ბრძანება N 24010
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24010
12 ნოემბერი 2024
ბრძანება
შპს „-------- -ის “ (ს/ნ "---------")
(მის.:"-------")
2024 წლის 16 ოქტომბრის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 24 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №114) განიხილა შპს „--------- -ის “ (ს/ნ "-------") №172089/21 და №92396/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 სექტემბრის №063-21 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს. აცხადებს, რომ კომპანიას შესყიდვის აქტებით ფიზიკური პირებისგან აქვს შეძენილი საქონელი. გადამხდელი არ ეთანხმება აქტში არსებულ ჩანაწერს, რომ „საგამოძიებო სამსახურის მონაცემებით შესყიდვის აქტების ნამდვილობა არ დასტურდება". მიუთითებს, რომ მისთვის უცნობია რაზეა დაფუძნებული საგამოძიებო სამსახურის ინფორმაცია. გადამხდელს წარმოდგენილი აქვს ნოტარიულად დამოწმებული 98 ცალი შესყიდვის აქტი. მიაჩნია, რომ პირუტყვის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ხარვეზს გავლენა არ უნდა მოეხდინა კომპანიის რენტაბელობაზე და მიიჩნევს, რომ საქმის საფუძვლიანი შესწავლის შემთხვევაში დადგინდებოდა, რომ მათ არა 25%-იანი, არამედ 3-4%-იანი რენტაბელობა ჰქონდათ. გადამხდელი ითხოვს, ხარჯების განსაზღვრისას აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელოს დოკუმენტში დაფიქსირებული შესყიდვის ფასით და განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრული არაგონივრული ნაშთის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. მომჩივანი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეცედენტზე და თვლის, რომ უსამართლოდ არის განხორციელებული დარიცხვები. ვინაიდან სალაროს ნაშთის ქონა არ შეიძლება განხილული იქნეს არაგონივრულ ან/და ფიქტიურ ნაშთად. თვლის, რომ უნდა გაუქმდეს დარიცხული თანხები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 23 თებერვლის №4010 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------- -ის “ (ს/ნ "-------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 11 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 17 სექტემბრის №20424 ბრძანება და ამავე თარიღის №063-21 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 005 172 ლარი, მათ შორის, გადასახადი 622 489 ლარი, ჯარიმა 311 245 ლარი, საურავი 71 438 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. შპს „--------- -ის “ (ს/ნ "-------") ძირითადი საქმიანობის საგანს წარმოადგენს ვაჭრობა ცოცხალი წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვით. საწარმო საქართველოში ყიდულობს აღნიშნულ საქონელს და ახორციელებს მის ექსპორტს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. შემოწმების მიერ დამუშავებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, ასევე, საგამოძიებო სამსახურისა და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. აღნიშნულის შედეგად ირკვევა, რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 თებერვლამდე პერიოდში, რეალიზებული აქვს 11 634 532 ლარის ღირებულების საქონელი. საქონლის თვითღირებულებად დაფიქსირებული აქვს 11 240 598 ლარი. ამასთან, კომპანიას გაწეული აქვს სხვადასხვა სახის ხარჯი, როგორიცაა საქონლის კვების, საიჯარო ქირის, კარანტინის, ლაბორატორიული და სხვა ხარჯები. კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში განაწილებული აქვს 12 270 ლარის დივიდენდი, ხოლო ხელფასის სახით გაცემული აქვს 58 457 ლარი. ბიუჯეტში გადახდილია 9 185 ლარი და ბიუჯეტიდან დაბრუნებულია 13 407 ლარი. შპს „----------“-ს მიერ ექსპორტირებული საქონლის შეძენის დოკუმენტად წარმოდგენილია შესყიდვის აქტები ფიზიკური პირებისგან. საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით აღნიშნული დოკუმენტების ნამდვილობა არ დასტურდება, შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით და კომპანიის მიერ გაწეული ხარჯი ექსპორტირებულ საქონელზე გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების გზით. კერძოდ, ხარჯად ჩაითვალა შემოსავლის 75%. ხსენებული გაანგარიშების შედეგად გადამხდელის მიერ დაფიქსირებულსა და შემოწმებით გამოვლენილ ხარჯებს შორის სხვაობა ჩაითვალა გადასახადის გადამხდელის მიერ გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ასევე, საწარმოს ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად განესაზღვრა ჯარიმა, საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის.
