გადაწყვეტილება №22414/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.04.2024
№ დოკუმენტი 22414/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი, საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22414/2/2024

30 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 28.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22414/2/2024).

 

დავის საგანი:

საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №EL236900 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 9.02.2024 წლის №2548 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 256.26 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

26.12.2023 წელს საფოსტო გადამზიდის (შპს -------) მიერ განხორციელდა მომჩივნის სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი №------- და №------- საფოსტო გზავნილების ზოგადი დეკლარირება, ჯამური ღირებულებით 514 ჩინური იუანი. დეკლარანტის მიერ განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად, გზავნილები მოხვდა დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხაში. საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონლის ღირებულების სისწორის შემოწმების მიზნით, დეკლარანტს ეთხოვა წარმოედგინა საქონლის ნასყიდობის დოკუმენტები.

საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შედეგად, მომჩივანმა წარმოადგინა ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის (ქსელური მოწყობილობა – 1 ერთეული; კერამიკის ფირფიტები – 20 ერთეული) ინვოისები, რომლის მიხედვითაც საქონლის ღირებულება შეადგენდა 498 აშშ დოლარს.

საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის შეტანით იმპორტის გადასახდელის შემცირების გამო, მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №EL236900 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 256.26 ლარის (შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100%) ოდენობით.

აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი 19.01.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 9.02.2024 წლის №2548 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლზე, 163-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 167-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 31-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4, მე-5 პუნქტებზე და მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საფოსტო გზავნილები განკუთვნილი იყო 1.12.2023 წლის №12.23-211 ხელშეკრულებით საქონლის შესყიდვის შესახებ მომჩივნის მიერ სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (შემსყიდველი) მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების თანახმად, მომჩივანს შემსყიდველისათვის უნდა მიეწოდებინა ინსტრუმენტების CCTV ტესტერი (CPV კოდი: 38400000, 38434000). იქიდან გამომდინარე, რომ შემსყიდველისათვის დროულად უნდა მიეწოდებინა საქონელი, მომჩივანმა გადაიხადა საბაჟო დეპარტამენტის მიერ დაკისრებული ჯარიმა (თუმცა, აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ მომჩივანი ეთანხმება დაკისრებულ ჯარიმას), წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი დააკისრებდა ჯარიმას.

საქონლის შეძენა განახორციელა www.alibaba.com-ის საშუალებით, ხოლო საქონლის საქართველოში ჩამოტანა უზრუნველყო www.revesta.ge ფოსტამ. ამანათის საწყობში მისვლის შემდგომ, აუცილებელია ამანათის დადეკლარირება, რაც ხორციელდება www.revesta.ge-ს ვებგვერდის საშუალებით იმგვარად, როგორც ეს წარმოდგენილია მომჩივნის მიერ დანართის სახით წარმოდგენილ ფოტოსურათებში.

საწყობში მისვლისთანავე დაადეკლარირა ამანათი. ვალუტის არჩევისას ვებგვერდი მხოლოდ ჩინური იუანის მითითების საშუალებას იძლეოდა და სწორედ ამიტომ მიუთითა კომენტარების გრაფაში საქონლის/გზავნილის ღირებულება დოლარში, ასევე დაურთო დეკლარაციას ინვოისები

მომჩივნის ინტერესებში არ შედიოდა საქონლის თვითღირებულების შემცირება, რადგან არის დღგის გადამხდელელი და საბაჟოზე გადახდილ დღგ-ის თანხას ჩაითვლიდა, რაც გამოითვლება ნივთის თვითღირებულებიდან. შესაბამისად, საქონლის ღირებულების შემცირება არ იქნებოდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი. აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით ნათელია, რომ მომჩივანს არ ქონდა ინტერესი მიზანმიმართულად დაემალა საქონლის ღირებულება, რაც გამოიხატა როგორც მისი მხრიდან საქონლის ინვოისის ატვირთვით, ასევე დეკლარაციაში კომენტარის დამატებით.

