გადაწყვეტილება №19142/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 27.04.2023
№ დოკუმენტი 19142/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19142/2/2023

27.04.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ „--------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“ 18.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19142/2/2023).

 

დავის საგანი: სესხზე გადახდილი საპროცენტო სარგებლის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №002-248 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 თებერვლის №3691 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 85 086 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 47 524

დღგ - 17 984

მოგების გადასახადი - 30 013

საშემოსავლო გადასახადი - (-473)

ჯარიმა - 23 478

საურავი - 14 084

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 აპრილის №10644 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 21 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ საწარმოს სხვადასხვა პირებისგან (ფიზიკური (მ/შ დამფუძნებელი) და იურიდიული) აღებული აქვს სესხები. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ადგილი აქვს სესხის პროცენტების გადახდას, რომელთა საპროცენტო განაკვეთიც არ შეესაბამება (მეტია) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ საპროცენტო განაკვეთს. საგადასახადო კოდექსის 131-ე, 97-ე, 982 მუხლების გათვალისწინებით, განისაზღვრა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. მომჩივანს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №32601 ბრძანება და №002-248 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 85 086 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 23 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 27 თებერვლის №3691 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 97-ე, 981 , 43-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასევე აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საწარმოს მიერ ხორციელდება ფიზიკურ პირებზე სესხის პროცენტების გადახდა, რომელთა საპროცენტო განაკვეთიც მეტია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ საპროცენტო განაკვეთზე. ამასთან, ზემოაღნიშნული ფიზიკური პირები წარმოადგენენ საწარმოს ურთიერთდამოკიდებულ პირებს. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, მითითებულ ოპერაციაზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების აქტის შესაბამისად, საწარმოს მიერ სესხის სახით ფიზიკური და იურიდიული პირისგან აღებულ სესხებზე შეიცვალა საპროცენტო განაკვეთი და საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განკვეთით. აღნიშნულ ნაწილში დარიცხვა ექვემდებარება გაუქმებას.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-18, მე-19 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ შემმოწმებელს ჯერ ერთი არ ჰქონდა უფლება არაურთიერთდამოკიდებულ პირზე შეეცვალა სესხის საპროცენტო განაკვეთი და ასევე ურთიერთდამოკიდებულ პირზე სესხის განაკვეთის შეცვლის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან საპროცენტო განაკვეთი ურთიერთდამოკიდებულ და არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე იყო ერთიდაიგივე. შესაბამისად, ურთიერთდამოკიდებულებამ არ იმოქმედა სამეურნეო ოპერაციის შედეგზე, რაც გამორიცხავს გარიგებაში დაფიქსირებული ფასისგან განსხვავებული ფასის გამოყენების შესაძლებლობას. გარდა ამისა, უმოკლეს ვადაში წარმოადგენენ ექსპერტიზის დასკვნას ფიზიკური პირის მიერ იურიდიულ პირზე გაცემული სესხის საბაზრო წლიური საბაზრო განაკვეთის განსაზღვრის შესახებ, ფინანსთა სამინისტროში არსებული პრაქტიკის შესაბამისად.

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 27.02.2023 წლის №3691 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

ამავე კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს გარიგების შედეგად გაწეულ ხარჯსა და გარიგების საბაზრო ფასს შორის სხვაობას, თუ გარიგების შედეგად გაწეული ხარჯი აღემატება გარიგების საბაზრო ფასს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საწარმოს მიერ ხორციელდება ფიზიკურ პირებზე სესხის პროცენტების გადახდა, რომელთა საპროცენტო განაკვეთიც მეტია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ საპროცენტო განაკვეთზე. ამასთან, აღნიშნული ფიზიკური პირები წარმოადგენენ საწარმოს ურთიერთდამოკიდებულ პირებს.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემმოწმებელს ჯერ ერთი არ ჰქონდა უფლება არაურთიერთდამოკიდებულ პირზე შეეცვალა სესხის საპროცენტო განაკვეთი და ასევე ურთიერთდამოკიდებულ პირზე სესხის განაკვეთის შეცვლის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან საპროცენტო განაკვეთი ურთიერთდამოკიდებულ და არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე იყო ერთიდაიგივე. შესაბამისად, ურთიერთდამოკიდებულებამ არ იმოქმედა სამეურნეო ოპერაციის შედეგზე, რაც გამორიცხავს გარიგებაში დაფიქსირებული ფასისგან განსხვავებული ფასის გამოყენების შესაძლებლობას.

ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია შპს „------“- ის შეფასების დასკვნა №23/04-11/04 არაუზრუნველყოფილი და არამიზნობრივი სესხის საპროცენტო განაკვეთის საბაზრო ღირებულების შესახებ და ითხოვს მის გათვალისწინებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, მათ შორის, შპს „-------“ დასკვნა და მომჩივნის მიერ დამატებით წარდგენილი მტკიცებულებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 თებერვლის №3691 ბრძანება;

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, მათ შორის, შპს „------“ დასკვნა და მომჩივნის მიერ დამატებით წარდგენილი მტკიცებულებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს მიერ სესხის სახით ფიზიკური და იურიდიული პირისგან აღებულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შესცვლას ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განკვეთით.

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 27.02.2023 წლის №3691 ბრძანება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს სხვადასხვა პირებისგან (ფიზიკური (მ/შ დამფუძნებელი) და იურიდიული) აღებული აქვს სესხები. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ადგილი აქვს სესხის პროცენტების გადახდას, რომელთა საპროცენტო განაკვეთიც არ შეესაბამება (მეტია) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ საპროცენტო განაკვეთს.მომჩივანს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, მომჩივნის მიერ დამატებით წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

97(1),98'1 (4„ა.ბ“)