ბრძანება N 32816

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.12.2023
№ დოკუმენტი 32816
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 32816

26 .12. 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------------ის” (ს/ნ-------------------)

(ფაქტ. მის.: -----------------------------------)

(იურ. მის.: ------------------------------------)

2023 წლის 13 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 25 დეკემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №134) განიხილა შპს „----------------ის” (ს/ნ-------------------) №86024/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 ნოემბრის №001-263 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ კომპანიას და მის დირექტორს/დამფუძნებელს აღნიშნული ოპერაციების განხორციელებისას არანაირად არ ჰქონია განზრახული გადასახადებისგან თავის არიდება. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი ბინის შეძენის ფასი იყო 31 500 დოლარი, კაპიტალში შეტანის დროს კი დააფიქსირა 55 000 აშშ დოლარი. ამ ქმედებების რეალურ მიზეზს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ დირექტორმა არაკომპეტენტური პირებისაგან მიიღო რჩევა, თუ აღნიშნულ ბინებს შეიტანდა კაპიტალში, ეს ქმედება დაეხმარებოდა მას დროებითი ბინადრობის მისაღებად. როდესაც აღნიშნული ქმედება არანაირ კავშირში არ აღმოჩნდა ბინადრობის მიღებასთან, ასევე არაკომპეტენტური პირებისგან მიიღო რჩევა, რომ კაპიტალში შეტანილი ბინები შეეძლო ისევ უკან გაეტანა დაბეგვრის გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს დარიცხული ჯარიმა/საურავისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №14110 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------------ის” (ს/ნ-------------------) საქმიანობის საგადასახადო შემოწმება 2020 წლის პირველი იანვრიდან, 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 24 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 28 ნოემბერს გამოსცა №29418 ბრძანება და №001-263 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 85 671 ლარი, მათ შორის: გადასახადი 47 053 ლარი, ჯარიმა 14 749 ლარი და საურავი 23 869 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

. შპს „----------------ის” (ს/ნ-------------------) დამფუძნებელმა 2019 წლის პირველ აპრილს საწარმოს კაპიტალში შეიტანა პირად საკუთრებაში არსებული ორი ბინა. ერთი ბინის ღირებულება სადამფუძნებლო გადაწყვეტილების მიხედვით განისაზღვრა 60 000 აშშ დოლარის და მეორე ბინის 55 000 აშშ დოლარის ოდენობით. პირველი ბინა მდებარეობს ------ში, ------ს ქუჩაზე, ხოლო მეორე ----ში, -----ს ქუჩაზე. საგულისხმოა, რომ პირველი ბინა შეძენილია 2018 წლის --- ოქტომბერს 61 290 დოლარად, ხოლო მეორე ბინა, რომლის ღირებულებაც კაპტალში შეტანის დროს დააფიქსირა 55 000 აშშ დოლარი, შეძენილი აქვს 2018 წლის -- დეკემბერს და ნასყიდნობის ხელშეკრულების მიხედვით, შეძენის ფასი იყო 31 500 აშშ დოლარი. კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა ორივე ბინა 2020 წლის 21 ოქტომბერს გაიტანა კაპიტალიდან. შემოწმების პროცესში ჩატარებული ანალიტიკური პროცედურებით დადგინდა, რომ კაპიტალიდან გატანის დროს, ---ს ქუჩაზე მდებარე ბინის კვადრატული მეტრის ღირებუელება შეადგენდა უკვე 574 დოლარს (შეტანისას, ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით 508.9 აშშ დოლარს). ბინების საბაზრო ღირებულების განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნა 2020 წლის სექტემბერ-ოქტომბერში იმავე კორპუსებში რეალიზებული ბინების ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული ფასები. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ფიზიკურმა პირმა მიიღო სარგებელი ნამეტი თანხით, უძრავი ქონების შეტანის და გატანის ღირებულებებს შორის სხვაობით. პირის საწესდებო კაპიტალში შეტანის-დაბრუნების საფუძველზე, საწარმოს მიერ საგადასახადო ვალდებულებები არ არის დეკლარირებული. კომპანია არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოწმების პროცესში წარმოდგენილი არ ყოფილა რაიმე სახის სააღრიცხვო მონაცემები. წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებებში კომპანია 2019-2020 წლებში აფიქსირებს ზარალს. შემოწმების მიერ დირექტორის მიერ მიღებული სარგებელი დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით და დაჯარიმდა საქართელოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

. 2020 წლის 21 ოქტომბერს კომპანიის დამფუძნებელმა კაპიტალში შეტანილი ორი საცხოვრებელი ბინა უკან დაიბრუნა - გაიტანა კაპიტალიდან. პირის საწესდებო კაპიტალში შეტანის-დაბრუნების საფუძველზე, საწარმოს მიერ საგადასახადო ვალდებულებები არ არის დეკლარირებული. შემოწმების მიერ აღნიშნული ოპერაცია ჩაითვალა მიწოდებად. ---ს ქუჩაზე მდებარე ბინის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 114 487 ლარით, ხოლო ---ს ქუჩაზე მდებარე ბინის კი 144 459 ლარით. ბინების საბაზრო ღირებულების განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნა 2020 წლის სექტემბერ-ოქტომბერში იმავე კორპუსებში რეალიზებული ბინების ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული ფასები. საწარმოს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2020 წლის 21 ოქტომბერი. ამდენად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ-ის თანხა და ჯარიმა საქართელოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1.შპს „----------------ის” (ს/ნ-------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ კომპანიას და მის დირექტორს/დამფუძნებელს აღნიშნული ოპერაციების განხორციელებისას არანაირად არ ჰქონია განზრახული გადასახადებისგან თავის არიდება აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს დარიცხული ჯარიმა/საურავისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №14110 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება 2020 წლის პირველი იანვრიდან, 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა №29418 ბრძანება და №001-263 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 85 671 ლარი, მათ შორის: გადასახადი 47 053 ლარი, ჯარიმა 14 749 ლარი და საურავი 23 869 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით კომპანია არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოწმების პროცესში წარმოდგენილი არ ყოფილა რაიმე სახის სააღრიცხვო მონაცემები. წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებებში კომპანია 2019-2020 წლებში აფიქსირებს ზარალს. შემოწმების მიერ დირექტორის მიერ მიღებული სარგებელი დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით და დაჯარიმდა საქართელოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ასევე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ-ის თანხა და ჯარიმა საქართელოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:269(7); 275(2); 282(1);