გადაწყვეტილება №26204/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.12.2025
№ დოკუმენტი 26204/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

09 დეკემბერი 2025

№26204/2/2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 22.11.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26204/2/2025).

 

დავის საგანი:

არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები და წარდგენილი დეკლარაციების საფუძველზე დარიცხული გადასახადის გაუთვალისწინებლობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ივლისის №039-18 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 16 ოქტომბრის №21914 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 216 958.62 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 134 321.39

დღგ - 34 394.33

მოგების გადასახადი - (-8 602.94)

საშემოსავლო გადასახადი - 108 530

ჯარიმა - 71 462.20

საურავი - 11 175.03

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 მაისის №8686 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2023 წლის 24 აპრილიდან 2025 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 25 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: გადასახადის გადამხდელი საქმიანობას ახორციელებდა „ ----ში“. ამჟამად, საწარმო აღარ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას თურქეთიდან და ჩინეთიდან შემოტანილი აქვს ჯამურად 816 415 ლარის (დღგ-ის გარეშე) საქონელი.

მომჩივანს შემოსავლების სამსახურის გვერდზე გაეგზავნა წერილი საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის მიხედვით დოკუმენტაციის წარდგენასთან დაკავშირებით, რასაც გაეცნო 2025 წლის 20 მაისს. შემოწმების პროცესში მოხერხდა საწარმოს წარმომადგენელთან დაკავშირება, თუმცა გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია შემოწმების ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია შესაბამის ვადებში. საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის დარღვევისთვის, მომჩივანს, 2025 წლის 29 მაისის №188517 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა ამავე კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 400 ლარის ოდენობით.

კომპანიის მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებულ მისამართზე: ქ. ---ის რაიონი, ---ის --- №---, საწარმოს სავაჭრო ობიექტში საკონტროლო შესყიდვა და სარეალიზაციო ფასების ფიქსაცია ვერ განხორციელდა, ვინაიდან აღნიშნულ მისამართზე ვერ მოიძებნა კომპანიის ობიექტი. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 816 883 ლარს. დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 123%-ს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მომჩივანს დასაბეგრი ბრუნვები დეკლარირებული აქვს მხოლოდ 2023 წლის 5 თვეში (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ: 2024 წლის თებერვალში გადასახადის გადამხდელს არ აქვს დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, მაგრამ ამობეჭდილი აქვს ჩეკები სალარო აპარატში დღგის ჩათვლით 225 474 ლარი, რაც ჩაითვალა 2024 წლის თებერვლის თვეში მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა დღგ-ით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

საგადასახადო ორგანოს მიერ გაანალიზდა ნაღდი ფულის მოძრაობა. 2025 წლის 25 აპრილის №7760 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. დადგინდა, რომ სალაროს არ გააჩნია ადგილმდებარეობა და ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით.

საგადასახადო ორგანოს მიერ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების გათვალისწინებით განისაზღვრა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი წლების მიხედვით. შემოსული ფული დაანგარიშებულ იქნა შემოწმებით დადგენილი დღგით დასაბეგრი ბრუნვის მიხედვით, რამაც შეადგინა 2 369 396 ლარი (დღგ-ის ჩათვლით). ხარჯებში გათვალისწინებულ იქნა ბიუჯეტში გადახდილი თანხები - 147 045 ლარი, გაცემული დივიდენდები - 975 000 ლარი, შეძენილი საქონლის ღირებულება და მისი ტრანსპორტირების ღირებულება ჯამურად - 813 112 ლარი, ასევე ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ მეთოდური მითითების დანართი №8-ზე („კრედიტორული დავალიანების შესახებ“) დაყრდნობით იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად, გადასახდელი თანხის 100% ჩაითვალა ანაზღაურებულად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულის ნაშთი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ივლისის №15486 ბრძანება და №039-18 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 216 958.62 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 5 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 16 ოქტომბრის №21914 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 61-ე, 158-ე, 159-ე, 163- ე, 164-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული დავალიანება წარმოშობილია თავად მომჩივნის მიერ დეკლარირებული მონაცემების გათვალისწინებით და არა შემოწმების შედეგებით.

