გადაწყვეტილება №23924/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 19.11.2024
№ დოკუმენტი 23924/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23924/2/2024

19 ნოემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----ს“ 14.09.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23924/2/2024).

 

დავის საგანი:

დებიტორული დავალიანების არარეზიდენტზე გაცემულ სესხად განხილვის და აღნიშნულ სესხზე დარიცხული პროცენტის დირექტორის სარგებლად განხილვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 9.07.2024 წლის №024-51 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 15.08.2024 წლის №18827 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 255 103,17 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 135 212

მოგების გადასახადი - 82 389

საშემოსავლო გადასახადი - 52 823

ჯარიმა - 67 606

საურავი - 52 285,17

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა თურქეთიდან და ჩინეთიდან ქალის თეთრეულის, ტანსაცმლისა და ქსოვილების იმპორტი და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია. გადამხდელად რეგისტრირებულია 24.11.2016 წელს ამავე თარიღში რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სრული კამერალური გეგმიური საგადასახადო შემოწმება, შესამოწმებლად განისაზღვრა პერიოდი 1.01.2021 წლიდან 1.03.2024 წლამდე. შემოწმების შედეგები აისახა 25.06.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

კომპანიას 2022 წლის ნოემბრის თვის შემდგომ აქტივობა აღარ უფიქსირდება. შემოწმების პროცესში საწარმოს მიერ წარდგენილ იქნა საბუღალტრო პროგრამის ჩანაწერები, რომლის ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ 2021 წლის დეკემბრის თვეში კომპანიას სალაროდან გადახდილი აქვს თურქულ კომპანიაზე 380 783 ლარი. აღნიშნულ გადახდაზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა თანხის ორმხრივი მიღება-ჩაბარების აქტი. შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე აღნიშნული თურქული კომპანიისგან საქონლის მოწოდება არ განხორციელებულა.

შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა ვალის მოთხოვნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუმცა აღნიშნულის წარდგენა საწარმოს მიერ ვერ მოხერხდა. ასევე, საწარმოს ჩინეთიდან იმპორტირებული ჰქონდა საქონელი, რომლის კრედიტორული დავალიანების დაფარვაც განხორციელდა 2021 წლის მარტის თვეში. შემდგომ, 2021 წლის აგვისტოს თვეში გადასახადის გადამხდელის მიერ გადაირიცხა თანხა (86 088 ლარი) ჩინურ კომპანიასთან, თუმცა საქონლის მოწოდება არ განხორციელებულა.

დებიტორული დავალიანება შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე არ დაფარულა. არსებულ დავალიანებებთან დაკავშირებით საწარმოსგან გამოთხოვილ იქნა მტკიცებულება იმისა, რომ გადასახადის გადამხდელი ცდილობდა არსებული დებიტორული დავალიანების დაბრუნებას, თუმცა კომპანიას რაიმე დოკუმენტი არ წარუდგენია. თურქული და ჩინური კომპანიებისათვის გაცემული თანხები დაკვალიფიცირდა არარეზიდენტზე გაცემულ სესხად და საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დაიბეგრა მოგების გადასახადით შესაბამისი პერიოდების მიხედვით.

