გადაწყვეტილება №24398/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24398/2/2024
26 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ის 4.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24398/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2.05.2023 წლის №9515 ბრძანების აღსრულების შედეგები - სანქციისაგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 19.09.2024 წლის დასკვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 25.09.2024 წლის №20921 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 25.09.2024 წლის №007-235 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 30.10.2024 წლის №23178 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 432 338.08 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 168 132
დღგ - 153 484
საშემოსავლო გადასახადი - 14 564
ქონების გადასახადი - 84
ჯარიმა - 101 113
საურავი - 163 093.08
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. საგამოძიებო სამსახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.09.2019 წლამდე პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგები აისახა 21.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 23.09.2019 წლის №32783 ბრძანების შესაბამისად ჩატარდა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ფაქტიური აღწერა. აღწერის შედეგების შესახებ ინფორმაცია შემდგომი რეაგირების მიზნით გაიგზავნა აუდიტის დეპარტამენტში.
შემოწმების პროცესში გაკეთებული ანალიზის შედეგად, საწარმოს უფიქსირდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენა, რომლის გარკვეული ნაწილის ფაქტიური ნაშთი არ გააჩნია. გადასახადის გადამხდელი საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის შესაბამისად არ ახორციელებს საქონლის ჩამოწერას, კერძოდ შემოწმების შედეგად უნდა ჰქონოდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი, რომელიც ინვენტარიზაციის შედეგად არ აღმოაჩნდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის დებულებების გათვალისწინებით საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის ძირითადი საქმიანობის საგანს წარმოადგენს სამშენებლოსარემონტო მომსახურების გაწევა, ის საქონელი და მასალები, რომლის რეალიზაციაც დოკუმენტურად არ დასტურდებოდა, ჩაითვალა რეალიზებულად საწარმოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე განსაზღვრული ფასნამატით და დაიბეგრა დღგ-ით.
შემოწმებით განისაზღვრა ფულადი საშუალებების ნაშთი, რომელიც ფაქტიურად საწარმოს არ აღმოაჩნდა. აღნიშნული თანხა ჩაითვალა პასუხისმგებელ პირზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2021 წლის №40419 ბრძანება და 24.12.2021 წლის №007-547 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 30.01.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 7.07.2022 წლის №17684 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 7.10.2022 წლის №17287/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 7.07.2022 წლის №17684 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. ამასთან, საჩივარი დაკისრებული სანქციებისგან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, გათავისუფლების მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველი და დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. დაბრუნებული საჩივარი განიხილა შემოსავლების სამსახურმა, რომლის 2.05.2023 წლის №9515 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 7.10.2022 წლის №17287/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები, მათ შორის გამოითხოვოს საგამოძიებო სამსახურში არსებული ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2.05.2023 წლის №9515 ბრძანების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 19.09.2024 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ გადაანგარიშების შედეგად სულ შემცირდა 614 379 ლარი, მათ შორის გადასახადი 409 272 ლარი და ჯარიმა 205 107 ლარი. დასკვნის საფუძველზე გამოიცა 25.09.2024 წლის №20921 ბრძანება და ამავე თარიღის №007-235 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 24.10.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 30.10.2024 წლის №23178 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება. ამასთან საჩივარში მითითებული აქვს ისეთი სადავო საკითხი, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
გასაჩივრებული აქტებით დაეკისრა ჯარიმის სახით 101 113 ლარის და საურავის სახით 163 093.08 ლარი, რასაც არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ სახეზეა გადამხდელის სანქციისგან გათავისუფლების საფუძვლები. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მითითებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, სუბიექტის არაკეთილსინდისიერ გადამხდელად მიჩნევისათვის უნდა გადამოწმდეს მისი საგადასახადო ისტორია, უნდა შეფასდეს სამართალდარღვევის ჩადენა განპირობებულია განზრახი მოქმედებით თუ შექმნილი ვითარების არასათანადოდ შეფასებით. უზენაესი სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს გადამხდელის შეცდომის არასამართლებრივი ანუ ყოფითი გაგებით განმარტება-გამოყენების პრაქტიკაში დამკვიდრებას და განმარტავს: „მოცემულ შემთხვევაში კანონის მიზანს წარმოადგენს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს არა სტანდარტულად შეცდომის დამშვები პირი, არამედ პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს“.
უზენაესი სასამართლო, ასევე განმარტავს, რომ საგადასახადო სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული საგადასახადო სანქცია უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და მიყენებული ზიანის მოცულობას. გადასახადის შემცირებამ გარდაუვლად უნდა გამოიწვიოს სამართალდამრღვევის მიმართ პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება, მაგრამ იგი არ უნდა ატარებდეს რეპრესიულ ხასიათს.
