გადაწყვეტილება №26344/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26344/2/2025
04 თებერვალი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.01.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 19.12.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26344/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 25.12.2023 წლის №32679 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 14.07.2025 წლის №024-47 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 25.11.2025 წლის №25800 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 529 660.28 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 267 708
ჯარიმა - 133 854
საურავი - 128 098.28
აქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა უმეტესად ლოგინის თეთრეულის, პლედის, ბალიშის და საბნის, ასევე წვრილი ტექნიკის შეძენა, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე იმპორტის გზით არარეზიდენტი მომწოდებლისგან და შემდგომ რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის, 9.07.2020 წლიდან 1.11.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით 1.12.2022 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 28.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:
საწარმოს არ უფიქსირდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ფაქტი, ასევე ბოლო ეკონომიკური აქტივობა ფიქსირდება 2022 წლის ოქტომბრის თვეში. სასაქონლო ზედნადებებით ტრანსპორტირების დასრულების ადგილად უმეტესად მითითებულია -------, ხოლო დეკლარირებული ფასნამატი განისაზღვრა 77%-ით.
1.12.2022 წელს განხორციელდა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი, რაც აისახა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ ოქმში.
აუდიტის დეპარტამენტის 1.12.2022 წლის №21-14/109678 შეტყობინებით, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს ეთხოვა ინფორმაციის წარდგენა, რაც არ იქნა შესრულებული. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის დარღვევისათვის, ამავე კოდექსის 279-ე მუხლის საფუძველზე 13.02.2023 წლის №188098 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით მომჩივანს განესაზღვრა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
ვინაიდან, გადასახადის გადამხდელმა არ წარადგინა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანი/აუცილებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების საფუძველზე, გაანგარიშდა/გაანალიზდა კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების“ დანართი №8-ის და დანართი №9-ის მიხედვით, შემოწმების შედეგად გაანგარიშებული განკარგვადი თანხის ნაწილი ჩაითვალა პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად (1 070 833 ლარი), ხოლო კრედიტორული დავალიანების ნაწილი (128 185 ლარი) უპროცენტო სესხად.
საგადასახადო კოდექსის 96-ე, 97-ე, 982 და 101-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 20.04.2023 წლის №8615 ბრძანება და ამავე თარიღის №024-20 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 22.05.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 27.06.2023 წლის №14703 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 26.10.2023 წლის №20287/2/2023 (4.12.2023წ. 03/95381) გადაწყვეტილებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; პირველი დავის საგნის (ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად განკარგვადი თანხის გაანგარიშება დღგ-ის დეკლარაციით დეკლარირებულ ფასნამატზე დაყრდნობით) ნაწილში გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14703 ბრძანება; საჩივრები პირველი დავის საგნის ნაწილში ხელახლა განსახილველად, მომჩივნის მონაწილეობით, დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს; დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
დაბრუნებული საჩივარი განიხილა შემოსავლების სამსახურმა, რომლის 25.12.2023 წლის №32679 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 25.12.2023 წლის №32679 ბრძანება არ გასაჩივრებულა.
შემოსავლების სამსახურის 25.12.2023 წლის №32679 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2025 წლის დასკვნის საფუძველზე შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები შემცირდა 33 930 ლარით, მათ შორის გადასახადი 22 620 ლარით და ჯარიმა 11 310 ლარით.
დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 14.07.2025 წლის №15905 ბრძანება და ამავე თარიღის №024-47 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 25.11.2025 წლის №25800 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პირველ სადავო საკითხთან (ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად განკარგვადი თანხის გაანგარიშება დღგ-ის დეკლარაციით დეკლარირებულ ფასნამატზე დაყრდნობით) დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტებით მიზნით, დებიტორულ დავალიანებასთან მიმართებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს საჩივრების დანართად წარდგენილი მტკიცებულებები მ.შ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მეშვეობით დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 25.11.2025 წლის №25800 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
პირველ სადავო საკითხთან (ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად განკარგვადი თანხის გაანგარიშება დღგ-ის დეკლარაციით დეკლარირებულ ფასნამატზე დაყრდნობით) დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საჩივრებში მითითებულ პოზიციასა და ზეპირ განხილვაზე მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, გაუგებარია შემოწმებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის, მათ შორის დებიტორული დავალიანების (411 528 ლარი) შესახებ სანოტარო წესით დადასტურებული შედარების აქტების გაუთვალისწინებლობის საფუძველი. აცხადებს, რომ წარდგენილი ჰქონდა ყველა ის მტკიცებულება, რაც შეცვლიდა დარიცხულ თანხებს, სწორედ აღნიშნული დოკუმენტაცია დაედო საფუძვლად შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზემოხსენებულ სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დებიტორული დავალიანების, კერძოდ, საჩივრების დანართად წარდგენილი სანოტარო წესით დადასტურებული შედარების აქტების ნაწილში სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტებით მიზნით, დებიტორულ დავალიანებასთან მიმართებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს საჩივრების დანართად წარმოდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მეშვეობით დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 (დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირება) და მე-3 (საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება) სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავოდ მითითებული აქვს ისეთი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის 25.12.2023 წლის №32679 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის დასაბეგრი ბრუნვა არასწორად იქნა დადგენილი, კერძოდ შემმოწმებელმა იხელმძღვანელა კომპანიის მიერ დღგ-ში დეკლარირებული ფასნამატით, რაც რეალურ ოდენობას ბევრად აღემატება. იმ მიზნით, რომ კომპანიას ბიუჯეტის წინაშე სწორად ჰქონოდა ანგარიშგება დღგ-ში განახორციელა მაღალი ფასნამატის დაფიქსირება, ხოლო შემდგომ პერიოდში უნდა მომხდარიყო დაზუსტება და კორექტირებული დეკლარაციის წარდგენა. ვინაიდან დაიწყო საგადასახადო შემოწმება, კორექტირებული დეკლარაციის წარდგენა ვერ მოხერხდა.
აღსანიშნავია, რომ კომპანიას გააჩნია დებიტორული დავალიანებები. სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული პროდუქციის ნაწილიდან თანხა დღეის მდგომარეობით კომპანიას არ მიუღია, რაზედაც წარმოადგენს შესაბამის შედარების აქტებს შემსყიდველი ორგანიზაციებიდან. აღნიშნული თანხა დღეის მდგომარეობით შეადგენს დაახლოებით 411 528 ლარს, რომლითაც (მას შემდეგ, რაც დაკორექტირდება დასაბეგრი ბრუნვა) უნდა შემცირდეს საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხა.
განმარტავს, რომ ზემოხსენებული შედარების აქტების გარდა, ერთ-ერთ კომპანიასთან (შპს „-------“) ვერ მოხერხდა შედარების აქტის გაფორმება ვინაიდან, დირექტორი იმყოფებოდა რაიონში. ითხოვს მიეცეს უფლება დამატებით მოახდინოს აუდიტის დეპარტამენტში აღნიშნული მტკიცებულების წარდგენა, რომელიც უახლოეს დღეებში დამოწმდება სანოტარო წესით.
საჩივარს ერთვის შემსყიდველი ორგანიზაციებთან გაფორმებულ და სანოტარო წესით დამოწმებულ შედარების აქტები, რომლითაც დგინდება ზემოხსენებული არგუმენტაცია, კერძოდ ის ფაქტი, რომ კომპანიას არ მიუღია საქონლის მიწოდების საკომპენსაციო თანხა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღნიშნული თანხა საშემოსავლო გადასახადით იქნა დაბეგრილი.
ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ კომპანია შიდა ტრანსპორტირებისას ქირაობდა გადამზიდავ კომპანიას, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა საქონლის გადატანა. აღნიშნული კომპანიებიდან მიწოდებული ინვოისის მიხედვით განხორციელებულია სატრანსპორტო მომსახურება, რაც კომპანიის მიერ იქნა ანაზღაურებული, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღნიშნული ხარჯი არ იქნა გამოკლებული დასაბეგრ შემოსავალზე. აღნიშნულის დამადასტურებელი ინვოისები ერთვის საჩივარს.
