირის ვალდებულება, გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული, აგრეთვე ამ კოდექსით დაწესებული და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შემოღებული გადასახადი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს საგადასახადო ვალდებულება ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების შესრულებად ითვლება გადასახადის თანხის დადგენილ ვადაში გადახდა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავი მართლზომიერია და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს დაკისრებული საურავისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
მომჩივანის მხრიდან წარმოდგენილია გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დაზუსტებული დეკლარაციები. რის საფუძველზეც ბიუჯეტში გადასახდელი თანხა წინა დეკლარაციებთან შედარებით გაზრდილია ჯამურად 197 226.55 ლარით ასევე, შემცირებულია 2024 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდზე დარიცხული სავარაუდო 10 000 ლარი.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავი მართლზომიერია და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 270;