გადაწყვეტილება №24679/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24679/2/2025
07 მარტი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 1.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24679/2/2025).
დავის საგანი:
არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, ფასნამატის ოდენობა და ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 5.11.2024 წლის №056-65 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 27.01.2025 წლის №679 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 217 803,25 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 138 374
დღგ - 25 537
საშემოსავლო გადასახადი - 112 837
ჯარიმა - 69 187
საურავი - 10 242,25
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ჩანთების და სხვა შერეული საქონლის ------- იმპორტი და ------- ტერიტორიაზე რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 13.12.2023 წელს, დღგ-ის გადამხდელად - 15.03.2024 წელს.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 13.12.2023 წლიდან 1.06.2024 წლამდე სრული, კამერალური, გეგმიური საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 29.10.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელი შემოწმების პროცესში დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის შესაბამისად (საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაციის წარუდგენლობა). პირი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებდა პროგრამა „ინფოს“ მეშვეობით, თუმცა მასში სრულყოფილად არ იყო ასახული ოპერაციები, მათ შორის, ბოლომდე არ იყო გატარებული საქონლის ჩამოწერები. შემმოწმებელთათვის წერილობით მიწოდებული ინფორმაციით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სმფ-ების ნაშთის შესახებ მონაცემები არ დაემთხვა მიწოდებული ბუღალტრული პროგრამის მონაცემს. გარდა აღნიშნულისა, შემოწმების პროცესში სარწმუნოდ არ იქნა მიჩნეული პროგრამულად დაფიქსირებული ფასნამატი.
გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის განმარტებით, საზოგადოება ახორციელებდა საქონლის საბითუმო რეალიზაციას, თუმცა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შესამოწმებელ პერიოდში არც ერთი სასაქონლო ზედნადები/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ იყო გამოწერილი, შედეგად, საქონელი ჩაითვალა საცალოდ რეალიზებულად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, საქონელი დაიყო ჯგუფებად, თითოეული ჯგუფისთვის მოძიებულ იქნა ანალოგიური საქონლით მოვაჭრე პირების აუდირებული ფასნამატები, რომლებიც გავრცელდა ჯგუფების მიხედვით. საშუალო ფასნამატმა შეადგინა 48%. გათვალისწინებულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის და პერიოდის ბოლოსთვის გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა.
გადასახადის გადამხდელის შემოსავლები განისაზღვრა ასევე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შესწავლილ იქნა კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობა. დებიტორულ/კრედიტორული დავალიანების შესახებ გადასახადის გადამხდელის წერილობითი განმარტების თანახმად, ------- მომწოდებელთან თანხა არ ჰქონდა გადახდილი, ამავე დროს რეალიზებულ პროდუქციაზე მიღებული არ იყო თანხები, თუმცა საქონელი იყო წაღებული. გადასახადის გადამხდელმა შემმოწმებლებს წარუდგინა ------- მომწოდებლის წერილი, მომწოდებლის მიმართ არსებული კრედიტორული დავალიანების შესახებ, ხოლო რეალიზებულ საქონელთან დაკავშირებული დებიტორული მოთხოვნის დოკუმენტურად დადასტურება გადამხდელმა ვერ შეძლო. ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზისას, დადგენილი შემოსავლების, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების (ხელფასის განაცემი არ ფიქსირდება), დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების გათვალისწინებით, დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადასახადის გადამხდელს სალაროში უნდა ჰქონოდა 451 348 ლარი, თუმცა გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული ბუღალტრულად არ აღიარა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის და ასევე, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად დადგენილი თანხა ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე 5.11.2024 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №23567 ბრძანება და №056-65 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 27.01.2025 წლის №679 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონით დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
აღებულ იქნა სხვა მსგავსი საწარმოს მიერ მიღებული ბრუნვები. უცნობია რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული, ან რამდენად არის მისი საქმიანობა კომპანიის საქმიანობის იდენტური, ვისგან იძენს და რა ხარისხის საქონელს ყიდის აღნიშნული კომპანია და ა.შ. სამწუხაროდ არც შემოწმების პროცესში და არც შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოებისთვის არ მიუწოდებიათ, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის საგადასახადო საიდუმლოება, რაც ბუნებრივია აბსურდია.
შემოწმებით არ არის დასაბუთებული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი, იმ პირობებში, როცა საზოგადოება საქონელს არ ყიდის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, საქონლის ჩამოწერას ახორციელებს დღის ჭრილში, შესაბამისად აღრიცხვა აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწესრიგებული. აქედან გამომდინარე შემმოწმებლებს არ ჰქონდა უფლება არაპირდაპირი მეთოდებით განესაზღვრათ მისი შემოსავალი.
პარალელურად ჩატარდა შპს „-------“-ის საგადასახადო შემოწმება, რომელიც ვაჭრობს იდენტური საქონლით და შემოწმებაც ჩატარებულია მსგავს პერიოდზე. შემოწმებით ამ უკანასკნელზე გავრცელდა ფასნამატი 26%. თუ ერთი და იგივე პერიოდში ერთი და იგივე საქონლის ვაჭრობისას ერთ გადასახადის გადამხდელზე ვრცელდება 26%-იანი ფასანამატი, მაშინ რატომ ვრცელდება მეორე გადამხდელზე 48% ფასანამატი?