ფასნამატის საკითხთან მიმართებით შესწავლილ იქნა კომპანიის შეძენები და რეალიზაციები რომლითაც დადგინდა შემდეგი:
შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტურ რეალიზაციაზე მოდის სრული რეალიზაციის დაახლოებით 45-50%, რომლითაც შესაძლებელია რეალური ფასნამატის და დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა. კომპანიის მხრიდან მოხდა შეძენილი და რეალიზებული პროდუქციის დაკავშირება, თვითღირებულების განსაზღვრა და დოკუმენტური ფასნამატის ოდენობის დადგენა სახეობების მიხედვით. განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის საშუალო შეწონილი ფასნამატი, რაც ბევრად ნაკლებია დეკლარირებულ ბრუნვასთან შედარებით, საჩივარს ერთვის გაანგარიშების ცხრილი.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა ფულის მოძრაობის ანალიზი, რომლის საფუძველს წარმოადგენდა დღგ-ის ბრუნვაში მაღალი მარჟის დაფიქსირება. აღნიშნულთან დაკავშირებით შემმოწმებელმა უნდა იხელმძღვანელოს კომპანიის მიერ წარდგენილი გაანგარიშების ცხრილებით (დოკუმენტური რეალიზაციიდან) და შესაბამისად განსაზღვროს დასაბეგრი ბრუნვა. ამის შემდგომ (საჭიროების შემთხვევაში) განხორციელდეს ფულის მოძრაობის ანალიზი.
წარდგენილ საჩივრებში, მათ შორის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილ საჩივრებში, გადასახადის გადამხდელი განმარტავდა, რომ სალაროს ნაშთის ხელფასად განხილვისას შემმოწმებელმა იხელმძღვანელა კომპანიის მიერ დღგ-ში დეკლარირებული ფასნამატით, რაც რეალურ ოდენობას ბევრად აღემატება. მიუთითებდა, რომ საწარმოს მიერ ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის მიზნით, დღგ-ში დეკლარირება განხორციელდა მაღალი ფასნამატით, ხოლო შემდგომ პერიოდში უნდა მომხდარიყო დაზუსტება და კორექტირებული დეკლარაციის წარდგენა, თუმცა, ვინაიდან დაიწყო საგადასახადო შემოწმება, კორექტირებული დეკლარაციის წარდგენა ვერ მოხერხდა. გადასახადის გადამხდელს მიაჩნია, რომ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხის განსაზღვრისთვის აუდიტის დეპარტამენტმა უნდა იხელმძღვანელოს მიწოდებული საქონლის დოკუმენტური ღირებულებიდან. კომპანიის მიერ განხორციელდა შეძენილი და რეალიზებული პროდუქციის დაკავშირება, თვითღირებულების განსაზღვრა და დოკუმენტური ფასნამატის ოდენობის დადგენა სახეობების მიხედვით. შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტური რეალიზაცია სრული რეალიზაციის დაახლოებით 45-50%-ია, რომლითაც შესაძლებელია რეალური ფასნამატის განსაზღვრა. ასევე მიუთითებდა, რომ საწარმოს გააჩნია დებიტორული დავალიანებები, სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული პროდუქციის ნაწილიდან თანხა (500 000 ლარი) დღეის მდგომარეობით არ არის მიღებული, რომლითაც უნდა შემცირდეს საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხა. განმარტავდა, რომ ფულადი სახსრების გაანგარიშებისას გასათვალისწინებელია არარეზიდენტ პირებზე და სატრანსპორტო კომპანიისთვის გადახდილი თანხები.
გაუგებარია, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის არ გათვალისწინების საფუძველი, კერძოდ თუ რა დაედო საფუძვლად საგადასახადო შედეგების გადაანგარიშებაზე უარს. როგორც გადაანგარიშების დასკვნიდან ირკვევა ერთადერთი არგუმენტი არის ის, რომ არ იქნა წარდგენილი ისეთი „მტკიცებულება“, რაც გამოიწვევდა დარიცხული თანხის კორექტირებას.
საჩივრის ფარგლებში წარდგენილი იყო ყველა მტკიცებულება, რაც შეცვლიდა დარიცხულ თანხებს, სწორედ ეს დოკუმენტაცია დაედო საფუძვლად შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. კერძოდ, წარდგენილი იყო სანოტარო წესით დადასტურებული შედარების აქტები დავალიანების შესახებ. ასევე, ალტერნატიული გაანგარიშების ცხრილი, რომელიც დამყარებულია დოკუმენტურ რეალიზაციაზე. გარდა ამისა, არაერთხელ მოხდა კომპანიის მხრიდან სატელეფონო კომუნიკაცია აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, რომ არ მომხდარიყო საკითხის შესწავლა კომპანიის წარმომადგენლის გარეშე, თუმცა გადაანგარიშების დასკვნა ისე გამოიცა, რომ არავის, არაფერი უცნობებია.
