გადაწყვეტილება №19694/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19694/2/2023
18 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ ---
(ს/ნ ---) მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 29.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ---ს 15.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19694/2/2023).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 8.10.2021 წლის №11383/2/2020 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 2.05.2023 წლის №041-24 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა:
74 352 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 27 579
დღგ - (- 6 886)
საშემოსავლო გადასახადი - 34 465
ჯარიმა - 24 424
საურავი - 22 349
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2017 წლიდან 1.12.2019 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგები აისახა 2020 წლის 29 ივლისს შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: - გადასახადის გადამხდელის მიერ 2017 წელს შეძენილი მარაგები 165 643 ლარით აღემატება დეკლარირებულ მონაცემებს, რომელიც ასევე, 2017 წლის 21 ნოემბერს ჩატარებული ინვენტარიზაციის მასალებში ასახულ შეძენილ მარაგებშიც არ მონაწილეობს. შესაბამისად, აღნიშნული არ არის არც ხარჯში და არც შემოსავალში აღებული. გადასახადის გადამხდელს სასაქონლო მარაგების მოძრაობა არ აქვს ნაწარმოები.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, 165 643 ლარის თვითღირებულების საქონელი ჩაითვალა მიწოდებად დოკუმენტური ფასნამატით (31%) და ჩაირთო 2017 წლის ერთობლივ შემოსავალში, დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში;
- შემოწმებით გამოვლინდა 3 215 ლარის დაუდასტურებელი ხარჯი. შედეგად, გაიზარდა 2017 წლის შეძენილი მარაგები და რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რამაც გამოიწვია 2017 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის გაზრდა. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დღგ, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად;
- გადასახადის გადამხდელი საქონლის რეალიზაციას ახდენს ნაღდი ანგარიშსწორებით, დოკუმენტის გარეშე რეალიზებულია 69%. 2017-2018 წლების დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 9.8%-ს. ამასთან, 2020 წლის თებერვლის თვეში ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატია 33%, ხოლო, დოკუმენტური ფასნამატი შეადგენს 31%-ს. ბუღალტრული ჩანაწერების მიხედვით, შეუძლებელი გახდა ჩამოწერილი საქონლის შეპირისპირება მიღებულ შემოსავალთან. საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის დასადგენად გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი, ჩამოწერილი საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა 31%-იანი ფასნამატი. შედეგად, გაიზარდა 2018 წლის ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დღგ, განისაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად;
- 2019 წლის წლიური საშემოსავლო დეკლარაციისა და ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის გამოყენებით, დადგინდა 2019 წლის ნოემბრის თვის საბოლოო სასაქონლო ნაშთი და 2019 წლის 11 თვის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომლის რეალიზაციით მიღებული დღგ-ის ბრუნვა გამოითვალა არაპირდაპირი მეთოდით, ინვენტარიზაციის ფასნამატის გამოყენებით. გამოვლენილი სხვაობა, რომელმაც შეადგინა 257 618 ლარი, ჩაირთო 2019 წლის 11 თვეში, დღგ-ის დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზეც გამოიცა 10.08.2020 წლის №23345 ბრძანება და 11.08.2020 წლის №041-51 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 23.09.2020 წლის №28637 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 8.10.2021 წლის №11383/2/2020 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:
- მომჩივანს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები;
