ბრძანება N 23536

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.11.2024
№ დოკუმენტი 23536
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 23536

04 ნოემბერი 2024

ბრძანება

„-------- ის“ (ს/ნ "------")

(მის.:"------" )

2024 წლის 15 აგვისტოს და 3 ოქტომბრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 23 აგვისტოს, 27 სექტემბრის და 10 ოქტომბრის სხდომებზე (ოქმი №93, №105 და №109) განიხილა „------.-ის“ (ს/ნ "------") №137056/21 და №164604/21 საჩივრები, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 11 დეკემბრის №21-11/97817, 2024 წლის 15 მაისის №21-11/37509, 2024 წლის 11 ივნისის №21-11/44800 და 12 ივლისის №21-11/53794 გადაწყვეტილებებს.

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:

გადამხდელი წარმოდგენილ საჩივრებში მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 ივლისის №20265 და №20266 ბრძანებების საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება "------".-ის 2020 წლის 10 სექტემბრისა და 2021 წლის 11 ივნისის საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე. ამ ბრძანებებით შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხის დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. აღნიშნულის საფუძველზე, მომსახურების დეპარტამენტმა საქმის შესწავლის მიზნით 2022 წლის 24 ოქტომბრის №------- წერილით კომპანიისგან დამატებითი დოკუმენტაცია მოითხოვა. გადამხდელმა 2023 წლის 14 მარტის №------ წერილით მომსახურების დეპარტამენტს წარუდგინა ნიდერლანდების სამეფოს საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული რეზიდენტობის ცნობები, რომლებითაც დასტურდება, რომ კომპანია 2019-2022 წლებისათვის ნიდერლანდების სამეფოს საგადასახადო რეზიდენტს წარმოადგენდა. ხოლო 2023 წლის 31 ოქტომბრის №------- წერილით მომსახურების დეპარტამენტს შეატყობინეს, რომ კომპანიამ მიმართა ნიდერლანდების სამეფოს საგადასახადო ორგანოს ისეთი დოკუმენტის გაცემის მოთხოვნით, რომელიც შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა სახის საგადასახადო ღონისძიებები ტარდება ნიდერლანდების სამეფოში საქართველოდან მიღებულ დივიდენდებთან მიმართებაში, იბეგრება თუ არა ასეთი სახის შემოსავალი ნიდერლანდების სამეფოში და რა განაკვეთი არსებობს აღნიშნული სახის შემოსავალზე.

მომსახურების დეპარტამენტისთვის გაგზავნილ 2023 წლის 31 ოქტომბრის №------- წერილს თან ერთვოდა ნიდერლანდების საგადასახადო ორგანოს ოფიციალური პასუხი, რომლითაც ის იტყობინებოდა, რომ ნიდერლანდების საგადასახადო ორგანო ახალი პრაქტიკის თანახმად, უკვე რამდენიმე წელია გადამხდელებზე აღარ გასცემს მოთხოვნილი ტიპის დოკუმენტს. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მიიღეს მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 15 მაისის №------- წერილი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება:

1. რომ ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების მიზნებისთვის 2019-2022 წლებზე "------" არის აქტიური საწარმო, რომელიც იბეგრება ნიდერლანდების კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ორმაგი დაბეგვრის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე ხელშემკვრელი სახელმწიფოდან (საქართველოდან) მიღებულ დივიდენდებთან მიმართებაში, რა სახის საგადასახადო ღონისძიებები ტარდება ნიდერლანდების სამეფოში, იბეგრება თუ არა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში (ნიდერლანდებში) და რა განაკვეთი არსებობს აღნიშნული სახის შემოსავალზე.

აღნიშნული წერილის საპასუხოდ, მომსახურების დეპარტამენტს წარუდგინეს 2024 წლის 24 ივნისის №-------- წერილი, რომლითაც კიდევ ერთხელ მიუთითეს მათ მიერ წარდგენილ რეზიდენტობის ცნობებზე. დასახელებული ცნობებით დასტურდება, რომ კომპანია 2019-2022 წლებისთვის ნიდერლანდების სამეფოს საგადასახადო რეზიდენტს წარმოადგენდა. რეზიდენტობის ცნობები მითითებას აკეთებს იმაზეც, რომ რეზიდენტობა დადგენილია საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების მიზნებისთვის. შესაბამისად, 24 ივნისის წერილში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მომსახურების დეპარტამენტს პირველი საკითხის ფარგლებში მოთხოვნილი დოკუმენტაცია სრულად წარუდგინეს. რაც შეეხება მეორე საკითხს, 2024 წლის 24 ივნისის №------ წერილში კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ კომპანიამ მიმართა ნიდერლანდების საგადასახადო ორგანოს მეორე საკითხის ფარგლებში მოთხოვნილი დოკუმენტის გაცემის მოთხოვნით, თუმცა მათი ოფიციალური პასუხის მიხედვით, ნიდერლანდების საგადასახადო ორგანო, ახალი პრაქტიკის თანახმად, უკვე რამდენიმე წელია გადამხდელებზე აღარ გასცემს მოთხოვნილი ტიპის დოკუმენტს.

