გადაწყვეტილება №17568/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.12.2022
№ დოკუმენტი 17568/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№17568/2/2022

8.12.2022

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: "----------" ("----------") (პას/ნ ----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "----------" ("----------")-ის 19.08.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17568/2/2022).

 

დავის საგანი:

საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მისი კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 9.07.2022 წლის №EL172998 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 3.08.2022 წლის №20776 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: ჯარიმა - 800 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

9.07.2022 წელს, საბაჟო გამშვები პუნქტი "----------" კონტროლის ზონაში "----------"-ს მხრიდან შემოვიდა "----------"-ში რეგისტრირებული №"----------" მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა ამავე ქვეყნის მოქალაქე "----------" ("----------", პასპორტის №"----------").

აღნიშნული ავტომობილი მოძრაობდა სატვირთო ავტომობილებისთვის განკუთვნილ ზოლში, რის გამოც საბაჟო ორგანოს უფლებამოსილმა თანამშრომელმა მომჩივანს სთხოვა გაეჩერებინა ავტომობილი, რათა არ შეფერხებულიყო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.

მიუხედავად იმისა, რომ "----------"-ს ს.გ.პ "----------" თანამშრომელმა განუმარტა გაჩერების მიზეზი, იგი გამოთქვამდა უსაფუძვლო ბრალდებებს და სატრანსპორტო საშუალება არ გადაყავდა საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მითითებულ ადგილას.

საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირისთვის წინააღმდეგობის გაწევას და მისი კანონიერ მოთხოვნის უგულვებელყოფას, რითიც შეფერხდა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, შედგენილ იქნა №EL172998 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 800 ლარის ოდენობით.

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 3.08.2022 წლის №20776 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

გამომდინარე იქიდან, რომ საბაჟო კოდექსის 177-ე მუხლის თანახმად, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მისი კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფა, რამაც შეაფერხა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევას, ხოლო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირისთვის წინააღმდეგობის გაწევის და მისი კანონიერი მოთხოვნების უგულვებელყოფის ფაქტს, რამაც შეაფერხა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება, აღნიშნულზე საბაჟო კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სამართალდარღვევის ოქმი მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად, ამიტომ გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში იმ იმედით, რომ მიღებული იქნებოდა კანონიერი გადაწყვეტილება. საჩივარში განმარტავდა, რომ 9.07.2022 წელს მის საკუთრებაში არსებული "----------"-ს მარკის ავტომანქანით სახელმწიფო ნომრები "----------" "----------"-დან შემოვიდა საქართველოში, "----------"-ს კონტროლის ზონაში, სადაც იყო ავტომანქანების რიგი, დაახლოებით 2 საათით მოუწია რიგში დგომა, რა დროსაც ცვლის უფროსმა დაიწყო რიგგარეშე მანქანების გაშვება, რამაც გამოიწვია იქ მყოფი პირთა პროტესტი, ასევე სხვადასხვა პირებმა განმარტეს, რომ თანხის სანაცვლოდ ხდებოდა რიგის გარეშე პირთა გატარება, ამიტომ როგორც კანონმორჩილმა ადამიანმა მიმართა "----------"-ს და თხოვა განემარტა თუ რატომ ხდებოდა ავტომანქანების რიგის გარეშე გაშვება მაშინ როდესაც 2 საათი იყო რიგში, ამან გამოიწვია "----------"-ს გაღიზიანება, დაუწყო ხმამაღალი საუბარი და მის მიმართ გამოავლინა დისკრიმინაციული დამოკიდებულება, მას უთხრა, რომ იყო დაბადებიდან საქართველოს მოქალაქე, სადაც დღესაც მისი ოჯახი და ნათესავები ცხოვრობენ, გარკვეული მიზეზების გამო მიიღო რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა, მაგრამ ეს არ შეიძლება გამხდარიყო მისი დისკრიმინაციის საფუძველი, არანაირი კანონი არ დაურღვევია და არც ხელი არ შეუშლია მებაჟისთვის მათი საქმიანობის განხორციელებაში. მიუხედავად ამისა კიდევ 3 საათის განმავლობაში არ მიეცა საბაჟო კონტროლის გავლის უფლება "----------"-მა ჩამოართვა საბუთები და 3 საათი არ უბრუნებდა, ამ დროს მისი მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი იყვნენ უკვე საქართველოს მხარეს გადმოსულები და მათთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა და 5 საათის განმავლობაში ღია ცის ქვეშ ელოდებოდნენ. ლოდინის შემდეგ "----------"-მა მოიტანა დოკუმენტები და ასევე გადასცა სამართალდარღვევის ოქმი, რომელსაც არ ეთანხმება, რადგან მას არაფერი ჩაუდენია. ამის მიუხედავად არ მომხდარა საკითხის სრულფასოვანი განხილვა, არ გამოიკვლიეს მტკიცებულებები და მიღებულ იქნა უკანონო ბრძანება საჩივრის არ დაკმაყოფილებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს გაუქმდეს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და შემოსავლების სამსახურის ბრძანება და მოეხსნას ჯარიმის გადახდის ვალდებულებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მისი კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფა, რამაც შეაფერხა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება, − იწვევს დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით.

დადგენილია, რომ 9.07.2022 წელს, საბაჟო გამშვები პუნქტი "----------" კონტროლის ზონაში "----------"-ს მხრიდან შემოვიდა "----------"-ში რეგისტრირებული №"----------" მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა მომჩივანი. აღნიშნული ავტომობილი მოძრაობდა სატვირთო ავტომობილებისთვის განკუთვნილ ზოლში. რის გამოც საბაჟო ორგანოს უფლებამოსილმა თანამშრომელმა სატრანსპორტო საშუალების მძღოლს (მომჩივანს) სთხოვა გაეჩერებინა ავტომობილი, რათა არ შეჩერებულიყო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.

მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ფაქტი დასტურდება სადავო ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერით.

მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანს განემარტა გაჩერების მიზეზი, მას სატრანსპორტო საშუალება არ გადაყავდა საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მითითებულ ადგილას. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობამ, გამოიწვია საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების შეფერხება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ დასტურდება მომჩივნის მხრიდან საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი და არ არსებობს გასაჩივრებული აქტების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.