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 8.10.2021 წლის №11383/2/2020 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 11.04.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 81 088 ლარით, მის საფუძველზე გამოიცა ამავე დეპარტამენტის 2.05.2023 წლის №041-24 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი ახორციელებს ქალის თეთრეულის იმპორტს და საბითუმო-საცალო რეალიზაციას. კამერალური შემოწმების ფარგლებში დაინიშნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შემოწმების აქტის დანართების გაცნობის შემდეგ გაირკვა, რომ შემმოწმებლის მიერ რეალიზებული საქონლის ფასნამატის დათვლისას გამოყენებულია არაპირდაპირი მეთოდი და გავრცელებულია დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის ფასნამატი თუმცა, ცხრილებში მათემატიკური გაანგარიშებისას დაშვებულია არსებითი შეცდომები, რაც ზრდის ფასნამატის პროცენტულ მაჩვენებელს. გადასახადის გადამხდელის მიერ, შემოწმებისას გამოყენებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოხდა ფასნამატის დათვლა და დადგინდა, რომ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე გავრცელებული ფასნამატების ნაცვლად (2017-2018-2019 წლების საანგარიშო პერიოდებში 31%) უნდა იყოს არსებითად ნაკლები (2017წ-14%; 2018წ-16%; 2019წ-16%). საგადასახადო ორგანოს მიერ წარდგენილ ცხრილებში, გარდა არითმეტიკული შეცდომებისა, საშუალო ფასნამატის დათვლისას გამოყენებულია არამართებული, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული ფორმულა, რომელიც მდგომარეობს შემდეგში:
- აუდიტორის მიერ შეკრებილია დადგენილი ფასნამატები და გაყოფილია საქონლის სახეობების რაოდენობაზე, გამოყვანილია სხვადასხვა საქონლის ფასნამატის საშუალო არითმეტიკული, რომელიც გავრცელებულია მთლიან შესამოწმებელ პერიოდზე;
- 2017 წლის შედეგების მიხედვით დადგენილი ფასნამატი გავრცელებულია შემდგომ, 2018-2019 წლის საანგარიშო პერიოდებზე;
- 2017 წლის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულების დათვლისას აუდიტორის მიერ არ არის თვითღირებულების გაანგარიშებისას გათვალისწინებული იმპორტზე გაწეული ისეთი დანახარჯები, როგორიცაა, ტრანსპორტირების ხარჯი, საბაჟოზე გაწეული სხვა ხარჯები;
- 2017 წლის საანგარიშო პერიოდში განხორციელებული იმპორტისას მეწარმეს ჩამოერთვა საქონლის გარკვეული ნაწილი სახელმწიფოს მიერ და განადგურდა. აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდა შემმოწმებელს, თუმცა მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული და ჩამორთმეული საქონელი საბაზრო ღირებულებით აღიარებულ იქნა მიწოდებად.
მიაჩნია, რომ 2017 წლის შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატის გავრცელება 2018-2019 წლის საანგარიშო პერიოდებზე არამართლზომიერია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 2018-2019 წლების საანგარიშო პერიოდებში მეწარმე ახორციელებდა სასაქონლო ზედნადებით რეალიზაციას, აქვე გასათვალისწინებელია ვალუტის კურსის მკვეთრი ცვლილება წლების ჭრილში, შემმოწმებელს ჰქონდა საშუალება განეხილა ფასნამატი საანგარიშო წლის მიხედვით და გაევრცელებინა შესაბამის საანგარიშო წელს რეალიზებულ საქონელზე. ყოველივე ამის შემდეგ, 4.08.2022 წელს აუდიტორთან, ---სთან ერთად განხილვის შემდეგ, აუდიტორმა გაასწორა თავისი დაშვებული შეცდომები, მაგრამ აქტი არ გადააგზავნა და მიმდინარე წელს, სხვა აუდიტორს, ---ს დაევალა ამ შემოწმების თავიდან გავლა. აქტის პროექტი არ ჩაბარებია (არ გაგზავნია), ამიტომ ისევ თავიდან გახდა საჭირო თვითოეული არგუმენტის დაცვა.
აუდიტორმა ძველთან ერთად ისიც კი არ გაითვალისწინა, რომ შემოსავალში ეღიარებინა დანაკლისი და შესაბამისი ჩამოწერები. ვერ დაადგინა სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებული ფასნამატი და ისევ გაავრცელა არაპირდაპირი მეთოდი.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს აქტის შედეგების ხელახალი გადაანგარიშება, საჩივრის განხილვას მისი და წარმომადგენლების თანდასწრებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბჭოს 8.10.2021 წლის №11383/2/2020 გადაწყვეტილებით, მომჩივანს მიეცა წინადადება, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საბჭოს 8.10.2021 წლის №11383/2/2020 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 11.04.2023 წლის დასკვნის საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 81 088 ლარით. აღნიშნული დასკვნიდან ირკვევა შემდეგი:
გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა საბუღალტრო პროგრამა ორისის რამდენიმე ვერსია, სხვა რაიმე სახის დოკუმენტის, მათ შორის ხარჯის ან საქონლის განადგურების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა არ მომხდარა. ბუღალტრული პროგრამის ბოლო ვერსიით, დოკუმენტური ფასნამატი შეადგენს 14-17%-ს, თუმცა საცალო რეალიზაციის ფასნამატი მინუსიანია, რაც გამომდინარეობს, საცალო რეალიზაციის შინაარსით, იმ ოდენობის საქონლის ჩამოწერიდან, რაც რეალიზებული არ იქნებოდა. ამასთან, საცალო რეალიზაცია სრულად დაფიქსირებული არ არის საკონტროლო-სალარო აპარატზეც. წარდგენილი პროგრამის მიხედვით, ასევე ვერ დგინდება რა ნიშნით არის იდენტიფიცირებული დოკუმენტურად რეალიზებული საქონელი (რეალიზაცია/თვითღირებულება), მაშინ როცა რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებებში გაურკვეველია კონკრეტულად, რომელი სახეობის საქონლის მიწოდება განხორციელდა. მაგ. მითითებულია რამდენიმე სახეობის და ფასის საქონელი ერთი დასახელებით. შესაბამისად, ბუღალტრული მონაცემებით მიწოდებული დოკუმენტური ფასნამატიც არაზუსტია. ამავე დროს, 2020 წლის 4 თებერვალს ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი 33%-ის ტოლია. გადაანგარიშების პროცესში გადამოწმდა ამავე ტერიტორიაზე, მსგავსი საქმიანობის მქონე პირების აუდირებული ფასნამატები, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე შემოწმების მიერ გამოყენებული ფასნამატი 31-33%. შესაბამისად, გადაანგარიშებით ფასნამატების კორექტირება/შემცირება არ მოხდა. გადაანგარიშების შედეგად, გასწორდა მხოლოდ 2019 წლის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას დაშვებული ტექნიკური ხარვეზი, რაც გულისხმობდა დასაბეგრი ბრუნვის გაორებას. ამდენად, დღგ-ში შემცირებას დაექვემდებარა სულ 56 132 ლარი (გადასახადი 38 204 ლარი და ჯარიმა 17 928 ლარი), ამასთან, შემცირებას დაექვემდებარა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმა 20 276 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ მომჩივანი, ამჟამად წარმოდგენილი არგუმენტების ანალოგიურად, , საბჭოზე დავის ეტაპზეც წარდგენილი საჩივრით სადავოდ ხდიდა და აღნიშნავდა, რომ არ ეთანხმებოდა შემოწმებით გაანგარიშებულ ფასნამატს, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულების დათვლისას არ არის გათვალისწინებული იმპორტზე გაწეული ისეთი დანახარჯები, როგორიცაა ტრანსპორტირების ხარჯი, საბაჟოზე გაწეული სხვა ხარჯი. 2017 წლის საანგარიშო პერიოდში განხორციელებული იმპორტისას ჩამოერთვა საქონლის გარკვეული ნაწილი და განადგურდა, რაზეც ინფორმაცია მიეწოდა შემოწმებას, მაგრამ არ იქნა გათვალისწინებული და ჩამორთმეული სასაქონლომატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულებით აღიარებულ იქნა მიწოდებად. სწორედ, ზემოაღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით და მის საფუძველზე, საბჭოს ხსენებული 8.10.2021 წლის №11383/2/2020 გადაწყვეტილებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებების აუდიტის დეპარტამენტისათვის წარდგენის შესაძლებლობა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არ ეთანხმება გადაანგარიშების დასკვნაში აუდიტორის პოზიციას, რომ „საცალო რეალიზაციის ფასნამატი მინუსიანია“, რადგან აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს, აღნიშნული გამოწვეულია იმით, რომ დანაკლისი არ არის შემოსავალში აღიარებული, ითხოვდა გადაანგარიშების გავლას მასთან ერთად, როგორც ყოფილ აუდიტორთან, ისე ამჟამინდელთანაც, მაგრამ არ იქნა გათვალისწინებული და გამოიცა დასკვნა.
ასევე, არ ეთანხმება აუდიტორის პოზიციას, რომ არ ხდება იდენტიფიცირება დოკუმენტურად და რომ გაანგარიშებული ფასნამატი არ არის სწორი, წარადგინა, საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ორისის ფორმატში ინფორმაცია, სადაც დაწვრილებითაა ყველა საქონლის კოდი აღწერილი, რაღაც გამონაკლისი შეიძლება იყოს, რომ არ ემთხვეოდეს სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებულ კოდს, მაგრამ კარგად არის ნაჩვენები დეკლარაციებშიც და ორისის ბაზაშიც.
