გადაწყვეტილება №19208/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.05.2023
№ დოკუმენტი 19208/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19208/2/2023

11.05.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.05.12023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 21.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19208/2/2023).

 

დავის საგანი:

საგადასახადო დავის განახლება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების გამო.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2021 წლის №086-93 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 14.02.2023 წლის №2717 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 944 070,96 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 522 853

დღგ - 197 820

საშემოსავლო გადასახადი - 325 033

ჯარიმა - 260 955

საურავი - 160 262,96

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2021 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 12.042018 წლიდან 1.12.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდები.

შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი შემმოწმებლებთან არ თანამშრომლობდა, ბუღალტერია არ არის ნაწარმოები, საკონტროლო შესყიდვებზე დაჯარიმებულია 3- ჯერ. მიმდინარე კონტროლის პროცედურებით დადგენილი ფასნამატი მნიშვნელოვნად აღემატება გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს.

გადამხდელთან ჩატარებული სასაქონლო მატერიალურ ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგადაც დადგინდა, რომ სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთი იყო ნოლი. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. წლების მიხედვით გავრცელდა მსგავსი საქმიანობის აუდირებული საწარმოს ფასნამატი (15 ჯგუფი) მიხედვით. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მიხედვით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოსავლების სამსახურის უფროსის №22708 ბრძანების დანართი №5-ის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი შემოსავლის სხვაობა საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2021 წლის №086-93 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 14.02.2023 წლის №2717 ბრძანებით ახლად აღმოჩენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების მოთხოვნის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2021 წლის №086-93 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველი.

შემოსავლების სამსახურის 14.02.2023 წლის №2717 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 299-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების მოთხოვნის ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს და ითხოვს დავის დაწყებას ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო. მომჩივანი განმარტავს, რომ კომპანიის კუთვნილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს ინახავდა დირექტორის დედის საცხოვრებელ სახლში, რომელიც 19.03.2019 წელს მთლიანად დაიწვა და ბუნებრივია, განადგურდა შპს „----------“ სმფ-ები, რომელთა თვითღირებულება შეადგენდა 350 000 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობას და დარიცხული თანხების კორექტირებას წარმოდგენილი მტკიცებულების გათვალისწინებით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

საბჭო მიუთითებს, რომ მომჩივანი ვალდებულია, დაამტკიცოს, რომ კონკრეტული გარემოება, რომელსაც იგი ემყარება დავის დაწყების მოთხოვნისას, ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებაა და აღნიშნული გარემოების შესახებ არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ შპს „----------“ სავაჭრო ფართის სიმცირის გამო შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გარკვეულ ნაწილს ინახავდა კომპანიის დამფუძნებლის დედის საცხოვრებელ სახლში, რომელიც 19.03.019 წელს მომხდარი ხანძრის გამო მთლიანად დაიწვა და განადგურდა შპს „----------“ კუთვნილი 350 000 ლარის ღირებულების სმფ-ები. მომჩივანი აღნიშნავს, რომ არ ფლობდა ინფორმაციას, ხანძრის შედეგად განადგურებული სმფ-ების ჩამოწერის შესაძლებლობის თაობაზე, საჩივარს თან ურთავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ---------- საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის დასკვნას.

საბჭო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი დასკვნა შეეხება ----------, „----------“ საცხოვრებელ სახლში მომხდარი ხანძრის კერის ზონის და ასევე, ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენას. ამასთან, წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ ხანძარი გაჩნდა 19.03.2019 წლის, ხოლო დასკვნა შედგენილია 27.03.2019 წელს. საგადასახადო შემოწმება ჩატარებულია 28.05.2021 წლის №16565 და 17.12.2021 წლის №39160 ბრძანებების საფუძველზე და საგადასახადო შემოწმების აქტი შედგენილია 24.12.2021 წელს. ამდენად, წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნა არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ ისეთ გარემოებად ან მტკიცებულებად, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს დავის დაწყების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს და ითხოვს დავის დაწყებას ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო.

მომჩივანი ითხოვს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობას და დარიცხული თანხების კორექტირებას წარმოდგენილი მტკიცებულების გათვალისწინებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ სავაჭრო ფართის სიმცირის გამო შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გარკვეულ ნაწილს ინახავდა კომპანიის დამფუძნებლის დედის საცხოვრებელ სახლში, რომელიც 2019 წლის 19 მარტს მომხდარი ხანძრის გამო მთლიანად დაიწვა და განადგურდა კომპანიის კუთვნილი 350 000 ლარის ღირებულების სმფ-ები. მომჩივანი აღნიშნავს, რომ არ ფლობდა ინფორმაციას, ხანძრის შედეგად განადგურებული სმფ-ების ჩამოწერის შესაძლებლობის თაობაზე, საჩივარს თან ურთავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის დასკვნას. გადამხდელი ასევე მიუთითებს, რომ მისთვის უცნობია ფასნამატის გაანგარიშების მეთოდიკა და შემოწმებას მისთის არ წარუდგენია ფასნამატის გაანგარიშების დოკუმენტები. წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ ხანძარი გაჩნდა 2019 წლის 19 მარტს, ხოლო დასკვნა შედგენილია 2019 წლის 27 მარტს. საგადასახადო შემოწმება ჩატარებულია 2021 წლის 28 მაისის №16565 და 17 დეკემბრის №39160 ბრძანებების საფუძველზე და საგადასახადო შემოწმების აქტი შედგენილია 2021 წლის 24 დეკემბერს. ამდენად, წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნა არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ ისეთ გარემოებად ან მტკიცებულებად, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს დავის დაწყების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 275