გადაწყვეტილება №22814/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.09.2024
№ დოკუმენტი 22814/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22814/2/2024

04 სექტემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 9.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22814/2/2024).

 

დავის საგანი:

ფულის ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: 1. აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2023 წლის №136-9 საგადასახადო მოთხოვნა; 2. შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6046 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 197 509.18 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 92 395

დღგ - 32 383

მოგების გადასახადი - 11 532

საშემოსავლო გადასახადი - 48 622

ქონების გადასახადი - (-142)

ჯარიმა - 78 011

საურავი - 27103.18

 

ფაქტების აღწერა

მომჩივნის საქმიანობაა სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში, სამშენებლო მომსახურების გაწევა. გადამხდელი რეგისტრირებულია 30.08.2011 წლიდან, დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 10.08.2012 წლიდან.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე პერიოდის სრული გეგმიური, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 7.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით (აქტის თანახმად საკითხი №6):

შემმოწმებელთა მიერ შესწავლილ იქნა საწარმოში ფულის მოძრაობა, რომლის შედეგად, შემოწმების მიერ დადგენილ შემოსავალსა და გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯის შეპირისპირებით (შესწავლილ იქნა, შემოსავლების სამსახურში არსებული ელ-ბაზებში ასახული ინფორმაცია და ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია) გამოვლენილი სხვაობა სსკ-ის 101-ე მუხლის შესაბამისად განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე ------- (პ/ნ -------) ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და სსკ-ის 154-ე მუხლით დაბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2023 წლის №31928 ბრძანება და ამავე თარიღის №136-9 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 2024 წლის 18 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6046 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო დავების განხილვის საბჭოში არსებული დავის საგნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გამოვლინდა სხვაობა შემოწმებით დადგენილ შემოსავალსა და გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეულ ხარჯებს შორის. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების მიერ გამოვლენილი სხვაობის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა და დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი აღნიშნავს რომ საშემოსავლო გადასახადში დარიცხვის საფუძველი გახდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ნაღდი ფულის ნაშთის გამოყვანა შემოსავლებისა და ხარჯების შეპირისპირებით და მიღებული სხვაობის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა და შესაბამისად მისი საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

მე-6 საკითხთან დაკავშირებით შემოწმების პროცესში წარდგენილ იქნა ელექტრონული საბუღალტრო პროგრამა ორისი, სადაც სრულად იქნა ასახული ნაღდი ფულის მოძრაობა. შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება არამართლზომიერია და სალაროს ნაშთი უნდა განისაზღვროს წარდგენილი პროგრამის მიხედვით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6046 ბრძანება და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმების აქტში აღნიშნულია და ასევე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ამ ნაწილში (ფულის ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა) საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის შესწავლილ იქნა, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია.

მომჩივნის პოზიციასთან მიმართებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მხოლოდ მომჩივნის მიერ წარდგენილი პროგრამაში არსებული ინფორმაციაზე დაყრდნობით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მასში არსებულ უზუსტობათა გამო (მაგ. დებიტორების განსაზღვრაში არსებული ცდომილებები, სახელმწიფო ტენდერის ფარგლებში საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული 90 000 ლარის ოდენობის ავანსზე ანგარიშ-ფაქტურის გამოუწერლობა და შესაბამისად გადასახადით დაბეგვრის ობიექტად განუხილველობა.) ვერ განხორციელდებოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულს გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია, შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6046 ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავითაღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს ფულის ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის საქმიანობაა სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში, სამშენებლო მომსახურების გაწევა. შემმოწმებელთა მიერ შესწავლილ იქნა საწარმოში ფულის მოძრაობა, რომლის შედეგად, შემოწმების მიერ დადგენილ შემოსავალსა და გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯის შეპირისპირებით გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც 2024 წლის 18 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6046 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო დავების განხილვის საბჭოში არსებული დავის საგნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია, შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6046 ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154;