საბჭოში არსებული პრაქტიკის მიხედვით თუ დოკუმენტური რეალიზაციის წილი აღემატება მთლიანი ბრუნვის 5%-ს, ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატის გამოყენება. მოცემულ შემთხვევაში დოკუმენტური რეალიზაციის ხვედრითი წილი შეადგენს დაახლოებით 45%-50%. კომპანიის მიერ შედგენილია შესაბამისი გაანგარიშება სახეობების მიხედვით, რომელიც განსხვავდება აუდიტის დეპარტამენტის მიერ მანამდე შედგენილი გაანგარიშებისგან. კერძოდ, განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის საშუალო შეწონილი ფასნამატი, ბევრად ნაკლებია დეკლარირებულ ბრუნვასთან შედარებით. კომპანიის მიერ წარდგენილია ფულის მოძრაობის ანალიზი, რომლის საფუძველსაც წარმოადგენდა დღგ-ის ბრუნვაში მაღალი მარჟის დაფიქსირება. აღნიშნულთან დაკავშირებით შემმოწმებელმა უნდა იხელმძღვანელოს კომპანიის მიერ წარდგენილი გაანგარიშების ცხრილებით (დოკუმენტური რეალიზაციიდან) და განისაზღვროს დასაბეგრი ბრუნვა. ამის შემდგომ (საჭიროების შემთხვევაში) მოხდეს ფულის მოძრაობის ანალიზი.
გაუგებარია რატომ არ გაითვალისწინა აუდიტის დეპარტამენტმა დებიტორული დავალიანების შესახებ წარდგენილი შედარების აქტები, სადაც ფიქსირდება რომ გადასახადის გადამხდელს ერიცხება 411 528 ლარის დებიტორული დავალიანება.
შემოსავლების სამსახური უარს ამბობს საკითხის დამატებით შესწავლაზე იმ მოტივით, რომ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება არ იყო დავალებული. საგადასახადო მოთხოვნით თანხა დღგ-ში არ ერიცხება, თანხები დარიცხულია მხოლოდ საშემოსავლო გადასახადში, დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის შესაბამისად. საჩივრის წარდგენისას ყოველთვის მიუთითებდა, რომ წარდგენილი დღგ-ის დეკლარაცია იყო არაზუსტი, რისი დაზუსტების საშუალებაც არ ჰქონდა და ითხოვდა წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით მომხდარიყო დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და აღნიშნულიდან გამომდინარე, განკარგვადი თანხის ოდენობის დადგენა.
შემოსავლების სამსახურმა გაიზიარა ეს პოზიცია და 25.12.2023 წლის №32679 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაავალა წარდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით მოეხდინა საკითხის ხელახლა შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულების შემცირება.
მიუხედავად ამ ზოგადი დავალებისა, შემოსავლების სამსახური თავის მიერ მიღებულ 25.11.2025 წლის ბრძანებაში კატეგორიულად ცვლის გადაწყვეტილების შინაარს იმ საფუძვლით, რომ თითქოსდა მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში მოხდა საჩივრის დაკმაყოფილება და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირებას გადაწყვეტილება არ ეხებოდა.
ერთადერთი გარემოება რასაც შემოსავლების სამსახური საბჭოში გამოთქმული პოზიციით ადასტურებს, არის ის, რომ 25.12.2023 წლის №32679 გადაწყვეტილების დავის საგანში მითითებული აქვს „ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად განკარგვადი თანხის გაანგარიშება დღგ-ის დეკლარაციით დეკლარირებულ ფასნამატზე დაყრდნობით“. თუმცა გაუგებარია ის ლოგიკა, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება თითქოსდა არ მოუთხოვია.
დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის შესაბამისად უნდა მომხდარიყო განკარგვადი თანხის ოდენობის დადგენა. სწორედ ამ საფუძვლით იქნა მიღებული 2023 წლის გადაწყვეტილება. გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ერთმანეთთან მოდის წინააღმდეგობაში.
