ბრძანება N 30135
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 30135
04 .12. 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----ას“ (ს/ნ ---------------)
(მის.: -----------------------------)
2023 წლის 15 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №123) განიხილა შპს „-----ას“ (ს/ნ ---------------) №21323/2/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 სექტემბრის №041-70 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება თანხების დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას. მიუთითებს, რომ საწარმომ 2021 წლის მარტში შეიძინა შენობა-ნაგებობა და დაიწყო მისი რემონტი, ხოლო ფაქტობრივად გაწეული ხარჯი აღემატება დოკუმენტურად დადასტურებულს. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, საწარმოს თანამშრომელს საბანკო ანგარიშიდან გაჰქონდა სარემონტო მასალების შესაძენად საჭირო თანხები და ყიდულობდა მასალებს პირველადი დოკუმენტების გარეშე. აცხადებს, რომ მოთხოვნის შემთხვევაში წარადგენს ექსპერტიზის დასკვნას რემონტის დანახარჯებზე. აგრეთვე, ითხოვს აღნიშნულთან მიმართებით შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენებას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შეძენილი საწვავის ნაწილის არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევას. აცხადებს, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში საკუთარი ტრანსპორტი არ ჰყავდა და მომსახურებისთვის იყენებდა დაქირავებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს. შეთანხმების შესაბამისად, გადაზიდვას საწვავით უზრუნველყოფდა თვითონ საწარმო და მძღოლები იღებდნენ მხოლოდ მომსახურებისთვის ანაზღაურებას.
3. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით მძღოლებისთვის საწვავის მიწოდების საქონლის (საწვავის) და მომსახურების (სატრანსპორტო) გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციად განხილვას. გადამხდელი აცხადებს, რომ ასანაზღაურებელი ფასი თანხმდებოდა მხოლოდ კონკრეტულად გადაზიდვის მომსახურებაზე და საწვავის თანხა არანაირ გავლენას არ ახდენდა გარიგების ფასზე. განმარტავს, რომ ეს ოპერაციები არ იყო ბარტერული ოპრეაციები, მომსახურების ფასი თავიდანვე იყო შეთანხმებული და არ იყო დამოკიდებული საწვავის ღირებულების ან რაოდენობის ცვლილებაზე ან სხვა რაიმე გარემოებაზე. განმარტავს, რომ გადაზიდვაზე გახარჯული საწვავის ღირებულება წარმოადგენს მომსახურების თვითღირებულების ერთ-ერთ შემადგენელს და მომსახურების გაწევის მომენტში იბეგრება დამატებული ღირებულების გადასახადით, ხოლო აღნიშნული ოპერაციის ბარტერულ ოპერაციად განხილვით დღგ-ით დაბეგრილი საქონელი ხელმეორედ იბეგრება შემმოწმებლის მიერ.
4. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ს ჩათვლილი თანხების გაუქმებას. აცხადებს, რომ ავანსის ანგარიშ-ფაქტურის შემდგომ გამოწერილია ჩვეულებრივი ანგარიშ-ფაქტურები და ჩათვლა არ არის გაორებული. აღნიშნავს, რომ 2021 წლის მარტის თვეში შპს "-------ი"- დან მიღებული აქვს ერთი ცალი ავანსის ანგარიშ-ფაქტურა, ხოლო შემდგომ პერიოდში შპს ,,-------ის“ მიერ გამოწერილია ჩვეულებრივი ანგარიშ-ფაქტურები, რომლებზეც გადახდები განხორციელებულია ცალკე, ამ ანგარიშფაქტურებით მიღებული მომსახურება არ უკავშირდება გადახდილ ავანსს, რის გამოც არ მოხდა ავანსის ანგარიშ-ფაქტურის დაკავშირება საბოლოო ანგარიშ-ფაქტურებთან. ასევე, მიუთითებს, რომ შესამოწმებელ პერიოში შეძენილი აქვს სულ 2955 ლარის ბენზინი და აღნიშნულ ოპერაციაზე ითხოვს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, არაარსებითობით აღნიშნული ოპერაციის მხედველობაში არ მიღებას.
