გადაწყვეტილება №20209/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.10.2023
№ დოკუმენტი 20209/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20209/2/2023

02 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 9.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20209/2/2023).

 

დავის საგანი:

უძრავი ქონების რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრა და მიღებულ და გახარჯულ ფულად სახსრებს შორის სხვაობის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 9.12.2022 წლის №006-549 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13971 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 303 095,46 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 168 044

დღგ - 80 416

საშემოსავლო გადასახადი - 87 628

ჯარიმა - 84 022

საურავი - 41 029,46

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა.

აუდიტის დეპარტამენტის 7.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდი.

შემოწმების აქტის მიხედვით, მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში აშენებული აქვს 2 შენობა: -------, ------- და -------, ------- საჯარო რეესტრში არსებული ინფორმაციის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში საზოგადოებას მყიდველებისთვის გადაფორმებული ჰქონდა 21 საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართი. საზოგადოების მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის/ინფორმაციის, ასევე შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა (საზოგადოებას რიგ შემთხვევებში არ ჰქონდა განხორციელებული რეალიზებული ფართების შესაბამისად საგადასახადო დეკლარირება). შემოწმების მიერ დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. ასევე, შესწავლილ იქნა საზოგადოების ფულადი სახსრების ამსახველი ოპერაციები, რომლის შესწავლის დროსაც შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული ფულადი სახსრები, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, ბიუჯეტთან ანგარიშსწორება და საბანკო ამონაწერში არსებული ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა გადახდები. ფულადი სახსრების სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. საზოგადოებას დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 9.12.2022 წლის №006-549 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13971 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, საწარმოს შესამოწმებელ და წინა პერიოდებში ფ/პ ------- (პ/ნ -------) აღებული აქვს სესხი, რომელიც შემოწმების პერიოდში დაბრუნებულია სრულად. აგრეთვე აცხადებს, რომ საწარმოს 2021 წლის თებერვლის თვეში რეალიზებული აქვს კომერციული ფართი, საიდანაც მიღებული თანხა საწარმოს დამფუძნებელს გატანილი აქვს და შემცირებულია საწარმოს მის მიმართ არსებული ვალდებულება. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გამოთქვამს მზაობას წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტები/მტკიცებულებები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველ და მე-8 ნაწილებზე, 171-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა დეკლარირებული და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახული შესაბამის პერიოდში რეალიზებული ფართები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და შესაბამისად დაბეგვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საშემოსავლო გადასახადში დამატებით მოხდა დარიცხვა შემდეგ თემაზე, საწარმოს შესამოწმებელ და წინა პერიოდებში ფ/პ ------- (პ/ნ -------) აღებული აქვს სესხი (თანხა შესამოწმებელ პერიოდში ჩარიცხულია ბანკში 59 600 ლარი), აღნიშნული თანხები შემოწმების პერიოდში დაბრუნებულია სრულად. აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილი იქნება გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შესაბამისად დაბრუნებული თანხებით უნდა შემცირდეს საშემოსავლო გადასახადი.

საწარმოს 2021 წლის თებერვლის თვეში რეალიზებული აქვს კომერციული ფართი, რომლიდანაც მიღებული თანხა საწარმოს დამფუძნებელს ------- (პ/ნ -------) გატანილი აქვს და შემცირებული აქვს საწარმოს მის მიმართ არსებული ვალდებულება (ბანკის გადახდის ქვითარშიც მიზნობრიობად მითითებულია კაპიტალის შემცირება -------), შემოწმების მიერ არ იქნა აღნიშნული გათვალისწინებული კაპიტალის შემცირებად და 199 590 ლარი დაბეგრილი იქნა საშემოსავლო გადასახადით.

აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილი იქნება წინა პერიოდის დოკუმენტები და კაპიტალში შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც დაადასტურებს ზემოაღნიშნული თანხის საწარმოს დამფუძნებლის მიმართ ვალდებულებას. შესაბამისად დაბრუნებული თანხებით (გატანილი კაპიტალის თანხით) უნდა შემცირდეს საშემოსავლო გადასახადი.

