ბრძანება N 23864
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 23864
21 ოქტომბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----“-ის (ს/ნ ----- ) (მის.: ----- )
2026 წლის 10 ივლისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 15 ივლისის (ოქმი N 62) და 8 ოქტომბრის (ოქმი N 92) სხდომებზე განიხილა შპს „-----“-ის (ს/ნ ----- ) 2026 წლის 10 ივლისის N 103364/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 24 ივნისის N 002-92 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნებისთვის სამი სამეწარმეო სუბიექტის ერთ დასაბეგრ პირად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 23 აპრილის N 9032 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----“-ის (ს/ნ ----- ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2025 წლის 21 ნოემბრიდან 2026 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 16 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 24 ივნისის N 13879 ბრძანება და ამავე თარიღის N 002-92 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 10 454 ლარი;
მათ შორის:
დღგ - 8 034 ლარი;
ჯარიმა - 2 231 ლარი;
საურავი - 189 ლარი;.
სადავო საკითხი:
აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:
შპს „-----“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2025 წლის 21 ნოემბრიდან, ხოლო დღგ-ის კვალიფიციურ გადამხდელად რეგისტრირებულია 2026 წლის 7 მარტიდან. გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ საწარმოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების (კონსოლიდირებული ტენდერის) ფარგლებში, სკოლის მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურება. სახელმწიფო ხაზინიდან სახელმწიფო შესყიდვებზე გადახდილი თანხები ნაწილდება სამ სამეწარმეო სუბიექტზე, ესენია: შპს „-----“, შპს „-----“ და შპს „-----“. პირებს ჰყავთ ერთი და იგივე დირექტორი, დამფუძნებელი და ეწევიან იდენტურ საქმიანობას. შესაბამისად, შემოწმებამ გამოიყენა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „გ“ პუნქტი და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანების 461 მუხლის პირველი ნაწილი. შედეგად, დღგ-ის მიზნებისთვის ერთ დასაბეგრ პირად განხილულ იქნა სამივე სამეწარმეო სუბიექტი. კომპანიების მონაცემების გაერთიანებული ანალიზის შედეგად გამოიკვეთა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის ცვლილების საკითხი, კერძოდ შპს „-----“-ის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა მისი გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი, 2025 წლის 21 ნოემბერი, ნაცვლად 2026 წლის 7 მარტისა. აქედან გამომდინარე, საწარმოს მიერ მიღებული შემოსავალი სრულად დაექვემდებარა დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე და 165-ე მუხლებისა და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანების 461 მუხლის გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ საქართველო საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის გამოყენებას. აცხადებს, რომ შპს „-----“, შპს „-----“ და თავად, არ ეწეოდნენ იდენტურ საქმიანობას. აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ კომპანიათაგან არცერთი მონაწილეობდა ერთსადაიმავე სახელმწიფო ტენდერში და სამივე კომპანია საქმიანობას ახორციელებდა სხვადასხვა პერიოდში. ასევე მიუთითებს, რომ შპს „-----“ სამუშაოებს ასრულებდა სხვა რაიონში. განმარტავს, რომ კომპანიები დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდნენ ნებაყოფლობით, როდესაც ამის ვალდებულება საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულ პერიოდში წარმოეშვათ. ამასთან, აცხადებს, რომ შპს „-----“ და შპს „-----“ საქმიანობას ახორციელებდნენ სხვადასხვა შესყიდვის ფარგლებში და შპს „-----“-მა ახალ შესყიდვაში იმიტომ არ მიიღო მონაწილეობა, რომ დასაქმებულებთან ჰქონდა დავა, სამუშაო პირობებსა და ანაზღაურებაზე. შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვებში სარისკო იყო მოცემული კომპანიით საქმიანობის გაგრძელება. აქედან გამომდინარე ითხოვს, შპს „-----“-ის ბრუნვები გაიმიჯნოს დანარჩენი ორი კომპანიის ბრუნვებისგან და აღნიშნულის საფუძვლზე მოხდეს საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშება.
