გადაწყვეტილება №27840/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.08.2026
№ დოკუმენტი 27840/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27840/2/2026

24 აგვისტო 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ----- (ს/ნ ----- )

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 29.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----- 23.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 27840/2/2026).

 

დავის საგანი:

უფლებამოსილი პირისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 14.03.2026 წლის N EL310451 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 28.04.2026 წლის N 9279 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: ჯარიმა - 800 ლარი.

 

ფაქტების აღწერა:

2026 წლის 14 მარტს საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ კონტროლის ზონაში ----- მხრიდან შემოვიდა მომჩივანი, რომელმაც არ მოახდინა კუთვნილი ხელბარგის სკანერზე გატარება. საბაჟო ფორმალობების სრულყოფილად განხორციელების მიზნით მებაჟე - ოფიცერმა გადაწყვიტა ----- შეჩერება, რა დროსაც ის არ დაემორჩილა მის კანონიერ მოთხოვნას (არ შეჩერდა) და ნებართვის გარეშე დატოვა საბაჟო კონტროლის ზონა.

დაახლოებით 10 წუთში მებაჟე - ოფიცრის მოთხოვნით, დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა მომჩივანი დააბრუნეს საბაჟო კონტროლის ზონაში. მისი ფიზიკური და კუთვნილი ხელბარგის დათვალიერებისას, ხელბარგში აღმოჩნდა 200 ღერი სიგარეტი, რაზეც ----- ისარგებლა საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ უფლებამოსილი პირის მიერ 2026 წლის 14 მარტს შედგენილი N EL310451 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით ----- სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 800 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.04.2026 წლის N 9279 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლზე, ამავე კოდექსის მე-6 მუხლზე, ამავე კოდექსის მე-13 მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე საკანონმდებლო აქტის 27-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე კოდექსის მუხლი 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

პროფესიით არის პედაგოგი (ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი). ოთხი შვილის დედა (სამი ბიჭი შვილი სტუდენტი, ხოლო ერთი ქალიშვილი სკოლის მოსწავლე). სანამ შვილები მცირეწლოვნები იყვნენ წლების განმავლობაში იყო სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, ღებულობდა ფულად შემწეობასაც, შვილების სრულწლოვანების შემდგომ ამოიღეს სოციალურად დაუცველთა ბაზიდან. ქვეყანაში არსებული სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებზე და თამბაქოზე (იყენებს ოჯახის წევრი) ფასების ზრდის გამო პერიოდულად უწევს ----- გადასვლა, ზემოთ აღნიშნული საქონლის გადმოსატანად.

2026 წლის 14 მარტს ერთ - ერთი ვიზიტის დროს მეზობელ რესპუბლიკაში მოყვა აღნიშნულ გაურკვევლობაში. უკვე გამოსული იყო საბაჟო ზონიდან, როდესაც მისდა უნებურად მოხდა აღნიშნული ინციდენტი. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ადგილზე სკანერის აპარატთან და მებაჟე ოფიცრებთან მისი მხრიდან რაიმე დაუმორჩილებლობას ადგილი არ ჰქონია (ამას დაადასტურებს კიდეც სათვალთვალო კამერებიც), ზოგადად არის კანონმორჩილი მოქალაქე და არც სხვა პერიოდში მსგავსი შემთხვევა არ ჰქონია. პირიქით უკანონობას, აგრესიას, ძალადობას, ბულინგს, დაუმორჩილებლობას მთელი ცხოვრება ებრძვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აქვს საბჭოს გულისხმიერების იმედი, რომ მისი ოჯახური მდგომარეობა იქნება გათვალისწინებული და გაუქმდება სადავო აქტები.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საბაჟო კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მისი კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფა, რამაც შეაფერხა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება, − იწვევს დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით.

დადგენილია, რომ 2026 წლის 14 მარტს საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ კონტროლის ზონაში ----- მხრიდან შემოსულმა მომჩივანმა, არ მოახდინა კუთვნილი ხელბარგის სკანერზე გატარება, რა დროსაც ის არ დაემორჩილა მებაჟე ოფიცრის კანონიერ მოთხოვნას (არ შეჩერდა) და ნებართვის გარეშე დატოვა საბაჟო კონტროლის ზონა, რაც დასტურდება საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ ადმინისტრაციულ შენობაში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიდან.

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ საქმეზე წარმოდგენილი 29.07.2026 წლის N ----- წერილის მიხედვით ირკვევა, რომ ----- პირველად არ გადაადგილდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე (2025 წლის 12 იანვრიდან 2026 წლის 14 მარტამდე – 30 შესვლა/გასვლა). მას ასევე უფიქსირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის ფაქტები (26/01/2020; 29/02/2020; 22/05/2022; 18/07/2022; 25/02/2023; 28/12/2023; 18/02/2024; 07/08/2024; 31/05/2025; 08/02/2026; 14/03/2026)) თამბაქოს ნაწარმზე.

აღნიშნული ცხადყოფს, რომ მისთვის ცნობილი იყო მოქმედი საბაჟო ფორმალობები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დგინდება, რომ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნის შესრულებისას, მომჩივანმა გასწია წინააღმდეგობა, კერძოდ, ნებართვის გარეშე დატოვა საბაჟო კონტროლის ზონა, რაც დასტურდება სადავო ფაქტის ამსახველი ვიდეო ჩანაწერით. ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში არ უარყოფს აღნიშნული ფაქტის არსებობას და განმარტავს, რომ ინციდენტი უნებლიედ მოხდა. ამდენად, საბჭოს მიაჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტის მიერ მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ჯარიმის შეფარდება მართლზომიერია და არ ექვემდებარება გაუქმებას.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

უფლებამოსილი პირისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ მომჩივანი არ დაემორჩილა მებაჟის კანონიერ მოთხოვნას და ნებართვის გარეშე დატოვა საბაჟო კონტროლის ზონა. მისი დაბრუნების შემდეგ ხელბარგში სიგარეტი აღმოჩნდა, რის გამოც დაჯარიმდა. სანქცია გასაჩივრდა, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

გადაწყვეტილება:

საბჭოს მიაჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტის მიერ მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ჯარიმის შეფარდება მართლზომიერია და არ ექვემდებარება გაუქმებას.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 177(1); 163(1);.