ბრძანებაა N 25734

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.10.2023
№ დოკუმენტი 25734
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25734

17 ოქტომბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ„---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2023 წლის 4 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი N107) განიხილა ი/მ ---------- (ს/ნ ---------) N83914/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 21 სექტემბრის NCB1509671 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი დაჯარიმებულია საკონტროლო სალარო აპარატის გამოუყენებლობისთვის. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი ოფიცრების მიერ მის ობიექტში განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა. შეძენილი იქნა 6,20 ლარის ღირებულების საქონელი, რა დროსაც თავად საუბრობდა ტელეფონზე ექიმთან და მექანიკურად გამორჩა ჩეკის ამობეჭდვა. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით გადასახადის გადამხდელი ითხოვს სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ჯარიმისაგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

როგორც სადავო ოქმის შინაარსიდან ირკვევა, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 3 ივლისის N15596 ბრძანების საფუძველზე 2023 წლის 21 სექტემბერს ამავე დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ ი/მ ---------- (ს/ნ --------) ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე განხორციელდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა, რა დროსაც შეძენილი იქნა 6,20 ლარის ღირებულების პროდუქცია, რაზეც ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მონაცემები არ აღრიცხულა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით და არ იქნა ამობეჭდილი საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკი. აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტზე შედგენილ იქნა NCB1509671 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდა 200 ლარის ოდენობით.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს განმეორებით შემთხვევას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 259-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შესაბამისი მონაცემები აღირიცხება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-20 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, პირი ვალდებულია მომხმარებლის მიერ მისთვის მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ღირებულების ანაზღაურებისას, შესაბამისი მონაცემების აღსარიცხავად გამოიყენოს საკონტროლო სალარო აპარატი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სსა-ის გამოუყენებლობა გულისხმობს იმ შემთხვევას, როდესაც პირს გააჩნია საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული სსა, რომელიც შეტანილია რეესტრში, სსა-ზე ჩართულია ფისკალური მეხსიერება, მაგრამ მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას არ ხდება ვაჭრობის/მომსახურების ყველა ოპერაციაზე სსა-ის გამოყენება, რაც, თავის მხრივ, მოიცავს იმ მომენტს, რომ მომხმარებლისგან ყოველ ფულის მიღებაზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა კანონმდებლობის შესაბამისად ასეთი ოპერაცია ან პირი თავისუფლდება სსა-ის გამოყენების ვალდებულებისაგან) სსა-ში ამობეჭდილი უნდა იყოს ჩეკი. სსა-ის გამოუყენებლობად არ მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც სსა-ის შეკეთების პერიოდში (არა უმეტეს 7 კალენდარული დღისა) მომხმარებლებთან ნაღდი ფულადი ანგარიშსწორება წარმოებს სარეზერვო სსა-ის მეშვეობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალების და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე

 

1. ი/მ ---------- (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი ითხოვს ჯარიმისაგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე განხორციელდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა, რა დროსაც შეძენილი იქნა პროდუქცია, რაზეც ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მონაცემები არ აღრიცხულა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით და არ იქნა ამობეჭდილი საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკი. დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს განმეორებით შემთხვევას.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:259(2);269(1,7);270(1);281(3);

N994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-20 მუხლის მეორე პუნქტი