ყურადღება მისაქცევია, ასევე გადაანგარიშების შესახებ დასკვნაზე, სადაც გადაანგარიშებაზე უარის თქმისას აუდიტის დეპარტამენტი უთითებს მხოლოდ იმ გარემოებას, რომ საჩივარში მითითებულ სხვა საკითხებზე არ არის წარდგენილი ისეთი მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
ამდენად, დაუსაბუთებელია შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია პროცედურულ გარემოებაზე, რომ თითქოსდა 25.12.2023 წლის №32679 ბრძანებაში მითითებული გარემოებები და ახალ საჩივარში მითითებული გარემოებები განსხვავებულია.
დარიცხვის შინაარსთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს სთხოვს საჩივრის დაკმაყოფილებას, შემდეგ გარემოებათა გამო:
შემმოწმებელმა იხელმძღვანელა კომპანიის მიერ დღგ-ში დეკლარირებული ფასნამატით, რაც რეალურ ოდენობას ბევრად აღემატება. იმ მიზნით, რომ კომპანიის ბიუჯეტის წინაშე სწორად ჰქონოდა ანგარიშგება დღგ-ში განხორციელდა მაღალი ფასნამატის დაფიქსირება, ხოლო შემდგომ პერიოდში უნდა მომხდარიყო დაზუსტება და კორექტირებული დეკლარაციის წარდგენა. ვინაიდან დაიწყო საგადასახადო შემოწმება, კორექტირებული დეკლარაციის წარდგენა ვერ მოხერხდა.
შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტურ რეალიზაციაზე მოდის სრული რეალიზაციის დაახლოებით 45-50%, რომლითაც შესაძლებელია რეალური ფასნამატის და დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა. კომპანიის მხრიდან მოხდა შეძენილი და რეალიზებული პროდუქციის დაკავშირება, თვითღირებულების განსაზღვრა და დოკუმენტური ფასნამატის ოდენობის დადგენა სახეობების მიხედვით. განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის საშუალო შეწონილი ფასნამატი, რომელიც ბევრად ნაკლებია დეკლარირებულ ბრუნვასთან შედარებით.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა ფულის მოძრაობის ანალიზი, რომლის საფუძველსაც წარმოადგენდა დღგ-ის ბრუნვაში მაღალი მარჟის დაფიქსირება. აღნიშნულთან დაკავშირებით შემმოწმებელმა უნდა იხელმძღვანელოს კომპანიის მიერ წარდგენილი გაანგარიშების ცხრილებით (დოკუმენტური რეალიზაციიდან) და განსაზღვროს დასაბეგრი ბრუნვა. ამის შემდგომ (საჭიროების შემთხვევაში) მოხდეს ფულის მოძრაობის ანალიზი.
კომპანიას ჯარიმები დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს მიმართავს გამოიყენოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება და კომპანია გაათავისუფლოს დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან, როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი. საწარმოს მიზანი არ ყოფილა გადასახადების დამალვა.
