გადაწყვეტილება №21480/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21480/2/2023
20 მარტი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ ------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ს 4.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21480/2/2023).
დავის საგანი:
სალაროს ნაშთსა და შემოწმებით დადგენილ ნაშთს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიცირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2023 წლის №022-24 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 19.10.2023 წლის №25868 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 215 543 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 136 897
ჯარიმა - 68 449
საურავი - 10198
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა შავი და ფერადი ლითონის ჯართის შესყიდვა ადგილობრივ ბაზარზე და რეალიზაცია.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 17.06.2021 წლიდან 1.02.2023 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 19 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანია შეძენა/რეალიზაციას ახორციელებს მხოლოდ დოკუმენტურად, საგადასახადო ანგარიშფაქტურების და სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე. შემოსავლის აღრიცხვას ახორციელებს საბანკო შემოსავლების საშუალებით, არ გააჩნია საკონტროლო-სალარო აპარატი. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საბანკო ანგარიშზე არსებული ფულადი ნაშთი შეადგენს 7 574 ლარს. შემოწმების პროცესში დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, საბანკო ამონაწერები და დოკუმენტები, შეძენის/რეალიზაციის დოკუმენტაცია. გადასახადის გადამხდელთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 14 მარტის №4942 ბრძანების საფუძველზე, ჩატარებულია სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა და ფულადი ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით. შემოწმების მიმდინარეობისას, უფლებამოსილმა პირმა წარადგინა ახსნა-განმარტება, რომ ბანკის სეიფში შენახული აქვს თანხა 150 000 ლარის ოდენობით, თუმცა აღნიშნული გარემოება არ დააფიქსირა სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურის დროს. გარდა ამისა, დირექტორი განმარტავს, რომ 21.10.2021 - 31.12.2021 პერიოდებში შპს „-------თვის“ გადახდილია ავანსის თანხა 250 000 ლარის ოდენობით, თუმცა ჯართის მიწოდება დღემდე არ მომხდარა, თანხის მიმღები კომპანია 2021 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდიდან აღარ ფუნქციონირებს. შემოწმებით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის შესახებ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული რეალიზაციის და ხარჯის ამსახველი დოკუმენტაცია, რომელიც გათვალისწინებული იქნა ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის დროს, შესაბამისად, პერიოდის ბოლოს დებიტორულ/კრედიტორული დავალიანებების ნაშთი ჩაითვალა 0-ის ტოლად. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესწავლის შედეგად განისაზღვრა ფულის ნაშთი, რომელიც გადასახადის გადამხდელს სალაროში უნდა უფიქსირდებოდეს. სალაროს ნაშთსა და შემოწმებით დადგენილ ნაშთს შორის სხვაობა (სულ 547 588 ლარი) მიჩნეული იქნა დამატებით შემოსავლად და ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2023 წლის №15002 ბრძანება და 29.06.2023 წლის №022-24 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 19.10.2023 წლის №25868 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა შემოსავლების სამსახურში ჩანიშნული იყო 2023 წლის 21 სექტემბერს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარუდგენია საჩივრის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154- ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, გადასახადის გადამხდელის არგუმენტებთან დაკავშირებით, მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზეც არ წარუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი და მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის პოზიციას. ფულადი ნაშთის დათვლის ის მეთოდი, რომელიც გამოიყენა შემოსავლების სამსახურმა, არ ასახავს რეალურ ციფრებს, კერძოდ:
1. შავი ლითონის ჯართის რეალიზაციიდან, კომპანიას სრულად არ აქვს მიღებული თანხა. რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების ნაწილი ფიქსირდება დებიტორულ მოთხოვნად. აღნიშნული დასტურდება საბანკო ამონაწერებით და გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებით. შესაბამისად, თვლის, რომ მიუღებელი დებიტორული მოთხოვნის გაცემულ ხელფასად განხილვა არარეალურია და არ შეესაბამება ლოგიკას. შედარების აქტი შპს ----------თან წარმოდგენილია დანართის სახით;
2. შავი ლითონის ჯართის რეალიზაციიდან მიღებული თანხის ნაწილი 250 000 ლარი, კომპანიამ ავანსად გასცა საქართველოს რეზიდენტ იურიდიულ პირზე. აღნიშნული მომწოდებლისგან საქონელი კომპანიას არ მიუღია. აღნიშნული ფაქტი შემოსავლების სამსახურისთვის გახდა საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ რეზიდენტ იურიდიულ პირზე გაცემული ავანსი, რომელიც დასტურდება ხელშეკრულებით, ჩათვლილიყო გაცემულ ხელფასად და დაბეგრილიყო საშემოსავლო გადასახადით. თანხის გაცემის პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია წარმოდგენილია დანართის სახით;
3. თანხის დარჩენილი ნაწილი, რომელიც კომპანიას მიღებული აქვს რეალიზაციიდან, განთავსებული აქვს ბანკის სეიფში ჯამში 150 000 ლარი. არც აღნიშნული ფაქტის გადამოწმება და დადასტურება მომხდარა შემოსავლების სამსახურის მხრიდან და თანხა მთლიანად ჩაითვალა გაცემულ ხელფასად.
