ბრძანება N 4841
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 4841
05 მარტი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ „-------“-ის (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2024 წლის 17 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის პირველი თებერვლის (ოქმი №9) და 15 თებერვლის სხდომებზე (ოქმი №15) განიხილა ი/მ „-------“-ის (ს/ნ -------) №86854/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 დეკემბრის №006-643 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების განმახორციელებელი პირის მიერ სათამაშო ბარათზე თამაშისთვის დარიცხული თანხის მომსახურების ანაზღაურებად განხილვას და შესაბამისად დარიცხულ საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადებს. აცხადებს, რომ დამკვეთის მიერ ჩარიცხული თანხა სრულად იხარჯება გრაფიკის შესაბამისად სლოტ თამაშების პირდაპირი ეთერით ტრანსლირების დროს და განკუთვნილია სისტემურელექტრონული ფორმით თამაშობების განმახორციელებელი პირების საკუთრებაში არსებული სავაჭრო ბრენდის პოპულარიზაციის მიზნით მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და მოზიდვისთვის. განმარტავს, რომ აღნიშნული ბალანსის განკარგვის უფლება მოთამაშეს ხელშეკრულების შესაბამისად არ აქვს და მიიჩნევს, რომ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ მიღებულ ანაზღაურებად შესაძლოა ჩაითვალოს მის მიერ საბანკო ანგარიშზე გადატანილი თანხები, რისი ოდენობაც მკაცრად განსაზღვრულია ხელშეკრულების შესაბამისად. ამასთან, აღნიშნავს, რომ სისტემურ-ელექტრონული თამაშობის განმახორციელებელი პირების მიერ სათამაშო ბარათზე სათამაშოდ დარიცხული ბალანსი ყოველთვის აღემატება თანხას, რომლის გატანის უფლებაც აქვს მოგების შედეგად.
2. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულია 2022 წლის 29 დეკემბრიდან. შემოწმების მიერ ერთობლივ შემოსავალში ჩართულია რეგისტრაციამდე მიღებული რამდენიმე ანაზღაურება, მათ შორის ისეთიც, რომელიც გადახდის წყაროსთან იყო დაბეგრილი.
3. გადასახადის გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მაისის №12010 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ „-------“-ის (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 12 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 18 დეკემბრის №31735 ბრძანება და ამავე თარიღის №006-643 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 376 506 ლარი, მათ შორის გადასახადი 261 800 ლარი, ჯარიმა 73 286 ლარი, საურავი 41 420 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
● საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ------- სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე №-------. ი/მ ------- გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2013 წლის 5 ივნისიდან. საქმიანობის სფეროდ უფიქსირდება აზარტული თამაშების საქმიანობები. საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ ი/მ ------- ახორციელებს სხვადასხვა მარტკეტინგული მომსახურების (მათ შორის, „------- მომსახურების“) გაწევას კერძო კომპანიებთან. შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე მესამე მხარეებისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია და მასალები ი/მ ------- მიერ გაწეულ მომსახურებებთან/ანაზღაურებულ თანხებთან (მათ შორის, „------- მომსახურების“ ნაწილში) დაკავშირებით. მესამე მხარეებისგან მოწოდებული ინფორმაციის, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საქმიანობასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების/ინვოისების და საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ ი/მ ------- ხელშეკრულებების საფუძველზე (ხელშეკრულება სარეკლამო მომსახურების გაწევის თაობაზე; ------- მომსახურების ხელშეკრულება) „-------“ მომსახურებას უწევს სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების განმახორციელებელ პირებს. ------- გულისხმობს დამკვეთების (სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების განმახორციელებელ პირები) საკუთრებაში არსებული სავაჭრო ბრენდის პოპულარიზაციის მიზნით (მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება და მოზიდვა) ------- გრაფიკის შესაბამისად, ლაივ ------- განხორციელებას (სლოტ თამაშების პირდაპირი ეთერით ტრანსლირება). მოთამაშეს დამკვეთის ვებ-გვერდზე რეგისტრირებულ სათამაშო ანგარიშზე, დამკვეთის მიერ ერიცხება გარკვეული თანხა სათამაშოდ. აღნიშნული თანხა წარმოადგენს ------- თამაშობის მოწყობისათვის საჭირო სახსრებს, რის განკარგვასაც ------- ახდენს მის მიერ შერჩეულ სლოტ თამაშებში.
