გადაწყვეტილება №25869/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.11.2025
№ დოკუმენტი 25869/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25869/2/2025

26 ნოემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 17.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25869/2/2025).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით;

2. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი განკარგვადი თანხის, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 ივლისის №007-150 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 27.08.2025 წლის №19179 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 359 822,6 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 184 305,15

დღგ - 63 382,06

საშემოსავლო გადასახადი - 120 923,09

ჯარიმა - 91 388,70

საურავი - 84 128,75

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ------- ტერიტორიაზე სამზარეულოს ტექნიკით, ფეხსაცმლით და ჭურჭლით ვაჭრობა. საქონლის შეძენას ახდენს ------- და ცალკეულ შემთხვევაში -------.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 9 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რის საფუძველზეც გამოიცა 2025 წლის 4 ივლისის №15195 ბრძანება და №007-150 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 27.08.2025 წლის №19179 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით

ფაქტების აღწერა

დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს დეკლარირებული შემოსავლის 10%, დოკუმენტურად მიწოდებულია ძირითადად ფეხსაცმელი. 2023 წლიდან არ უფიქსირდება იმპორტი, ხოლო შემოსავლის დეკლარირება 2023 წლის თებერვლიდან აღარ უფიქსირდება. გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხდა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 21 მაისის №10386 ბრძანებით დანიშნული საკონტროლო შესყიდვის პროცედურა ვერ ჩატარდა, ვინაიდან გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს - 958 365 ლარს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, ამასთან, ჩაითვალა, რომ კომპანიას საწყისი და საბოლოო საქონლის ნაშთი არ ერიცხება. დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური შეძენები. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება განისაზღვრა შეძენილი საქონლის ღირებულებით, რაც დაიყო ჯგუფებად, კერძოდ: სამზარეულოს ტექნიკა, ჭურჭელი და ფეხსაცმელი, ჯგუფების მიხედვით გამოაკლდა დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და სხვაობაზე განსაზღვრული ჯგუფების მიხედვით გავრცელდა იგივე ტერიტორიული ერთეულის გათვალისწინებით იგივე საქმიანობის განმახორციელებელი პირის შესაბამისი ჯგუფის აუდირებული ფასნამატი. აღნიშნული მეთოდით გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რაც შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს დაერიცხა დღგ და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2025 წლის 21 აგვისტოს, თუმცა 21 აგვისტოს ჩანიშნულ სხდომასთან დაკავშირებით გადამხდელმა წარმოადგინა განცხადება სხდომის გადადებასთან დაკავშირებით. ხელმეორედ საჩივრის განხილვა ჩაინიშნა 27 აგვისტოს, გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, მიუხედავად ამისა გადამხდელი არ გამოცხადდა სხდომაზე და არც ჩანიშნული საქმის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით წარმოუდგენია განცხადება.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სადავო აქტების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ შემმოწმებელმა ფასნამატი გამოიყენა იმპორტის დროს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე, რაც დაუშვებელია, ვინაიდან საქონლის თვითღირებულება არის მისი საინვოისო ღირებულება და არა აფასებული ღირებულება, რომელიც გამოიყენა მხოლოდ საბაჟო მიზნებისათვის, იმპორტის გადასახდელების განსაზღვრისათვის.

შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები და დამატებით დაერიცხა საშემოსავლო და დღგ-ის გადასახადები, კერძოდ, აღებულ იქნა სხვა მსგავსი საწარმოს მიერ მიღებული ბრუნვები. მომჩივნისთვის დღემდე არის უცნობი რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული, რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობა იდენტური, ვისგან იძენს და რა ხარისხის საქონელს ყიდის აღნიშნული კომპანია და აშშ. სამწუხაროდ შემოწმების პროცესში და არც შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე აღნიშნული ინფორმაცია მომჩივნისთვის არ მიუწოდებიათ, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის საგადასახადო საიდუმლოება, რაც ბუნებრივია აბსურდია.

მომჩივანი მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილზე. მისთვის გაუგებარია თუ რატომ აიღო შემმოწმებელმა სხვა კომპანიის ფასნამატი და არ გამოიყენა საცალო რეალიზაციაზე მისი დოკუმენტალური ფასნამატი.