შემოსავლების სამსახური:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს დღგ-ის მიზნისთვის ერთ დასაბეგრ პირად განიხილოს საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული ნებისმიერი რამდენიმე პირი, მათი ფორმალური/იურიდიული დამოუკიდებლობის მიუხედავად, თუ მათ საქმიანობასთან/მართვასთან დაკავშირებულ ძირითად გადაწყვეტილებებს ერთი და იგივე პირი იღებს და მათი საქმიანობის ადგილი, სახე და შინაარსი იდენტურია. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შემთხვევებსა და წესებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 461 მუხლის თანახმად:
1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების აღკვეთის მიზნისთვის, ერთ დასაბეგრ პირად განიხილოს საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული ნებისმიერი რამდენიმე პირი (შემდგომ – პირთა ჯგუფი) მათი ფორმალური/იურიდიული დამოუკიდებლობის მიუხედავად, თუ სახეზეა ყველა შემდეგი პირობა:
ა) მათ საქმიანობასთან/მართვასთან დაკავშირებულ ძირითად გადაწყვეტილებებს იღებს ერთი და იგივე პირი;
ბ) მათი საქმიანობის ადგილი იდენტურია;
გ) მათი საქმიანობის სახე და შინაარსი იდენტურია;
დ) ჯგუფის მონაწილე რომელიმე წევრი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად.
2. ამ მუხლის მიზნისთვის:
ა) ითვლება, რომ პირთა საქმიანობასთან/მართვასთან დაკავშირებულ ძირითად გადაწყვეტილებებს იღებს ერთი და იგივე პირი, თუ ერთი და იმავე პირის მიერ მიიღება გადაწყვეტილება ჩამოთვლილთაგან, სულ მცირე, ორ საკითხთან დაკავშირებით:
ა.ა) კონტრაქტორების შერჩევა და მათთან გარიგებების დადება;
ა.ბ) საქონლის/მომსახურების ფასის განსაზღვრა;
ა.გ) დასაქმებულ პირთა შერჩევა და მათთან გასაფორმებელი შრომითი ხელშეკრულების პირობების განსაზღვრა;
ა.დ) ხელმძღვანელი პირის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება;
ა.ე) დივიდენდის განაწილება;
ა.ვ) საწარმოს რეორგანიზაცია;
ა.ზ) ინვესტიციების განხორციელება;
ა.თ) ვალდებულებათა აღება;
ა.ი) ვალდებულებათა უზრუნველყოფა;
ა.კ) სხვა საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, რომლებიც არსებითად დაკავშირებულია პირის საქმიანობასთან ან/და მართვასთან;
ბ) საქმიანობის სახე და შინაარსი იდენტურია, თუ სახეზე არის ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
ბ.ა) პირები ახორციელებენ ერთსა და იმავე, ანალოგიური ან მსგავსი საქონლის ან/და მომსახურების მიწოდებას;
ბ.ბ) პირები ახორციელებენ ერთსა და იმავე ეკონომიკურ სექტორთან დაკავშირებულ ანალოგიურ ან მსგავს ძირითად საქმიანობას;
ბ.გ) პირების საქმიანობა ორიენტირებულია ერთსა და იმავე სამიზნე მომხმარებელზე;
ბ.დ) პირები ფლობენ ან/და იყენებენ ერთსა და იმავე ძირითად საშუალებებს;
ბ.ე) სხვა გარემოება, რაც მიუთითებს საქმიანობის სახისა და შინაარსის იდენტურობაზე.
3. ამ მუხლის საფუძველზე ერთ დასაბეგრ პირად განხილულ პირთა ჯგუფის წევრები შეიძლება იყვნენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი პირები, რომელთა დაფუძნების ადგილი მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე, ან, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, მათი მუდმივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის საქართველოში.
4. ამ მუხლის შესაბამისად, პირთა ჯგუფის ერთ დასაბეგრ პირად განხილვის შემთხვევაში, პირთა ჯგუფის თითოეული წევრის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის მიზნით, დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის განსაზღვრისას, მხედველობაში მიიღება ჯგუფის ყველა წევრის მიერ განხორციელებული საქონლის მიწოდების/ მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხა, გარდა ამავე ჯგუფის წევრებს შორის განხორციელებული საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების თანხებისა.