შემოწმების მიერ განსაზღვრულ იქნა მეწარმის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი მომსახურების, მათ შორის „-------“ მომსახურების გაწევის შედეგად დასაბეგრი ოპერაციების (სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების განმახორციელებელი პირებისგან მიღებული თანხები, რაც განხილურია დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად) თანხა. მეწარმის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების და მათი ჯამური ღირებულების (12 უწყვეტ კალენდარულ თვეში) გათვალისიწინებით, ი/მ ------- წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება (2022 წლის 12 იანვარს). გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
● საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ ი/მ ------- შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება გაწეული მომსახურებიდან (მათ შორის, „------- მომსახურებიდან“) მიღებული შემოსავალი. გადასახადის გადამხდელს მიღებული შემოსავლები დეკლარირებული არ აქვს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით, მესამე მხარეებისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია და მასალები ი/მ ------- მიერ გაწეულ მომსახურებებთან/ანაზღაურებულ თანხებთან (მათ შორის, „------- მომსახურების“ ნაწილში) დაკავშირებით. მესამე მხარეებისგან მოწოდებული ინფორმაციის, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საქმიანობასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების/ინვოისების და საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ ი/მ ------- მიერ დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განსხვავდება შემოწმებით დადგენილისაგან. აღნიშნულის გათვალისწინებით, პირს წარმოეშვა საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მომსახურების გაწევად განიხილება პირის მიერ სხვა პირისთვის მისივე ნებით, კომპენსაციის სანაცვლოდ ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე ნაწილის პირველი „დ“ ქვეპუნქტის თანახამდ, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც, მესამე მხარეებისგან გამოთხოვილი ინფორმაციის, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საქმიანობასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების/ინვოისების და საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ ი/მ ------- ხელშეკრულებების საფუძველზე (ხელშეკრულება სარეკლამო მომსახურების გაწევის თაობაზე; „-------“ მომსახურების ხელშეკრულება) „-------“ მომსახურებას უწევს სისტემურელექტრონული ფორმით თამაშობების განმახორციელებელ პირებს. „-------“ გულისხმობს დამკვეთების საკუთრებაში არსებული სავაჭრო ბრენდის პოპულარიზაციის მიზნით (მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება და მოზიდვა) ------- გრაფიკის შესაბამისად, ლაივ ------- განხორციელებას (სლოტ თამაშების პირდაპირი ეთერით ტრანსლირება). მოთამაშეს დამკვეთის ვებ-გვერდზე რეგისტრირებულ სათამაშო ანგარიშზე დამკვეთის მიერ ერიცხება გარკვეული თანხა სათამაშოდ. აღნიშნული თანხა წარმოადგენს „-------“ თამაშობის მოწყობისათვის საჭირო სახსრებს, რის განკარგვასაც „-------“ ახდენს მის მიერ შერჩეულ სლოტ თამაშებში. შესაბამისად, შემოწმების შედეგად მეწარმის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი მომსახურების, მათ შორის „-------“ მომსახურების გაწევის შედეგად დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხები განისაზღვრა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების განმახორციელებელი პირებისგან სათამაშოდ მიღებული თანხების ოდენობით. შედეგად, განისაზღვრა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი. ამასთან, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან, საგადასახადო შემოწმების მიერ დადგენილი და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განსხვავდება ერთმანეთისგან, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს შემდეგი სახის ოპერაციას, კერძოდ, სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების განმახორციელებელი პირის მიერ ჩარიცხული თანხის სანაცვლოდ ფიზიკურ პირს ეკისრება გარკვეული სახის მოქმედების შესრულება და ამ მოქმედების შესრულება ხდება ფიზიკური პირის მხრიდან „-------“ თამაშობის მოწყობით. შესაბამისად, სახეზეა მომსახურების გაწევა, რაც კანონმდებლობის მიხედვით წარმოადგენს დასაბეგრ ოპერაციას.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულია 2022 წლის 29 დეკემბრიდან. შემოწმების მიერ კი ერთობლივ შემოსავალში ჩართულია რეგისტრაციამდე მიღებული რამდენიმე ანაზღაურება, მათ შორის ისეთიც, რომელიც დაბეგრილია გადახდის წყაროსთან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების განმახორციელებელი პირის მიერ სათამაშო ბარათზე თამაშისთვის დარიცხული თანხის მომსახურების ანაზღაურებად განხილვას.
2. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმების მიერ ერთობლივ შემოსავალში ჩართულია ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციამდე მიღებული რამდენიმე ანაზღაურება, მათ შორის ისეთიც, რომელიც გადახდის წყაროსთან იყო დაბეგრილი.
3. გადასახადის გადამხდელი, ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც, მესამე მხარეებისგან გამოთხოვილი ინფორმაციის, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საქმიანობასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების/ინვოისების და საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ მეწარმე ხელშეკრულებების საფუძველზე მომსახურებას უწევს სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების განმახორციელებელ პირებს. შემოწმების შედეგად მეწარმის მიერ შესამოწმებელ პერიოდში, დღგ-ით დასაბეგრი თანხები განისაზღვრა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების განმახორციელებელი პირებისგან, სათამაშოდ მიღებული თანხების ოდენობით. შედეგად, განისაზღვრა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი.
ამასთან, საგადასახადო შემოწმების მიერ დადგენილი და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განსხვავდება ერთმანეთისგან. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი პირველ და მესამე ნაწილებში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა დამატებით შეისწავლოს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 102; 159; 282; 269(7)