ზოგადად არსებობს არაერთი გადაწყვეტილება, სადაც გაცილებით ნაკლები აუდირებული ფასნამატი იქნა გამოყენებული, მაგალითად შპს ,,-------„ის საგადასახადო შემოწმებისას, რომელიც ვაჭრობს იდენტური საქონლით, შემოწმებით ამ უკანასკნელზე გავრცელდა ფასნამატი 26%. ისმის კითხვა თუ ერთი და იგივე პერიოდში ერთი და იგივე საქონლის ვაჭრობისას ერთ გადასახადის გადამხდელზე ვრცელდება 26%-იანი ფასანამატი, მაშინ რატომ ვრცელდება მეორე გადამხდელზე გაცილებით უფრო მაღალი ფასანამატი? არსებობს ასევე სხვა არაერთი გადაწყვეტილება სადაც აუდირებული ფასნამატი შეადგენს 12%. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქმეზე წარმოდგენილი 14.11.2025 წლის №101925-21-14 წერილში აღნიშნულია, რომ შემოსავლის გაანგარიშებისას ფასნამატი გავრცელდა საინვოისო ღირებულებაზე და არა საბაჟო ღირებულებაზე, შესამოწმებელ პერიოდში საბაჟო დეპარტამენტის მიერ ღირებულების აფასება მოხდა მხოლოდ 2022 წლის 20 მაისს №5781 დეკლარაციით განხორციელებული იმპორტიდან 9026 ერთეულ საქონელზე (ჭურჭელზე), შემოსავლის გაანგარიშება მოხდა ინვოისში მითითებული ღირებულების გათვალისწინებით.

ამავე წერილში ასევე აღნიშნულია, რომ გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს ------- ტერიტორიაზე სამზარეულოს ტექნიკით, ფეხსაცმლით და ჭურჭლით ვაჭრობა, საქონლის შეძენას ახდენს ------- და ცალკეულ შემთხვევაში -------, იმპორტის სახით. დოკუმენტური რეალიზაცია დეკლარირებული შემოსავლის 10% შეადგენს, დოკუმენტურად მიწოდებულია ძირითადად ფეხსაცმელი. 2023 წლიდან არ უფიქსირდება იმპორტი, ხოლო შემოსავლის დეკლარირება 2023 წლის თებერვლიდან აღარ უფიქსირდება. შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხდა. ამასთან გადამხდელთან 2025 წლის 28 აპრილის №7756 ბრძანებით დაინიშნა სალაროში ნაღდი ფული ინვენტარიზაცია, წარმოდგენილი მასალებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი ვერ დაუკავშირდა გადამხდელს და განისაზღვრა, რომ სალაროში ფულის ნაშთი არ ერიცხება, ასევე 2025 წლის 21 მაისის N10386 ბრძანებით დაინიშნა საკონტროლო შესყიდვა, მონიტორინგის დეპარტამენტის მასალებით გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური შეძენები, ვინაიდან გადამხდელს 2023 წლის თებერვლიდან საქმიანობა არ უფიქსირდება, შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხდა, ასევე მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ვერ მოიძებნა და ვერ მოხდა გადამხდელთან დაკავშირება, ჩაითვალა რომ კომპანიას საწყისი და საბოლოო საქონლის ნაშთი არ ერიცხება, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება განისაზღვრა შეძენილი საქონლის ღირებულებით, რაც დაიყო ჯგუფებად, კერძოდ სამზარეულოს ტექნიკა, ჭურჭელი და ფეხსაცმელი, ჯგუფების მიხედვით გამოაკლდა დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და სხვაობაზე განსაზღვრული ჯგუფების მიხედვით გავრცელდა იგივე ტერიტორიული ერთეულის გათვალისწინებით იგივე საქმიანობის განმახორციელებელი პირის შესაბამისი ჯგუფის აუდირებული ფასნამატი, აღნიშნული მეთოდით გაანგარიშდა დასაბეგრი შემოსავალი.

ამასთან, საჩივარში ხსენებულ კომპანიასთან დაკავშირებით შემმოწმებელი განმარტავს, რომ შპს „-------“-ის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ფეხსაცმელებით (საშინაო, რეზინის, სპორტული), ჩანთებით და ქუდებით ბითუმად ვაჭრობა. იმპორტს ახორციელებს ------- და -------. შემოწმების პროცესში წარადგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია და საბუღალტრო პროგრამა ფინა. შემოწმების შედეგად გამოყენებულ იქნა მსგავსი ტიპის საქმიანობის განმახორციელებელი პირების საბითუმო აუდირებული ფასნამატი 26%.

მომჩივანი და შპს „-------“ ვაჭრობას ახორციელებენ ერთმანეთისგან განსხვავებული საქონლით. კერძოდ, შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობას წარმოადგენს ------- ტერიტორიაზე სამზარეულოს ტექნიკით, ფეხსაცმლით და ჭურჭლით ვაჭრობა, ხოლო შპს „-------“ ფეხსაცმლით (საშინაო, რეზინის, სპორტული). გარდა ამისა, საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხდა, შესაბამისად შემოწმებისთვის არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ და აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია (ბუღალტერია) არ არის წარმოდგენილი დავების ეტაპზეც. შემოწმებით ვერ დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი საქონლის რეალიზაციას ახდენს ბითუმად, ხოლო შპს „-------“-ის საქმიანობა შემოწმებით განხილულ იქნა საბითუმო ვაჭრობად.

ზემოთ მოყვანილი არგუმენტების საფუძველზე, ეს ორი პირი ახორციელებს სხვადასხვა ტიპის რეალიზაციას (საცალო და საბითუმო) და ასევე განსხვავებული საქონლით ვაჭრობას, როგორც ზემოთ აღინიშნა, შპს ------- გარდა ფეხსაცმლისა, ასევე ვაჭრობს სამზარეულოს ტექნიკით და ჭურჭლითაც. შესაბამისად, ორივე კომპანიაზე განხორციელდა განსხვავებული ინდივიდუალური აუდირებული ფასნამატის გავრცელება.