2024 წლის 24 ივნისის №------- წერილში მათ ასევე მიუთითეს მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოპოვების ალტერნატიულ გზაზე. კერძოდ, როგორც საქართველოს, ისე ნიდერლანდების სამეფო წარმოადგენენ საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ კონვენციის ხელმომწერ მხარეებს. დასახელებული კონვენციის მე-3 თავის პირველი ნაწილი ითვალისწინებს კონვენციის ხელმომწერ მხარეთა შორის გადასახადების შეფასებისთვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობას. ამდენად, გამომდინარე იქედან, რომ საქმეში არსებობს ისეთი დოკუმენტაცია, რომელიც შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის პოზიციით, საჭიროა საკითხის გადასაწყვეტად, ხოლო გადასახადის გადამხდელისთვის ფიზიკურად შეუძლებელია ასეთი დოკუმენტაციის მოპოვება, საქართველოს საგადასახადო ორგანო (შემოსავლების სამსახური) უფლებამოსილია, თავად მოითხოვოს ასეთი დოკუმენტაცია ნიდერლანდების სამეფოს საგადასახადო ორგანოსგან ზემოთ დასახელებული კონვენციის საფუძველზე.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, 2024 წლის 16 ივლისს კომპანიამ მიიღო შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 12 ივლისის №-------წერილი, რომელშიც უცვლელად არის გამეორებული მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 15 მაისის №------- წერილის შინაარსი. კერძოდ, მომსახურების დეპარტამენტი კვლავ იმეორებს იმას, რომ კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია.

2024 წლის 12 ივლისის №------- წერილში მომსახურების დეპარტამენტი არა მხოლოდ არ პასუხობს, არამედ არც კი ახსენებს კომპანიის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მათ მიერ წარდგენილი რეზიდენტობის ცნობები სრულად ფარავს პირველი საკითხის ფარგლებში მოთხოვნილ ინფორმაციას, ხოლო რაც შეეხება მეორე საკითხს, მოთხოვნილი დოკუმენტაციის მოპოვება კომპანიისთვის ფიზიკურად შეუძლებელია და შემოსავლების სამსახურს თავად შეუძლია აღნიშნული ინფორმაციის ნიდერლანდების საგადასახადო ორგანოსგან გამოთხოვა საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ კონვენციის საფუძველზე.

ამასთან, №164604/21 საჩივარშიც გადამხდელი მიუთითებს იმავე ფაქტობრივ გარემოებებსა და არგუმენტებზე და დამატებით არ ეთანხმება მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 11 დეკემბრის №------ და 2024 წლის 11 ივნისის №------- გადაწყვეტილებებს.

მომჩივანი ითხოვს, დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს საქმის სრულფასოვნად გამოკვლევა და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, რომლითაც დადასტურდება კომპანიის მიერ წარმოდგენილი ფორმა №2-ები და კომპანიას დაუბრუნდება ზედმეტად გადახდილი გადასახადი ან შემოსავლების სამსახურმა თავად გამოიკვლიოს საქმე და გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი ფორმა №2- ების დადასტურების და კომპანიისთვის ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების შესახებ.

 

ფაქტების აღწერა:

მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი სამსახურებრივი ბარათით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 ივლისის №20265 და №20266 ბრძანებების საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება „-------“-ს 2020 წლის 10 სექტემბრისა და 2021 წლის 11 ივნისის საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, რომლის თანახმად, მომსახურების დეპარტამენტს დაევალა საკითხის დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, „-------“-სგან დამატებით მოთხოვნილ იქნა ნიდერლანდების საგადასახადო ორგანოდან დოკუმენტაციის წარმოდგენა, რომლის მიხედვითაც ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების მიზნებისთვის 2019-2022 წლებზე დადასტურდება, რომ „--------“ წარმოადგენს ნიდერლანდების რეზიდენტ საწარმოს, არის აქტიური საწარმო, რომელიც იბეგრება ნიდერლანდების კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე დოკუმენტით დადგინდება, რომ ორმაგი დაბეგვრის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე ხელშემკვრელი სახელმწიფოდან (საქართველოდან) მიღებულ დივიდენდებთან მიმართებაში, რა სახის საგადასახადო ღონისძიებები ტარდება ნიდერლანდების სამეფოში, იბეგრება თუ არა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში (ნიდერლანდებში) და რა განაკვეთი არსებობს აღნიშნული სახის შემოსავალზე.