2. გადასახადის გადამხდელის ბუღალტრული პროგრამის დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროს ნაშთად დაფიქსირებული აქვს 28 871 ლარი. შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის მიერ დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ" მეთოდური მითითების მიხედვით და შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვეში საკასო ხარჯებისა და შემოსავლების გათვალისწინებით განსაზღვრულ იქნა გონივრული ნაშთი. ხოლო, თანხა რომელიც აღემატება ამ გონივრულ ნაშთს ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ასევე, საწარმოს ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად განესაზღვრა ჯარიმა, საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან -შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
დადგენილი გარემოებაა, რომ შპს „---------“ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში რეალიზებული აქვს 11 634 532 ლარის ღირებულების საქონელი. საქონლის თვითღირებულებად დაფიქსირებული აქვს 11 240 598 ლარი. ამასთან, კომპანიას გაწეული აქვს სხვადასხვა სახის ხარჯი, როგორიცაა საქონლის კვების, საიჯარო ქირის, კარანტინის, ლაბორატორიული და სხვა ხარჯები. საწარმოს მიერ ექსპორტირებული საქონლის შეძენის დოკუმენტად წარმოდგენილია შესყიდვის აქტები ფიზიკური პირებისგან. საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით აღნიშნული დოკუმენტების ნამდვილობა არ დასტურდება, შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით და კომპანიის მიერ გაწეული ხარჯი ექსპორტირებულ საქონელზე გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, საწარმოს ხარჯად ჩაითვალა მისი შემოსავლის 75%. აღნიშნული გაანგარიშების შედეგად გადამხდელის მიერ დაფიქსირებულსა და შემოწმებით გამოვლენილ ხარჯებს შორის სხვაობა ჩაითვალა გადასახადის გადამხდელის მიერ გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
ამასთან, გადასახადის გადამხდელის ბუღალტრული პროგრამის დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროს ნაშთად დაფიქსირებული აქვს 28 871 ლარი. შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის მიერ დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ" მეთოდური მითითების მიხედვით და შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვეში საკასო ხარჯებისა და შემოსავლების გათვალისწინებით განსაზღვრულ იქნა გონივრული ნაშთი. ხოლო, თანხა რომელიც აღემატება ამ გონივრულ ნაშთს ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, პირუტყვის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ხარვეზს გავლენა არ უნდა მოეხდინა კომპანიის რენტაბელობაზე და მიიჩნევს, რომ საქმის საფუძვლიანი შესწავლის შემთხვევაში დადგინდებოდა, რომ მათ 3-4%-იანი რენტაბელობა ჰქონდათ. გადამხდელი ითხოვს, ხარჯების განსაზღვრისას აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელოს დოკუმენტში დაფიქსირებული შესყიდვის ფასით და განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება. მიუთითებს, რომ მას წარმოდგენილი აქვს ნოტარიულად დამოწმებული 98 ცალი შესყიდვის აქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე დართული), ასევე, საგამოძიებო ორგანოს მეშვეობით დაადგინოს დოკუმენტების ავთენტურობა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---------“ (ს/ნ "-------") საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე დართული), ასევე, საგამოძიებო ორგანოს მეშვეობით დაადგინოს დოკუმენტების ავთენტურობა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მოჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს. გადამხდელი ითხოვს, ხარჯების განსაზღვრისას აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელოს დოკუმენტში დაფიქსირებული შესყიდვის ფასით და განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება.
2. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრული არაგონივრული ნაშთის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. მომჩივანი თვლის, რომ უნდა გაუქმდეს დარიცხული თანხები.
ფაქტობრივი გარემოებები
1.კომპანიის მიერ გაწეული ხარჯი ექსპორტირებულ საქონელზე გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების გზით. კერძოდ, ხარჯად ჩაითვალა შემოსავლის 75%. ხსენებული გაანგარიშების შედეგად გადამხდელის მიერ დაფიქსირებულსა და შემოწმებით გამოვლენილ ხარჯებს შორის სხვაობა ჩაითვალა გადამხდელის მიერ გაცემულ ხელფასად დადაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ასევე, საწარმოს ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად განესაზღვრა ჯარიმა, საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის.
2. გადამხდელის ბუღალტრული პროგრამის დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროს ნაშთად დაფიქსირებული აქვს 28 871 ლარი. შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვეში საკასო ხარჯებისა და შემოსავლების გათვალისწინებით განსაზღვრულ იქნა გონივრული ნაშთი. ხოლო, თანხა რომელიც აღემატება ამ გონივრულ ნაშთს ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ასევე, საწარმოს ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად განესაზღვრა ჯარიმა, საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები.ასევე, საგამოძიებო ორგანოს მეშვეობით დაადგინოს დოკუმენტების ავთენტურობა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5),101,154.