ამასთან, გაცემულ სესხს დაერიცხა სარგებელი საბაზრო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად, რომელიც საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. შემოწმების აქტის საფუძველზეც 8.07.2024 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №16104 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა 9.07.2024 წლის №024-51 საგადასახადო მოთხოვნა, აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 15.08.2024 წლის №18827 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2021 წლის დეკემბრის თვეში კომპანიას სალაროდან გადახდილი აქვს თურქულ კომპანიაზე 380 783 ლარი. აღნიშნულ გადახდაზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა თანხის ორმხრივი მიღება-ჩაბარების აქტი. შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე აღნიშნული თურქული კომპანიისგან საქონლის მოწოდება არ განხორციელებულა. ასევე, გადასახადის გადამხდელს ჩინეთიდან იმპორტირებული აქვს საქონელი, რომლის კრედიტორული დავალიანების დაფარვაც განხორციელდა 2021 წლის მარტის თვეში. შემდგომ, 2021 წლის აგვისტოს თვეში გადასახადის გადამხდელის მიერ გადაირიცხა თანხა (86 088 ლარი) ჩინურ კომპანიასთან, თუმცა საქონლის მოწოდება არ განხორციელებულა. არსებული დებიტორული დავალიანება შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე არ დაფარულა. არსებულ დავალიანებებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა მტკიცებულება იმისა, რომ კომპანია ცდილობდა არსებული დებიტორული დავალიანების დაბრუნებას, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის შემოწმებისთვის წარდგენა არ მომხდარა.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ თურქული და ჩინური კომპანიებისათვის გაცემული თანხების სესხად განხილვის საფუძველზე შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერია.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2021 წლის დეკემბრის თვეში კომპანიას სალაროდან გადახდილი აქვს, თურქული კომპანიისთვის 380 783 ლარი. აღნიშნულ გადახდაზე გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა თანხის ორმხრივი მიღება ჩაბარების აქტი. შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე აღნიშნული თურქული კომპანიისგან საქონლის მოწოდება არ განხორციელებულა. შემმოწმებლის მიერ გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა ვალის მოთხოვნის დამდასტურებელი დოკუმენტაცია. თუმცა აღნიშნულის წარდგენა შპს „---“-ს მიერ ვერ მოხერხდა. ასევე, შპს „-----“-ს ჩინეთიდან იმპორტირებული აქვს საქონელი, რომლის კრედიტორული დავალინების დაფარვაც განხორციელდა 2021 წლის მარტის თვეში. შემდგომ 2021 წლის აგვისტოს თვეში გადამხდელის მიერ გადაირიცხა თანხა (86 088 ლარი) ჩინურ კომპანიასთან. თუმცა საქონლის მოწოდება არ განხორციელებულა. არსებული დებიტორული დავალინება შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე არ დაფარულა. ორივე კომპანიას დღეის მდგომარეობითაც გააჩნიათ დავალიანება შპს ---ს მიმართ, სამართლებრივი დავის დაწყებას ვერ ახერხებენ იმის გამო, რომ არ აქვთ შესაბამისი ფინანსური რესურსი თურქეთში და ჩინეთში დავის საწარმოებლად. თურქული და ჩინური კომპანიების მიერ საქონლის მიუწოდებლობა და თანხის დაუბრუნებლობა გახდა იმის საფუძველი, რომ კომპანიამ შეწყვიტა სამეწარმეო საქმიანობა რესურსის არ არსებობის გამო.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-19 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, პროცენტი – ფულად დაბანდებებთან ან სავალო ვალდებულებებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის სავალო მოთხოვნიდან (იპოთეკური უზრუნველყოფის არსებობისა და მისი გაფორმების მეთოდის მიუხედავად) მიღებული ნებისმიერი წინასწარ განცხადებული (დადგენილი) შემოსავალი (მათ შორის, დისკონტის სახით მიღებული).

ამასთანავე, ამ ნაწილის მიზნებისათვის სავალო ვალდებულებას არ მიეკუთვნება საქონლის მიწოდებით ან/და მომსახურების გაწევით წარმოშობილი სავალო ვალდებულებები ან გარანტიითა და თავდებობით ან/და სხვა ამგვარი ოპერაციებით წარმოქმნილი ვალდებულებები.

ვინაიდან პროცენტის მიზნებისთვის სავალო ვალდებულებას არ მიეკუთვნება საქონლის მიწოდებით წარმოშობილი სავალო ვალდებულებები, საგადასახადო ორგანოს მიერ ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე, დებიტორული დავალიანების გაცემულ უპროცენტო სესხად კვალიფიცირების საფუძველი არ არის დასაბუთებული. მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი საგადასახადო მოთხოვნა #024-51 (თარიღი 09,07,2024) და ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანება №18827 (თარიღი 15.08.2024) .

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო. საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.“

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვის ეტაპზე სათანადოდ არ არის შეფასებული და დამატებით შესწავლას საჭიროებს დებიტორული დავალიანების არარეზიდენტზე გაცემულ სესხად კვალიფიკაციის საკითხი, მათ შორის გადასახადის გადამხდელის მიერ დებიტორულ დავალიანებად განხილული თანხების დირექტორის ხელფასად კვალიფიკაციის შესაძლებლობა.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

საბჭო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა.

მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 15.08.2024 წლის №18827 ბრძანება;

3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დებიტორული დავალიანების არარეზიდენტზე გაცემულ სესხად განხილვის და აღნიშნულ სესხზე დარიცხული პროცენტის დირექტორის სარგებლად განხილვის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა ვალის მოთხოვნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუმცა აღნიშნულის წარდგენა საწარმოს მიერ ვერ მოხერხდა. ასევე, საწარმოს ჩინეთიდან იმპორტირებული ჰქონდა საქონელი, რომლის კრედიტორული დავალიანების დაფარვაც განხორციელდა 2021 წლის მარტის თვეში. შემდგომ, 2021 წლის აგვისტოს თვეში გადასახადის გადამხდელის მიერ გადაირიცხა თანხა (86 088 ლარი) ჩინურ კომპანიასთან, თუმცა საქონლის მოწოდება არ განხორციელებულა.

დებიტორული დავალიანება შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე არ დაფარულა. არსებულ დავალიანებებთან დაკავშირებით საწარმოსგან გამოთხოვილ იქნა მტკიცებულება იმისა, რომ გადასახადის გადამხდელი ცდილობდა არსებული დებიტორული დავალიანების დაბრუნებას, თუმცა კომპანიას რაიმე დოკუმენტი არ წარუდგენია. თურქული და ჩინური კომპანიებისათვის გაცემული თანხები დაკვალიფიცირდა არარეზიდენტზე გაცემულ სესხად და საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დაიბეგრა მოგების გადასახადით შესაბამისი პერიოდების მიხედვით.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,9); 982; 101; 154.