მომჩივანი ითხოვს გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხის 247 732 ლარით, ჯარიმის 142 050 ლარით და საურავის 130 271 ლარით შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 მაისის №11793 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-----ას“ (ს/ნ ---------------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-----ას“ (ს/ნ ---------------)) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებების (მ.შ. საჩივარზე თანდართული) გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლისა და ბარტერულ ოპერაციად განხილვის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 მაისის №11793 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 25 სექტემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 29 002 ლარით, მათ შორის, გადასახადი 21 447 ლარი და ჯარიმა 7 555 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 29 სექტემბრის №041-70 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
. შეძენილი საწვავის ნაწილის არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევასთან დაკავშირებით, შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით იქნა შესწავლილი მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და მესამე პირებისაგან (შპს „---ას“ დამკვეთებისგან) გამოთხოვილი ინფორმაცია განხორციელებული რეისების შესახებ. გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ საწარმოს მიერ გახორციელებულია ბევრად მეტი რეისი და შესაბამისად, შეძენილი საწვავი სრულად გამოიყენებოდა ეკონომიკურ საქმიანობაში. მიღებული ინფორმაციების დამუშავების შედეგად იმ რეისების ნაწილი, რომელიც დასტურდება მესამე პირების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში, შემოწმების მიერ იქნა გათვალისწინებული. შესაბამისად, აღნიშნულ მარშრუტზე გამოყენებული/გამოსაყენებელი საწვავის ხარჯი მიჩნეულ იქნა ეკონომიკურ ხარჯად და შემცირდა შემოწმების აქტით დარიცხული მოგებისა და დამატებული ღირებულების გადასახადებში დარიცხული თანხები. თუმცა დამატებით წარმოდგენილ ინფორმაციაში მითითებული რეისების ძირითადი ნაწილის განხორციელება გამოთხოვილი ინფორმაციით ვერ დასტურდება, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ ხდება იდენტიფიცირება ვისი დაკვეთით იქნა განხორციელებული აღნიშნული რეისები. შესაბამისად, შემოწმების მიერ ვერ დგინდება მითითებული ხარჯის მიზნობრიობა და დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას სულ 29 002 ლარით, მათ შორის გადასახადი 21 447 ლარი და ჯარიმა 7 555 ლარი.
. შემოწმების მიერ დამატებით იქნა შესწავლილი მძღოლებისთვის საქონლის მიწოდების (საწვავის) და მომსახურების (სატრანსპორტო) გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციად განხილვის საკითხი. შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში არსებული პრაქტიკა, გამოკვლეულ იქნა შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებები აღნიშნულ საკითხზე და ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით ბარტერული ოპერაციის კვალიფიკაცია არ იქნა შეცვლილი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, შემოწმების მიერ გადამხდელის მონაწილეობით დამატებით იქნა შესწავლილი წარმოდგენილი დოკუმენტაცია და საწარმოს დამკვეთებისგან გამოთხოვილი ინფორმაცია. შედეგად, საწვავის ხარჯი, ეკონომიკურ ხარჯად მიჩნეულ იქნა იმ რეისების ნაწილზე, რომელიც დასტურდება მესამე პირების მიერ მოწოდებულ ინფორმაციით და აღნიშნულის გათვალისწინებით დაკორექტირდა (შემცირდა) მოგებისა და დამატებული ღირებულების გადასახადების ნაწილში დარიცხული თანხები. თუმცა დამატებით წარმოდგენილ ინფორმაციაში მითითებული რეისების ძირითადი ნაწილის განხორციელება გამოთხოვილი ინფორმაციით ვერ დასტურდება, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ ხდება იდენტიფიცირება ვისი დაკვეთით იქნა განხორციელებული აღნიშნული რეისები. შესაბამისად, შემოწმების მიერ ვერ დგინდება მითითებული ხარჯის მიზნობრიობა და დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ამ ნაწილში დარიცხვა არ დაექვემდებარა შემცირებას.
შემოწმების მიერ ასევე დამატებით იქნა შესწავლილი მძღოლებისთვის საქონლის მიწოდების (საწვავის) და მომსახურების (სატრანსპორტო) გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციად განხილვის საკითხი. აღნიშნულ საკითხზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის, შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს არსებული პრაქტიკის, ასევე ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით, ბარტერული ოპერაციის კვალიფიკაცია არ იქნა შეცვლილი.
საჩივრის დანართად წარმოდგენილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია წარდგენილი იყო საგადასახადო შემოწმების/გადაანგარიშების ეტაპზე და არ წარმოადგენს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირების საფუძველს.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება, ასევე სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----ას“ (ს/ნ ---------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება:თანხების დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას. ითხოვს აღნიშნულთან მიმართებით შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენებას. შეძენილი საწვავის ნაწილის არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევას. შემოწმებით მძღოლებისთვის საწვავის მიწოდების საქონლის (საწვავის) და მომსახურების (სატრანსპორტო) გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციად განხილვას. . დღგ-ს ჩათვლილი თანხების გაუქმებას.
მომჩივანი ითხოვს გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხის , ჯარიმის და საურავის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 მაისის №11793 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადასახადის გადამხდელის საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 მაისის №11793 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 25 სექტემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 29 002 ლარით, მათ შორის, გადასახადი 21 447 ლარი და ჯარიმა 7 555 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 29 სექტემბრის №041-70 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6); 304( 21);