საგადასახადო სამართალდარღვევის გამო არარეპრესიული ხასიათის სანქციის გამოყენება გულისხმობს პასუხისმგებლობის სუბიექტის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას. მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საგადასახადო სანქციისგან გათავისუფლების 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული საფუძვლები. საგადასახადო შემოწმების დაწყებიდან დღემდე განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის საგადასახდო ორგანოების გადაწყვეტილებებმა და თავად სადავო აქტებით პირველადი შემოწმების შედეგების მნიშვნელოვანმა კორექტირებამ, უტყუარად აჩვენა, რომ კომპანია წარმოადგენს კეთილსინდისიერ სუბიექტს, რომელიც მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და იგი უნდა გათავისუფლდეს დარიცხული სანქციისგან. ამასთან, მნიშვნელოვანია აღნიშნული კომპანიის მატერიალური მდგომარეობაც, რომელიც სავალალოა და ამ რაოდენობით ჯარიმისა და საურავის გადახდა შეუძლებელს გახდის საქმიანობის გაგრძელებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 2.05.2023 წლის №9515 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 7.10.2022 წლის №17287/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები, მათ შორის გამოითხოვოს საგამოძიებო სამსახურში არსებული ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 2.05.2023 წლის №9515 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 19.09.2024 წლის დასკვნით:
სადავო საკითხის შესწავლის მიზნით საგამოძიებო ორგანოებიდან გამოთხოვილია ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის სსიპ ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის დასკვნა და საგამოძიებო ორგანოების ხელთ არსებული სხვა მასალები. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია დამატებით განცხადებები და ინფორმაცია/დოკუმენტაცია. გამოთხოვილი დოკუმენტაციის შესწავლა/ანალიზის შედეგად, დამატებით გამოვლენილი ახალი გარემოების საფუძველზე, საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შემცირდა/დაკორექტირდა აქტით დარიცხული დღგ-ით დასაბეგრი თანხის პერიოდი (2018 წლის ივნისი და ოდენობა.
მხარეთა არგუმენტაციის, წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლა/გამოკვლევის, განხორციელებული ოპერაციის შეფასებისა და კვალიფიკაციის განსაზღვრის შედეგად გამოვლენილი ცვლილების გათვალისწინებით, ასევე იმ მტკიცებულების წარდგენის შედეგად (სასამართლო დავა), რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ არსებული საგადასახადო ანგარიშფაქტურების (ეა ----) შესაბამისი მომსახურების ანაზღაურება საწარმოს არ მიუღია, აღნიშნულმა გამოიწვია კორექტირება შემოწმების შედეგად დარიცხული ფულადი საშუალების ნაწილში და შემცირებას დაექვემდებარა 2019 წლის აგვისტოს თვეში ფულადი საშუალების ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვის საფუძვლით დარიცხულის თანხები.
მომჩივანს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების დაწყებიდან დღემდე განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის საგადასახდო ორგანოების გადაწყვეტილებებმა და თავად სადავო აქტებით პირველადი შემოწმების შედეგების მნიშვნელოვანმა კორექტირებამ, უტყუარად აჩვენა, რომ კომპანია წარმოადგენს კეთილსინდისიერ სუბიექტს, რომელიც მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და იგი უნდა გათავისუფლდეს დარიცხული სანქციისგან. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საგადასახადო სანქციისგან გათავისუფლების 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული საფუძვლები.
წარმოდგენილი საჩივრით მომჩივანი არგუმენტს შემოსავლების სამსახურის 2.05.2023 წლის №9515 ბრძანების აღუსრულებლობაზე ან არასწორად/არასრულად აღსრულებაზე არ წარმოადგენს. მომჩივანი ითხოვს სანქციისაგან გათავისუფლებას, რასთან დაკავშირებით საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხებზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 2.05.2023 წლის №9515 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 2.05.2023 წლის №9515 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 2.05.2023 წლის №9515 ბრძანების აღსრულების შედეგები - სანქციისაგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
სადავო საკითხის შესწავლის მიზნით საგამოძიებო ორგანოებიდან გამოთხოვილია ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის სსიპ ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის დასკვნა და საგამოძიებო ორგანოების ხელთ არსებული სხვა მასალები. გამოთხოვილი დოკუმენტაციის შესწავლა/ანალიზის შედეგად, დამატებით გამოვლენილი ახალი გარემოების საფუძველზე, საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შემცირდა/დაკორექტირდა აქტით დარიცხული დღგ-ით დასაბეგრი თანხის პერიოდი და ოდენობა.
გამოვლენილი ცვლილების გათვალისწინებით, ასევე იმ მტკიცებულების წარდგენის შედეგად (სასამართლო დავა), რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ არსებული საგადასახადო ანგარიშფაქტურების შესაბამისი მომსახურების ანაზღაურება საწარმოს არ მიუღია, აღნიშნულმა გამოიწვია კორექტირება შემოწმების შედეგად დარიცხული ფულადი საშუალების ნაწილში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 2.05.2023 წლის №9515 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :304 1, გ.