5. პირთა ჯგუფის თითოეული წევრი დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც, ჯგუფის შემადგენლობაში შემავალ პირთა დასაბეგრი ოპერაციების საერთო (ჯამური) თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდეგ, პირთა ჯგუფის თითოეულ წევრს წარმოეშობა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი დამატებული ღირებულების გადასახადთან დაკავშირებული ყველა უფლება და ვალდებულება.
6. ამ მუხლით განსაზღვრული პირობების არსებობის დადგენა და, შესაბამისად, პირთა ჯგუფის გამოვლენა ხორციელდება საგადასახადო შემოწმების ფარგლებში.
დ) ჯგუფის მონაწილე რომელიმე წევრი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშებისა და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით დგინდება, რომ სახელმწიფო ხაზინიდან სახელმწიფო შესყიდვებზე გადახდილ თანხებს იყოფდნენ 3 სამეწარმეო სუბიექტი, შპს „-----", შპს „-----“ და შპს „-----“. პირებს ჰყავდათ ერთი და იგივე დირექტორი, დამფუძნებელი და ეწეოდნენ იდენტურ საქმიანობას საერთო რეგისტრაციის მისამართიდან (მართვის ადგილიდან). შემოწმება აღნიშნავს, რომ სამივე სამეწარმეო სუბიექტს დაქირავებული ჰყავდათ ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებდნენ ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოსწავლეების სკოლებში ტრანსპორტირებას. ამასთან, შპს „-----“ და შპს „-----“ საქმიანობდნენ ----- მუნიციპალიტეტში, ემსახურებოდნენ ერთსა და იმავე სკოლას და მოსწავლეთა გადაყვანას უზრუნველყოფდნენ იდენტური მარშრუტით. შესაბამისად, ორივე სამეწარმეო სუბიექტის მიერ მომსახურების განხორციელებაში ჩართული იყო ერთი და იგივე ცხრა ინდივიდუალური მეწარმე (მძღოლი).
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც შპს „-----“ და შპს „-----“ სამუშაოებს ასრულებდნენ სხვადასხვა რეგიონში. აქედან გამომდინარე ითხოვს, შპს „-----“-ის ბრუნვები გაიმიჯნოს დანარჩენი ორი კომპანიის ბრუნვებისგან და აღნიშნულის საფუძვლზე მოხდეს საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, იმის გათვალისწინებით, რომ შპს „-----“-ს და შპს „-----“-ს ჰყავდათ ერთი და იგივე დირექტორი, დამფუძნებელი და ეწეოდნენ იდენტურ საქმიანობას ----- მუნიციპალიტეტში, ამასთან, შპს „-----“ არ იყო რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, შემოწმების მიერ მოცემული სუბიექტების დღგ-ის მიზნებისთვის ერთ დასაბეგრ პირად განხილვა მართლზომიერია, ხოლო, შპს ,,-----" დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 461 მუხლზე, რომლის მიხედვით, პირების ერთ დასაბეგრ პირად განხილვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ არსებობს აღნიშნულ მუხლში ჩამოთვლილი ყველა პირობა ერთად. იმის გათვალისწინებით, რომ შპს ----- საქმიანობის ადგილი განსხვავდება, შპს „-----“ და შპს „-----“-ის საქმიანობის ადგილისგან, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ დღგ-ის მიზნებისთვის სამი სამეწარმეო სუბიექტის ერთ დასაბეგრ პირად განხილვა არამართლზომიერია, შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრისას არ გაითვალისწინოს შპს „-----“ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----“-ის (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შპს „-----“- ის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრისას არ გაითვალისწინოს შპს „-----“ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნებისთვის სამი სამეწარმეო სუბიექტის ერთ დასაბეგრ პირად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ ჩატარდა კომპანიის კამერალური საგადასახადო შემოწმება დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგად შედგა აქტი და გამოიცა შესაბამისი ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრისას არ გაითვალისწინოს კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 275; 73 (9); 163(2); 165 (1);