ზემოხსენებული არგუმენტაციის და მტკიცებულებათა გათვალისწინებით ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს წარდგენილ მტკიცებულებათა გათვალისწინებით და გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დარიცხული თანხების კორექტირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 25.12.2023 წლის №32679 ბრძანებით სადავო საკითხთან (ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად განკარგვადი თანხის გაანგარიშება დღგ-ის დეკლარაციით დეკლარირებულ ფასნამატზე დაყრდნობით) დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 25.12.2023 წლის №32679 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2025 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ:
- შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი 8) შესაბამისად, ფულადი სახსრების გაანგარიშებისას გათვალისწინებულია იმპორტირებული საქონლის სრული საინვოისო ღირებულება, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
- საწარმოს მიერ საჩივარში მითითებულ სხვა საკითხებზე არ არის წარდგენილი ისეთი მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, კომპანიის ბიუჯეტის წინაშე სწორად რომ ჰქონოდა ანგარიშგება დღგ-ში განახორციელა მაღალი ფასნამატის დაფიქსირება, ხოლო შემდგომ პერიოდში უნდა მომხდარიყო დაზუსტება და კორექტირებული დეკლარაციის წარდგენა. ვინაიდან დაიწყო საგადასახადო შემოწმება, კორექტირებული დეკლარაციის წარდგენა ვერ მოხერხდა. შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტურ რეალიზაციაზე მოდის სრული რეალიზაციის დაახლოებით 45-50%, რომლითაც შესაძლებელია რეალური ფასნამატის და დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა. მიუხედავად ზოგადი დავალებისა, შემოსავლების სამსახური 25.11.2025 წლის ბრძანებაში კატეგორიულად ცვლის გადაწყვეტილების შინაარს იმ საფუძვლით, რომ თითქოსდა მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში მოხდა საჩივრის დაკმაყოფილება და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირებას გადაწყვეტილება არ ეხებოდა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა ფულის მოძრაობის ანალიზი, რომლის საფუძველს წარმოადგენდა დღგ-ის ბრუნვაში მაღალი მარჟის დაფიქსირება. ამდენად, დეკლარირებული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის კორექტირებაზე შემოსავლების სამსახური დაეთანხმა, ვინაიდან ვერ განხორციელდებოდა განკარგვადი თანხის (დარიცხული საშემოსავლო გადასახადის) კორექტირება. აღნიშნულთან დაკავშირებით შემმოწმებელმა უნდა იხელმძღვანელოს კომპანიის მიერ წარდგენილი გაანგარიშების ცხრილებით (დოკუმენტური რეალიზაციიდან) და განსაზღვროს დასაბეგრი ბრუნვა. ამის შემდგომ (საჭიროების შემთხვევაში) მოხდეს ფულის მოძრაობის ანალიზი. ასევე, საბჭოს მიმართავს გამოიყენოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება და კომპანია გაათავისუფლოს დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან, როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი.
მომჩივნის არგუმენტზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვის კორექტირება არ მომხდარა. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული (დანართი №8) მეთოდური მითითების შესაბამისად, ფულადი სახსრების გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა იმპორტირებული საქონლის სრული საინვოისო ღირებულება, შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). საჩივარში მითითებული სხვა საკითხების ირგვლივ, აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები (ელ. ცხრილის სახით) ფასნამატის გაანგარიშებასთან დაკავშირებით. წარმოდგენილი ინფორმაციით შეძენილი და რეალიზებული პროდუქციის დაკავშირება, თვითღირებულების განსაზღვრა და შესაბამისად ფასნამატის ოდენობის დადგენა ვერ განხორციელდა, არადოკუმენტური რეალიზაცია გაანგარიშებულია დეკლარირებული ბრუნვებიდან გამომდინარე. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით არ იყო დავალებული დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება არადოკუმენტურ რეალიზებულ საქონელზე. ასევე, გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი მონაცემები არარელევანტურია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების საგადასახადო ორგანოს მიერ აუდირებული მონაცემებით დადგენილ მარჟასთან. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ისეთი შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს, შესაბამისად საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები ამ ნაწილში კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.
აღსანიშნია, რომ მომჩივნის მიერ, დებიტორულ დავალიანებასთან მიმართებით, წარდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურის სადავო, 25.11.2025 წლის №25800 ბრძანებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტებით მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს საჩივრების დანართად წარდგენილი მტკიცებულებები მ.შ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მეშვეობით დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
ამავე ბრძანებაში მომჩივნის არგუმენტებზე, დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირებასთან და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელს სადავოდ მითითებული აქვს ისეთი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის 25.12.2023 წლის №32679 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
შემოსავლების სამსახურის 25.12.2023 წლის №32679 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საწარმოს არ უფიქსირდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ფაქტი, ასევე ბოლო ეკონომიკური აქტივობა ფიქსირდება 2022 წლის ოქტომბრის თვეში.
ვინაიდან, გადასახადის გადამხდელმა არ წარადგინა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანი/აუცილებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების საფუძველზე, გაანგარიშდა/გაანალიზდა კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოწმების შედეგად გაანგარიშებული განკარგვადი თანხის ნაწილი ჩაითვალა პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, ხოლო კრედიტორული დავალიანების ნაწილი უპროცენტო სესხად.
მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული ბრძანება არაერთხელ გასაჩივრდა, როგორც შემოსავლების სამსახურში ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(3-ზ); 101; 154; 269(7)