ბრძანება N 25958

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.11.2026
№ დოკუმენტი 25958
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25958

11 ნოემბერი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2026 წლის 6 აგვისტოს, 19 და 20 ოქტომბრის

საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 22 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №95) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2026 წლის 6 აგვისტოს №103895/1/2026, 19 ოქტომბრის №105120/1/2026 და 20 ოქტომბრის №105136/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 ივლისის №006-280 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. შემოწმებით დადგენილი საკომისიო შემოსავალის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

2. საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 25 ნოემბრის №25895 და 2026 წლის 24 ივნისის №13953 ბრძანებების საფუძველზე დაინიშნა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები.

საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 2 ივლისის №14885 ბრძანება და ამავე თარიღის №006-280 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა - 698 072 ლარი

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 426 527 ლარი:

ჯარიმა - 213 263

საურავი - 58 282

 

საკითხი №1.

აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:

კომპანიის საქმიანობის ძირითად სახეს წარმოადგენდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობა. ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ხორციელდებოდა სხვადასხვა ვალუტის კონვერტაცია, რასთან დაკავშირებითაც კომპანიას ჰქონდა ეროვნული ბანკის შესაბამისი ნებართვა. კომპანიას ჰყავდა ერთი დაქირავებული პირი, რომელზე გაცემულ ანაზღაურებასაც ყოველთვიურად ბეგრავდა გადახდის წყაროსთან. გადახდის წყაროსთან იბეგრებოდა ფიზიკურ პირზე გაცემული იჯარის მომსახურების თანხებიც.

საქართველოს ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის №032080925007 საქმის მასალებითა და შესაბამისი დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ, ირკვევა, რომ 2025 წლის 24 ივნისიდან 2025 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში შპს „---ის“ დამფუძნებელი და დირექტორი ახორციელებდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობას, ქალაქ ---ს გამზირ №---ში განთავსებულ ოფისში. კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე ხორციელდებოდა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქმიანობა. მათ შორის, სხვადასხვა კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგაცვლა უცხოურ ვალუტაში, რა დროსაც ვირტუალური აქტივის შესანახ ელექტრონულ საფულეში - კრიპტო მისამართის (Tron-ის ბლოქჩეინის) გამოყენებით ახორციელებდა ვირტუალური აქტივის (USDT) კონვერტაციას, რის სანაცვლოდაც იღებდა სარგებელს საკომისიოს სახით, ტრანზაქციის ღირებულების 1%-ის ოდენობით.

ყოველივე აღნიშნულით, იმავე პერიოდში უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 170 610 792 ლარი, ხოლო სარგებელმა 1 706 108 ლარი. შემოწმების მიმდინარეობისას კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციას, ასევე, საგამოძიებო სამსახურიდან მიღებულ სისხლის სამართლის საქმის მასალებს.

შემოწმების მიერ დადგენილი საკომისიო შემოსავალი 1 706 108 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის და შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების შესაბამისად განხილულ იქნა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე და 81-ე მუხლების შესაბამისად. კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დადგენილი საკომისიო შემოსავალის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. ასევე არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებას. განმარტავს, რომ აღნიშნული დარიცხვა ემყარება ჰიპოთეტურ და არაზუსტ მონაცემებს, რაც ეწინააღმდეგება საგადასახადო კანონმდებლობის პრინციპებს. აცხადებს, რომ მხოლოდ „Tron“-ის მისმარათის არსებობა არ ამტკიცებს, რომ მის მფლობელს ან მომხმარებელს წარმოადგენდა ----.

საგადასახადო შემოწმების აქტში არ არის დასაბუთებული, რომ კონკრეტული კრიპტო-საფულე ეკუთვნოდა მხოლოდ ---ს, სადავო პერიოდში მისამართს არ იყენებდნენ სხვა პირები, განხორციელდა თითოეული ტრანზაქციის იდენტიფიცირება მომხმარებლის მიხედვით და გამოიკვეთა, რომ ყველა ტრანზაქცია ---ს მიერ იყო ინიცირებული ან კონტროლირებული. შემოსავლების სამსახურს არ დაუდგენია ვის ჰქონდა წვდომა აღნიშნულ საფულეზე, ვინ ფლობდა „private key“-ის ან სხვა ავთენტიფიკაციის საშუალებებს, განხორციელდა თუ არა ტრანზაქციების ავტორების ტექნიკური იდენტიფიცირება (IP მისამართები, მოწყობილობები, ლოგ-ფაილები და სხვა ციფრული კვალი), არსებობდნენ თუ არა სხვა ოპერატორები ან თანამშრომლები, რომლებიც იმავე საფულეს იყენებდნენ. აღნიშნული გარემოებების დაუდგენლად ყველა ტრანზაქციის --- თან დაკავშირება წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს და არა მტკიცებულებაზე დაფუძნებულ დასკვნას.