მომსახურების დეპარტამენტის მიერ კომპანიასთან ისევ გაგრძელდა მიმოწერა, აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენის თხოვნით, თუმცა უშედეგოდ, „--------“-ის მიერ დასახელებული მიზეზით - რომ ნიდერლანდების სამეფოს საგადასახადო ორგანო ახალი პრაქტიკის თანახმად, არ გასცემს ასეთ სახის დოკუმენტს და კომპანია სთავაზობს ინფორმაციის მოპოვების ალტერნატიულ გზას, რომ შემოსავლების სამსახურმა თავად გამოითხოვოს ნიდერლანდების სამეფოსგან აღნიშნული ინფორმაცია. ვინაიდან კომპანიამ სრულყოფილად არ წარმოადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია, მომსახურების დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას დაასრულოს შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 ივლისის №20265 და №20266 ბრძანებების საფუძველზე „--------“-ს თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება.

ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე გადამხდელს ეცნობა მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 11 დეკემბრის №-------, 2024 წლის 15 მაისის №21-11/37509, 2024 წლის 11 ივნისის №--------და 12 ივლისის №-------- გადაწყვეტილებებით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის N31275 ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტის მე-3 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, საბჭოს სხდომაზე განხილულ საჩივართან დაკავშირებით დამტკიცებული რეკომენდაციის შესაბამისად, დავების დეპარტამენტი უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებასა და შემოსავლების სამსახურის უფროსისთვის/სამსახურის უფროსის მოადგილისათვის/დავების დეპარტამენტის უფროსისათვის (დელეგირების შემთხვევაში) წარდგენას.

ამავე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შემოსავლების სამსახურის პასუხისმგებელმა დეპარტამენტმა უნდა აღასრულოს მისი ძალაში შესვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოცემულ ვადაში მისი აღსრულება შეუძლებელია ობიექტური გარემოებების გამო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მომჩივანს უფლება აქვს, მიმართოს დავის განმხილველ ორგანოს და მიაწოდოს მას ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების შესახებ.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილების 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მომჩივანს უფლება აქვს ელექტრონული ან წერილობითი განცხადებით შეატყობინოს დავის განმხილველ ორგანოს მიერ მის მიმართ გამოცემული გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების თაობაზე.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების აღუსრულებლობასთან დაკავშირებული განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა დავის განმხილველი ორგანოს აპარატი გამოითხოვს დასკვნას საგადასახადო/საბაჟო ორგანოდან აღსრულების შემაფერხებელი გარემოებების შესახებ და წარუდგენს მას დავის განმხილველ ორგანოს.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილების 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების აღუსრულებლობის მიზეზების შესახებ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას აღსრულებისათვის საჭირო მექანიზმების გამოყენების შესახებ.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 ივლისის №20265 და №20266 ბრძანებების საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება „--------“-ს 2020 წლის 10 სექტემბრისა და 2021 წლის 11 ივნისის საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, რომლის თანახმად, მომსახურების დეპარტამენტს დაევალა საკითხის დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, „---------.“-სგან დამატებით მოთხოვნილ იქნა ნიდერლანდების საგადასახადო ორგანოდან დოკუმენტაციის წარმოდგენა. მომსახურების დეპარტამენტის მიერ კომპანიასთან ისევ გაგრძელდა მიმოწერა აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენის თხოვნით, თუმცა უშედეგოდ.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან კომპანიამ სრულყოფილად არ წარმოადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია, მომსახურების დეპარტამენტი მოკლებულ იქნა შესაძლებლობას, დაესრულებინა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 ივლისის №20265 და №20266 ბრძანებების საფუძველზე „-------“-ს თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალების შეფასებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ასევე, გადაწყვეტილების აღუსრულებლობის მიზეზების შესახებ ინფორმაციის გაცნობის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 ივლისის №20265 და №20266 ბრძანებების აღსრულების შემაფერხებელი გარემოებები, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. „--------ის“ (ს/ნ "------") საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს, დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს საქმის სრულფასოვნად გამოკვლევა და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი სამსახურებრივი ბარათით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 ივლისის №20265 და №20266 ბრძანებების საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოჩივანის საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, რომლის თანახმად, მომსახურების დეპარტამენტს დაევალა საკითხის დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, მომჩივანს დამატებით მოთხოვნილ იქნა ნიდერლანდების საგადასახადო ორგანოდან დოკუმენტაციის წარმოდგენა,რომლის მიხედვითაც ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების მიზნებისთვის 2019-2022 წლებზე დადასტურდება, რომ მომჩივანი წარმოადგენს ნიდერლანდების რეზიდენტ საწარმოს, არის აქტიური საწარმო, რომელიც იბეგრება ნიდერლანდების კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე დოკუმენტით დადგინდება, რომ ორმაგი დაბეგვრის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე ხელშემკვრელი სახელმწიფოდან მიღებულ დივიდენდებთან მიმართებაში, რა სახის საგადასახადო ღონისძიებები ტარდება ნიდერლანდების სამეფოში, იბეგრება თუ არა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში და რა განაკვეთი არსებობს აღნიშნული სახის შემოსავალზე.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 ივლისის №20265 და №20266 ბრძანებების აღსრულების შემაფერხებელი გარემოებები, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

302(6),306(3).