გადაწყვეტილება №20771/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20771/2/2023
14 დეკემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“- ის 6.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20771/2/2023).
დავის საგანი:
სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 5.12.2016 წლის №081-242 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 15.08.2023 წლის №20112 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 242 409 ლარი.
გადასახადი - 135 161
დღგ - 78 565
მოგების გადასახადი - (-4 724)
საშემოსავლო გადასახადი - 61 320
ჯარიმა - 70 598
საურავი - 36 650
ფაქტების აღწერა
კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს სხვადასხვა მარკის ბეტონის წარმოება. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების საფუძველზე შედგა აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 5 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
1. გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ლაბორატორიული დასკვნა ამა თუ იმ მარკის ბეტონის წარმოებისთვის საჭირო მასალების კალკულაციის შესახებ. პირველადი სააღრიცხვო და საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავებით დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი და ჩამოწერილი სმფ-ების გამოყენებით შეეძლო უფრო მეტი ბეტონის წარმოება, ვიდრე მას აქვს ნაჩვენები რეალიზაციაში. ამასთან გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში დაჯარიმებულია რამდენჯერმე ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის და საკონტროლო სალარო აპარატის გამოუყენებლობისთვის.
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგებს და აღნიშნავს, რომ ქვიშა ხრეშის დაბალი ხარისხის გამო წარმოებაში აუცილებელია უფრო მეტი ცემენტის გამოყენება ვიდრე ლაბორატორიული დასკვნითაა განსაზღვრული. ამიტომ განაცხადი შეტანილი აქვს სამხარაულის ექსპერტიზაში და ელოდება დასკვნას სხვადასხვა მარკის სასაქონლო ბეტონის წარმოების კალკულაციის შესახებ. შემოწმების შედეგად გამოვლენილი სმფ-ების (ცემენტის) სხვაობა ჩართული იქნა წარმოებაში. ლაბორატორიული კალკულაციის მიხედვით წარმოებული იქნა სხვადასხვა მარკის ბეტონი, გადამხდელის მიერ რეალიზებული ბეტონის სახეობების პროპორციულად. აღნიშნული ჩაითვალა რეალიზებულად დოკუმენტურად დადასტურებული ფასით. გაიზარდა ერთობლივი შემოსავალი, დაერიცხა შესაბამისი გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. სააღრიცხვო დოკუმენტაციით დგინდება, რომ საწარმო ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გასცემს თანხებს, რომელთა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება ვერ დასტურდება. გადამხდელის განმარტებით, საწარმოს მოთხოვნები საწარმოს პერსონალის წინაშე შეადგენს მხოლოდ 200 ლარს.
შემოწმების შედეგად დირექტორზე გაცემული თანხები ჩაითვალა ხელფასად და დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ხსენებული აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 10.10.2016 წლის №28064 ბრძანება და №081-183 საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 10.11.2016 წლის №31124 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
- მეორე სადავო საკითხზე გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულება და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა შემოწმების აქტით ამ საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
ამასთან, საბჭომ ასევე მიიჩნია, რომ ვინაიდან დივიდენდის განაწილების წყაროს წარმოადგენს ფინანსური აღრიცხვის შედეგად მიღებული მოგება, ამასთან საწარმოდან არ ყოფილა გატანილი დივიდენდი, შემოწმების შედეგად ხელფასად მიჩნეული თანხების დარჩენილი ნაწილი განხილულიყო დივიდენდად, გასანაწილებელი მოგების გათვალისწინებით და განხორციელებულიყო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 28.11.2016 წლის დასკვნა, 5.12.2016 წლის №34669 ბრძანება და №081-242 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 16.02.2017 წლის №3689 ბრძანებით საჩივარი შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველი დარჩა. შემოსავლების სამსახურის 16.02.2017 წლის №3689 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 14.07.2017 წლის №14142/2/17 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა სასამართლოში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 5 დეკემბრის №081-242 საგადასახადო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომლითაც მომჩივანს საშემოსავლო გადასახადის სახით დაერიცხა 62 631 ლარი, ჯარიმა 31 315 და საურავი, ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის №3689 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება და შემოსავლების სამსახურს დაევალა საკითხის სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 მაისის განჩინებით უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 დეკემბრის 3 გადაწყვეტილება. ხოლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 21 თებერვლის განჩინებით აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
შემოსავლების სამსახურის 15.08.2023 წლის №20112 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, დავის ეტაპზე სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტაცია). თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 15.08.2023 წლის №20112 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 105-ე მუხლის პირველის ნაწილით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით, მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ გადამხდელის მიერ დავის ეტაპზე სასამართლოში წარდგენილია გარკვეული სახის მტკიცებულებები მატერიალური სახით, ასევე საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, საქართველოში შემოტანილი საქონელი აღრიცხულია შპს „---“-ის საკუთრებად. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, დავის ეტაპზე სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტაცია). თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს ნაწილობრივ, საჩივრის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში, ვინაიდან გაურკვეველია ბრძანების დასკვნით ნაწილში, თუ რა ნაწილში არ დაკმაყოფილდა საჩივარი. ადმინისტრაციული აქტი, რომელიც გამოცემულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ არ უნდა შეიცავდეს ბუნდოვან განმარტებებს და მასში მიღებული გადაწყვეტილება - დასკვნითი ნაწილი უნდა იყოს მკაფიო და შეიცავდეს მითითებას თუ რა ნაწილში არ დაკმაყოფილდა საჩივარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს გაუქმდეს სადავო გადაწყვეტილება საჩივრის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში, შესაბამისად, განიმარტოს თუ რა ნაწილში იქნა ნამსჯელი საჩივარზე და რა ნაწილში ეთქვა უარი, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს შემდგომ ეტაპზე აღსრულების მიზნებისათვის დამატებით გაუგებრობებს, შესაბამისად უნდა დაევალოს შემოსავლების სამსახურს იმსჯელოს საჩივარში დასმულ საკითხებზე იმგვარად, რომ სწორად იქნეს გადასახადის გადამხდელის მხრიდან აღქმულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს მიაჩნია, რომ დავის განმხილველმა ორგანომ მართალია მოიძია მტკიცებულებები, მაგრამ არასათანადოდ შეაფასა ისინი, რაც საქმეზე დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხეთა წარმომადგენლების განმარტებას და მიუთითებს, რომ მოცემული საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისთვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა.