ბლოკჩეინში მისამართის არსებობა არ ნიშნავს, რომ იგი კონკრეტულ პირს ეკუთვნის. ამის დასადგენად საჭიროა შესაბამისი ციფრული მტკიცებულებები (wallet recovery phrase, private key-ის ფლობა, ბირჟების KYC ინფორმაცია, მოწყობილობების ექსპერტიზა და სხვა). თუ ასეთი მტკიცებულებები საქმეში არ არის, მაშინ შემოსავლების სამსახურის დასკვნა კანონშეუსაბამოა.

შემოსავლების სამსახურმა ვერ წარმოადგინა ვერცერთი ციფრული მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ „Tron“-ის კონკრეტული მისამართი მხოლოდ ----ის კონტროლის ქვეშ იყო. საგადასახადო შემოწმების აქტში არ არის მითითებული private key-ის ფლობა, recovery phrase-ის ფლობა, KYC მონაცემები, IP-ლოგები, მოწყობილობების ექსპერტიზა, blockchain forensic report ან სხვა ტექნიკური მტკიცებულება.

შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნა ეფუძნება მხოლოდ მისამართის არსებობას, რაც თანამედროვე ევროპული სასამართლო პრაქტიკისა და კრიპტო-ფორენზიკის სტანდარტებით არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს კონკრეტული ფიზიკური პირის იდენტიფიცირებისთვის. გადამხდელი ასევე მიუთითებს კრიპტო-საფულეების მიკუთვებასთან დაკავშირებით აშშ-სა და ევროპული სასამართლოების გადაწყვეტილება/პრაქტიკებზე და აცხადებს, რომ მხოლოდ ბლოკჩეინის მისამართი საკმარის მტკიცებულებად არ მიიჩნევა.

 

შემოსავლების სამსახურის პოზიცია:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს; ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, კერძოდ, სისხლის სამართლის №032080925007 საქმის მასალებითა და დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ დგინდება, რომ 2025 წლის 24 ივნისიდან 2025 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში შპს „---ის“ დამფუძნებელი და დირექტორი ახორციელებდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობას, კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე ხორციელდებოდა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქმიანობა. მათ შორის, სხვადასხვა კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგაცვლა უცხოურ ვალუტაში, რა დროსაც ვირტუალური აქტივის შესანახ ელექტრონულ საფულეში - კრიპტო მისამართის (Tron-ის ბლოქჩეინის) გამოყენებით ახორციელებდა ვირტუალური აქტივის (USDT) კონვერტაციას, რის სანაცვლოდაც იღებდა სარგებელს საკომისიოს სახით, ტრანზაქციის ღირებულების 1%-ის ოდენობით. უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 170 610 792 ლარი, ხოლო სარგებელმა 1 706 108 ლარი.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია არგუმენტი/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა დადგენილი საკომისიო შემოსავალის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა, შესაბამისად არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საკითხი №2.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი მიუთითებს შეცდომაზე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

შემოსავლების სამსახურის პოზიცია:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;

2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. შემოწმებით დადგენილი საკომისიო შემოსავალის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

2. საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიის საქმიანობის ძირითად სახეს წარმოადგენდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობა.

საქართველოს ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებითა და შესაბამისი დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ, ირკვევა, რომ 2025 წლის 24 ივნისიდან 2025 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში მომჩივნის დამფუძნებელი და დირექტორი ახორციელებდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობას. კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე ხორციელდებოდა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქმიანობა. მათ შორის, სხვადასხვა კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგაცვლა უცხოურ ვალუტაში, რა დროსაც ვირტუალური აქტივის შესანახ ელექტრონულ საფულეში - კრიპტო მისამართის (Tron-ის ბლოქჩეინის) გამოყენებით ახორციელებდა ვირტუალური აქტივის (USDT) კონვერტაციას, რის სანაცვლოდაც იღებდა სარგებელს საკომისიოს სახით, ტრანზაქციის ღირებულების 1%-ის ოდენობით.

ყოველივე აღნიშნულით, იმავე პერიოდში უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 170 610 792 ლარი, ხოლო სარგებელმა 1 706 108 ლარი. შემოწმების მიმდინარეობისას კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციას, ასევე, საგამოძიებო სამსახურიდან მიღებულ სისხლის სამართლის საქმის მასალებს.

შემოწმების მიერ დადგენილი საკომისიო შემოსავალი 1 706 108 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის და შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების შესაბამისად განხილულ იქნა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა დადგენილი საკომისიო შემოსავალის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა, შესაბამისად არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ხოლო, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,9); 101 (1); 154 (1); 269 (7).