ზოგადად, ყოველი კონკრეტული ოპერაციის დაბეგვრა დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ განისაზღვროს გადასახადის ოდენობა, რომელიც აღნიშნული ოპერაციებიდან წარმოიშობა. სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, ისევე როგორც მიუღებელი მოთხოვნის ასევე, გაცემული ავანსის ხელფასად ჩათვლა უსაფუძვლოა. ასევე, უსაფუძვლოა სეიფში შენახული თანხის ხელფასად განხილვა.
ფაქტი, რომელიც საჭიროა მიუღებელი მოთხოვნის, გაცემული ავანსის და შენახული თანხის ხელფასად კლასიფიცირებისთვის არ არსებობს და არც შემოწმებისას დადგენილა. შესაბამისად, ვერ გაიზიარებს აუდიტორის მიერ მითითებულ გარემოებებზე აპელირებას.
ყოველივე ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ საჭიროა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების, აქტისა და საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით გაანგარიშებული და დარიცხული გადასახადის თანხის კორექტირება და ასევე, დაკისრებული სანქციების შემცირება.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილია, რომ უფლებამოსილი პირის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებით, ბანკის სეიფში შენახულია თანხა 150 000 ლარის ოდენობით, თუმცა აღნიშნული გარემოება არ დააფიქსირა სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურის დროს. გარდა ამისა, დირექტორმა განმარტა, რომ 21.10.2021 - 31.12.2021 პერიოდებში შპს „-------თვის“ გადახდილია ავანსის თანხა 250 000 ლარის ოდენობით, თუმცა ჯართის მიწოდება არ მომხდარა, თანხის მიმღები კომპანია კი 2021 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდიდან აღარ ფუნქციონირებს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული რეალიზაციის და ხარჯის ამსახველი დოკუმენტაციის (რომელიც გათვალისწინებული იქნა ფულადი სახსრების მოძრაობისას) შესწავლის შედეგად, პერიოდის ბოლოს დებიტორულ/კრედიტორული დავალიანებების ნაშთი ჩაითვალა 0-ის ტოლად, განისაზღვრა ფულის ნაშთი, რომელიც გადასახადის გადამხდელს სალაროში უნდა უფიქსირდებოდეს. შედეგად, სალაროს ნაშთსა და შემოწმებით დადგენილ ნაშთს შორის სხვაობა მიიჩნია დამატებით შემოსავლად და ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
აუდიტის დეპარტამენტი 11.12.2023 წლის №126174-21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში ფაქტობრივ გარემოებაში დაფიქსირებულ გარემოებებზე დამატებით აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის, საბანკო ამონაწერების და სხვა დოკუმენტების, ასევე, შეძენის/რეალიზაციის დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესყიდული აქვს 9 193 ტონა ჯართი, ღირებულებით 9 257 331 ლარი, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში რეალიზაცია განხორციელებული აქვს მხოლოდ შპს „--------ზე“, სულ რეალიზებულია 9 190 ტონა ჯართი, ღირებულებით 9 842 037 ლარი. გადასახადის გადამხდელის განმარტებით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი 3 ტონა დასაწყობებულია ქ. ------ში.