ამასთან, როგორც შემოსავლების სამსახურში, ასევე დავების განხილვის საბჭოში დავის განხილვისას, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საჩივრის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა გადასახადის გადამხდელს მონაწილეობა არ მიუღია საჩივრის განხილვაში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი განკარგვადი თანხის, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა

გაანგარიშდა ფულის ნაშთი, მიჩნეულ იქნა, რომ კომპანიას დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ნაშთები არ ერიცხება, შემოწმებით დადგენილი შემოსავლების, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების, გაცემული ხელფასების, ბიუჯეტში გადახდილი და უკან დაბრუნებული თანხების გათვალისწინებით, გაანგარიშდა სალაროში ფულის განკარგვადი ნაშთი. ამასთან, გადასახადის გადამხდელთან 2025 წლის 28 აპრილის №7756 ბრძანებით დაინიშნა სალაროში ნაღდი ფული ინვენტარიზაცია. წარმოდგენილი მასალებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი ვერ დაუკავშირდა გადამხდელს და განისაზღვრა, რომ სალაროში ფულის ნაშთი არ ერიცხება. ვინაიდან გადასახადის გადამხდელს 2023 წლიდან საქმიანობა არ უფიქსირდება, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ფულის ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით. შესაბამისად, შემოწმებით გაანგარიშებული ფულის ნაშთი ჩაითვალა 2023 წლის იანვრის საანგარიშო თვეში დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2025 წლის 21 აგვისტოს, თუმცა 21 აგვისტოს ჩანიშნულ სხდომასთან დაკავშირებით გადამხდელმა წარმოადგინა განცხადება სხდომის გადადებასთან დაკავშირებით. ხელმეორედ საჩივრის განხილვა ჩაინიშნა 27 აგვისტოს, გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, მიუხედავად ამისა გადამხდელი არ გამოცხადდა სხდომაზე და არც ჩანიშნული საქმის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით წარმოუდგენია განცხადება.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არასწორად იქნა გაანგარიშებული საწარმოს ფასნამატი, რამაც განაპირობა არასწორი/ვირტუალური ფულის ნაშთი დადგენა. ასევე არასწორი ვირტუალური ფულის ნაშთის ე.წ ,,გროსვა" და არარსებული ფულის 20% ნაცვლად 25% დაბეგვრა. ასევე შესამოწმებელ პერიოდზე აქვს 190,224.40 ლარის დოკუმენტალური რეალიზაცია, შესაბამისად გაუგებარია რატომ არ გამოიყენა შემმოწმებელმა მისი დოკუმენტალური რეალიზაციის ფასნამატი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საბჭო მიუთითებს, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს დასაბეგრი შემოსავალი, სადაც სადავო შემთხვევაში ჩართული იქნა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის გამოკლებით. აღნიშნული წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ მიღებულ შემოსავალს. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრება საშემოსავლო გადასახადის და ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის დარიცხვამდე აყვანილი თანხიდან განხორციელდა მართლზომიერად.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით;

2. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი განკარგვადი თანხის, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, ამასთან, ჩაითვალა, რომ კომპანიას საწყისი და საბოლოო საქონლის ნაშთი არ ერიცხება. დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური შეძენები. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება განისაზღვრა შეძენილი საქონლის ღირებულებით, რაც დაიყო ჯგუფებად, კერძოდ სამზარეულოს ტექნიკა, ჭურჭელი და ფეხსაცმელი, ჯგუფების მიხედვით გამოაკლდა დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და სხვაობაზე განსაზღვრული ჯგუფების მიხედვით გავრცელდა იგივე ტერიტორიული ერთეულის გათვალისწინებით იგივე საქმიანობის განმახორციელებელი პირის შესაბამისი ჯგუფის აუდირებული ფასნამატი, აღნიშნული მეთოდით გაანგარიშდა დასაბეგრი შემოსავალი, რაც შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად. საწარმოს დაერიცხა დღგ და შეეფარდა ჯარიმა.

2. გაანგარიშდა ფულის ნაშთი, მიჩნეულ იქნა, რომ კომპანიას დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ნაშთები არ ერიცხება, შემოწმებით დადგენილი შემოსავლების, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების, გაცემული ხელფასების, ბიუჯეტში გადახდილი და უკან დაბრუნებული თანხების გათვალისწინებით, გაანგარიშდა სალაროში ფულის განკარგვადი ნაშთი. ვინაიდან გადასახადის გადამხდელს 2023 წლიდან საქმიანობა არ უფიქსირდება, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ფულის ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით. შესაბამისად, შემოწმებით გაანგარიშებული ფულის ნაშთი ჩაითვალა 2023 წლის იანვრის საანგარიშო თვეში დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159; 163