სასამართლო მიუთითებს „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 21-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და მიაჩნია, რომ ვინაიდან საქართველოს საზღვარზე გადაადგილებისას მხოლოდ 30 000 ლარზე მეტი თანხის დეკლარირებაა სავალდებულო, სავსებით შესაძლებელია შპს „---“-ის (ს/ნ ---) წარმომადგენელს (დირექტორს) 30 000 ლარზე ნაკლები თანხით გადაეკვეთა სახელმწიფო საზღვარი და საწარმოს სახელით შეეძინა საქონელი ---ში მოქმედი კომპანიებისგან, მით უფრო, როდესაც --ში მოქმედი კომპანიებისგან საქონლის შეძენის და შეძენილი საქონლის ღირებულების სრულად გადახდის ფაქტი, დადასტურებულია მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (ანგარიშფაქტურები, წარმოშობის სერთიფიკატები, სასაქონლო ზედნადებების საბაჟო დეკლარაციები, ---ს რესპუბლიკაში მოღვაწე კომპანიების მიერ შპს „---“-ზე გაცემული ცნობები), რომლის თანახმად აღნიშნული კომპანიების მიმართ შპს „---“-ს დავალიანება არ ერიცხება.
ასევე, სათანადო დასაბუთებას საჭიროებს ადმინისტრაციული ორგანოსგან ის უდავო ფაქტობრივი გარემოება, რომ მითითებული მტკიცებულებების საფუძველზე საქართველოში შემოტანილი საქონელი აღრიცხულია შპს „---“-ის საკუთრებად და ასეთ შემთხვევაში, საწარმოდან დირექტორის სახელზე გაცემული თანხის ხელფასად განხილვა დავის განმხილველი ორგანოს მხრიდან, დასაბუთების გაცილებით მეტ სტანდარტს მოითხოვს. სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტები სადავო ნაწილში არ შეესაბამება კანონს, იგი მიღებულია საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევის გარეშე, დავის განხილვისას შეფასება არ მიეცა გადასახადის გადამხდელის სამართლიან მითითებას იმის შესახებ, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე საქართველოში შემოტანილი საქონელი აღრიცხულია შპს „---“-ის საკუთრებად, არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული საწარმოს მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას წარდგენილი მტკიცებულებები. ასევე, ახალი ადმინისტრაციული წარმოებისას დავის განმხილველმა ორგანომ სათანადოდ (ცხადია კრიტიკულად) უნდა შეაფასოს მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ სასამართლოში 2021 წლის 13 დეკემბერს წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც მართალია არ წარდგენილა (მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით დროის სიმცირის გამო) დავის განმხილველ ორგანოში, თუმცა არსებობს მატერიალური სახით და საჭიროებს კვლევას მათი დავასთან შემხებლობის თვალსაზრისით“.
სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, შემოსავლების სამსახურის 15.08.2023 წლის №20112 ბრძანებით, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, დავის ეტაპზე სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტაცია).
თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ შემოსავლების სამსახურის 15.08.2023 წლის №20112 ბრძანება შეიცავს ბუნდოვან ჩანაწერს და გადაწყვეტილების დასკვნითი ნაწილი უნდა იყოს მკაფიო და არ შეიცავს მითითებას თუ რა ნაწილში არ დაკმაყოფილდა საჩივარი, გადაწყვეტილება საჭიროებს მეტ კონკრეტიკას. მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოსავლების სამსახურის 15.08.2023 წლის №20112 ბრძანების შესაბამისად, მომჩივნის მიერ აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილია დოკუმენტაცია, რომლის შესწავლის და გადაანგარიშების პროცესი მიმდინარეობს. ყოველივე ზემოაღნიშნულის, მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 15.08.2023 წლის №20112 ბრძანება გამოცემულია სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 15.08.2023 წლის №20112 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, დავის ეტაპზე სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტაცია). თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 15.08.2023 წლის №20112 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 15.08.2023 წლის №20112 ბრძანება გამოცემულია სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1, გ).