ამასთან, ზემოაღნიშნულზე დამატებით, საყურადღებოა შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, შპს „--------გან“ გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია შპს „-------თან“ არსებული დავალიანების შესახებ (გადასახადის გადამხდელის ინფორმაციით მას გააჩნდა დავალიანება 149 598.10 ლარი), მაგრამ შპს „-------ს“ მიერ ინფორმაციის მიწოდება სრულყოფილად ვერ განხორციელდა, ვერ იქნა მიწოდებული ინფორმაცია დავალიანების წარმოშობის და ანაზღაურების შესახებ. აგრეთვე, გადასახადის გადამხდელის უფლებამოსილი პირის მიერ წარდგენილ ახსნა-განმარტებასთან დაკავშირებით, რომ ბანკის სეიფში შენახული აქვს თანხა 150 000 ლარის ოდენობით (თუმცა აღნიშნული გარემოება არ დააფიქსირა სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურის დროს), შემოწმების მიერ დამატებით მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის შედეგად, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა საქართველოს ბანკის მიერ გაცემული ცნობა, რომ გადასახადის გადამხდელი სარგებლობს ინდივიდუალური სეიფით, თუმცა ცნობაში არ არის მითითებული სეიფის გახსნის თარიღი და არსებული თანხა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის დროს.
მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმებით განხორციელებულ დარიცხვას, მაგრამ არც შემოსავლების სამსახურში არ წარუდგენია და არც ამჟამად წარმოადგენს იმგვარ არგუმენტებს/დოკუმენტებს, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სალაროს ნაშთსა და შემოწმებით დადგენილ ნაშთს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიცირება.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა შავი და ფერადი ლითონის ჯართის შესყიდვა ადგილობრივ ბაზარზე და რეალიზაცია. კომპანია შეძენა/რეალიზაციას ახორციელებს მხოლოდ დოკუმენტურად, საგადასახადო ანგარიშფაქტურების და სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე. შემოსავლის აღრიცხვას ახორციელებს საბანკო შემოსავლების საშუალებით, არ გააჩნია საკონტროლო-სალარო აპარატი. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საბანკო ანგარიშზე არსებული ფულადი ნაშთი შეადგენს 7 574 ლარს. შემოწმების პროცესში დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, საბანკო ამონაწერები და დოკუმენტები, შეძენის/რეალიზაციის დოკუმენტაცია. გადასახადის გადამხდელთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 14 მარტის №4942 ბრძანების საფუძველზე, ჩატარებულია სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა და ფულადი ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით. შემოწმების მიმდინარეობისას, უფლებამოსილმა პირმა წარადგინა ახსნა-განმარტება, რომ ბანკის სეიფში შენახული აქვს თანხა 150 000 ლარის ოდენობით, თუმცა აღნიშნული გარემოება არ დააფიქსირა სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურის დროს. გარდა ამისა, დირექტორი განმარტავს, რომ 21.10.2021 - 31.12.2021 პერიოდებში შპს -თვის გადახდილია ავანსის თანხა 250 000 ლარის ოდენობით, თუმცა ჯართის მიწოდება დღემდე არ მომხდარა, თანხის მიმღები კომპანია 2021 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდიდან აღარ ფუნქციონირებს. შემოწმებით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის შესახებ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული რეალიზაციის და ხარჯის ამსახველი დოკუმენტაცია, რომელიც გათვალისწინებული იქნა ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის დროს, შესაბამისად, პერიოდის ბოლოს დებიტორულ/კრედიტორული დავალიანებების ნაშთი ჩაითვალა 0-ის ტოლად. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესწავლის შედეგად განისაზღვრა ფულის ნაშთი, რომელიც გადასახადის გადამხდელს სალაროში უნდა უფიქსირდებოდეს. სალაროს ნაშთსა და შემოწმებით დადგენილ ნაშთს შორის სხვაობა (სულ 547 588 ლარი) მიჩნეული იქნა დამატებით შემოსავლად და ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4)(9"ბ"), 101(1), 154(1"ა").