მომჩივანი არ ეთანხმება საბაჟო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას მათთვის სანქციის დაკისრების თაობაზე, რადგან www.revesta.ge-ზე ამანათის დადეკლარირებისას, აშშ დოლარი არ აყო მითითებული ვალუტის არჩევის შესაბამის ველში, რის გამოც მიუთითა ციფრები ჩინურ იუანში, კომენტარებში საქონლის ღირებულება კი აშშ დოლარში.

აღსანიშნავია, რომ ტრანზაქცია გატარდა აშშ დოლარში, თანხა გამყიდველის მიმართ გადახდილია აშშ დოლარში, შესაბამისად, ინვოისშიც მითითებულია აშშ დოლარში. მომჩივანს ამანათის საწყობში მისვლისას რომ დაეკონვერტირებინა თანხა, აშშ დოლარის კურსი იუანთან მიმართებით იყო სხვა, საქონლის საქართველოში ჩამოსვლისას კი სხვა. შესაბამისად, თანხის კონვერტირების შემთხვევაში, ნივთის თვითღირებულება სხვა იქნებოდა საქართველოში შემოსვლისას.

მათი მოქმედება კანონთან შესაბამისობაშია და შევსებული დეკლარაცია არ იწვევს საქონლის თვითღირებულების შემცირებას, რის გამოც მომჩივანი ითხოვს, ყურადღებით იქნეს შესწავლილი საქმის მასალები, წარდგენილი დოკუმენტაცია, სამართლებრივ ჭრილში განხილულ იქნეს საკითხი და ბათილად იქნეს ცნობილი 28.12.2023 წლის მომჩივნის მიმართ შედგენილი №EL236900 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, ასევე შემოსავლების სამსახურის 9.02.2024 წლის №2548 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის მიმღები (დეკლარანტი) ვალდებულია, გადამზიდველს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაცია“ (დანართი №8-VIII-05). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციას“ დეკლარანტი ავსებს საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისის) საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი (ინვოისი) ელექტრონული ან მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან და იგი ვალდებულია, აღნიშნული დოკუმენტი მოთხოვნისამებრ წარუდგინოს საბაჟო ორგანოს“, მე-4 პუნქტის თანახმად კი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის საფოსტო გზავნილებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, გადამზიდავი ავსებს:

ა) საფოსტო გზავნილების დეკლარაციას (დანართი №8-VIII-04) – საფოსტო გზავნილებზე, რომლითაც შემოტანილი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებაც არ იბეგრება/გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისაგან (გარდა იმ საქონლისა, რომლის შემოტანა შეზღუდულია ან/და მათი შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან/და ლიცენზია);

ბ) ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, იმპორტის გადასახდელით დაბეგვრას ან/და აკრძალვებსა და შეზღუდვებს დაქვემდებარებული საფოსტო გზავნილების ნუსხა №4-ს (დანართი №8- VIII-06). ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების მომზადებისას გადამზიდავი იყენებს საფოსტო გზავნილის მიმღების მიერ მიწოდებული „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციის“ მონაცემებს.

ფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციის“ მონაცემებს. საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

სადავო საკითხზე საბაჟო დეპარტამენტის 7.03.2024 წლის №21836-21-10 წერილის მიხედვით დგინდება, რომ მომჩივნის მიერ განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად, გზავნილები მოხვდა დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხაში.

საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონლის ღირებულების სისწორის შემოწმების მიზნით, დეკლარანტისგან გამოთხოვილი ნასყიდობის დოკუმენტებით დადგინდა, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობას, რითაც შემცირდა იმპორტის გადასახდელების ოდენობა.

საჩივარში მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი არ ჰქონია იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირებას.

მომჩივნის არგუმენტი, სადავო აქტების ბათილობასთან დაკავშირებით, საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მომჩივნის მიმართ გამოყენება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

26.12.2023 წელს საფოსტო გადამზიდის მიერ განხორციელდა მომჩივნის სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საფოსტო გზავნილების ზოგადი დეკლარირება.

საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის შეტანით იმპორტის გადასახდელის შემცირების გამო, მომჩივანს, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სანქცია.

აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი 19.01.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 9.02.2024 წლის №2548 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მომჩივნის მიმართ გამოყენება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 167(1)