არასწორად იქნა გაანგარიშებული საწარმოს ფასნამატი, რამაც განაპირობა არასწორი/ვირტუალური ფულის ნაშთი დადგენა. ასევე არასწორი ვირტუალური ფულის ნაშთის ე.წ ,,გროსვა" და არარსებული ფულის 20% ნაცვლად 25% დაბეგვრა.
მომჩივანი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით საინვოისო ღირებულების სრულად ხარჯებში გათვალისწინება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
„ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების (დანართი №9) მე-10 მუხლის შესაბამისად „ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრება შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდის (კალენდარული თვის) არაგონივრული ნაშთის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. კერძოდ, აღნიშნული თანხა კვალიფიცირდება როგორც საწარმოს დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემული ხელფასი“.
მომჩივანს მიაჩნია, რომ არ არის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საჭიროება დასაბუთებული იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოება საქონელს არ ყიდის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად და საქონლის ჩამოწერას ახორციელებს დღის ჭრილში. გაურკვეველია ანალოგად გამოყენებული კომპანია რა საქონელს, ვისგან, რა ფასად ყიდულობდა და ყიდდა. იდენტური საქონლით მოვაჭრე შპს "-------"-ის მიმართ იმავე პერიოდში ჩატარებული შემოწმებისას საქონლის ფასნამატად გამოყენებულია 26%, ხოლო მოცემულ შემთხვევაში - 48%. ფასნამატის არასწორად გაანგარიშების შედეგად არასწორად იქნა გამოთვლილი ფულის ნაშთი და ის 20 % ნაცვლად დაიბეგრა 25%-თ. აუდიტის დეპარტამენტს ხარჯში უნდა გაეთვალისწინებინა საინვოისო ღირებულება.
აუდიტის დეპარტამენტი წარმომადგენელთა განმარტებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება განაპირობა შემდეგმა გარემოებებმა: ბუღალტრულ პროგრამაში არ იყო ოპერაციები სრულად ასახული, მათ შორის სრულად არ იყო გატარებული საქონლის ჩამოწერის ოპერაციები. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სმფ-ების ნაშთის შესახებ მონაცემები არ ემთხვეოდა ბუღალტრული პროგრამის მონაცემებს. შედეგად სარწმუნოდ არ ჩაითვალა პროგრამულად დაფიქსირებული ფასნამატი (3/5%). შემოსავალი არ ფიქსირდებოდა არც სალარო აპარატის და არც საბანკო ანგარიშის მონაცემებით. რეალიზებული საქონელი ჩაითვალა საცალოდ რეალიზებულად, ვინაიდან გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა ან/და სასაქონლო ზედნადები. რაც შეეხება შპს „-------“-ის საქმიანობის საგადასახადო შემოწმებისას გამოყენებულ ფასნამატს, აღნიშნულ კომპანიაზე გავრცელებულ იყო საბითუმო ფასნამატი 26%-ის ოდენობით, ხოლო, შპს ,,-------’’-ის შემთხვევაში კი გამოყენებულია საცალო ფასნამატი, ვინაიდან, კომპანია, მიუხედავად გადასახადის გადამხდელის განმარტებისა, საბითუმო რეალიზაციას არ ახორციელებდა რეალურად. შემოწმებით დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადამხდელს სალაროში უნდა ჰქონოდა 451 348 ლარი (რასაც გადამხდელი ბუღალტრულად არ აღიარებდა). აღნიშნული თანხა ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
საბჭო აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია მისი პოზიციის დამადასტურებელი იმგვარი მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.
ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები და სრულად არ არის აღრიცხული საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, დადგენილი ფასნამატის გამოყენებით და შესაბამისი გადასახადებით დაბეგვრა მართებულია. ამდენად, საბჭო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, ფასნამატის ოდენობა და ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებდა პროგრამა „ინფოს“ მეშვეობით, თუმცა მასში სრულყოფილად არ იყო ასახული ოპერაციები, მათ შორის, ბოლომდე არ იყო გატარებული საქონლის ჩამოწერები. წერილობით მიწოდებული ინფორმაციით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სმფ-ების ნაშთის შესახებ მონაცემები არ დაემთხვა ბუღალტრული პროგრამის მონაცემს. გარდა აღნიშნულისა, შემოწმების პროცესში სარწმუნოდ არ იქნა მიჩნეული პროგრამულად დაფიქსირებული ფასნამატი. გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის განმარტებით, საზოგადოება ახორციელებდა საქონლის საბითუმო რეალიზაციას, თუმცა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შესამოწმებელ პერიოდში არც ერთი სასაქონლო ზედნადები/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ იყო გამოწერილი, შედეგად, საქონელი ჩაითვალა საცალოდ რეალიზებულად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, საქონელი დაიყო ჯგუფებად, თითოეული ჯგუფისთვის მოძიებულ იქნა ანალოგიური საქონლით მოვაჭრე პირების აუდირებული ფასნამატები, რომლებიც გავრცელდა ჯგუფების მიხედვით. გათვალისწინებულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის და პერიოდის ბოლოსთვის გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზისას, დადგენილი შემოსავლების, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების, დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების გათვალისწინებით, დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადასახადის გადამხდელს სალაროში უნდა ჰქონოდა თანხა, რომელიც ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები და სრულად არ არის აღრიცხული საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, დადგენილი ფასნამატის გამოყენებით და შესაბამისი გადასახადებით დაბეგვრა მართებულია. ამდენად, საბჭო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159;