გადაწყვეტილება №25180/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.06.2025
№ დოკუმენტი 25180/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25180/2/2025

12 ივნისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 16.05.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25180/2/2025).

 

დავის საგანი:

საბანკო ანგარიშიდან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე გადარიცხული მომსახურების ანაზღაურების ხელფასად დაკვალიფიცირება და დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 7.04.2025 წლის №006-72 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 14.05.2025 წლის №9502 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

56 764,13 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 35 675,24

მოგების გადასახადი - 518,93

საშემოსავლო გადასახადი - 35 156,31

ჯარიმა - 17 838

საურავი - 3 250,89

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 28.03.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.07.2023 წლიდან 1.01.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი.

 

შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმების პროცესში წარმოდგენილი ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი საბუღალტრო დოკუმენტაციის, ელექტრონული პროგრამა "ფინას", ასევე, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის (საბანკო ამონაწერები, ხელშეკრულებები) და საწარმოს სამეურნეო ოპერაციების შესწავლით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს გაწეული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული აქვს თანხები მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებთან (----), რომლებიც, მისი განმარტებით, უწევენ შეფუთვა-დაცლის მომსახურებას.

აღნიშნული გადარიცხვების დანიშნულებაში ზოგიერთ შემთხვევაში მითითებულია ხელფასი, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში კი მომსახურების ანაზღაურება. ი/მ ---ს შემთხვევაში გადამხდელის მიერ მხოლოდ 2024 წლის ბოლო თვეებში გადახდილი თანხები არის დაკვალიფიცირებული ხელფასად, დანარჩენი გადახდები კი - მომსახურებად. შესაბამისად, ერთსა და იმავე მომსახურებაზე გადამხდელის მიერ მინიჭებული აქვს სხვადასხვა კვალიფიკაცია. იქიდან გამომდინარე, რომ მომსახურების გაწევა ხდებოდა დამკვეთის ნედლეულითა და დამკვეთის დანადგარებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად არ იდენტიფიცირდება საწარმოს ნედლეულის გადაზიდვა კომპანიის საქმიანობის ადგილიდან სხვა ლოკაციაზე და პირიქით საწარმოში საქონლის დაბრუნება. ასევე, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აღნიშნული ფიზიკური პირები შესამოწმებელ პერიოდში მომსახურებას უწევენ მხოლოდ მომჩივანს.

შეფუთვის მომსახურებისთვის ფიზიკურ პირებზე საბანკო ანგარიშიდან გაცემული თანხები დაკვალიფიცირდა დაქირავებულ პირებზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 7.04.2025 წლის №006-72 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 14.05.2025 წლის №9502 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ საწარმოს მიერ საბანკო ანგარიშიდან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე გადარიცხული თანხების ხელფასად დაკვალიფიცირება მართლზომიერია, შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შესამოწმებელ პერიოდში მეწარმე ფიზიკურ პირებთან გაფორმებულია ხელშეკრულება მომსახურების გაწევაზე. შემოწმების პროცესში წარმოდგენილი იქნა ხელშეკრულებები და მიღებაჩაბარების აქტები, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული და ზემოაღნიშნული პირები ჩაითვალა საწარმოს დაქირავებულ პირებად და მასზე ანაზღაურებული თანხები კი ხელფასის სახით განაცემად. შემოწმების შედეგად დაბეგრილია ისეთი ფიზიკური პირები, რომელთანაც საწარმოს არ ჰქონია გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებები და ეს პირები არ სარგებლობენ თანამშრომლისათვის განკუთვნილი პირობებით (ხელფასი, ბონუსი, შვებულება, მივლინება და სხვა), როგორც კომპანიის სხვა დაქირავებული პირები.

შრომითი კოდექსის და საგადასახადო კოდექსის ნორმების შესაბამისად აღნიშნული პირების თანამშრომლობებად განხილვა არ მიგვაჩნია მართებულად, აღსანიშნავია, რომ თითოეული გადარიცხვა შესრულებულია მომსახურების ხელშეკრულების და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, საბანკო ამონაწერშივე მითითებულია, რომ გადარიცხვის საფუძვლის სხვადასხვა ტვირთის დატვირთვის და დაცლის მომსახურება, რას შესაბამისობაშია პირველად დოკუმენტაციასთან, შესაბამისად ის ფაქტი, რომ საბანკო ამონაწერში მექანიკური შეცდომის გამო დაფიქსირებულია ხელფასი, არ ნიშნავს რომ აღნიშნული პირები არიან კომპანიის თანამშრომლები. მომჩივანი ითხოვს სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული აქვს თანხები მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებთან ხელფასის დანიშნულების მითითებით. მათგან ერთ-ერთი ფიზიკური პირისთვის გადარიცხული თანხა დაბეგრილი აქვს ხელფასად. ამასთან, აღნიშნული ფიზიკური პირები შესამოწმებელ პერიოდში მომსახურებას უწევენ მხოლოდ შპს „---ს“ და მომსახურების გაწევა ხდებოდა დამკვეთის ნედლეულითა და დამკვეთის დანადგარებით.

მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, ფიზიკური პირები დატვირთვა-გადატვირთვის და შეფუთვის მომსახურებას ეწეოდნენ. ერთ-ერთ ფიზიკურ პირთან გადარიცხულია თანხა ხელფასის დანიშნულებით, რაც არის მექანიკური შეცდომა. იმ შემთხვევაში თუ მომსახურების ანაზღაურება კვლავ ხელფასის კვალიფიკაციით დარჩება, გადასახადის გადამხდელი ითხოვს გათავისუფლდეს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაკისრებული სანქციისგან.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში. საბჭო ვერ იმსჯელებს მომჩივნის მოთხოვნაზე სანქციებისგან გათავისუფლების თაობაზე, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურში 23.04.2025 წელს წარდგენილი საჩივრით, არ ეთანხმებოდა მხოლოდ საბანკო ანგარიშიდან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე გადარიცხული მომსახურების ანაზღაურების ხელფასად დაკვალიფიცირებას და ითხოვდა მომსახურების ანაზღაურებად ჩათვლას.

საქმეზე არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს შემოსავლების სამსახურის 14.05.2025 წლის №9502 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საბანკო ანგარიშიდან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე გადარიცხული მომსახურების ანაზღაურების ხელფასად დაკვალიფიცირება და დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული აქვს თანხები მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებთან ხელფასის დანიშნულების მითითებით. მათგან ერთ-ერთი ფიზიკური პირისთვის გადარიცხული თანხა დაბეგრილი აქვს ხელფასად. ამასთან, აღნიშნული ფიზიკური პირები შესამოწმებელ პერიოდში მომსახურებას უწევენ მხოლოდ მომჩივანს და მომსახურების გაწევა ხდებოდა დამკვეთის ნედლეულითა და დამკვეთის დანადგარებით.

შესაბამისად, ბანკიდან შეფუთვის მომსახურებისთვის ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა დაქირავებულ პირებზე გაცემულ ხელფასად, რაზეც გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს შემოსავლების სამსახურის 14.05.2025 წლის №9502 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (3); 101; 154; 73 (9).