გადაწყვეტილება №27551/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27551/2/2026
24 აგვისტო 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ --------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ს 8.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27551/2/2026).
დავის საგანი:
საგადასახადო დავის განახლება ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 12.09.2024 წლის №249-29 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 209 966.09 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 92 334
მოგების გადასახადი - 71 948
საშემოსავლო გადასახადი - 20 386
ჯარიმა - 46 166
საურავი - 71 466.09
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი --------) შეძენის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის, საჯარო რეესტრის მონაცემების და გადასახადის გადამხდელის განმარტების მიხედვით საწარმოს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2020 წლის 2 ოქტომბერს რეგისტრირებული აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით -------- (ფართობი 11 389 კვ.მ.) და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობების შეძენა საწარმოს დირექტორისგან, --------. 399 000 აშშ დოლარად (ეროვნული ბანკის იმჟამინდელი კურსით - 1 276 321 ლარი).
ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ნასყიდობის თანხა გადახდილია სრულად, რაც ეწინააღმდეგება საწარმოს საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც საწარმოს ანაზღაურებული აქვს 1 252 415 ლარი. გადამხდელმა უარი განაცხადა შეძენილი ქონების საბაზო ღირებულების შეფასების დოკუმენტის წარმოდგენაზე მისი შეძენის თარიღისათვის და შესაბამისად, აღნიშნული ქონების შეფასება განახორციელა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტმა, რომელმაც საწარმოს მიერ მისი დირექტორისაგან შეძენილი ქონების საერთო საბაზრო ღირებულება შეძენის თარიღისათვის შეაფასა 889 000 ლარად.
საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-19 მუხლის გათვალისწინებით დადგენილია ურთიერთდამოკიდებულ პირთა შორის გარიგების საბაზრო ფასზე ზეგავლენა. შესაბამისად აღნიშნულ ოპერაციებზე გადამხდელის მიერ გადახდილ თანხებსა და შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის დასკვნით განსაზღვრულ საბაზრო ფასებს შორის დადებითი თანხობრივი სხვაობა ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე, გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 26.12.2023 წლის №32869 ბრძანება და №249-35 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 6.02.2024 წლის №2083 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 7.06.2024 წლის №22335/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ურთიერთდამოკიდებული ფიზიკური პირისგან შეძენილი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ ფასსა და საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობის მოგების გადასახადით დაბეგვრა და აღნიშნულის გათვალისწინებით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დავების განხილვის საბჭოს 7.06.2024 წლის №22335/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 სექტემბრის დასკვნის მიხედვით, დაკორექტირდა (შემცირდა) შემოწმების აქტით დარიცხული თანხები. სულ 6 745 ლარით, მათ შორის: გადასახადის თანხა 4 496 ლარით, ჯარიმა 2 249 ლარით, აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 12 სექტემბრის №20203 ბრძანება და №249-29 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 20.12.2024 წლის №92331/1/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მომჩივანმა დავების განხილვის საბჭოში წარმოადგინა საჩივარი, სადაც ახლად გამოვლენილი გარემოების გამო მოითხოვს დავის განახლებას.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი --------) საბაზრო ღირებულების 889 000 ლარის დადგენისას შესაბამის დასკვნაში შეფასება განხორციელდა მხოლოდ 11 389 კვ.მ. მიწისა და მასზე არსებულ 450 კვ.მ. ნაგებობის. ამავე მიწის ნაკვეთზე 2016 წლიდან არსებული ჭაბურღილის შეფასება არ განხორციელებულა. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 12.03.2026 წლის №-------- დასკვნით განისაზღვრა -------- მუნიციპალიტეტში -------- მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი --------)2016 წლიდან არსებული ჭაბურღილის საბაზრო ღირებულება, რამაც შეადგინა 92 400 ლარი, აღნიშნული თანხა გათვალისწინებული უნდა იქნას მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი --------) საბაზრო ღირებულების დადგენისას.
საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის გათვალისწინებით, ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო ითხოვს დავის განახლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.
3. მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
მომჩივანს მიაჩნია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 12.03.2026 წლის №--------დასკვნა წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას და აღნიშნულის საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის გათვალისწინებით, მოითხოვს დავის განახლებას და 12.09.2024 წლის №249-29 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭოს აპარატის 16.06.2025 წლის №-------- წერილით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდულ დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა, ინფორმაცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 7.06.2024 წლის №22335/2/2024 გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების თაობაზე. იურიდული დეპარტამენტის მიერ 25.06.2026 წლის №-------- წერილიდან დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.01.2025 წლის განჩინებით (საქმე №3/6618-24), კომპანიის სარჩელი მიღებულია წარმოებაში.
იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ დავების განხილვის საბჭოს 7.06.2024 წლის №22335/2/2024 გადაწყვეტილებაზე, დავა არ დასრულებულა და სასამართლო წარმოებაშია, საბჭოს მიაჩნია, რომ მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს საგადასახადო კოდექსის 308-ე და 299-ე მუხლების საფუძველზე დავის განახლების თაობაზე.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო დავის განახლება ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანს მიაჩნია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 12.03.2026 წლის დასკვნა წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას და აღნიშნულის საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის გათვალისწინებით, მოითხოვს დავის განახლებას და 12.09.2024 წლის №249-29 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას. დავების განხილვის საბჭოს აპარატის 16.06.2025 წლის წერილით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდულ დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა, ინფორმაცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 7.06.2024 წლის №22335/2/2024 გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების თაობაზე. იურიდული დეპარტამენტის მიერ 25.06.2026 წლის წერილიდან დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.01.2025 წლის განჩინებით (საქმე №3/6618-24), კომპანიის სარჩელი მიღებულია წარმოებაში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ დავების განხილვის საბჭოს 7.06.2024 წლის №22335/2/2024 გადაწყვეტილებაზე, დავა არ დასრულებულა და სასამართლო წარმოებაშია, საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს საგადასახადო კოდექსის 308-ე და 299-ე მუხლების საფუძველზე დავის განახლების თაობაზე.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299; 308.