რაც შეეხება დოკუმენტაციის წარდგენას, წარუდგინა შემოსავლების და ხარჯების ყველა დოკუმენტი შემმოწმებელ აუდიტორს, მაგრამ რატომღაც დაიკარგა, ერთ-ერთი იყო განადგურებას დაქვემდებარებულ საქონელზე, საბაჟო დეკლარაციები წარადგინა, სადაც ისედაც ხელუხლებლად ჩანს ყველაფერი. ფასნამატში და მიღებულ საქონელში განსხვავებას აძლევდა ის, რაც არ არის საბაჟო დეკლარაციაში მოხვედრილი, ესაა ტრანსპორტირების, შიდა გადაზიდვის და ა.შ ხარჯი. გადაანგარიშების ეტაპზე ჩართულ აუდიტორსაც უთხრა, რომ მას ყველა დოკუმენტი წარდგენილი აქვს წინა აუდიტორისათვის და ამჟამად, ორისის ბაზის გარდა არ გააჩნია არანაირი დოკუმენტი და ვერ წარადგენდა, ამიტომაც ითხოვდა და ეხლაც საჩივარში მითითებულია, რომ გადაანგარიშება მოხდეს მასი მონაწილეობით.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ იგი ჩაერთო გადაანგარიშების ეტაპზე, გაასწორა ტექნიკური ხარვეზი 2019 წელთან მიმართებით, რაც შეეხება ფასნამატს, დოკუმენტური ფასნამატი იყო არაიდენტიფიცირებადი, იყო საქონელი (კოლგოტები და ა.შ), მოიძია მტკიცცებულებები ფასნამატზე, კერძოდ, ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატები, რომელიც მნიშვნელოვნად მაღალი იყო არათუ მომჩივნის მიერ წარდგენილ ფასნამატზე, არამედ შემოწმებით გამოყენებულ ფასნამატზეც, ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი 33%-ია, ხოლო შემმოწმებელი აუდიტორის მიერ გამოყენებულია 31%-იანი ფასნამატი, გადასახადის გადამხდელი ითხოვს 14-17%-ის გამოყენებას, წარმოდგენილი იყო ორისის რამდენიმე ვერსია სადაც ფასნამატი 14%-ია, მაგრამ საცალო რეალიზაციაში იგივე ორისის მონაცემებით მინუსდებოდა ფასნამატი. მოძიებული პირები, ანალოგიური საქონლის იმპორტიორი და ასევე ბითუმად მოვაჭრეა, აუდირებული არცერთი ფასნამატი არ არის 14%, ამიტომ მიიჩნია, რომ შემმოწმებლის მიერ გამოყენებული ფასნამატი უფრო ლოგიკური იყო. რაც შეეხება წარმომადგენლის არგუმენტებს, ჩეკი რომ არ არის ამობეჭდილი ამიტომაც გამოვიდა მინუსიანი, არ აქვს გათვალისწინებული დანაკლისი, ჩეკების თვითღირებულებით აქვს გაანგარიშებული, რაც ხელთ ქონდა იმის საფუძველზე რაც დათვალა იყო არასაიმედო ინფორმაცია, მოითხოვა მტკიცებულებები, ქონდა კომუნიკაცია ამჟამინდელ წარმომადგენელთან, რადგან გამოყენებული ფასნამატის ნაცვლად წარდგენილი 14%-იანი ფასნამატის გათვალისწინებას მტკიცებულება სჭირდებოდა, რაც მიუხედავ განხორციელებული კომუნიკაციისა, არ წარუდგენია. რაც წარადგინა იყო ორისის პროგრამა, სადაც ცალკეა დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულება და ცალკე ჩეკით, შეისწავლა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის სასაქონლო ზედნადებებით თუ იყო იდენტიფიცირებადი და გაასწორა ტექნიკური ხარვეზი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს გარემოებაზე, რომ საბჭოს გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელს დაევალა მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებების აუდიტის დეპარტამენტისათვის წარდგენა, მომჩივნის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები წარადგინა, მაგრამ, არც საჩივარზე დანართის სახით არ არის წარმოდგენილი და არც საბჭოს სხდომაზე, დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია მტკიცებულება/დოკუმენტი, რაც მის მიერ მტკიცებულებების შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში წარდგენას დაადასტურებდა.
ამგვარად, საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მხარეთა არგუმენტაციის შეფასების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ საბჭოს 8.10.2021 წლის №11383/2/2020 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე.
ამდენად, მომჩივნის არგუმენტები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 8.10.2021 წლის №11383/2/2020 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის საფუძველზეც გამოიცა 10.08.2020 წლის №23345 ბრძანება და 11.08.2020 წლის №041-51 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 23.09.2020 წლის №28637 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 8.10.2021 წლის №11383/2/2020 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 8.10.2021 წლის №11383/2/2020 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 11.04.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 81 088 ლარით, მის საფუძველზე გამოიცა ამავე დეპარტამენტის 2.05.2023 წლის №041-24 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მხარეთა არგუმენტაციის შეფასების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ საბჭოს 8.10.2021 წლის №11383/2/2020 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე, საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1, გ).