ბრძანება N 14602
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 14602
26 ივნისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
სს ,,-------” (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 24 და 26 იანვრის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 ივნისის სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა სს ,,-------” (ს/ნ -------) №78464/1/2023 და №13613/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №081-313 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიაჩნია, რომ აღნიშნული საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა 2022 წლის 6 მაისის შუალედური საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგების დადასტურება. მიაჩნია, რომ საბოლოო შემოწმების აქტი ასევე უსაფუძვლოა, რადგან კვლავ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განხორციელდა შუალედური აქტის შედეგების კანონიერ ძალაში დატოვება მიმდინარე საგადასახადო შემოწმების აქტით. მიუთითებს, რომ შემმოწმებელმა მიმდინარე საგადასახადო შემოწმების აქტით დაადასტურა, რომ კომპანია ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის საკუთარი უძრავი ქონების გაქირავება-მართვას, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს შუალედური აქტის შედეგების უსაფუძვლობაზე. ასევე, აცხადებს, რომ შემოწმებამ საბოლოო აქტით დაადასტურა კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების მიზნობრიობა, საცხოვრებელი და არასაცხოვრებლი ფართების მშენებლობის თაობაზე. შესაბამისად, მიაჩნიათ, რომ თუ საბოლოო შემოწმების აქტით შემმოწმებელი ადასტურებს კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების მიზნობრიობას, სრულიად ლოგიკას მოკლებულია 2022 წლის 6 მაისის შუალედური შემოწმების აქტის შედეგების კანონიერ ძალაში დატოვება. მიუთითებს სზაკ-ის 96-ე მუხლზე და უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე და თვლის, რომ 2022 წლის 23 დეკემბრის საბოლოო აქტით დადასტურდა კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების მიზნობრიობა და არამართებულია საბოლოო შემოწმების შედეგებით შუალედური აქტის შედეგების კანონიერ ძალაში დატოვება.
ფაქტების აღწერა:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 მარტის №7730 და 17 ივნისის №15442 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა სს ,,-------” (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 მაისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 23 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 26 დეკემბრის №32930 ბრძანება და ამავე თარიღის №081-313 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად თანხა არ დაერიცხა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით:
სს ,,-------’’ დაარსდა 2016 წლის 11 აპრილს. მისი 100%-იანი წილის მფლობელი იყო სს ,,-------’’ (ს/ნ -------). 2021 წლის 15 ოქტომბერს 100%-იანი წილის მფლობელი გახდა სს ,,-------’’ (ს/ნ -------). კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საკუთარი და იჯარით აღებული უძრავი ქონების გაქირავება-მართვა და სხვა საქმიანობები. კომპანია ფლობს 59 548 კვ.მ მიწის ნაკვეთს -------, ------- (ს/კ -------). მიწის ნაკვეთზე განთავსებულია მოიჯარეების მიერ მოწყობილი ავტოსამრეცხაო და სწრაფი კვების ობიექტი. 2021 წლის მაისის თვის საანგარიშო პერიოდში კომპანიამ აღნიშნულ მიწაზე დაიწყო საცხოვრებელი მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა, რომლის სამშენებლო სამუშაოებს მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებს სს ,,-------’’ (ს/ნ -------). ამ ეტაპზე საცხოვრებელი ბინების მშენებლობის პროცესი და მასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა შეჩერებულია.
2022 წლის 6 მაისს შედგენილ იქნა სს ,,-------’’ საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი (საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის მიხედვით, სულ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ მშენებლობასთან დაკავშირებულმა ხარჯმა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციასა და პირველად დოკუმენტებზე დაყრდნობით შეადგინა 55 184 007 ლარი (მათ შორის ქვეკონტრაქტორისგან მიღებული სამშენებლო მომსახურება 55 089 582 ლარი და მიღებული საპროექტო მომსახურება - 94 425 ლარი). ფართების რეალიზაცია შესამოწმებელ პერიოდში არ განხორციელებულა. მოკვლეულ წყაროებზე დაყრდნობით, ირკვევა, რომ აღნიშნული მშენებლობა მიმდინარეობდა ნებართვის გარეშე და კომპანია არაერთხელ იყო დაჯარიმებული უნებართვო მშენებლობის განხორციელებისათვის. ააიპ ------- მიერ წერილის საფუძველზე წარმოდგენილ იქნა უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების მასალები. ასევე, ------- ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მიერ წარმოდგენილი წერილის საფუძველზე ირკვევა, რომ არქიტექტურული პროექტი და მშენებლობის ნებართვა ------- მერიასთან არ შეთანხმებულა. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 127-ე მუხლის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯები დაკვალიფიცირდა არაეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ ხარჯად. ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, შემოწმებით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად).
საბოლოო საგადასახადო შემოწმების აქტით სხვა დამატებითი საგადასახადო ვალდებულება არ გამოვლენილა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახამად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო 1601 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნატის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, მომსახურების გაწევად ასევე განიხილება დასაბეგრი პირის მიერ მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა მისი დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის ან საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ სს ,,-------’’ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა მიმდინარეობს ნებართვის გარეშე და კომპანია არაერთხელ არის დაჯარიმებული უნებართვო მშენებლობის განხორციელებისათვის. ააიპ ------- მიერ, წერილის საფუძველზე წარმოდგენილ იქნა უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების მასალები. ასევე, ------- ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მიერ წარმოდგენილი წერილის საფუძველზე ირკვევა, რომ არქიტექტურული პროექტი და მშენებლობის ნებართვა ------- არ შეთანხმებულა. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება ასევე, რომ მიწის ნაკვეთზე (ს/კ -------) კომპანიამ მშენებლობა დაიწყო 2021 წლის მაისში, ხოლო მუნიციპალური ინსპექციის მხრიდან 2021 წლის 1 ივნისს პირველად განხორციელდა აღნიშნულ მშენებლობაზე გაფრთხილების მიცემა. ამის შემდგომ, აღნიშნულ საკადასტრო კოდზე უნებართვო მშენებლობისთვის დაახლოებით 10-მდე ჯარიმაა გამოწერილი. გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნული მშენებლობა მერიასთან არ შეთანხმებულა, შემოწმების მიერ მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯები დაკვალიფიცირდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად და განისაზღვრა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ უკანონო მშენებლობაზე გაწეული ხარჯების ეკონომიკურ საქმიაობასთან დაუკავშირებელ ხარჯად და აღნიშნული მშენებლობის დასაბეგრი პირის მიერ საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით მომსახურების უსასყიდლოდ გაწევად განხილვა მართლზომიერია. ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია მისი პოზიციის დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. სს ,,-------” (ს/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საკუთარი და იჯარით აღებული უძრავი ქონების გაქირავება-მართვა და სხვა საქმიანობები. კომპანიის მიწის ნაკვეთზე განთავსებულია მოიჯარეების მიერ მოწყობილი ავტოსამრეცხაო და სწრაფი კვების ობიექტი. 2021 წლის მაისის თვის საანგარიშო პერიოდში კომპანიამ აღნიშნულ მიწაზე დაიწყო საცხოვრებელი მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა. მოკვლეულ წყაროებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ აღნიშნული მშენებლობა მიმდინარეობდა ნებართვის გარეშე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯები დაკვალიფიცირდა არაეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ ხარჯად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, შემოწმებით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 97; 982; 1601(2);