საწარმოს 2016 წელს ფ/პ ------- (პ/ნ -------) და ფ/პ ------- (პ/ნ -------) გაფორმებული აქვს წინარე ხელშეკრულებები, საწარმოს აღნიშნული პირებიდან ავანსის თანხა მიღებული აქვს 2016 წელს, ხოლო აღნიშნული პროექტის მშენებლობა დამთავრებული 2017 წელს სრულად და შესაბამისად ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა პირობა შესრულებულია მხარეთა მიერ, საზოგადოების მიერ რეალიზებული ბინების გადაფორმება საჯარო რეესტრში მოხდა გვიან 2019 წელს. შემოწმების მიერ აღნიშნული ბინების დაბეგვრა მოხდა 2019 წელს, რაც ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის ნორმებს, რადგანაც აღნიშნული ბინების დაბეგვრის პერიოდს წარმოადგენს არაუგვიანეს 2017 წელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა მოხდეს აუდიტის დეპარტამენტის მიერ ზედმეტად დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13971 ბრძანებით ფ/პ ------- (პ/ნ -------) აღებული სესხის შემოწმების პერიოდში დაბრუნების და 2021 წლის თებერვლის თვეში რეალიზებული კომერციული ფართის მყიდველისგან მიღებული თანხის საწარმოს დამფუძნებლის მიერ გატანის საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13971 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, კომპანიის მიერ რეალიზებულია 2 საცხოვრებელი ბინა, რაც არ იყო დღგით დაბეგრილი და დაიბეგრა შემოწმების შედეგად. ბინებზე წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებულია 2016 წელს, მომჩივნის განმარტებით მშენებლობა დასრულებულია 2017 წელს, თუმცა საკუთრების უფლება გადაცემულია 2019 წელს, საჯარო რეესტრში გაფორმების შედეგად. მომჩივანი განმარტავს, რომ 2017 წელს ყველა ვალდებულება შეასრულა. თუმცა საკუთრების უფლების გადაცემა როგორც ვალდებულების შესრულება არ მომხდარა, შესაბამისად აღნიშნული განხილული ვერ იქნება საკუთრების უფლების გადაცემის/მიწოდების განხორციელების მომენტად. საბოლოო შეთანხმების ხელშეკრულებები გაფორმებულია 2019 წელს.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ უძრავი ქონების მიწოდების დღგ-ით დაბეგვრა განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსეობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს უძრავი ქონების რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრა და მიღებულ და გახარჯულ ფულად სახსრებს შორის სხვაობის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, კომპანიის მიერ რეალიზებულია 2 საცხოვრებელი ბინა, რაც არ იყო დღგით დაბეგრილი და დაიბეგრა შემოწმების შედეგად. ბინებზე წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებულია 2016 წელს, მომჩივნის განმარტებით მშენებლობა დასრულებულია 2017 წელს, თუმცა საკუთრების უფლება გადაცემულია 2019 წელს, საჯარო რეესტრში გაფორმების შედეგად. მომჩივანი განმარტავს, რომ 2017 წელს ყველა ვალდებულება შეასრულა. თუმცა საკუთრების უფლების გადაცემა როგორც ვალდებულების შესრულება არ მომხდარა, შესაბამისად აღნიშნული განხილული ვერ იქნება საკუთრების უფლების გადაცემის/მიწოდების განხორციელების მომენტად. საბოლოო შეთანხმების ხელშეკრულებები გაფორმებულია 2019 წელს.

ასევე, შესწავლილ იქნა საზოგადოების ფულადი სახსრების ამსახველი ოპერაციები, რომლის შესწავლის დროსაც შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული ფულადი სახსრები, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, ბიუჯეტთან ანგარიშსწორება და საბანკო ამონაწერში არსებული ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა გადახდები. ფულადი სახსრების სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. საზოგადოებას დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13971 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154; 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი 161;