ამასთან, შემოწმების პროცესში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას არ გამოყენებულა არაპირდაპირი მეთოდი. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დაკორექტირდა (გაიზარდა) მხოლოდ 2024 წლის თებერვლის თვეში. კერძოდ: 2024 წლის თებერვალში მომჩივანს ამობეჭდილი ჰქონდა საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკები დღგ-ის ჩათვლით 225 474 ლარი, რომელიც დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომსახურების დეპარტამენტის წერილით ეცნობათ, რომ შპს „---“-ის 2025 წლის 25 ივნისის №96436/1/2025 კორესპონდენცია შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტიდან გადაგზავნილია მომსახურების დეპარტამენტში. კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათის შესწავლით დგინდება, რომ დღიდან საგადასახადო რეგისტრაციისა გადასახადის გადამხდელის მიერ ელექტრონულად წარდგენილი დეკლარაციების საფუძველზე სულ დარიცხულია გადასახადი 556 449.63 ლარი, გადახდილია 147 045 ლარი. დადგენილ ვადებში გადაუხდელ გადასახადზე დარიცხულია საურავი 118 351.46 ლარი. შედეგად, საწარმოს 2025 წლის 29 ივნისის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება სულ 527 756.08 ლარი (მ.შ. გადასახადი - 409 404.70 ლარი და საურავი - 118 351.38 ლარი). შემმოწმებელს არ აქვს გათვალისწინებული აღნიშნული დეკლარაციები და სახეზეა ორმაგი დარიცხვა. სადავო აქტების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ შემმოწმებელმა ფასნამატი გამოიყენა იმპორტის დროს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე, რაც დაუშვებელია, ვინაიდან საქონლის თვითღირებულება არის მისი საინვოისო ღირებულება და არა აფასებული ღირებულება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ საბაჟო მიზნებისთვის, იმპორტის გადასახდელების განსაზღვრისთვის. შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები და დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დღგ. კერძოდ, აღებულ იქნა სხვა მსგავსი საწარმოს მიერ მიღებული ბრუნვები.

დღემდე უცნობია რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული, რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობა მომჩივნის იდენტური, ვისგან იძენს და რა ხარისხის საქონელს ყიდის აღნიშნული კომპანია და ა.შ. სამწუხაროდ, არც შემოწმების პროცესში და არც შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე, აღნიშნული ინფორმაცია გადასახადის გადამხდელისთვის არ მიუწოდებიათ, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის საგადასახადო საიდუმლოება, რაც ბუნებრივია აბსურდია.

მომჩივანი მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლზე და აღნიშნავს, რომ გაუგებარია თუ რატომ აიღო შემმოწმებელმა სხვა კომპანიის ფასნამატი და არ გამოიყენა საცალო რეალიზაციაზე გადასახადის გადამხდელის დოკუმენტალური ფასნამატი. ასევე, არსებობს არაერთი გადაწყვეტილება, სადაც გაცილებით ნაკლები აუდირებული ფასნამატი იქნა გამოყენებული.

მაგალითად, შპს „---“-ის საგადასახადო შემოწმებისას, რომელიც ვაჭრობს იდენტური საქონლით. შემოწმებით ამ უკანასკნელზე გავრცელდა ფასნამატი 26%. ისმის კითხვა, თუ ერთი და იგივე პერიოდში ერთი და იგივე საქონლით ვაჭრობისას ერთ გადასახადის გადამხდელზე ვრცელდება 26%-იანი ფასნამატი, მაშინ რატომ ვრცელდება მეორე გადამხდელზე გაცილებით უფრო მაღალი ფასნამატი? არსებობს ასევე სხვა არაერთი გადაწყვეტილება, სადაც აუდირებული ფასნამატი შეადგენს 12%-ს.

მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლზე და აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში ფულის ნაშთი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი, ხარჯში კი - ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი და ბიუჯეტში გადახდები, ხოლო დარჩენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. როგორც აღნიშნა, არასწორად იქნა გაანგარიშებული საწარმოს ფასნამატი, რამაც განაპირობა არასწორი/ვირტუალური ფულის ნაშთის დადგენა. ასევე, არასწორია ვირტუალური ფულის ნაშთის ე.წ. „აგროსვა“ და არარსებული ფულის 20%-ის ნაცვლად 25%-ით დაბეგვრა. მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 16 ოქტომბრის №21914 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 1.12.2025 წლის №107606-21-14 წერილი, სადაც მითითებულია, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები ამჟამადაც ასახულია დროებით ბარათზე, ვინაიდან მიმდინარეობს დავის პროცესი და ჯერჯერობით არ მომხდარა ამ თანხების ძირითად ბარათზე გადატანა. რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებულ დავალიანებას, იგი წარმოშობილია თავად მომჩივნის მიერ დეკლარირებული მონაცემების გათვალისწინებით და არა შემოწმების შედეგებით. შემოწმების პროცესში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას არ გამოყენებულა არაპირდაპირი მეთოდი. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დაკორექტირდა (გაიზარდა) მხოლოდ 5 2024 წლის თებერვლის თვეში.

კერძოდ: 2024 წლის თებერვალში საწარმოს არ ჰქონდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, მაგრამ ამორტყმული ჰქონდა სალარო აპარატზე ჩეკები დღგ-ის ჩათვლით 225 474 ლარი. აღნიშნული ჩაითვალა 2024 წლის თებერვლის თვეში მიღებულ შემოსავლად და დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. ამასთან, სალაროში შემოსული ფული დაანგარიშებულ იქნა შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის მიხედვით, რამაც შეადგინა 2 369 396 ლარი (დღგ-ის ჩათვლით). ხარჯებში გათვალისწინებულ იქნა ბიუჯეტში გადახდილი თანხები - 147 045 ლარი, გაცემული დივიდენდები - 975 000 ლარი. შეძენილი საქონლის ღირებულება და მისი ტრანსპორტირების ღირებულება ჯამურად 813 112 ლარი, ასევე ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ მეთოდური მითითების დანართი №8-ზე („კრედიტორული დავალიანების შესახებ“) დაყრდნობით იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 100% ჩაითვალა ანაზღაურებულად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულის ნაშთი - 542 650 ლარი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზებში არსებული მონაცემების მიხედვით, კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა საბითუმო და საცალო ვაჭრობა ტანსაცმლით და ფეხსაცმლით.

გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ზედნადებების მიხედვით დგინდება, რომ საქმიანობას ახორციელებდა „---ში“. ამჟამად, კომპანია აღარ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს თურქეთიდან და ჩინეთიდან შემოტანილი აქვს ჯამურად 816 415 ლარის (დღგ-ის გარეშე) საქონელი. კომპანიას გაეგზავნა წერილი დოკუმენტაციის წარდგენასთან დაკავშირებით, რასაც გაეცნო 2025 წლის 20 მაისს. ასევე, შემოწმების პროცესში მოხერხდა საწარმოს წარმომადგენელთან დაკავშირება, თუმცა მომჩივანს არ წარუდგენია შემოწმების ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია შესაბამის ვადებში. აქედან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის დარღვევისთვის, ამავე კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, 2025 წლის 29 მაისს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №188517. მომჩივანი დაჯარიმდა 400 ლარით.

2025 წლის 28 აპრილის №7760 („სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“) ბრძანების საფუძველზე დაინიშნა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ სალაროს არ გააჩნია ადგილმდებარეობა და ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით. 2025 წლის 3 ივნისის №46263-21-14 სამსახურებრივი ბარათისა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.06.2025 წლის საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ №13225 ბრძანების საფუძველზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს ოფიცრები, მიმდინარე წლის 20 ივნისს გამოცხადდნენ კომპანიის მიერ გამოწერილ ზედნადებში დაფიქსირებულ მისამართზე: ქ. ---, ---ის რაიონი, ---, კომპანიის სავაჭრო ობიექტში საკონტროლო შესყიდვის ჩატარებისა და სარეალიზაციო ფასების ფიქსაციის მიზნით. აღნიშნულ მისამართზე ვერ მოიძებნა საწარმოს ობიექტი. შესაბამისად, ვერ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა და ფასების ფიქსაცია. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 816 883 ლარს. დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 123%-ს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მომჩივანს დასაბეგრი ბრუნვები დეკლარირებული აქვს მხოლოდ 2023 წლის 5 თვეში (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი).

საბჭო მიუთითებს, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს დასაბეგრი შემოსავალი, სადაც სადავო შემთხვევაში ჩართული იქნა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის გამოკლებით. აღნიშნული წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ მიღებულ შემოსავალს. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრება საშემოსავლო გადასახადის და ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის დარიცხვამდე აყვანილი თანხიდან განხორციელდა მართლზომიერად.

აღსანიშნავია, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი. ამასთან, როგორც შემოსავლების სამსახურში, ასევე დავების განხილვის საბჭოში დავის განხილვისას, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საჩივრის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა გადასახადის გადამხდელი არ დაესწრო დავის განმხილველ სხდომებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები და წარდგენილი დეკლარაციების საფუძველზე დარიცხული გადასახადის გაუთვალისწინებლობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის წერილი, სადაც მითითებულია, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები ამჟამადაც ასახულია დროებით ბარათზე, ვინაიდან მიმდინარეობს დავის პროცესი და ჯერჯერობით არ მომხდარა ამ თანხების ძირითად ბარათზე გადატანა. რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებულ დავალიანებას, იგი წარმოშობილია თავად მომჩივნის მიერ დეკლარირებული მონაცემების გათვალისწინებით და არა შემოწმების შედეგებით. შემოწმების პროცესში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას არ გამოყენებულა არაპირდაპირი მეთოდი. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დაკორექტირდა (გაიზარდა) მხოლოდ 5 2024 წლის თებერვლის თვეში. კერძოდ: 2024 წლის თებერვალში საწარმოს არ ჰქონდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, მაგრამ ამორტყმული ჰქონდა სალარო აპარატზე ჩეკები დღგ-ის ჩათვლით 225 474 ლარი. აღნიშნული ჩაითვალა 2024 წლის თებერვლის თვეში მიღებულ შემოსავლად და დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. ამასთან, სალაროში შემოსული ფული დაანგარიშებულ იქნა შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის მიხედვით, რამაც შეადგინა 2 369 396 ლარი (დღგ-ის ჩათვლით). ხარჯებში გათვალისწინებულ იქნა ბიუჯეტში გადახდილი თანხები - 147 045 ლარი, გაცემული დივიდენდები - 975 000 ლარი. შეძენილი საქონლის ღირებულება და მისი ტრანსპორტირების ღირებულება ჯამურად 813 112 ლარი, ასევე ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ მეთოდური მითითების დანართი №8-ზე („კრედიტორული დავალიანების შესახებ“) დაყრდნობით იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 100% ჩაითვალა ანაზღაურებულად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულის ნაშთი - 542 650 ლარი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159 (1); 163 (1,2); 164 (1); 73 (4,9); 101 (1); 154 (1).